Jump to content
×
×
  • Create New...

ფარული ნარატივები


Recommended Posts

  • ფორუმელი

დასვენების დღეებში ნიუ-იორკელი ჩეინი მაკნაითი მაისურს ან აფრიკულ კაბას უცებ გადაიცვამს ხოლმე, მაგრამ სამუშაოდ როცა ემზადება, ჩაცმის პროცესი ბევრად ხანგრძლივია – პერანგში, კორსეტსა და ქვედაკაბების სამ ფენაში, ზემოდან კი ბამბის მოსასხამსა და ნაჭრის თავსაბურავში უნდა გამოეწყოს.

XXI საუკუნის შავკანიანი ამერიკელი მაკნაითი კოსტიუმირებული გიდი და პროექტის „Not Your Momma’s History“ ავტორი გახლავთ. იგი შეერთებული შტატების XVIII და XIX საუკუნეების დამონებულ და თავისუფალ ადამიანებს განასახიერებს. ხან მონის მიერ ვირჯინიის პლანტაციაში შუაცეცხლზე საკვების მომზადების დემონსტრირებას ახდენს, ხანაც ახალი ორლეანის ისტორიის ფესტივალზე თავისუფალ კრეოლ ქალს წარმოადგენს.

კოსტიუმირებული გიდების დიდი ნაწილის მსგავსად, მაკნაითიც წარსულის ვიზუალურ მხარეს იყენებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ის მესამე პირში მოგვითხრობს ამბავს წარსული ეპოქის პერსონაჟისა, რომელსაც თავად განასახიერებს. ფიქრობს, რომ ეს ფორმატი უშუალო კომუნიკაციისა და რთული საკითხების – მონათმფლობელობა, რასიზმი, წამება – კონტექსტუალიზაციის საშუალებას აძლევს.

„მნახველებთან ინტერაქცია ზოგჯერ რთულია, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა, – ამბობს მაკნაითი, – ჩემი მიზანია, შავკანიანი ამერიკელების ისტორია უფრო ზუსტად წარმოჩნდეს“.

ზოგი კოსტიუმირებული გიდი სრული განაკვეთით მუშაობს, ზოგიც ნახევარ შტატზეა, ან, სულაც, მხოლოდ კონკრეტულ ღონისძიებებში მონაწილეობს. ამ საქმეში მოხალისესაც ბევრს ნახავთ. სხვადასხვა ისტორიულ ადგილას ისინი 1930-იანი წლების წვეულების შესაბამისად გამოწკეპილ სტუმრებადაც შეიძლება მოგვევლინონ და მწყობრში მოსიარულე ჯარისკაცებადაც.

გიდები და ადგილები, რომლებიც დროში გვამოგზაურებენ, მნახველების წარსულში დაბრუნების გზით ცდილობენ საზოგადოების განათლებას. თუმცა, მუზეუმებს, რომლებიც ცდილობენ, ზედმიწევნით ასახონ წარსულის რეალობა და შავკანიანებს, ინდიელებსა და სხვა ფერადკანიანებს იყვანენ სამსახურში, ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი მიზნის მისაღწევად.

XX საუკუნის დასაწყისში ბევრი ისტორიული მუზეუმის პროგრამაში ფერადკანიანებს გაკვრით, ან საერთოდ არ ახსენებდნენ. სამოქალაქო ომამდელ პლანტაციებში ზოგჯერ ჰყავდათ კოსტიუმირებული გიდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ის „ქარწაღებულნის“ სტილში გამოწყობილი თეთრკანიანი მიწათმფლობელი ქალბატონი იყო, მონებს კი უფრო ხშირად „მსახურებად“ მოიხსენიებდნენ.

XVIII საუკუნის ბოლოს უილიამსბურგის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენდნენ შავკანიანები, რომლებიც დღენიადაგ შეშის ჩეხით, ღამის ქოთნების დაცლითა და საფერმო სამუშაოთი იყვნენ დაკავებულნი. კოლონიური უილიამსბურგი ღია ცის ქვეშ მდებარე 122-ჰექტარიანი მუზეუმია. ის ადრეულ ამერიკულ ყოფას ასახავს და ძველი ქალაქის ადგილას 1932 წელს გაშენდა, თუმცა პირველ ხანებში შავკანიან მოსახლეებს სულ რამდენიმე კოსტიუმირებული თანამშრომელი თუ წარმოადგენდა, ისიც უმეტესწილად მეეტლის ამპლუაში.

1970-იანების ბოლოს, როცა კოლონიურ უილიამსბურგში ისტორიის პირველ პირში ინტერპრეტირება დაიწყო, ცხრა ადამიანისგან შემდგარ გუნდში სამი შავკანიანი იყო. ისინი დამონებულ ადამიანებს განასახიერებდნენ, მათ შორის მღვდელ გოუან პამფლეტს, რომელსაც ბოლოს თავისუფლება მიენიჭა. დღესდღეობით მუზეუმში პირველი პირის 36 განმასახიერებელია, მათგან 15 შავკანიანი, თუმცა ადგილზე კოსტიუმირებულ ფერადკანიან გიდთა რაოდენობა მხოლოდ 14 პროცენტია.

„ჯერ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ისტორია მაქსიმალურად ზუსტად ავსახოთ, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ“, – ამბობს სტივენ სილზი, რომელიც ამერიკული რევოლუციის დამონებულ მზვერავს, ჯეიმს არმისტედ ლაფაიეტს განასახიერებს.

MM9451_200826_1897-1024x576.jpg ტურისტები კოლონიური უილიამსბურგის მთავარ გამზირს მიუყვებიან. ერთ დროს აქაურობა ვირჯინიის კოლონიის დედაქალაქი იყო, რომელსაც დღეს 600-ზე მეტი პირვანდელი და აღდგენილი ნაგებობა აცოცხლებს.
ფოტო: ჯარედ სორსი

ისტორიკოსი და მსახიობი მერი კარტერი კოლონიურ უილიამსბურგში 2011 წლიდან განასახიერებდა ეგის, XVIII საუკუნის შავკანიან მონა ქალს. ამ პერსონაჟმა განსაკუთრებული ბიოგრაფიით მიიზიდა. მრავალი დამონებული ქალის მსგავსად, ეგიც პლანტაციის მფლობელისგან, რაილანდ რენდოლფისგან დაორსულდა და მას ორი შვილი გაუჩინა. რენდოლფის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მან ანდერძით ეგისა და მისი შვილების გათავისუფლება დაიბარა. ანდერძის აღსრულებას სასამართლო დავა დასჭირდა. „მინდოდა, ხალხს მისი სახელი და ამბავი გაეგო“, – გვითხრა კარტერმა.

ტურების დროს კარტერი – რომელიც თვითონაც შერეული სისხლისაა – ისეთ საჩოთირო თემებს ეხება, როგორებიცაა თანხმობა, ძალადობა და ადამიანის უფლებები. კითხვები, რომლებსაც მნახველები მას აყრიან – „რენდოლფს უყვარდა?“ „კარგად ექცეოდა?“ – რთულად მოსასმენ პასუხებს ითხოვს. „მესმის, რასაც კითხულობენ: აინტერესებთ, ეგი იმედიანად და ბედნიერად თუ გრძნობდა ხოლმე თავს, – ამბობს კარტერი, – ჩემი აზრით, დამონებულ ადამიანებსაც ჰქონდათ ბედნიერი მომენტები, მაგრამ ამაში მონათმფლობელის დამსახურებაზე საუბარი არასწორი იქნებოდა“. კოსტიუმირებულ გიდთა უმრავლესობის მსგავსად, ისტორიული წერილების, სასამართლო დოკუმენტაციისა და დღიურების კვლევას კარტერიც დღემდე აგრძელებს და ეგის პერსონაჟსაც მუდმივად ავითარებს. „ჩემს ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევები, როცა თავი უხერხულად მაგრძნობინეს იმის გამო, რომ დამონებული ადამიანების შთამომავალი ვარ, – ამბობს კარტერი, – ის კი არავის უთქვამს, რომ ჩემი წინაპრების სიძლიერითა და შეუპოვრობით უნდა მეამაყა“.

ჯენიფერ ბარჯერი National Geographic-ის უფროსი რედაქტორია, ჰეზერ გრინვუდ დევისი რედაქტორი და ავტორი. 

The post ფარული ნარატივები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share