Jump to content
×
×
  • Create New...

Guest Georgia
 Share

Recommended Posts

რამდენად ხშირად ფიქრობთ ხოლმე, რომ თქვენ გარშემო ყველა უტვინო იდიოტია? იმიტომ არა, რომ თქვენ ხართ გამორჩეულად ჭკვიანი, მაგრამ ფიქრობთ, რომ თქვენ გარშემო ადამიანთა უმეტესობა უბრალოდ აუტანელია. ასეთ დამოკიდებულებას, ანუ ადამიანების მიმართ ზიზღსა და უნდობლობას მიზანთროპია ეწოდება და ამ სტატიაში სწორედ იმაზე მოგიყვებით, თუ რატომ ხდებიან ადამიანები მიზანთროპები და როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს.

როგორც აღვნიშნეთ, მიზანთროპია არის ზოგადი ანტიპათია ან ზიზღი ადამიანების მიმართ. ჩვეულებრივ, იგი არა ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ ზოგადად, კაცობრიობისკენაა მიმართული, თუმცა მიზანთროპისთვის ზოგჯერ ცალკეული ინდივიდიც საკმარისია საკუთარი დამოკიდებულებისა და განწყობის გასამართლებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თვისებას ბევრი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს უკავშირებს, არიზონას შტატის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, ჩად მორტენსენის აზრით, მიზანთროპია სინამდვილეში ევოლუციურად ჩამოყალიბებული გადარჩენის ინსტინქტია. მან თავის რამდენიმე კვლევაში აღნიშნა, რომ მიზანთროპია არის თავდაცვითი სისტემა დაავადებებისა და მიკრობების წინააღმდეგ, რომელიც ადამიანმა დროთა განმავლობაში განივითარა. სხვა სიტყვებით, ეს ანტიკური "ფსიქოლოგიური სისტემაა", რომელიც ჯერ კიდევ გვდევს თან.

ეს საკმაოდ საინტერესო მიდგომაა, თუმცა იგი ბევრს არაფერს გვეუბნება მიზანთროპიის ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ შედეგებზე. რა თქმა უნდა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ან უბრალოდ ცუდ დღეებში, ადამიანთა დიდი ნაწილს "ყველა გარშემომყოფი ეზიზღება", ჭეშმარიტი მიზანთროპები კი თითქმის ყოველდღე ასე გრძნობენ თავს.

სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პლატონს მიზანთროპიის შესახებ. მისი აზრით, მიზანთროპებისთვის ადამიანები აუტანელი არსებები არიან, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდებიან მათი სტანდარტებისა და იდეალებისგან. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის მსგავსი ხარბი, არარაციონალური და ეგოისტი არსებები ვერასდროს მიაღწევენ განვითარების მაღალ საფეხურსა და ჭეშმარიტ კეთილშობილებას. მათი აზრით, ჩვენში მეტი სისუსტეა თავმოყრილი, ვიდრე სიკეთე, ცხოველური მხარე აღემატება ადამიანურს და ამ დისბალანსის მიზეზი, პირველ რიგში, ჩვენივე ბუნებაა.

plato_800x1000.jpg

ფოტო: dialecticspiritualism.com

თუმცა, პლატონის მოძღვრებას თუ დავუჯერებთ, მიზანთროპად არავინ იბადება — ამ დამოკიდებულებამდე ადამიანი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს მიჰყავს. ერთი შეხედვით ასოციალური მიზანთროპი სინამდვილეში იმედგაცრუებული იდეალისტია, რომლის მოლოდინები გარშემომყოფების მიმართ ყოველ ჯერზე კრახს განიცდის. ამ საშინელი გამოცდილებების შედეგად კი მას უვითარდება თავისი იდეალებისგან სრულიად განსხვავებული პერსპექტივა და საბოლოოდ კარგავს ნდობას ადამიანების მიმართ. ყოფილი იდეალისტი საშინლად გაცრუებულია იმ რეალობით, რომელიც ოდნავადაც არ ჰგავს მის წარმოდგენილ სამყაროს და იგი ამაში არა საკუთარ სტანდარტებს, არამედ ადამიანებსა და მათ სუსტ ბუნებას ადანაშაულებს.

7_60397a11368a1.jpg

ფოტო: Jess Winslow via Pinterest

აქედან გამომდინარე, მიზანთროპიის წყარო არის არა უბრალოდ სიძულვილი ან აგრესია, არამედ პასუხგაუცემელი და სავარაუდოდ, არარეალური მოლოდინები ადამიანებისგან. სამყარო, როგორადაც იგი იდეალისტს აქვს წარმოდგენილი, არ არსებობს, ადამიანები კი, ამ შემთხვევაში, ველურები, ბარბაროსები არიან, რომლებიც იდეალური სამყაროს არსებობის მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორს და შესაბამისად, მიზანთროპის ტანჯვის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ.

მოგვიანებით იმედგაცრუება წყენაში, შემდეგ ანტიპათიაში, საბოლოოდ კი ზიზღსა და სიძულვილში გადაიზრდება. აქედან გამომდინარე, მიზანთროპისთვის ადამიანები აღიქმებიან ისეთ არსებებად, რომლებიც ძირს უთხრიან მის იდეალურ სამყაროს და "ყველაფერს აფუჭებენ".

რა მოლოდინები ჰქონდა იდეალისტს სამყაროსგან საბოლოო იმედგაცრუებამდე? იქიდან გამომდინარე, რომ მიზანთროპია არა ზოგადად სამყაროს, არამედ ადამიანის სიძულვილს ნიშნავს, ამ კითხვის პასუხიც სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით მიღებულ გამოცდილებებში უნდა ვეძებოთ. როდესაც ადამიანისგან ელოდები სიკეთეს და საპასუხოდ იღებ აპათიას, როდესაც ელოდები მხარდაჭერას და იღებ დაცინვას, როდესაც მეგობრისგან ელოდები დაცვას და პასუხად ღალატს იღებ, ეს დიდი იმედგაცრუებისა და წყენის მიზეზი ხდება, რომელსაც მიზანთროპი ბავშვობიდან აგროვებს და ნელნელა იყალიბებს წარმოდგენას, რომ ცხოვრება არც ისეთი ლამაზია და ადამიანები არც ისეთი "კარგები" არიან, როგორც აქამდე ფიქრობდა. იგი იხსნის თავის ვარდისფერ სათვალეს და იმის ნაცვლად, რომ რაციონალურად აღიქვას რეალური სამყარო, იგი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაეშვება და ახლა უკვე სამყაროს, უმეტესად კი ადამიანებს, მხოლოდ ბნელ ფერებში აღიქვამს და მათგან იზოლაციას ცდილობს.

გარდა იმისა, რომ მიზანთროპი ადამიანებისგან კარგ მოპყრობას, გონივრულად მოქმედებას და საკუთარი სტანდარტების მიხედვით ცხოვრებას ელოდება, იგი ასევე მოითხოვს მათგან, რომ გაიზიარონ მისი ენთუზიაზმი და ამბიციები, თუმცა, რასაკვირველია, ადამიანთა დიდ ნაწილს მათი იდეალები სულაც არ აინტერესებს, რაც ლოგიკურია.

იდეალისტის გადმოსახედიდან, მისი მიდგომა ბოლომდე გამართლებულია და ალტერნატიული მოსაზრებები მისთვის მიუღებელია. მისი იდეალები, შესაძლოა, მართლაც იყოს მომხიბვლელი, თუმცა იმის მოლოდინი, რომ მთელი მსოფლიო ერთი ადამიანის იდეალისტური შეხედულებების მიხედვით მოეწყობა, სრული აბსურდია.

ამრიგად, იდეალისტი სხვა ადამიანებს აკისრებს პასუხისმგებლობას, მოიქცნენ მისი სტანდარტების შესაბამისად და შედეგად გამოწვეულ იმედგაცრუებას იგი ზიზღით და წყენით პასუხობს. რა თქმა უნდა, ახალი ადამიანის გაცნობისას გაჩენილი იმედის ნაპერწკალი, რომ ეს უკანასკნელი მაინც გაიზიარებს მის შეხედულებებს, მალევე ქრება და ეს იდეალები ნელნელა გადაიზრდება იმედგაცრუებასა და სიძულვილში. იგი ხვდება, რომ ადამიანები არ იცვლებიან და სწორედ აქ იბადება მიზანთროპი.

original.jpg

ფოტო: oldprojectionroom.tumblr.com

მიზანთროპია, როგორც მოძღვრება, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს. ცხოვრებაში ყველა აღმოვჩენილვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ვფიქრობთ, რომ კაცობრიობას არაფერი ეშველება. ყველა გავნაწყენებულვართ ადამიანებზე იმისთვის, რომ ისინი ჩვენ მოლოდინებს ვერ ამართლებდნენ, თუმცა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი, დროთა განმავლობაში, არა ადამიანებში, არამედ საკუთარ მოლოდინებში ხედავს ნაკლს და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მართლაც საშინლად არასრულფასოვან არსებებს წარმოვადგენთ, მაინც არ უნდა შევიქმნათ იმის ილუზია, რომ ოდესმე სამყაროს ჩვენს ნებაზე მოწყობას შევძლებთ. მიზანთროპი კი ამაში არა საკუთარ მცდარ შეხედულებებს და მაღალ მოლოდინებს, არამედ ადამიანებს ადანაშაულებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად იგი თვითონვე ვერ ჯდება საკუთარ სტანდარტებში, რაც მის განაწყენებას და სასოწარკვეთას იწვევს.

მისთვის ადამიანის ბუნება განწირულია არასრულფასოვნებისთვის და მხოლოდ ზიზღს იმსახურებს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სწორად შეძლებს ამ ზიზღის მართვას, იგი შესაძლოა საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და მოტივაციაში გადაიზარდოს — სწრაფვაში საკუთარი თავის და შემდეგ კი საზოგადოების განვითარებისკენ.

მიზანთროპს უჭირს იმასთან შეგუება, რასაც ხედავს და რასთანაც გამკლავება ყოველდღიურად უხდება. მას ძალიან უნდა, რომ სამყარო ოდნავ მაინც დაემსგავსოს მის წარმოდგენილს. ადამიანები ხშირად მართლაც იწვევენ ჩვენში ზიზღსა და ანტიპათიას თავიანთი ეგოისტური თუ დაუფიქრებელი ქმედებებით, მაგრამ მათი შეცვლის სურვილი უბრალოდ უაზრობაა და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის მიმართ მიზანთროპი უძლურად გრძნობს თავს, იგი განწირულია დაუსრულებელი იმედგაცრუებებისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, მიზანთროპი მაინც ცდილობს, ისიამოვნოს ცხოვრებით, თუმცა სოციალიზაციის ყოველი მცდელობა მას უბიძგებს, კიდევ უფრო მეტად ჩაიკეტოს საკუთარ თავში და რაც შეიძლება მეტად მოერიდოს ხალხთან ურთიერთობას, რადგან ყოველ ჯერზე ადამიანები ახერხებენ და უფრო მეტად უცრუებენ მას იმედებს, ან გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად იქცევიან იდიოტებივით.

საბოლოოდ მან უნდა აღიაროს, რომ პრობლემა სინამდვილეში მასშია. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პრობლემა ადამიანებშიცაა, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერაფერს მოვუხერხებთ.

მწვანე მიზანთროპია

2d0809f8ae0465c9ececade5834e4486.jpg

ფოტო: i.pinimg.com

მწვანე მიზანთროპია არც თუ ისე ახალი მიმდინარეობაა, რომლის წარმომადგენლებსაც ადამიანები იმ ზიანის გამო სძულთ, რომელსაც ისინი გარემოს აყენებენ და ფიქრობენ, რომ ამ "არსებებს" დედამიწისთვის მხოლოდ ზარალის მოტანა შეუძლიათ. გულახდილად რომ ვთქვათ, ადამიანებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით გლობალურ დათბობაში, კლიმატის ცვლილებაში, დეფორესტრაციასა და სხვადასხვა სახეობის ცხოველთა გადაშენებაში თუ მათი საარსებო არეალის შემცირებაში. აქვე უნდა გვახსოვდეს ცხოველთა მიმართ უდიერი მოპყრობა და მათი ზოოპარკებსა თუ ფერმებში გამომწყვდევა. ამიტომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მწვანე მიზანთროპია აზრსმოკლებული სულაც არაა.

საბოლოოდ, შესაძლოა მიზანთროპია ადამიანებს ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, როგორც დაავადებებისგან თავის დახსნის გზა, ან შეიძლება მას უკვე მრავალჯერ განცდილი იმედგაცრუებისა თუ ტრავმის წინააღმდეგ ერთგვარ ფარად ვიყენებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და საკუთარი თავის იზოლაცია, რამდენადაც არ უნდა გვაღიზიანებდნენ ადამიანები, საუკეთესო გზა არაა ცხოვრებაში პროგრესის მისაღწევად და ასეთი მიდგომით მხოლოდდამხოლოდ საკუთარ თავებს ვაზარალებთ. 

on.ge

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share