Jump to content
×
×
  • Create New...

რადიკალურად მოაზროვნე ადამიანებს რთული გონებრივი სავარჯიშოების შესრულება უჭირთ — კვლევა


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

უახლესი კვლევის მიხედვით, ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები კონკრეტული იდეოლოგიისკენ მიმხრობას განსაზღვრავს. იგი ასევე მიუთითებს, რომ ექსტრემისტული დამოკიდებულებებისკენ მიდრეკილი ადამიანები გონებრივ სავარჯიშოებს მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ ართმევენ თავს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, რამდენად ახდენს კოგნიტური მოწყობა — ინფორმაციის აღქმისა და დამუშავების განსხვავებული შესაძლებლობები — გავლენას ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. მსოფლმხედველობაში მოიაზრება პოლიტიკური, ეროვნული და დოგმატური მრწამსი, რომელიც ხშირადაა განპირობებული ისეთი დემოგრაფიული ფაქტორებით, როგორიც ასაკი, რასა და გენდერული იდენტობაა.

SG-When-Anxiety-Becomes-a-Disorder-RM-14

ფოტო: Sanjay Gupta

კვლევის პროცესი და მიგნებები

წინამორბედი კვლევის შედეგებზე დაფუძნებული ძიების პროცესში 330 ამერიკელი მონაწილეობდა 22-დან 63 წლამდე. ორი კვირის განმავლობაში მათ 37 ნეიროფსიქოლოგიური და 22 პიროვნულობის განმსაზღვრელი ტესტის გაკეთება მოუწიათ.

დავალებები ნეიტრალური იყო — დაცლილი ემოციურობისა და პოლიტიკურობისგან — და მოიცავდა ისეთი ტიპის სავარჯიშოებს, როგორიც, მაგალითად, ვიზუალური მეხსიერების შემოწმებაა. მოგვიანებით, მკვლევრებმა ტესტისგან მიღებული შედეგები მონაწილეების შეცნობის და აღქმის უნარების შესახებ, რთული და სტრატეგიული სავარჯიშოების შესრულებისას მათ მიერ გამოყენებულ მიდგომებს შეუსაბამეს.

საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იდეოლოგიური მიმხრობა კოგნიტურ შესაძლებლობებში ისახება.

კვლევის საკვანძო შედეგი მიუთითებს, რომ ადამიანებს რადიკალური დამოკიდებულებებით — ვინც სამყაროს შავ და თეთრ ფერებად მიჯნავს — რთულ და კომპლექსურ სავარჯიშოებთან გამკლავება უჭირდათ.

"ინდივიდები ან ტვინები, რომლებსაც ანალიზი და კომპლექსური დავალებების შესასრულებლად გეგმის დასახვა უჭირთ, შეიძლება, უფრო მეტად ემხრობოდნენ რადიკალურ ან ავტორიტარულ იდეოლოგიებს — მათ, ვინც სამყაროს აღქმას ამარტივებს", — ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი, ლეორ ზმიგროდი.

იგი დასძენს, რომ უკიდურესობებისკენ მიდრეკილ ადამიანებს საკუთარი ემოციების მართვაც უჭირთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპულსურები არიან და "გულით უფრო იღებენ გადაწყვეტილებას, ვიდრე გონებით".

"ამგვარი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს, გავიგოთ, რა ტიპის ინდივიდებს შეუძლიათ უდანაშაულო ხალხზე ძალადობა".

ამასთან, დოგმატურად მოაზროვნე ადამიანებს ვიწრო ბილიკიდან გადახვევა მაშინაც კი უჭირდათ, როცა მტკიცებულება ამისკენ მოუწოდებდა — მკვლევრების თქმით, ეს მტკიცებულების შეფასების და გაანალიზების პრობლემაა.

"მაგალითად, როცა ნეიროფსიქოლოგიური ტესტი ეკითხება, მარჯვნივ მოძრაობენ წერტილები თუ მარცხნივ, მათ, უბრალოდ, ინფორმაციის გაანალიზებაც კი უჭირდათ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ", — ამბობს ზმიგროდი.

1562694684_5d24d5ea64dd5.jpg

ფოტო: Miguel Camacho

განსხვავებული მიდგომები

ზოგიერთი გონებრივი სავარჯიშოთი, მონაწილეებს სთხოვეს, რაც შეიძლება, სწრაფად და ზუსტად ეპასუხათ. პოლიტიკური კონსერვატიზმისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა უფრო ნელი და გაწონასწორებული მიდგომა ამჯობინეს, პოლიტიკურმა ლიბერალებმა კი უფრო ჩქარი და ნაკლებად ზუსტი მოქმედება არჩიეს.

"გასაოცარია, რადგან კონსერვატიზმი ლამის წინდახედულობისა და სიფრთხილის სინონიმია", — ამბობს პროფესორი, — "ჩვენ ეს შევამჩნიეთ — საბაზისო ნეიროფსიქოლოგიურ დონეზე — ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ კონსერვატიზმს ემხრობიან, უბრალოდ, ყოველგვარ დავალებას სიფრთხილით ეკიდებიან".

რაც შეეხება ექსტრემიზმის "ხელწერას", იგი, მკვლევრების შეფასებით, კონსერვატიული და დოგმატური აზროვნების შერწყმაა.

კვლევა, რომელმაც მხედველობაში 16 სხვადასხვა იდეოლოგიური ორიენტაცია მიიღო, შესაძლოა, ერთგვარ ინდიკატორად იქცეს იმ ადამიანების იდენტიფიცირებისა და მხარდაჭერისათვის, ვინც რადიკალიზმისგან ყველაზე დაუცველია, როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ კონტექსტში.

ზმიგროდის თქმით, დემოგრაფიული მახასიათებლები — ასაკი, მაგალითად — ყველაფერს არ ხსნის და კავშირების დამყარების შესაძლებლობას მხოლოდ 8 პროცენტით იძლევა. ამის საპირწონედ, კოგნიტური და პიროვნული თვისებების გაანალიზებით, იდეოლოგიური მსოფლმხედველობის ნიშან-თვისებით განსაზღვრა 30-დან 40 პროცენტამდეა შესაძლებელი.

 on.ge

წყარო: The Guardian

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(1)