ფორუმელი Moor Posted 1 მარტი, 2021 Posted 1 მარტი, 2021 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის ძლიერმა ტალღამ სოციალურ, კულტურულსა თუ სხვა, მიმდებარე სფეროებშიც გადაინაცვლა და შედეგად, ისედაც დანაწევრებული ჯგუფები, კიდევ უფრო დაუპირისპირა ერთანეთს, ჩართო რა ზემოდან მანიპულირებულ „ბრძოლაში“, რომელიც ეთიკისა თუ მორალის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს და რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკურ-ეკონომიკური წრის ინტერესებს ემსახურება. წინამდებარე წერილი მიზნად ისახავს დაიცვას ჩვენი რედაქციისა თუ ზოგიერთი ავტორის ხედვა და ნააზრევი, რომელსაც დიდი ხნის (განსაკუთრებით ბოლო პერიოდის) განმავლობაში, არასწორად ინტერპრეტირებენ ან/და უსაფუძვლოდ იგდებენ აბუჩად, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში გავრცელებული მზარდი ტენდენციის ფონზე, რომელიც იდეოლოგიური პოზიციის, შეხედულების თუ განსხვავებული აზრის მცდარსა და დამახინჯებულ ინტერპრეტაციას გულისხმობს. ასევე ეხმაურება, დროთა განმავლობაში, ალტერნატიული კინო-სივრცეების აღმოცენებისთანავე, კინოს სფეროში მყარად დამკვიდრებული ინდივიდებისგან მომდინარე მტრულ და ცინიკურ დამოკიდებულებას, რასაც უმეტესწილად, იდეოლოგიური დისონანსი განაპირობებს. ამ მოკლე წერილის მიზანი, არ არის კინოს ირგვლივ განვითარებული უახლესი პროცესების თუ წინააღმდეგობების ღრმა ანალიზი. თავდაპირველად, CinExpress (Cinema Expression) ჩამოყალიბება კინემატოგრაფიული ფაკულტეტის სტუდენტების იდეა გახლდათ, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ წრესთან თანამშრომლობით, უნდა შეექმნა იმგვარი სივრცე, სადაც ახალგაზრდა ავტორებს საკუთარი ნააზრევისა და კინემატოგრაფიული ხედვების გაზიარების საშუალება მიეცემოდათ. ერთ-ერთ რედაქტორთან მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, საწყისი თვეების განმავლობაში, CinExpress აგრძელებდა თანამშრომლობას ზემოხსენებულ პირებთან, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკომუნიკაციო და ბიუროკრატიული პრობლემების შედეგად, გადაწყდა ხელშეკრულების შეწყვეტა. შედეგად, ენთუზიაზმსა და ქართული კინოს კრიტიკული გააზრება/გადააზრების სურვილის ხარჯზე, რამდენიმე ავტორმა დამოუკიდებლად განვაგრძეთ მუშაობა. CinExpress-ზე დარჩენილი ავტორები, განსხვავებული იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობრივი შეხედულებების მიუხედავად, გავერთიანდით იმ მიზნით, რომ შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც წარიმართებოდა პროფესიული სამეცნიერო მსჯელობა, მოხდებოდა ქართული და უცხოური ფილმებისა თუ მიმდინარეობების კრიტიკული ანალიზი, რადგან „უკმარისობა იმგვარ სივრცეთა, სადაც სისტემატიურად წარიმართება პროფესიული, თეორიულ-მეცნიერული მსჯელობა, თავისთავად იწვევს კინემატოგრაფიული აზროვნების დეგრადირებას, რის თვალსაჩინო მაგალითადაც ქართული კინო გვესახება.“ გარკვეული წინააღმდეგობების შემდეგ, უფრო ნელი ტემპითა და ჯანსაღი (!) კრიტიკის მიმართ ღია დამოკიდებულებით, გავაგრძელეთ მუშაობა, ვთარგმნეთ არაერთი მნიშვნელოვანი ტექსტი, ვეცადეთ მოგვეხდინა რეფლექსია ქართული კინოს პრობლემებზე, კრიტიკული თვალით დაგვენახა ესა თუ ის კინო-მოვლენა, წაგვეკითხა სხვადასხვა იდეოლოგიების გავლენა ხელოვნების სფეროზე და სხვ. მივიღეთ არაერთი კრიტიკული შენიშვნა, რომელთა ნაწილი გავითვალისწინეთ, ნაწილი არა. ბოლო პერიოდში, პროტესტს გამოვთქვამდით ქვეყანაში მიმდინარე, კინოსთან კავშირის არ მქონე მოვლენებზე, ვეხმაურებოდით მათ ფეისბუქ-პოსტების საშუალებით, რამაც გარკვეული კითხვები გააჩინა. მიუხედავად იმისა, რომ CinExpress და მისი ფეისბუქ-გვერდი კინემატოგრაფიასა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზეა ფოკუსირებული, მიგვაჩნია, რომ დღეს, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ისევე უნდა იყოს კინოს ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოებისთვის მნიშნველოვანი, როგორც უშუალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პროცესები ზურგზე ტვირთად აწევს: რადგან კინო პირველ რიგში ემპათიის, სოლიდარობის და სოციალური ურთიერთობების შედეგად წარმოქმნილი დარგია. რადგან აღნიშნული მდგომარეობა, პირდაპირი თუ ირიბი გზებით ისევე ახდენს გავლენას ქართულ კინოზე, როგორც ქვეყანაში არსებულ სხვა დარგებსა თუ სფეროებზე. რადგან დღეს ქვეყანაში დამკვიდრებული სოციალური გულგრილობა აწარმოებს იმგვარ ფსევდო-პოლიტიკას, რის დამსახურებითაც ვართ იქ, სადაც ვართ! და ამ წრეზე უსასრულო ტრიალი სამარადჟამოდ გაგვიგრძელდა. უახლოეს წარსულსა და აწმყოში, კულტურისა და ხელოვნების სფეროს გზა-განვითარება, რომელიც უმეტესწილად „საბანკო ფინანსურ ბილიკებს“ მიუყვება და იმთავითვე ეწინააღმდეგება ხელოვნების არსს, ხდება რა ნებსით თუ უნებლიეთ, ბანკირების, პოლიტიკური თუ ბიზნეს ელიტების და მათ ინტერესებს მორგებული სივრცე, სადაც ხელოვანსა და ხელოვნების ნაწარმოებზე მსჯელობა პირდაპირ ბანკების მიერ შექმნილ ვებ-გვერდსა თუ ტელეარხებზე წარმოებს და მათ მიმართ ცნობიერ თუ არაცნობიერ კეთილგანწყობას აჩენს. დღეს, კაპიტალს მიჯაჭვული, ერთსახოვნად მათი ინტერესების დამცველი მედიები თუ აკადემიური სივრცეები, ახდენენ სტუდენტებისა თუ უბრალო მაყურებლის (მსმენელის/მკითხველის) სწორხაზოვან პოლიტიკურ დისკურსში მოქცევას, მათ ერთგვარ დისციპლინირებას. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი კვლევითი დაწესებულების დანიშნულება სამეცნიერო მნიშვნელობების მოკვლევა და შემეცნების პროცესი უნდა იყოს, ეს სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც საერთო ჯამში ფაშისტურ იდეოლოგიას აწარმოებენ (ყველაფერი ელიტარული საზოგადოებებისთვის, არაფერი მათი ინტერესების მიღმა და წინააღმდეგ), ხდება ინდოქტრინაციისა და პროპაგანდის უმნიშვნელოვანესი აპარატი და ცდილობს მნიშვნელობების სოციალური შინაარსისგან გამოცალკევებას. შესაბამისად, სიტყვები – სოციალიზმი, მარქსისტი, თუ კომუნისტი, შინაარსებისაგან გამოცალკევების შედეგად, სალანძღავ სიტყვებად იქცა. თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტი ახალგაზრდობა კი, კულტურული „ელიტისგან“ დაფასების მოლოდინში ლამისაა რომ ჩამობერდა, დაკომპლექტებული ჯგუფებისა და დისციპლინირებული იდეოლოგიური აპოლოგეტების რანგში, ერთგვარ აზრის/იდეის დამცველ პოლიციად გვევლინება და არარსებულ/უსაფუძვლო ანტაგონიზმს ქმნის წარსულის აჩრდილებთან, უწოდებს რა ნებისმიერ განსხვავებულ აზრს/იდეოლოგიას მავნებლობას, ჩამორჩენილობას, გოიმობასა თუ „საბჭოთა გადმონაშთს“. უკანასკნელ პერიოდში, ზემოხსენებულ ინსტიტუციებსა თუ მათ მიერ ნაწარმოებ იდეოლოგიურ აპარატთან მიერთებას, ქართულ კინო-ელიტაში ჯერ ვერ მოხვედრილი რეჟისორთა გარკვეული ნაწილიც ცდილობს. მიხვდნენ რა როგორ მუშაობს პროპაგანდისტული აპარატი, რომელსაც ის ვიწრო წრე აწარმოებს, ვისაც კინემატოგრაფიულ ცოდნასა და სივრცეებზე ექსკლუზიური უფლებები აქვს მოპოვებული, ქართველ რეჟისორთა გარკვეული ნაწილი უკვე ცდილობს ამ ე. წ. ელიტის და შესაბამისად მათი ბრმა მიმდევრების კეთილგანწყობის მოპოვებას, რათა სამომავლოდ შექმნილ ნამუშევრებში, პატერნალისტური მოტივებით, დადებითი შეფასებები გაინაღდოს. მაგრამ უკვე გვიანია, რადგან, დღესდღეობით, ალაგ-ალაგ, მაგრამ მაინც იჩენენ თავს ავტორები, ვინც ნამუშევრის ღირებულებას არა მხოლოდ იდეოლოგიური კარნახის ქვეშ, არამედ მისი რეალური ღირებულებით აფასებენ და ვისაც ჯერ კიდევ შესწევს გაბედულად აზროვნების უნარი. მიუხედავად მათი სიმცირისა, კინემატოგრაფიული აზროვნების ჯანსაღი განვითარება, უცილობლად საჭიროებს ამგვარი ავტორების არსებობას. ამგვარ მძიმე მოცემულობაში, ვცდილობთ, შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა, ენთუზიაზმითვე განვაგრძოთ საქმიანობა, თავი ავარიდოთ იმ ინსტიტუციებსა თუ სივრცეებს, რომლებიც მარტოოდენ გაბატონებული იდეოლოგიური ხედვების ჭრილში განიხილავენ კინემატოგრაფიულ თუ სხვა რეალობას. აქვე შევნიშნავთ, რომ ამ წერილის მიზანი კინემატოგრაფიული დისკუსიების რეალურად არსებულ გარემოში გადამისამართებაცაა, რადგან ვირტუალურ სივრცეში გამართული ნებისმიერი დისკუსია, იმთავითვე მანიპულაციის და კონტექსტიდან ამოგლეჯილი კამათისთვისაა განწირული. გიორგი ჯავახიშვილი თებერვალი/2021 The post წერილი №1 appeared first on Cinexpress. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა