Jump to content
×
×
  • Create New...

დავით ზალკალიანი თურქეთს სტუმრობს - „3+3“ ფორმატი განიხილა


Recommended Posts

Posted (შესწორებული)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 3 მარტს ანკარას სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს და სხვა საკითხებთან ერთად კავკასიის თანამშრომლობის თაობაზე შემოთავაზებული „3+3“ ფორმატი განიხილა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანისა და რუსეთის მონაწილეობას ითვალისწინებს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია, საქართველო მადლიერია თურქეთის ინიციატივის, რომელიც რეგიონში „გრძელვადიან“ მშვიდობას უზრუნველყოფს, მას „მკაფიო“ პოზიცია გააჩნია მოცემულ ფორმატში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ფორმატებში გაერთიანება გულისხმობს, რომ ამ ქვეყნებში გაერთიანებული ქვეყნები პატივს უნდა სცემდნენ ფუნდამენტურ პრინციპებს, საერთაშორისო სამართლის ნორმის პრინციპებს, როგორიც არის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ამ შემთხვევაში, ერთი ქვეყანა, რუსეთი, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ბუნებრივია, ამ ფორმატში ძნელად წარმოსადგენია რაიმე სახის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე საუბარი, სანამ არ იქნება გადადგმული ნაბიჯები დეოკუპაციისკენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სანაცვლოდ, შესთავაზა, რომ თბილისი იქცეს „ერთგვარ პლატფორმად“ აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის, სადაც შესაძლებელი გახდება ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურისა და ხალხთაშორის ურთიერთობების პროექტებზე თანამშრომლობა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თურქეთი პატივს სცემს და მისთვის გასაგებია „საქართველოს ფრთხილი მიდგომა ამ საკითხზე“. „როდესაც არსებობს რთული გარემოებები, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, [რუსეთთან] ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება, შესაძლოა, რთული იყოს, თუმცა, ამის გაკეთება უფრო მარტივი იქნებოდა მრავალმხრივ ფორმატში“, – აღნიშნა მან.

მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე, პანდემიასთან ბრძოლის საქმეში დახმარებაზე, ასევე აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, TANAP-ისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტებზე ისაუბრეს.

დღესვე, დავით ზალკალიანი ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვედება და თურქეთში საქართველოს საელჩოსაც ეწვევა.

Edited by Moor
"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

davit-zalkaliani-turqetis-vice-prezident

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს, ფუათ ოქთაისს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მევლუთ ჩავუშოღლუ. ვიცე-პრეზიდენტმა, დავით ზალკალიანს მიულოცა თანამდრბობაზე დანიშვნა; წარმატებები უსურვა, როგორც მას, ასევე საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრი თურქეთში ვიზიტით მიიწვია.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა მიმართულება და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონე ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ეფექტიანი განხორციელების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თურქეთს გლობალური პანდემიის დროს საქართველოს დახმარებისთვის. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით.

შეხვედრის დროს, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა

davit-zalkaliani-mevlut-chavushoglus-she

ქ. ანკარა, 2021 წლის 3 მარტი - საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. 

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,  ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით. 

მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს  მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას. 

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე. 
მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. 
აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე. 

მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. 

განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ახალ რეგიონალურ ინიციატივებს და აღნიშნა რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი იმპლემენტაცია შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში. ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. 


შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share