Jump to content
×
×
  • Create New...

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ


Recommended Posts

  • ფორუმელი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან და ეუთოდან – ტოივო კლაარი და ანიკა სოდერი, ასევე გაეროს წარმომადგენელი აზატ ლაჩინიანი, 25-26 მარტს დაგეგმილი 52-ე რაუნდის მოსამზადებლად, 1-3 მარტს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს სტუმრობდნენ.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ რუსეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, მოსკოვის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ საკითხის წამოწევისა და „ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ შექმნის შესახებ პროგრამის დამტკიცებაზე ისაუბრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის დისკუსიების მოახლოებულ რაუნდზე ქართული დელეგაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თვითნებური დაკავებების, ასევე საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის „უკანონო ტყვეობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების“ საკითხს დააყენებს.

თბილისის შემდეგ, თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდნენ, სადაც 2 მარტს ჟენევის დისკუსიებზე ცხინვალის წარმომადგენელს, მურატ ჯიოევს შეხვდნენ.

ადგილობრივი მედია ჯიოევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ცხინვალის ხელმძღვანელობა მოახლოებულ რაუნდზე კიდევ ერთხელ დააყენებს ჩორჩანა-წნელისის საპოლიციო საგუშაგოს საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალი საქართველოსთან ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხის დაყენებასაც გეგმავს.

3 მარტს სოხუმში თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე, აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ“, ირაკლი ტუჟბამ ასევე წამოაყენა ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების საკითხი.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, ტუჟბამ განაცხადა, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის არსებული „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა“ აფხაზეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, „ამას შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს და რეგიონში დაძაბულობის ახალი ესკალაცია გამოიწვიოს“.

ჟენევის დისკუსიები, რომელსაც საფუძველი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩაეყარა, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით იმართება და მასში საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სხდომები ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარებს, რომელთაგანაც ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share