Jump to content
×
×
  • Create New...

„ბევრი ნაბიჯი გადავდგით უკან და მინისტრის ამ ინციატივით უკან გადახტომას ვაპირებთ“ – ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

„ვიღაც „ბრწყინვალე“ რეკომენდაციას რაღაცის სანაცვლოდ მოიპოვებს, ხოლო ვინც კარგი მოსწავლეა, მასწავლებლის რეკომენდაციას ვერ მიიღებს. თუმცა გამოჩნდებიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ამ ყველაფერს პატიოსნად შეასრულებენ. ეს მინისტრის ინიციატივის ერთ-ერთი პრობლემაა და არა ერთადერთი. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბოლომდე გააზრებული არ არის რა გვინდა“, – განათლების მინისტრის ინიციატივას სკოლის ნიშნის, მასწავლებლების რეკომენდაციისა და სკოლის გარე აქტივობების ეროვნული გამოცდების ქულაზე გავლენის თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი EDU.ARIS.GE-სთან აფასებს.

მიხეილ ჩხენკელის ამ ინიციატივას, რომელიც მან პარლამენტის სხდომაზე გაასაჯაროვა აზრთა სხვადასხვაობა, მითქმა-მოთქმა და დიდი გაურკვევლობა უკვე მოჰყვა. მაშინვე გაჟღერდა მასწავლებლებისგან, მშობლებისგან, მოსწავლეეებისგან, ლექტორებისგან და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებისგან, რომ ეს ყველაფერი უკან გადადგმული ნაბიჯია. სხვადასხვა მოსაზრებებით, სოციალური უთანასწორობის პირობებში, ყველაზე მეტად ღარიბი ბავშვები დაზარალდებიან, რადგანაც არავინ იცის მასწავლებელი მოსწავლის რეკომენდაციის წერისას რამდენად ობიექტური იქნება. გაიზრდება სკოლებსა და უნივერსიტეტებში კორუფცია, რომელიც ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფ საშუალო და უმაღლეს განათლებას კიდევ უფრო დააზიანებს.
მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის ინიციატივას გაუაზრებელს და სახიფათოს უწოდებს, რადგან არსებული განათლების სისტემა 3 წლის განმავლობაში უკან-უკან მიდის, ხოლო ამ ინიციატივის რეალობად ქცევა უკან გადახტომას ნიშნავს.

მაია მიმინოშვილმა ჩვენთან საუბარი 3 წლის წინ დაწყებული ერთიანი ეროვნული გამოცდების რეფორმირებაზე საუბრით დაიწყო, სადაც ახსნა როგორ მიდის სამინისტრო საშუალო და უმაღლესი განათლების განადგურებისკენ.

მაია მიმინოშვილი: ნებისმიერი საგამოცდო სისტემა კონკრეტულ და მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ პრინციპებს ეფუძნება. საშუალო განათლება იქნება თუ უმაღლესი განათლება, თუ იქ ეს პრინციპები არ შეიცვალა, ბუნებრივია, თავად საგამოცდო სისტემა რას უნდა ეყრდნობოდეს? საუბარი დაიწყო საგამოცდო სისტემის რეფორმირებაზე და პირველი ნაბიჯი გავიხსენოთ, როცა გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. როცა ეს გამოცდები სკოლაში შემოვიღეთ, მე პირადად წინააღმდეგი ვიყავი და რეკომენდაცია იყო მინისტრისთვის, რომ არ ვარგა და არ იყო საჭირო ახალი საგამოცდო სისტემით დატვირთვა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საშუალო განათლების კუთხით დიდი პრობლემები გვაქვს. ვამბობდი, რომ უნდა დავხმარებოდით სკოლებს, ფეხზე დაგვეყენებინა და მომზადებულები ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ საკუთარი მისია შეესრულებინათ. აი ამის შემდეგ უკვე შეიძლებოდა ფიქრი, საშუალო განათლების რომელ საფეხურზე იქნებოდა ეს გამოცდები.

EDU.ARIS.GE: თქვენი რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული, რა გიპასუხეს მაშინ, როდესაც ამ გამოცდების წინააღმდეგი იყავით?

-ჩვენ ვუხსნიდით, რომ მაშინ ამ სისტემის დანერგვა შეცდომა იყო, მაგრამ გათვალისწინება არ მოხდა. დავალება მიიღო სამინისტროს მხრიდან ეროვნული გამოცდების ცენტრმა და ბუნებრივია, გამოსაშვები გამოცდები მომზადდა. ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ გამოსაშვები გამოცდები არაფერს არ ამოწმებდა. თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვის ელემენტარულ ბაზისურ ცოდნას ამოწმებდა. დავალებები, რომელიც ამ ალგორითმით მისდიოდათ, საშუალო დონის სირთულის ამოცანებსაც კი, ბავშვები თავს ვერ ართმევდნენ. მე-12 კლასის მოსწავლეები ბარიერის გადალახვას მე-6 კლასელებისთვის განკუთვნილი მასალის ამოხსნით ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, გამოსაშვები გამოცდები ელემენტარულ და ფუნდამენტალურ ბაზისურ ცოდნას ამოწმებდა.

-მაინც რატომ გახდა საჭირო გამოსაშვები გამოცდების ისევ გაუქმება? ანუ ის, რაც თქვენ თქვით, ამ გამოცდებმა სამინისტრო რეალობის წინაშე დააყენა?

-რა თქმა უნდა, ამ გამოცდებიდან ყველამ კარგად დავინახეთ, რომ მოსწავლეების უმრავლესობა ამ მარტივი დავალებებით ბარიერის გადალახვასაც ვერ ახერხებდა. მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება ამ გამოცდების მოსამზადებლად რეპეტიტორები აეყვანათ და ბავშვები მოემზადებინათ. ამბობდნენ, რომ ეს გამოცდები ბავშვებს არათანაბარ სიტუაციაში აყენებს და მოსწავლეებისთვის დამატებითი სტრესია. არავინ არ უკვირდება ამ არგუმენტის უკან რა დგას, როდესაც ჩვენ სავალდებულო საგანზე ვსაუბრობთ და აღმოვაჩენთ, რომ ის ბაზისური ცოდნაც კი არა აქვს, რაც სკოლამ ამ 12 წლის განმავლობაში უნდა გადასცეს. რა თქმა უნდა, მთავარ მიზეზზე არ ვსაუბრობთ, რატომ ვერ ახერხებს სკოლა ბავშვისთვის ამ ცოდნის მიცემას?! რატომ ხდება ასე, რომ 12 წლის განმავლობაში მოსწავლე ელემენტარულ ცოდნას ვერ იღებს?! ცოდნის გამოყენებასა და მსჯელობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.

-რისი ბრალია, რომ მოსწავლეების უმეტესობა სასკოლო განათლების საბაზისო ცოდნას ვერ ფლობს? არ დაინტერესდა სამინისტრო, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად პირიქით ქმედითი ნაბიჯები გადაედგა?

-არა, ამ კითვხვაზე პასუხის მოძებნისა და პრობლემის მოგვარების ნაცვლად, უბრალოდ გადაწყდა, რომ ეს გამოცდა გაუქმებულიყო. ასევე გადაწყდა, რომ ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებაც მიჰყოლოდა, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ეს არის ის გამოცდა, რომლიც აი იმ საბაზისო ცოდნას და აკადემიურ უნარებს აფასებს, რაც მომავალი სტუდენტის წარმატების წინაპირობაა. მერე აღმოვაჩინეთ ის, რომ სტუდენტებს ორი სავალდებული საგანი აქვთ ჩასაბარებელი. ან მათემატიკა, ან კიდევ ისტორია. გამონაკლისია სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მისმა რექტორმა სიმტკიცე გამოიჩინა და მის მომავალ სტუდენტებს ქიმიის და ბიოლოგიის ჩაბარება მოსთხოვა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ დაგვავიწყდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი უმაღლეს სასწავლებლებს ეხმარება, რომ სამართლიანად და ობიექტურად აარჩიოს მისთვის სტუდენტები. თუ ამას ყველაფერს უმაღლესი სასწავლებლებისთვის ვაკეთებთ, მათ უნდა მოვუსმინით. ვიცოდეთ რა არის მათი პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა, რას ფიქრობენ და აწყობთ თუ არა ის საგნები, რაც დაკანონებულია. თუმცა ეს ყველაფერი ასე დარჩა და 3 წელი გავიდა, სიტუაცია უარესობისკენ მიდის.

– აუცილებლად მინდა განათლების მინისტრის ინიციატივაზე გკითხოთ, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, სკოლის შეფასებამ, მასწავლებლის რეკომენდაციამ და კლასგარეშე აქტივობებმა აბიტურიენტის უმაღლესში მისაღებ საგამოცდო ქულებზე გავლენა იქონიოს. რა სახის რისკები შეიძლება ამ ინიციატივამ გამოიწვიოს და იქნება თუ არა ეს უკან გადადგმული ნაბიჯი?

-რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად ბუნდოვანი და გაუგებარი ინიციატივა. პირველ რიგში, არის თუ არა ამ რეფორმისთვის სკოლა მზად, ასევე მასწავლებელი და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უნიფიცირებულ გამოცდებზეა საუბარი, ამის უნიფიცირება როგორ უნდა მოვახერხოთ და რა ვითარებაში ვაყენებთ სასწავლო დაწესებულებებს? მათ გარკვეული წონა ხომ უნდა მიანიჭონ ამ შეფასების ნაწილს, ეს როგორ უნდა მოახერხონ ხომ გაუგებარია. აქედან გამომდინარე, ჩემი კომენტარი ის არის, რომ ასეთი ინიციტივები სრულიად გაუგებარია და მაინც დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს უბრალოდ სიტყვებად დარჩება. უკვე სერიოზულად დამახინჯებული სისტემა, სულ მთლად არ დაინგრევა.

-გამოიწვევს ეს ინიციატივა სკოლებში სოციალურ უთანასწორობას? და როგორც ამბობენ ღარიბ ბავშვებს მართლაც ჩააყენებს არათანაბარ მდგომარეობაში? გაჩნდება თუ არა სკოლებში კორუფციის რისკები?

-ძალიან რთულია მასწავლებლების რამეში დადანაშაულება, რადგანაც ზუსტად ვიცი, რომ ამ საკითხს ბევრი მასწავლებელი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება. ეს ასეთი მარტივი გასაკეთებელი არ იქნება, რადგანაც რა ფორმით უნდა მიაწოდო რეკომენდაცია და შემდეგ ეს რეკომენდაცია რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასო, რთული გადასამოწმებელია. უკან ბევრი ნაბიჯი გადავდგით და ამ ინციატივით უკან გადახტომას ვაპირებთ. როცა ეროვნული გამოცდები შემოვიტანეთ, ყველა ამბობდა, რომ ეს არის სისტემა, რომელმაც კორუფცია აღმოფხვრა და სულ ვცდილობდი სხვა ფორმით ჩამომეყალიბებინა. აღმოფხვრა კი, როგორ არა, ოღონდ ვცდილობდით ისეთი სისტემა შემოგვეტანა, რომელიც იქნებოდა სამართლიანი, ობიექტური და საზოგადოების სრული ნდობა ექნებოდა. ამ სისტემას თავისთავად უმაღლეს სასწავლებლებში კორუფცია უნდა გაექრო.

ჩვენ მხოლოდ ის კი არ დავისახეთ მიზნად, რომ კორუფციისთვის გვებრძოლა, არამედ სამართლიანი და სანდო სისტემა შეგვექმნა, რომელიც ავტომატურად კორუფციას აღმოფხვრიდა. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შემთხვევაში, რაზეც მინისტრი საუბრობს, კორუფცია იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ არ მოხდება. უსამართლობა აუცილებლად იქნება. ვიღაც „ბრწყინვალე“ რეკომენდაციას რაღაცის სანაცვლოდ მოიპოვებს. ხოლო ვინც კარგი მოსწავლეა, მასწავლებლის რეკომენდაციას ვერ მიიღებს. თუმცა გამოჩნდებიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ამ ყველაფერს პატიოსნად შეასრულებენ. ეს მინისტრის ინიციატივის ერთ-ერთი პრობლემაა და არა ერთადერთი. მთავარი პრობლემა ისაა, რო, ბოლომდე გააზრებული არ არის რა გვინდა
ამხელა გამოწვევების წინ დგას სასკოლო განათლება და არგუმენტად მოგვყავს ის, რომ სავალდებულო საგნებში ფიზიკაში ცოდნა რომ შევუმოწმოთ, მშობელმა ამის გამო ბავშვი უნდა მოამზადოს, ამაზე დავფიქრდეთ და ამას ვუშველოთ. საპასუხოდ კი იმას ვაკეთებთ, რომ გამოცდას ვაუქმებთ და ასე გვინდა პრობლემა თავიდან მოვიშოროთ.

-ბოლოსთვის მინდა გკითხოთ, განათლების სამინისტრომ რამდენად ადეკვატური ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ პანდემიის დროს მოსწავლეებს განათლება მიეღოთ. ჩხენკელმა განაცხადა, რომ არც თუ სავალალო მდგომარეობა გვაქვს..

-კი, მახსოვს ჩხენკელმა თქვა, რომ მოსწავლეების 95%-ისთვის სწავლა ხელმისაწვდომი იყო. აქ არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმას, რომ პანდემია თავს დაატყდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ვერავის ვერ წარმოგვედგინა, რომ ამ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. სამინისტრომ, რაც შეეძლო, კი ბატონო, მაქსიმუმი ნამდვილად გააკეთა. გმირობის ტოლფასია მასწავლებლების გარკვეული ნაწილის შრომა, რომელსაც ისინი პანდემიის დროს ეწეოდნენ. ძალიან რთულია უცბად ახალ ფორმატზე გადახვიდე და ბავშვებთან კომუნიკაცია მოახერხო. ამ გადასახედიდან მგონია, რომ სამინისტრომ და პედაგოგებმა მაქსიმუმი გააკეთეს. ამ შემთხვევაში სხვა რამე მაწუხებს. ეს არის რიტორიკა, რითიაც თავს ვიწონებთ. რბილად რომ ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში მოსწავლეების 95% ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ნაცვლად იმისა ვთქვათ, რომ ასეთი ფორმატი საკლასო მუშაობას ვერაფრით ჩაანაცვლებს, პირიქით, ვამბობთ, რომ პრობლემები არ ყოფილა. ყელაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ, რადგან ეს პერიოდი სწავლის და განათლების შედეგებზე ძალიან აისახება. უბრალოდ, ყველაფერს თავისი სახელი რომ ერქმევა, ეს შედეგისთვის კარგია, რადგანაც სამომავლოდ სწორი ნაბიჯი გადადგა. საზოგადოებასთან მართალი უნდა იყო და თქვა, რომ რაღაცების გაკეთება შეუძლებელი იყო.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა მარიამ დარბაიძემ

ამავე თემაზე:

„ვიხილავთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც“

„თითოეული მასწავლებლისგან, სემესტრის ბოლოს, ნიშანთან ერთად დაიწერება წერილი“ – მიხეილ ჩხენკელი განმავითარებელ შეფასებაზე

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share