Jump to content
×
×
  • Create New...

რა ფორმატით განაახლებენ სწავლას 15 მარტიდან უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტების გადაწყვეტილება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ეტაპზე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების ტრადიციულ ფორმას აუდიტორიებში 15 მარტიდან უნდა დაუბრუნდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტებს აქვთ უფლება თავად აირჩიონ რა ფორმით გააგრძელებენ სასწავლო პროცესს, როგორც EDU.ARIS.GEმ გაარკვია, მათ უმრავლესობას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, ნაწილი კი ჰიბრიდულ მოდელს აირჩევს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ფაკულტეტებზე მიმდინარეობს, რაც შემდგომ აკადემიურ საბჭოს ეცნობება. გადაწყვეტილება კი მომავალ კვირაში სწავლის დაწყებამდე გამოცხადდება.

„საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მიმდინარეობს მსჯელობა ფაკულტეტებზე, ხელმძღვანელებთან და პასუხისმგებელ პირებთან. შემდეგ ეს ეცნობება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს და გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში გამოვაცხადებთ“ , – განგვიცხადეს თსუ-ში.

განახლება: თსუ-ში, ამ კომენტარიდან 1 საათში ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო და ის ასეთია:

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ფაკულტეტების საბჭოების გადაწყვეტილებები გაიზიარა და მიიღო რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში სწავლება წარიმართება შერეული ფომატით. კერძოდ: ფაკულტეტებს ეძლევათ შესაძლებლობა პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური სწავლება განახორციელონ არადისტანციურ ფორმატში; 9 მარტიდან უნივერსიტეტის კორპუსებში გაიხსნება ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები; სასწავლო პროცესის თეორიული კომპონენტები დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება; ეპიდემიური ვითარების შესაბამისად, ფაკულტეტები კვლავ იმსჯელებენ სასწავლო პროცესის ფორმატის შესახებ. თსუ ფაკულტეტების საბჭოებმა, რომლის წევრთა 30%-ს სტუდენტები შეადგენენ, მიმდინარე კვირაში სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს, დეტალურად გაანალიზეს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი და გადაწყვეტილებები წერილობით თსუ აკადემიურ საბჭოს გააცნეს, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექნიკურ უნივერსიტეტში გადაწყვეტილება სწავლის ფორმატთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვთ. როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, სწავლის დაწყების შემდეგ, თეორიული ნაწილი (ლექციები) წარიმართება დისტანციურ (ონლაინ) რეჟიმში. თემატური სემინარი, პრაქტიკა და სხვა სასწავლო აქტივობები – აუდიტორიებში.

„პრაქტიკული და სასემინარო მეცადინეობების ცხრილი შესაბამისი ფაკულტეტების მიხედვით, წინასწარ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე ბმულის სახით და ასევე ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე“, – განაცხადეს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

გადაწყვეტილება სწავლის ფორმატთან დაკავშირებით მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. ვრცელი განცხადება მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. გაზაფხულის სემესტრში ილიას უნივერსიტეტიც სწავლის ჰიბრიდულ მეთოდს აირჩევს.

„სტუდენტები, რომლებსაც სურთ გაზაფხულის სემესტრში სწავლის გაგრძელება ონლაინრეჟიმში, ამას შეძლებენ იმავე ფორმით, რომლითაც ისინი სწავლობდნენ უკანასკნელი ორი სემესტრის განმავლობაში; ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ სემესტრშიც თეორიული ტიპის კურსები, კურსების თეორიული კომპონენტი ჩატარდება ონლაინრეჟიმში. მხოლოდ სპეციალური პრაქტიკული კურსები, კურსის კომპონენტები (ლაბორატორიული და სხვ.) ჩატარდება უნივერსიტეტის აუდიტორიებში. მათ შესახებ სტუდენტებს დამატებით ეცნობებათ.

ხოლო სტუდენტები, რომლებსაც სურთ უნივერსიტეტში ფიზიკურად დაბრუნება, შეძლებენ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზების გამოყენებას (წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად), უნივერსიტეტის კომპიუტერული რესურს-ცენტრების გამოყენებას (წინასწარ განსაზღვრული წესების შესაბამისად), და, სასწავლო საჭიროებებიდან გამომდინარე, ლექტორთან შეთანხმების საფუძველზე, მცირე ჯგუფის ფორმატში საკონსულტაციო შეხვედრებს უნივერსიტეტის ფიზიკურ სივრცეში“, – აცხადებენ ილიას უნივერსიტეტში.

როგორც EDU.ARIS.GEთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განუცხადეს, გადაწყვეტილებას სწავლის ფორმატთან დაკავშირებით დღის ბოლომდე გამოაცხადებენ.

გადაწყვეტილება არ მიუღიათ ასევე თავისუფალ უნივერსიტეტში. როგორც EDU.ARIS.GE-ს უნივერსიტეტში განუცხადეს, ზუსტად ფორმატზე არ არიან შეთანხმებული, რისთვისაც დრო სჭირდებათ და ახლა გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. მომავალ კვირაში კი სტუდენტები ამ ინფორმაციას უკვე მიიღებენ.

„სწავლას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, თუმცა ფორმატზე ჯერ არ შევთანხმებულვართ. რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გადამზადების პროცესი გვაქვს. შემდეგ კვირაში ზუსტად გვეცოდინება“, – განაცხადეს თავისუფალ უნივერსიტეტში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის განახლების შესახებ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა:

“შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის გათვალისწინებით, განახორციელა რისკების შეფასება უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, ლექტორებისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობით.

2020-2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი უნივერსიტეტში 15 მარტიდან განახლდება შერეული (ჰიბრიდული) მეთოდით ბაკალავრიატის პირველი, მეორე და მესამე კურსელებისათვის. რაც გულისხმობს სტუდენტებსა და ლექტორებს მიეცეთ არჩევანის საშუალება სწავლა განაგრძონ დისტანციურად ან აუდიტორიებში. ხოლო, ბაკალავრიატის მეოთხე კურსის, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები სწავლას განაგრძობენ დისტანციურად, გარდა პრაქტიკული, კლინიკური და ლაბორატიული სამუშაოებისა, საჭიროების შემთხვევაში. ამასთან, გასათვალისწინებელია:

ლექტორებს, რომლებიც წარმოადგენენ დაინფიცირებულთა კონტაქტს, აქვთ ქრონიკული დაავადებები ან მიეკუთვნებიან მაღალი რისკის მქონე ასაკობრივ კატეგორიას, ენიჭებათ უფლებამოსილება, პროგრამის ხელმძღვანელთან კოორდინირებით, აირჩიონ სწავლების ფორმატი; სტუდენტთა ნაწილი, რომელიც აირჩევს სააუდიტორიო სწავლების ფორმატს გამოცდებს ჩააბარებს უნივერსიტეტში, ხოლო დისტანციური ფორმატის არჩევის შემთხვევაში – დისტანციურად. აღნიშნული გადაწყვეტილების შეთანხმება მოხდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და შეთანხების გათვალისწინებით მიიღებს საბოლოო სახეს. სააუდიტორიო სწავლების ფორმატის არჩევის შემთხვევაში, უნივერსიტეტში მყოფი ყველა პირი პასუხისმგებლობას იღებს დაიცვას რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმები. უნივერსიტეტმა გაიარა სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის შემოწმება და აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, ამასთან უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. კონკრეტულ ჯგუფში ინფიცირების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, სასწავლო პროცესი სრულად გადაინაცვლებს დისტანციურ რეჟიმში. საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებები ექვემდებარება გადახედვას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე”, – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კავკასიის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ სტუდენტების უმრავლესობის მოთხოვნით, სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ. იმ სტუდენტებს, ვინც ლექციებზე ვერ ივლის მიეცემა საგნის გადაბარების საშუალება, თუმცა ონლაინ ლექციები მათ არ ჩაუტარდებათ.

კინოსა და თეატრის უნივერსიტეტშიც სასწავლო პროცესი ჰიბრიდული იქნება. დრამის ფაკულტეტის დეკანის, მერი დადიანის განცხადებით, თეორიულ ფაკულტეტებზე სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო შუალედური და ფინალური გამოცდები აუდიტორიებში ჩატარდება. მისი თქმით, განსხვავებული მდგომარეობაა საშემსრულებლო ფაკულტეტებზე, სადაც სწავლა დასწრებულად აუდიტორიებში განახლდება.

რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის შალვა კირთაძის განცხადებით, 15 მარტიდან სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში ჰიბრიდულად განახლდება.

„სასწავლო პროცესი ჩვენთან ჰიბრიდული იქნება. ანუ ლექციები იქნება დისტანციური სემინარები და პრაქტიკული სწავლებები, უმეტეს შემთხვევაში, იქნება აუდიტორიებში“ – განცახდა შალვა კირთაძემ.

ცნობილი გახდა, რომ აჭარის სამი უმაღლესი სასწავლებელი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო საზღვაო აკადემია და ხელოვნების უნივერსიტეტი, პრაქტიკული მეცადინეობის გარდა, თეორიული სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას გეგმავს.

ამავე თემაზე:

აჭარის სამმა უნივერსიტეტმა სწავლის დისტანციურად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share