Jump to content
×
×
  • Create New...

ნამე – ცივი პრინცესას დაღუპვა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ავტორი: ლევან ცხოვრებაძე

 

“როცა იუვე დაიბადა, სულებმა ხილვა გამომიგზავნეს. ლამაზი, მამაცი გოგონა დავინახე, რომელიც მთვარის სულად იქცა”. საკულტო ანიმაციურ სერიალ “ავატარის” ერთ-ერთ ეპიზოდში, აანგი ჩრდილოეთ პოლუსს ეწვევა, რათა წყლის მართვა შეისწავლოს. წყლის ტომი ენერგიას მთვარისგან იღებს, ხოლო მათ პრინცესას, იუვეს მთვარის სულმა, რომელიც თევზადაა ქცეული და ოკეანის სულთან ერთად ბინადრობს, სიცოცხლე აჩუქა. ამ კონკრეტულ ეპიზოდში, როგორც მთლიან ნაწარმოებში, კაცობრიობას, ინდუსტრიალური ვიზუალური პარადიგმებით გაჯერებული იერსახე, ცეცხლის ტომი უპირისპირდება. სერიის ბოლოსკენ ცეცხლის ტომის მთავარსარდალი, ჯაო მთვარის სულს კლავს, პრინცესა იუვე კი თავს სწირავს მის გადასარჩენად.

ნამე თითქოს შეწირულ ცხოვრებას იბრუნებს, თუმცა საერთო სურათიდან გამომდინარე, საკითხი უფრო ღრმა და კომპლექსურია.

ზაზა ხალვაშის “ნამე,”(2017) ერთი შეხედვით რთულ, თუმცა ზომიერ მითოლოგიურ ამბავს მოგვითხრობს თანამედროვე ყოფაში. თევზი, სამკურნალო თვისებებს მას შემდეგ კარგავს, რაც კაშხლის მშენებლობა იწყება და წყალი ბინძურდება, მაშასადამე ინდუსტრიალური სამყარო აბინძურებს წყალს, ყველაზე საკრალურს ფილმში, რეპრეზენტირებულს ადამიანებისთვის. სამომხმარებლო საზოგადოების ნიშნები, ელვასავით იკვეთება და ზღაპრულ-მითოლოგიური ყოფიდან პირდაპირ სოციალურ რიტუალებში გადაგვისვრის რეჟისორი, როდესაც ნამე მიდის ქალაქში, ყიდულობს პურს და ათვალიერებს კოსმეტიკურ საშუალებებს.

სურათი, პოლ შრადერის მიერ განსაზღვრული ტრანსცედენტალური ესთეტიკით მიედინება, რაც თავისთავად გულისხმობს საკითხის სამარადჟამო აქტუალურობას, შესაბამისად “ნამე” ვირტუოზულად ახერხებს კაცობრიობის თანამედროვე და სამარადჟამო გამოწვევებზე საუბარს, როგორც გლობალურ, აგრეთვე უაღრესად ლოკალურ ჭრილში. ზაზა ხალვაში მულტიკულტურალურ საზოგადოებას ხატავს ხუთი წევრისგან შემდგარ ოჯახში, სადაც კონფლიქტისგან თავის არიდებით, ერთმანეთს უპირისპირებს წარმართულ რწმენასა და სამ, ერთმანეთისგან განსხვავებულ მრწამსს. ნამეს ერთი უფროსი ძმა მღვდელია, მეორე მუსლიმი, მესამე კი ათეისტი მასწავლებელი. ერთი შეხედვით, ამ პლაკატურ სურათს, მაღალმთიანი აჭარის რეგიონის კონტექსტი აძლევს ავთენტურობას, რომელიც ისეთივე ზღაპრული და მულტიკულტურალურია რეალურ ცხოვრებაში, როგორიც გიორგი შველიძის(ოპერატორი) ჟღერად, თითქმის ამეტყველებულ გამოსახულებაში.

“ერთხელ დავინახე, როგორ დავარდა თოვლის ფთილა, ხიდან მიწაზე და ამ უცნაური ხმის კინემატოგრაფიული გამოსახვა მინდოდა” – ასე უპასუხა რეჟისორმა, ერთ-ერთ კითხვა-პასუხის სესიაზე, როდესაც ჰკითხეს თუ „რის თქმა სურდა ფილმით“. სწორედ ხმების ვიზუალური აქტუალიზაცია მოახდინა ზაზა ხალვაშმა “ნამეში,” იმ ხმების რომლებიც თითქმის არ/ვერ გვესმის. შეფარულ, მასკულინურ დამოკიდებულებას ქალის მიმართ, ვინც გათხოვების მერე მკურნალი ვეღარ იქნება, ხოლო წინა მკურნალს, ნამეს მამას ოჯახი ჰყავს. აგრეთვე სიმპტომატურია, რომ “ავატარში” წყლის ტომელ გოგონებს ბრძოლას არ ასწავლიან და მკურნალის ფუნქციას ანიჭებენ.

ეს მითოსურ-პაგანურ-სოციალური ვიზუალური ტექსტი, თითქიმის დაცლილია რთული მიზანსცენებისა და სხვა ცნობილი კინემატოგრაფიული ატრაქციონებისგან და ახალი ფორმების ძიებასა თუ აღმოცენებაზე ორიენტირდება. მიუხედავად ფაქტურული ძიებისა, “ნამე” არ გადადის თვითტკბობაში და ზუსტად ამ ახალი მიგნებებით უსვამს ხაზს უმთავრეს საკითხებს. მაგალითად პირველი ეპიზოდი, როდესაც ნამე მიდის ერთ-ერთი ძმის მოსანახულებლად, სკოლა მონტაჟურად არის ნაჩვენები, ხოლო ფონად მასწავლებლის მონოლოგი გასდევს. ყოველი მონტაჟური ცვლისას, ხმა იქიდან გვესმის, საიდანაც ეკრანს ვუცქერთ, მაშასადამე რეჟისორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კამერა რეალობის დამკვირვებელი უფროა, ვიდრე ტრანსფორმატორი და გვიჩვენებს იდილიურ გაუცხოებას, იდეოლოგიური თუ ყოფითი დაპირისპირების ფონზე.

რეჟისორი, ნამეს რამდენიმე განსხვავებულ ფსიქოემოციურ პოზიციაში გვიჩვენებს. ჩვენ ვართ მისი ლევიტაციისა თუ ფლირტის შემსწრე და ის ყველგან ერთნაირი ცივი მისტიციზმით ფიქსირდება. ბანაობის სცენაც კი ამბივალენტურ დამოკიდებულებას გვიჩენს მისი სექსუალობის მიმართ. ნამე ლამაზია, ცალკეული სცენა – ესთეტიკური, ხოლო მისი სექსუალობა არა აღმგზნები, არამედ უფრო ნაივური, მოუმწიფებელია. გოგონა, სევდიანი მისტიკურობისგან ცდილობს თავის დაღწევას, ვინაიდან ვხედავთ კიდეც როგორ ეპყრობა ყველაფერ მისტიკურსა და არაკომერციულს ნეოლიბერალიზმი, ფაშიზმის ახალი ფორმა: აწვდის ნამეს იაფფასიან კოსმეტიკურ საშუალებებს, აბინძურებს წყალს, რომლითაც იკურნება ხალხი, ამზადებს თევზისთვის უვარგის საჭმელს, ვიმკით რა, ჩაგვრის ახალ პირობებსა და ბრძოლის გაიძვერულ ფორმებს.

ნამეს ხმაში, მზერასა თუ გამომეტყველებაში გამოსჭვივის სხვად ყოფნის სევდა. ის გამორჩეულია, მკურნალის ნიჭით დაჯილდოებული და ეს ტვირთი უნდა ატაროს მთელი ცხოვრება. მისი ლტოლვა ემანსიპაციისკენ კი კაპიტალისტურ სამყაროსთან ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის შიშით უფროა ნასაზრდოები, ვიდრე რეალური სიყვარულის სურვილით, ვინაიდან ვერსად ვერ ვხედავთ ნამეს სენსიტიურ თუ სექსუალურ აფორიაქებას. ის იხსნის თავსაბურავს, როდესაც სახლიდან გადის, რაღაცის თქმას ცდილობს ხან ძმებისთვის, ხანაც მამისათვის, თუმცა სხვადასხვა, ყოფითი დეტალები თუ ცივი, მოკლე დიალოგები აღარ აძლევენ დამთავრების საშუალებას. მთავარი პერსონაჟი, მთელი ფილმის ატმოსფეროსავით ცივია, ამასთანავე ნაზი და მომნუსხველი – ისეთივე როგორიც თავად ეს სურათი.

დასასრულს, გოგონა გაივლის წყალზე, გაუშვებს თევზს და წარმოთქვამს შელოცვას, რომელიც ასე მთავრდება: “ყველა მის გზას მიდიოდა, შენ რა გაშინებდა.” ამ სცენაში, ავტორები პერსონაჟს კადრის უკიდურეს ცენტრში ათავსებენ და ვხედავთ მის ანარეკლს წყალში, თითქოს თევზს ჰგავს, შეიძლება ვიფიქროთ რომ მეტემფსიქოზის საშუალებით, როგორც ავატარში, ნამე თევზად გადაიქცა, თუმცა მისი ემანსიპაცია ღიად არის დარჩენილი. მინიმალისტურ კადრს, სადაც მხოლოდ ნამე და ნისლი ჩანს, აგრეთვე მინიმალური, ერთი მუსიკალური ნოტი ამძაფრებს, ხოლო შემდეგ ნისლი ნამესაც ფარავს და თავში გვიტრიალებს სიტყვები: “ყველა მის გზას მიდიოდა, შენ რა გაშინებდა”. საბოლოო აკორდით კი – სრულიად მონუსხულებს, ეკრანული გამოცდილებითა და არასწორხაზოვანი წინარეგანზრახვებით – რეჟისორი სილას გვაწნის და გვიჩვენებს მოგუგუნე, ყველაფრის მშთანთქმელ ინდუსტრიალიზაციას, რომელი გზისკენაც ყველა მიდიოდა, ნამეს კი რაღაც აშინებდა.

The post ნამე – ცივი პრინცესას დაღუპვა appeared first on Cinexpress.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   137 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 136 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(15)
    • Googlebot(3)