Jump to content
×
×
  • Create New...

როდესაც სტიქიური უბედურება აღარ არის სტიქიური


Recommended Posts

  • ფორუმელი

გასული წლის აგვისტოს შუა რიცხვებში გამართულ პრესკონფერენციაზე კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, განაცხადა, რომ ამ შტატში ხანძრის 367 „ცნობილი“ კერა არსებობდა. „ცნობილ ხანძრებს ვამბობ, მაგრამ ამ რიცხვის მატების სამომავლო ალბათობა ძალზე რეალურია“, – თქვა ნიუსომმა. რამდენიმე დღის შემდეგ რიცხვმა მართლაც 560-მდე იმატა. აქედან რამდენიმე კვირაში ხანძრის მრავალი კერა კვლავ არსებობდა, ხოლო ერთ-ერთი –  ქალაქ სანტა-როზას ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძარი „დოუ“ კალიფორნიის ისტორიაში უძლიერეს დიდ ხანძრად იქცა. შტატიდან მომავალი კვამლი იმდენად საშინელი იყო, რომ მან ახალ ინგლისში მზეც კი დაჩრდილა. როდესაც ნოემბრის ბოლოს კალიფორნიის ხანძრების უმეტესობა ჩააქრეს, სულ მცირე 31 ადამიანი იყო დაღუპული და ათობით ათასი გადასახლებული. 

სანამ კალიფორნიის ხანძრებს 15 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა, ლუიზიანას ქარიშხალი „ლორა“ უახლოვდებოდა. როდესაც მან მექსიკის ყურეს გადაუარა, თითქმის რეკორდული სიჩქარით გაძლიერდა. სულ რაღაც 24 საათში იგი I-დან IV კატეგორიის შტორმად იქცა. როდესაც მან 27 აგვისტოს დილაადრიან კამერონის ოლქს მიაღწია, შეერთებული შტატების ისტორიაში ხმელეთზე დამტყდარ მეხუთე უმძვინვარეს ქარიშხლად იყო ქცეული. მან შეერთებულ შტატებში, სულ მცირე, 16 ადამიანი შეიწირა და 12 მილიარდ დოლარამდე ზარალი მოიტანა.

ოცი წლის წინ ხანძარ „დოუსა“ და ქარიშხალ „ლორას“ მსგავს კრიზისებს „სტიქიურ უბედურებად“ აღწერდნენ. კლიმატის ცვლილების წყალობით ეს ასე აღარ არის. თითქმის იმავე დროს, როდესაც ნიუსომის პრესკონფერენცია ტარდებოდა, კალიფორნიის სიკვდილის ველზე   ვერცხლისწყლის დონემ +54,40C მიაღწია – უმაღლეს ტემპერატურას, რომელიც კი დედამიწაზე ოდესმე აღრიცხულა სამეცნიერო მტკიცებულებით. უფრო ცხელ, უფრო მშრალ კალიფორნიაში ხანძრების აალება კიდევ უფრო მოსალოდნელია. მექსიკის ყურეც ცხელდება სახიფათო შედეგებით. ქარიშხლები სიმძლავრეს ზედაპირული წყლების სითბოდან იძენს და, ამგვარად, უფრო მძლავრი და გამწვავებისკენ მიდრეკილი ხდება. კლიმატის ცვლილებაზე რეპორტაჟებს თითქმის ოცი წელია ვამზადებ და იმ აზრამდე მივედი, რომ მსგავს მოვლენათა აღსაწერად ახალი ტერმინი გვჭირდება. იქნებ მათ „ადამიანის მიერ გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფა“ უნდა ვუწოდოთ.

დღეს ადამიანები პლანეტაზე იმდენად დომინანტურები არიან, ითვლება, რომ ახალ გეოლოგიურ ეპოქაში ვცხოვრობთ: ანთროპოცენში. ტყეების გაჩეხვით, მაღაროების თხრითა და ქალაქების გაშენებით დედამიწის ყინულისგან თავისუფალი ხმელეთის ნახევარი გარდავქმენით (რაც დარჩა, იმის ნახევარი არაპირდაპირ შევცვალეთ). ჩვენი სასუქების საწარმოებით მეტ აზოტს გამოვყოფთ, ვიდრე ჯამში ხმელეთის ყველა ეკოსისტემა; ჩვენი სახნავებითა და ბულდოზერებით მეტ მიწას გადავაადგილებთ, ვიდრე მსოფლიოს ყველა მდინარე და ნაკადული. ანთროპოცენში ყოველგვარი კატასტროფა როგორც ბუნებას, ისე ადამიანსაც მიეწერება. მაგალითად, ახლა ბევრი მიწისძვრა ადამიანის საქმიანობით, კერძოდ, ჰიდრავლიკური გახლეჩითაა განპირობებული. ადამიანის მიერ გამოწვეული უჩვეულოდ მძლავრი მიწისძვრა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ოკლაჰომის ქალაქი პაუნი შეარყია, აიოვის ქალაქ დე-მოინშიც კი იგრძნობოდა.   

და კიდევ ავადსახსენებელი COVID-19.

კოვიდის გამომწვევი ვირუსი, როგორც ჩანს, ცხვირნალისებრ ღამურებში აღმოცენდა. როგორც აღმოჩნდა, ის ხალხს ჩინეთის ქალაქ უხანთან ახლოს გადაედო პირდაპირ ან შუამავალი სახეობის მეშვეობით, რომელიც ჯერ კიდევ დასადგენია. სავარაუდოდ, პათოგენები დახტოდნენ ცხოველებსა და ადამიანებს შორის მათი არსებობის დროიდან, მაგრამ კაცობრიობის ისტორიის უმეტეს ნაწილში მსგავს „გადასვლით მოვლენებს“ შეზღუდული გავლენა ჰქონდა. დასნებოვნებული მოსახლეობა ძალიან შორს ან ძალიან სწრაფად ვერ გადაადგილდებოდა. თვითმფრინავის საშუალებით ახლა ვირუსს მსოფლიოს მეორე მხარეს ჩაღწევა იმაზე სწრაფად შეუძლია, ვიდრე ჩვენ ახალი ამბების გაცნობა. ცენტრალურ ჩინეთში პირველი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი თვის განმავლობაში კოვიდმა სულ მცირე 26 ქვეყანაში ჩააღწია – თვით ისეთ მოშორებულ ადგილებშიც კი, როგორიც ფოლკლენდის კუნძულები და კამჩატკის ნახევარკუნძულია. 

ადამიანთა მიერ ცხოველთა ჰაბიტატების სულ უფრო მეტად განადგურებისა და სახეობების მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას გადაყვანის შედეგად, ახალი დაავადებების გავრცელება უფრო ჩვეული რამ გახდება.

ამასობაში კი, სანამ კლიმატი დათბობას განაგრძობს, დიდი ხანძრები კიდევ უფრო გაფართოვდება და ქარიშხლები უფრო დამანგრეველი გახდება. ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში კალიფორნიაში „ხანძარსაშიში ამინდის“ სახიფათო დღეების სიხშირე გაორმაგდა, საუკუნის ბოლოს კი შეიძლება კვლავ გაორმაგდეს. დღეიდან 10 ან 20 წლის შემდეგ შარშანდელი რეკორდული ხანძრები და ქარიშხლები თითქმის უეჭველად ახალი რეკორდული მაჩვენებლებით გადაიფარება.

რა უნდა ვქნათ? მეცნიერული აზროვნების ერთ-ერთი სკოლის თანახმად, ბუნებრივ გარემოში ადამიანის ჩარევასთან გამკლავების საუკეთესო გზა უკეთ ჩარევაა. ამ მდგომარეობამდე ძველმა ტექნოლოგიებმა მიგვიყვანა, ახლები კი აქედან გამოგვიყვანენ. ამ შეხედულების დამცველები აღნიშნავენ მუდმივად მიმდინარე განსაცვიფრებელ პროგრესს ისეთ დარგებში, როგორებიცაა კომპიუტერული მეცნიერება, გენეტიკა, თუ მასალათმცოდნეობა. COVID-19-ის წამლის პოვნის გასამარტივებლად ჩინელმა მკვლევრებმა თაგვები გენეტიკურად შეცვალეს, რათა მათ ადამიანების მსგავსი ვირუსის მიმღებები ჰქონოდათ. კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ინჟინრებმა ჰაერიდან ნახშირორჟანგის გამომწოვი დანადგარები შექმნეს. ახლა მათი რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ ერთ დღესაც შეიძლება ისინი iPhone-ის მსგავს ჩვეულებრივ რამედ იქცეს. 

მეორე მხრივ, გამოითქვა ვარაუდი, რომ კლიმატის ცვლილებასთან შეწინააღმდეგება შემომავალი მზის სხივების გარკვეული ოდენობის შეფერხებით შეიძლება. მკვლევრები ღრუბლების გასაღიავებელ ტექნოლოგიებზე მუშაობენ, რითაც მზის სხივების გარკვეული ნაწილის არეკვლა და კოსმოსში მიბრუნება მოხერხდებოდა. სხვა მეთოდოლოგია, „მზის გეოინჟინერია“ კი ამრეკლავ ნაწილაკებს სტრატოსფეროში გაავრცელებდა, რითაც მთელ პლანეტას მზისგან დამცავი ერთგვარი ქოლგით უზრუნველყოფდა.   

მეცნიერული აზროვნების მეორე სკოლა ამტკიცებს, რომ მსოფლიოს შემცვლელ ახალ ტექნოლოგიებს სავარაუდოდ ისეთივე გავლენა ექნებათ, რაც მსოფლიოს შემცვლელ ძველ ტექნოლოგიებს, ოღონდ უფრო მაღალი ფსონებით. მაგალითისთვის გამოდგება ქლორ-ფთორ-ნახშირბადები. ამ ნაერთების სინთეზირება პირველად 1920-იანი წლების ბოლოს მოახერხეს ისეთი ადრეული მაცივებელი აგენტების მიერ გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიც მომწამვლელი ამიაკია. მილიარდობით კილოგრამი ქლორ-ფთორ-ნახშირბადები აწარმოეს, სანამ 1980-იან წლებში აღმოაჩენდნენ, რომ ეს ქიმიკატები ოზონის შრეს შლიდა, რომელიც დედამიწას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იფარავს.  

მიუხედავად ქლორ-ფთორ-ნახშირბადების საყოველთაო აკრძალვისა, ეს ქიმიკატები უკანონოდ ჯერ კიდევ იწარმოება, სამხრეთ ნახევარსფეროს თავზე კი, ოზონში, „ხვრელი“ ყოველ წელს იხსნება. ამრეკლავი ნაწილაკების სტრატოსფეროში გატყორცნამ ოზონის შრე შესაძლოა კიდევ უფრო დააზიანოს. ეს ისეთ სხვა გართულებებსაც გამოიწვევს, რომლებიც სრულად არ ყოფილა –  და ალბათ ვერც ვერასოდეს იქნება –  პროგნოზირებული. კრიტიკოსები თავად მზის გეოინჟინერიის იდეას „უაღრესად გიჟურად“, „დაუჯერებლად სახიფათოდ“  და „ჯოჯოხეთისკენ ფართო გზად“ ახასიათებენ. რაც შემეხება მე, ორად ვარ გახლეჩილი. ჩვენ წინ არსებული არჩევანი მსოფლიოს შეცვლა-არშეცვლის საკითხს არ წარმოადგენს; სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამიერიდან მისაღები გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ვაპირებთ მის შეცვლას? მრავალი წელია უამრავ მეცნიერს, გამომგონებელსა და მეწარმეს ვართმევ ინტერვიუს და ჩემზე განუწყვეტლივ ახდენს შთაბეჭდილებას, თუ რამდენად მახვილგონიერია ადამიანი როგორც სახეობა, მაგრამ როდესაც ქარი კვამლს 5000 კილომეტრზე ავრცელებს, ისიც მახსენდება, თუ რამდენად სახიფათონიც ვართ ამასთან ერთად.

ელიზაბეთ კოლბერტი New Yorker-ის შტატიანი ჟურნალისტი, National Geographic-ის ხშირი კონტრიბუტორი და National Magazine Award-ის ორგზის ლაურეატია. წინამდებარე ესეი მისი ახალი წიგნის „თეთრი ცის ქვეშ“ გადამუშავებული ვარიანტია. მისმა წინა წიგნმა „მეექვსე გადაშენება“ 2015 წლის პულიტცერის პრემია მიიღო არამხატვრული ლიტერატურის დარგში.    

ავბედითი ისტორიის შექმნა

2020 წელს ადამიანის მიერ გამოწვეულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა რეკორდები დაამყარა:

9 სექტემბერი: ხანძარი „დოუ“ კალიფორნიის ისტორიაში უძლიერესად იქცა.

14 ოქტომბერი: კამერონის ხანძარი კოლორადოს ისტორიაში უძლიერესად იქცა. 

5-6 ოქტომბერი: ქარიშხალმა „დელტამ“ ატლანტის ოკეანის აუზში ახალი რეკორდი დაამყარა ყველაზე სწრაფი გაძლიერებით ტროპიკული ციკლონიდან IV კატეგორიის ქარიშხლამდე.

1 ნოემბერი: სუპერტაიფუნი „გონი“ უმძლავრეს ტროპიკულ ციკლონად იქცა, რომელიც ხმელეთზე გადავიდა და ფილიპინებს 315 კმ/სთ სიჩქარით დაატყდა თავს. 

The post როდესაც სტიქიური უბედურება აღარ არის სტიქიური appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share