Jump to content
×
×
  • Create New...

ანალიზი: „კარტოგრაფების საქმე“


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ორივე მათგანს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრობის დროს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის „გადაცემისკენ მიმართული ქმედება“ ედებათ ბრალად და ამჟამად ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყო, რომელსაც ამჟამად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ვინაიდან ბრალდება იმ პერიოდს ეხება, როდესაც ხელისუფლებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, საზოგადოების ნაწილმა გამოძიების დაწყება წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირა. საქმის მთავარმა მოწმეებმა – ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა და დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა თქვეს, რომ საქმით ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო დაინტერესებული.

ანალიზი

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ორ სახელმწიფო ექსპერტს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარებს, „უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ“ მიმართულ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდება:

პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა, ივერი მელაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორმა, ნატალია ილიჩოვამ სამთავრობო კომისიის წევრებს 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი დაუმალეს, რომელიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უნდა გამოეყენებინათ და რომელიც საზღვრის დემარკაციისას საქართველოს პოზიციებს მნიშვნელოვნად ამყარებდა.

პროკურატურის მტკიცებით, მელაშვილისა და ილიჩოვას მიერ 2006-2007 წლების სადემარკაციო მოლაპარაკებების დროს 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკების გამოყენების შედეგად, „სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3 500-მდე ჰა ფართობს“.

პროკურატურის მტკიცებით, კომისიის დანარჩენი წევრებისათვის 1938 წლის რუკის მხოლოდ ასლი იყო ხელმისაწვდომი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესში სწორედ აღნიშნული რუკა გამოეყენებინათ, ბრალდებულები იმ მიზეზით რომ რუკის დედანი არ არსებობდა, მისი ასლი კი – ავთენტური დოკუმენტი არ იყო, მის გამოყენებას ეწინააღმდეგებოდნენ. პროკურატურის ცნობით, დაკავებულებმა ვალდებულების მიუხედავად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესისთვის გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები არ ჩაატარეს და საქმეში არც კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები ჩართეს.

პოლიტიკური კონტექსტი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯის გამო, წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის შეუთანხმებელი საზღვარი, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით, 1/3-ია, საქართველოს მოქალაქეებისთვის მგრძნობიარე თემაა.

საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ 2019 წლის აპრილში მას შემდეგ მოექცა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მონასტრის ნაწილთან მისასვლელი გზა ჩაკეტეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვრის შესაძლო გადახედვის გეგმებზე აზერბაიჯანელ კოლეგებთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრეს.

პროკურატურის ბრალდება, ასევე რუკის ის მონაკვეთები, რომლებიც საგამოძიებო უწყებამ ვიდეოს სახით გაავრცელა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის იმ მონაკვეთს არ ეხება, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსია განთავსებული. მიუხედავად ამისა, რამდენიმე სასულიერო პირმა და პოლიტიკოსებმა „კარტოგრაფების საქმე“ აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის სავარაუდო გადაცემას დაუკავშირეს.

აზერბაიჯანისთვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის სავარაუდო გადაცემის შესახებ ბრალდებები საქართველოს ულტრა მემარჯვენე პოლიტიკური ძალების, მათ შორის, პატრიოტთა ალიანსის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ეს უკანასკნელი საკითხზე გამოძიების დაწყებას მანამდეც მოითხოვდა.

ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი საკითხის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების სავარაუდო თანამონაწილეობით მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების კონტექსტში გააქტიურება, ბევრს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების ეჭვებს უჩენს. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მელაშვილის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ გამოძიება წინასაარჩევნო დღის წესრიგით არის განპირობებული.

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების განახლების ფონზე, გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციამ ვითარება კიდევ უფრო დაძაბა და აზერბაიჯანთან ორმხრივ ურთიერთობებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შესახებ წუხილები აღძრა. მმართველი პარტიის ლიდერებმა განცხადებები გამოაქვეყნეს და საზოგადოების იმაში დარწმუნება სცადეს, რომ ეს მხოლოდ შიდა საკითხია და აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირედ და პარტნიორად რჩებოდა.

საქმის მასალები და მოწმეთა ჩვენებები

(ერთერთი ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის გარკვეული ნაწილი კომისიამ 2006-2007 წლებში შეათანხმა დატექნიკურ დონეზე“ ხელი მოაწერა. თუმცა, მისივე თქმით, სახელმწიფო საზღვრების საბოლოოდ დასადგენად ეს საკმარისი არ არის და აღნიშნული შეთანხმება მინისტრების დონეზე მომავალ ხელშეკრულებებში, ასევე მათი რატიფიცირების დროს უნდა გამოეყენებინათ).

საქმის წარმოშობა 

გამოძიება პროკურატურისთვის თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები „არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“. ანალოგიურ ეჭვებს გამოთქვამდა დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონიც (ზაზა ონიანი), რომლის თქმითაც მონასტრის ყველა მონაკვეთი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საზღვრებში იყო და რომ მის ამ პოზიციას 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკაც ადასტურებდა. მედიაში კირიონის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენებაც გავრცელდა, სადაც იგი ივერი მელაშვილს საქართველოსთვის საზიანო პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებდა და აღნიშნავდა, მელაშვილი ყველა ღონეს ხმარობდა მის დასაბნევად. მისივე თქმით, მელაშვილმა თავდაპირველად უარყო, რომ მას 1938 წლის 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ეს ფაქტი აღიარა. სატელეფონო საუბრისას კირიონმა ჟურნალისტს უთხრა, რომ ამ რუკის არსებობა ილიჩოვამაც უარყო.

დეკანოზი საბა ჭიკაიძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი კირიონი თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირდა, რომელიც „ძალიან დაინტერესებულია და პირად თემად აქვს ქცეული ეს თემა“. შემდეგ ღარიბაშვილმა ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს აცნობა, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელს დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა კი – რუკის ორიგინალი რუსეთში საკუთარი გზებით მოიძია და ის საქართველოს გადმოსცა.

მელაშვილის ადვოკატები კირიონის განცხადებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ არქიმანდრიტის ჩვენებაში აღწერილ მოვლენებს ადგილი არ ჰქონია.

ვინ არის დავით ხიდაშელი?

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის თქმით, იგი ქართველი ბიზნესმენია, რომელიც ბოლო 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და 2000 წლიდან კარტოგრაფიითაა დაინტერესებული. 2007-2014 წლებში, ხიდაშელი რუსული კონგლომერატის AFK Sistema PAO-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო. გამოცემა „ფორბსის“ ინფორმაციით, კონგლომერატს ვლადიმირ ევტუშენკოვი ფლობს, რომელიც რუსეთის 15 ყველაზე მდიდარ ადამიანთა რიგებშია.

ამჟამად, ხიდაშელი კომპანია „Greek INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS“-ის დირექტორთა საბჭოს თავჯმდომარეა. კომპანიის დამფუძნებელია ბერძენი ბიზნესმენი სოკრატის კოკალისია, რომლის კავშირიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურთან და რუსეთთან დაპირისპირების თემად იქცა. 2006 წლის ივნისში, სააქციო საზოგადოებამ SITRONICS შეიძინა INTRACOM TELECOM-ის 51%-იანი წილი. 2015 წელს INTRACOM-ის ერთადერთი მფლობელი INTRACOM MIDDLE EAST FZE გახდა.

საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, „დაკარგული“ რუკები სწორედ ხიდაშელმა მოიძია და ჩამოიტანა. ბიზნესმენმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ 2019 წლის სექტემბერში მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა, რომელსაც იგი 2017 წლიდან იცნობს. მისივე თქმით, ივანიშვილმა მას რუკების მოძიებაში დახმარება სთხოვა და უთხრა, რომ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დაკავშირებოდა.

ხიდაშელის თქმით, ივლისი-აგვისტოს პერიოდში მან დაახლოებით 50 რუკა და შესაბამისი დოკუმენტები მოიძია, მათ შორის იყო რუსეთის სახელმწიფო არქივიდან მოპოვებული რუკებიც. მისი განცხადებით, მან რუკების შედარება და ანალიზი რუსეთის „როსკარტოგრაფიის“ ექსპერტებს სთხოვა.

რუსეთთან ხიდაშელის კავშირების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის შეშფოთება მოჰყვა. მათ საქმეში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოთქვეს ეჭვები.

სადავო რუკები

საქმის მასალებსა და მხარეთა არგუმენტებში რამდენიმე სადავო რუკაა მოხსენიებული, მათ შორის:

1938 წლის 1:500 000-იანი მასშტაბის შეთანხმებული რუკა – ეს რუკა სამი საბჭოთა რესპუბლიკის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის უმაღლესმა საბჭოებმა 1938 წელს შეათანხმეს და ხელიც მოაწერეს. მოგვიანებით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების 1996 წლის შეთანხმების საფუძველი გახდა. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ ეს რუკა (1938 წლის შეთანხმებული რუკა) ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის მომავალი დელიმიტაციისა და დემარკაციის საფუძველს წარმოადგენს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მცირემასშტაბიანი რუკა გარკვეული კოორდინატების განსაზღვრისთვის საკმარისი არ იქნებოდა, შეთანხმება უფრო ფართომასშტაბიანი რუკების გამოყენებასაც უშვებდა.

მაშინ, როდესაც ბრალდებულები და მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს სწორედ ის რუკაა, რომელსაც დაკავებულები დაეყრდნენ და მტკიცებულებად შესაბამისი ხელმოწერილი დოკუმენტი მოჰყავთ, ხიდაშელი აცხადებს, რომ მას 1938 წლის 1:500 000-იანი მასშტაბის შეთანხმებული რუკის ავთენტური ვერსია დღემდე არ უნახავს და სანაცვლოდ მას [სავარაუდოდ კომისიის წევრებმა] სომხური მხარის მიერ მოწოდებული რომელიღაც ადმინისტრაციული რუკის საეჭვო ასლი აჩვენეს. მელაშვილი განმარტავს, რომ ვინაიდან ამ რუკის ორიგინალი საქართველოში არ ინახებოდა, კომისიის წევრები სომხეთში ჩავიდნენ და ორიგინალი სწორედ იქ აღმოაჩინეს, რომელიც შემდეგ ბაქოსთან მოლაპარაკებებში გამოიყენეს.

პროკურატურა ქართული კომისიის მიერ გამოყენებული რუკის ავთენტურობას ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა აცხადებს, რომ კომისიის მიერ გამოყენებული 1:500 000-იანი მასშტაბის რუკა რამდენიმე ისტორიულ ობიექტს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტოვებს. პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ 1:500 000-იანი მასშტაბში მომზადებული ამონახაზი „ვერ გამოდგება შესასრულებელი კარტოგრაფიული სამუშაოს საფუძვლად, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები“.

გავრცელებული ინფორმაციით, 1936-1938 წლების ფართომასშტაბიანი რუკა (1:200 000) – რომელსაც 1936-1937, 1937-1938, 1932-1936, 1932-1933, ან 1936-39 რუკებადაც მოიხსენიებენ, რიგ ძველ რუკებზე, მათ შორის რუსეთის იმპერიის დროინდელ საკადასტრო რუკებზე და შემდგომი პერიოდის სამხედრო რუკებზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) შეადგინა. პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ფართომასშტაბიანი რუკები საქართველოს ისტორიულ საზღვრებს უფრო ზუსტად განსაზღვრავს. ისინი მელაშვილსა და ილიჩოვას სწორედ ამ რუკების დამალვაში ადანაშაულებენ. საგულისხმოა, რომ საქართველოს პატრიარქმა ეს რუკები თავის 2019 წლის ოქტომბერის წერილშიც ახსენა და ისინი 1938 წლის შეთანხმებული რუკის (1:500 000) წინამორბედად წარმოაჩინა.

ქართული კომისია იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ 1996 წლის სამთავრობოთაშორისი შეთანხმების თანახმად, თუ წინა რუკები შეთანხმებული რუკისგან განსხვავდება, ამ უკანასკნელს უპირატესი ძალა ენიჭება, ხოლო ცვლილებების შეტანა მხოლოდ შემდგომი შესწორებული რუკებით იქნება შესაძლებელი.

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ექსპერტების, საპატრიარქოსა და დავით ხიდაშელის მოსაზრებას ემხრობა, რომლის თანახმადაც, კომისიის მიერ 1938 წლის შეთანხმებული რუკის გარკვეული ელემენტების დასაზუსტებლად გამოყენებული 1978 წლის რუკები აზერბაიჯანისთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ 16 000-ზე მეტი ჰექტარის გადაცემას ხდის შესაძლებელს.

მელაშვილი და მისი ადვოკატები ხიდაშელის მიერ „აღმოჩენილი“ რუკის ვარგისობას და სამართლებრივ ძალას ეჭვქვეშ აყენებენ. მათი თქმით, 1:500 000-იან რუკასთან შედარებით, იგი მნიშვნელოვან სხვაობას აჩვენებს და აშკარა უზუსტობებსა და შეცდომებს შეიცავს, ამიტომ მოლაპარაკებების დროს ის სამართლებრივ დოკუმენტად არ გამოდგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, პროკურატურა, როდესაც ის „1936-1938“ წლის რუკაზე საუბრობს, 1931-1933 წლებში შედგენილ ოთხ რუკას გულისხმობს, რომლებზე მუშაობაც 1936 წელს დასრულდა და 1937 წელს 4 000 ეგზემპლარად გამოქვეყნდა. სასამართლოში ივერი მელაშვილის უფლებებს სწორედ „დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.

ბრალდებულები ასევე აცხადებენ, რომ 1936-1938 წლების რუკების გამოყენების შემთხვევაშიც კი აზერბაიჯანისთვის მეტი ტერიტორიისა და ისტორიული ადგილების, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის დათმობა მაინც მოხდება.

1940-იანი წლების ფართომასშტაბიანი რუკები – ხიდაშელიც და მშვენიერაძეც თანხმდებიან იმაზე, რომ 1938 წლის შეთანხმების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ უფრო ზუსტი და ფართომასშტაბიანი რუკები გამოსცა. ხიდაშელის თქმით, მათ შორის 1942 წელს შედგენილი და 1945 წელს გამოშვებული რუკით საქართველო ტერიტორიებს თმობდა. იგი ასევე აცხადებს, რომ კომისიამ სწორედ ამ რუკის შემდგომი ვერსიები გამოიყენა იმ მონაკვეთების დასაზუსტებლად, რომელთაც უკვე შეთანხმებული რუკა არასაკმარისად ფარავს და შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიებიც დათმო. მშვენიერაძის თქმით, პირველი რუკა, რომელიც 1941 წელს გამოიცა, უფრო ზუსტია და სახელმწიფო ექსპერტები მას მოლაპარაკებების დროს იყენებდნენ. მისივე თქმით, 1945 წლის რუკით [რომელიც 1941 წლის ვერსიისგან განსხვავდება] საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გარკვეული ტერიტორიის გადაცემაზე დათანხმდა, მაგრამ საბედნიეროდ, მაშინ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოახდინა. მშვენიერაძემ ასევე განმარტა, რომ ნაწილობრივ სწორედ მელაშვილის ძალისხმევით მოხდა, რომ ქართულმა მხარემ უარი განაცხადა იმაზე, რომ მოლაპარაკებები 1945 წლის რუკაზე დაყრდნობით წარმართულიყო.

ფართომასშტაბიანი რუკები – პროკურატურა ორივე ექსპერტს 1970-1980 წლებში გამოშვებული 1:50 000-იანი და 1:100,000-იანი მასშტაბის რუკების გამოყენებაში ადანაშაულებს, რომლებშიც საზღვრები საქართველოს ინტერესების საზიანოდაა ნაჩვენები, განსხვავებით 1936-1938 წლების რუკისგან. ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა 1936-1938 წლების „ორიგინალი“ რუკის სიზუსტის განსამტკიცებლად აშშ-ისა და გერმანის ხელისუფლების მიერ 1950-1970-იან წლებში გამოშვებული რუკები წარმოადგინა. ამ ეტაპზე, 1970-1980 წლების რუკების დეტალები უცნობია.

დაცვის მხარის სხვა არგუმენტები

მელაშვილი და ილიჩოვა ბრალდებებს უარყოფენ. პროკურატურის განცხადების საპირისპიროდ, ისინი აცხადებენ, რომ 1936-1938 წლების უფრო ფართომასშტაბიანი რუკის არსებობა მათ არასდროს დაუმალავთ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავებულები საქმიანობისას 1938 წლის შეთანხმებულ რუკას ეყრდნობოდნენ, როგორც ამაზე 1996 წელს ორი მთავრობა შეთანხმდა. მათი თქმით, მართალია, ხიდაშელის მიერ „აღმოჩენილი“ რუკა 1938 წლით თარიღდება, ის, ფაქტობრივად, 1930 წლის ორიგინალს ეფუძნებოდა. ბრალდებულების მტკიცებით, კომისიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ამ რუკის არსებობის შესახებ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ცნობილი იყო, თუმცა მათში არსებული ხარვეზებისა და შეცდომების გამო ისინი საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მოლაპარაკებების პროცესში არ გამოუყენებიათ. დაცვის მხარე ეყრდნობა საქმის მასალებში არსებულ ჩვენებებს, რომელთა თანახმადაც, სასაზღვრო პოლიციის არქივში ისინი თავის დროზე, 90-იან წლებში, სწორედ ილიჩოვას დახმარებით იპოვეს. დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ უფრო ფართომასშტაბიანი რუკის (1:200 000) გამოყენების საკითხი კომისიამ 2013-2015 წლებში განიხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, ხოლო მოგვიანებით, 2018 წელს, საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სავარაუდო ზედამხედველობით, ეს რუკები 1938 წლის რუკას შეადარეს და ხარვეზების აღმოჩენის გამო გადაწყდა, რომ საკითხი პრემიერ-მინისტრის წინაშე აღარ დაეყენებინათ.

გარდა ამისა, ადვოკატები აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური განცხადებების საპირისპიროდ, პროკურატურა საქმის მასალებში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთს არ მოიხსენიებს, რომელზეც აზერბაიჯანულ მხარესთან ჯერ ტექნიკურ დონეზეც შეთანხმება არ მომხდარა. ამრიგად, დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულთა მიერ ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის ადგილების გადაცემის თაობაზე სპეკულაციები სრულიად უსაფუძვლოა.

გარდა ამისა, დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ კომისიის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, მას შემდეგ, რაც მელაშვილი უკვე მისი წევრი აღარ იყო, საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან 1936-1938 წლების ფართომასშტაბიანი რუკა წარადგინა. თუმცა, აზერბაიჯანულმა მხარემ მოლაპარაკებების დროს მის გამოყენებაზე უარი განაცხადა. დაცვის მხარისვე განმარტებით, ხელისუფლების განცხადებები, რომ საქართველომ „ახალი“ რუკის აღმოჩენით მოლაპარაკებებში გარდატეხას მიაღწია, უსაფუძვლოა და პოლიტიკური კამპანიის მიზნებს ემსახურება, რომლის დროსაც, ბრალდებულებს პაიკებად იყენებენ.

გიორგი მშვენიერაძემ უარყო ბრალდებები, რომ ილიჩოვამ რუკა დამალა, ვინაიდან პროკურატურის დაკითხვის ოქმების თანახმად, მან 1:200 000-იანი მასშტაბის რუკის მის ხელთ არსებობა დაადასტურა. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ ეს რუკა ილიჩოვას კაბინეტიდან ამოიღო. თუმცა, ილოჩოვას თანამშრომელმა, რომელმაც იგი კომისიაში ჩაანაცვლა, აღნიშნა, რომ ილიჩოვამ ყველა მასალა, მათ შორის, „დამალული“ რუკა, 2019 წელს კომისიიდან წასვლის შემდეგ მას გადასცა. ორივე საჯარო მოხელეს ერთი კაბინეტი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუკა მათ საზიარო ოთახში ინახებოდა.

დარჩენილი კითხვები და შეუსაბამობები

რთული კონტექსტის ფონზე, რამდენიმე ძირითადი შეუსაბამობა საქმეში უკვე გამოიკვეთა:

წინასწარი პატიმრობა: სასამართლომ ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რაც საგამონაკლისო ზომაა, რათა ბრალდებულებმა მტკიცებულება არ გაანადგურონ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გაექცნენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ არცერთი ეს პუნქტი საქმეს არ მიესადაგება. „პროკურატურას, უბრალოდ, სურს, ეს ადამიანები ციხეში ჰყავდეს“, – განაცხადა მელაშვილის ადვოკატმა.

დანაშაულის მოტივები: დაცვის მხარე, ასევე დამოუკიდებელი ადვოკატები აცხადებენ, რომ სავარაუდო დანაშაულის მოტივები ბრალდების მხარემ ჯერაც ვერ დაასახელა.

„დამალული“ რუკები: დაცვის მხარე აცხადებს, რომ რუკების შესახებ ინფორმაციის დამალვის ბრალდება უსაფუძვლოა, რადგანაც სწორედ ეს რუკები კომისიამ უამრავჯერ განიხილა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამაც მიმოიხილა.

„ისტორიული საზღვარი“: პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტების მიერ გამოყენებული ფართომასშტაბიანი რუკები (1970-80) საქართველოს „ისტორიულ საზღვარს“ არ ასახავს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით, მაშინ, როდესაც 1938 წლის მცირემასშტაბიანი შეთანხმებული რუკა (1:500 000) შესაბამისი დეტალების დასადგენად სრულიად უვარგისი იყო. გაურკვეველი რჩება, რა სამართლებრივ საფუძველზე თუ არგუმენტებზე დაყრდნობით აცხადებს პროკურატურა, რომ 1936-1938 წლების რუკა „ისტორიულ საზღვარს“ ზუსტად ასახავს.

ხიდაშელის ჩვენება: დავით ხიდაშელის მიერ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებასა (რომელმაც მედიაში გაჟონა) და 13 ოქტომბრის სატელევიზიო ინტერვიუს დროს მის მიერ ნათქვამს შორის შეუსაბამობაა. ოფიციალურ ჩვენებაში ხიდაშელმა განაცხადა, რომ მას რუკების მოძიება ვინმე ბეჟან მაისურაძემ სთხოვა, თუმცა ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ საქმეში დახმარება მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, მაისურაძე კი – ის პირი იყო, ვისაც ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლობისთვის მიმართა (ქართული მედიის ინფორმაციით, სწორედ ამ შეუსაბამობის გასარკვევად ხიდაშელი პროკურატურამ დაკითხვაზე მეორედ დაიბარა).

მაისურაძის პიროვნება მედიის ყურადღების ცენტრში საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრთან, იგორ გიორგაძესთან სავარაუდო კავშირების გამო მოექცა. ამჟამად, გიორგაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით იძებნება. მან თავი მოსკოვს შეაფარა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   356 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 356 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(9)
    • Chrome(10)
    • Googlebot(3)