Guest Georgia Posted 28 თებერვალი, 2021 Posted 28 თებერვალი, 2021 ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) მენტალური ჯანმრთელობის დარღვევაა, რომელსაც შეიძლება ჰიპერაქტიულობა და იმპულსური ქცევა ახლდეს, ასევე ADHD-ს მქონე ადამიანებს შესაძლოა ყურადღების მოკრების, საქმეზე კონცენტრირების პრობლემა ჰქონდეთ. ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ აღიარებული დიაგნოზი ზრდასრულებშიც ვლინდება და ბავშვებშიც. ADHD-ს სიმპტომები: დიაგნოზთან მრავალი ქცევაა დაკავშირებული, მეტად გავრცელებული სიმპტომებია: ამოცანებზე კონცენტრირების, ფოკუსირების პრობლემა; გულმავიწყობა; ყურადღების მარტივად გაფანტვა; მოუსვენრობა; დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებული სირთულეები: საუბარში შეჭრა, მოსმენის პრობლემა. ADHD-ს მქონე ადამიანს შეიძლება ყველა ეს სიმპტომი აღენიშნებოდეს, შეიძლება — ნაწილი, ეს დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. ფოტო: Study Breaks ADHD-ს ტიპები ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობის გარეშე — ამ ტიპის ADHD ფოკუსირების უნარის განსაკუთრებული ნაკლებობით, ამოცანების შესრულების სირთულით და წესრიგის ნაკლები შეგრძნებით ხასიათდება. ექსპერტების აზრით, ამ ტიპის დიაგნოზის დასმა განსაკუთრებით ჭირს, რადგან აშკარად გამოხატული არ არის ყურადღების დეფიციტი ჰიპერაქტივობით — ამ ტიპის ADHD ჰიპერაქტიურობითა და იმპულსური ქცევით ხასიათდება. მოუსვენრობა, საუბარში შეჭრა და მოთმინების ნაკლებობაც ზოგადი ნიშნებია. უყურადღებობა ჰიპერაქტიური დეფიციტისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, თუმცა იმპულსურობამ შესაძლოა ფოკუსირების პრობლემა წამოჭრას. კომბინირებული ADHD — ყურადღების დეფიციტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელსაც უყურადღებობა და ჰიპერაქტიურობა ახასიათებს. მისი მთავარი ნიშნები ყურადღების გამოჩენის უუნარობა, იმპულსურობისკენ მიდრეკილება და მოზღვავებული ენერგიაა. მასთან გამკლავების გზებიც ტიპის მიხედვით განისაზღვრება, ასევე ADHD-ის ტიპი შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს, რაც მასთან მიდგომის ცვლილებასაც იწვევს. 2013 წლიდან ტერმინი ADHD მდგომარეობის საყოველთაოდ დამტკიცებულ სახელად იქცა, როდესაც ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ მენტალური დარღვევების დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის გზამკვლევის ახალი გამოცემა გამოსცა. ADHD ზრდასრულებში იმ ბავშვების 60%, რომელთაც ADHD აქვთ, ისეთივე ნიშნებს ავლენენ, როგორსაც ზრდასრულები. სიმპტომები ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება შემცირდეს ან ნაკლებად აშკარა გახდეს. მისი მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან ყოველდღიურად ბევრ დაბრკოლებას ქმნის, მაგალითად: დროის სწორად მართვის, გულმავიწყობის, მოუთმენლობის პრობლემა, რაც სამსახურში, სახლში თუ ნებისმიერი სახის ურთიერთობაში ხელისშემშლელია. ADHD ბავშვებში ფოტო: Hom Ho / Dribbble აშშ-ში აღნიშნული დიაგნოზი, 5-დან 17 წლამდე ასაკში, 10-დან 1-ს უდგინდება, რაც მას ბავშვთა ნეიროგანვითარების ყველაზე გავრცელებულ აშლილობად აქცევს. ბავშვებში ყურადღების ნაკლებობა სკოლის გარემოში ყველაზე უკეთ ვლინდება, რადგან კონტროლის განწყობა ყველაზე ძლიერია. აღსანიშნავია, რომ ბიჭებში ADHD-ის დიაგნოზი 2-ჯერ უფრო ხშირად ისმება, ვიდრე გოგოებში. ბავშვებში დიაგნოზის დასმა ბევრად რთულია, რადგან რთულია განასხვავო ბავშვობის ასაკისთვის დამახასიათებელი გავრცელებული ნიშნები და ყურადღების დეფიციტის სიმპტომები. რა იწვევს ADHD-ს მისი გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ სადავოა. ითვლება, რომ ნეიროლოგიკური საფუძველი აქვს და შესაძლოა გენეტიკური მიდრეკილებაც თამაშობდეს როლს. დოპამინის ნაკლებობა ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ითვლება, რადგან იგი სიგნალის გადამტანია და ემოციური რეაქციისა და მოძრაობის ხელშემწყობია. ზოგიერთი სპეციალისტი ტვინის აგებულების სტრუქტურულ განსხვავებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ ADHD-ს მქონე ადამიანებს რუხი ნივთიერების ნაკლები შემცველობა აქვთ. ნივთიერება ისეთ პროცესებს უწყობს ხელს, როგორიც: მეტყველება; თვითკონტროლი; გადაწყვეტილებების მიღება; კუნთის მასის მართვაა. ADHD-ს მკურნალობა ფოტო: Erikas / Dribbble ADHD-ს მკურნალობა ქცევით თერაპიას, მედიკამენტურ მკურნალობას ან ორივეს კომბინაციას მოიცავს. ფსიქოთერაპია ან საუბრითი თერაპია დიაგნოზის მართვის საშუალებებია. ქცევითი თერაპია კი ადამიანში მონიტორინგის და მართვის უნარებს ავითარებს. სპეციალისტის მიერ შერჩეული მედიკამენტები კი ააქტიურებს იმ ნივთიერებებს, რომლებიც იმპულსების და ქმედებების მართვას უწყობს ხელს. ADHD-ს მართვას ხელს ჯანმრთელი ცხოვრების წესიც უწყობს. რეკომენდაციების ჩამონათვალი ასეთია: იკვებეთ ჯანსაღად და დაბალანსებულად; შეასრულეთ დღეში სულ მცირე 60-წუთიანი ფიზიკური აქტივობა; აკონტროლეთ ძილის რეჟიმი; შეამცირეთ ტელეფონის, კომპიუტერის თუ ტელევიზორის ყოველდღიური გამოყენება; იოგა, ჯანსაღ ჰაერზე დროის გატარება თუ სხვა აქტივობა სიმშვიდის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. დარღვევის მართვაში საქმის თუ სასწავლის ორგანიზება, ჩანაწერების გაკეთება, განრიგის ჩამოწერა და მასზე მეტი ინფორმაციის მოძიებაც დაგეხმარებათ. ADHD გარკვეული სახის უუნარობაა? ყურადღების დეფიციტი ნეიროგანვითარების დარღვევაა, თუმცა არა სწავლის უუნარობა, უბრალოდ სიმტპტომები სწავლის პროცესს ართულებს და დიაგნოზის მქონე მოსწავლეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, რაც მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული. ADHD და დეპრესია ყურადღების დეფიციტს თან ხშირად დეპრესიაც ახლავს. სტატისტიკის თანახმად, ADHD-ს მქონე ბავშვებში დეპრესიის შემთხვევები ხუთჯერ მაღალია, ხოლო იმ ზრდასრულების 31%-ს, რომელთაც ყურადღების დეფიციტი აღენიშნებათ, დეპრესიაც აქვთ. ADHD-ს სწორად მართვა (რაც, პირველ რიგში, სიმპტომების შემჩნევისთანავე სპეციალისტთან მისვლას გულისხმობს) ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ და ყოველდღიური ამოცანების თავისუფლად გამკლავებას შეძლებთ. Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში. წყარო: healthline Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა