ფორუმელი Moor Posted 25 თებერვალი, 2021 Posted 25 თებერვალი, 2021 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დედაქალაქი, თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა. ასე დასრულდა საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობა და ქვეყანა 70 წლის განმავლობაში საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ქართველი ისტორიკოსების აზრით, 25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. 1921 წელი 25 თებერვალი. საბჭოთა საოკუპაციო არმია თბილისში. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი წითელი არმია საქართველოში “აჯანყებული მშრომელების” მხარდაჭერის საბაბით 1921 წლის 15 თებერვალს შემოიჭრა. 25 თებერვალს მე-11 წითელი არმია უკვე თბილისში იყო – ხუთკვირიანი მძიმე ბრძოლების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს ქვეყნის დაცვა ოკუპაციისგან. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ჯერ ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის 17 მარტს დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. საბჭოთა პერიოდში, საქართველოში 25 თებერვალი აღინიშნებოდა როგორც დღესასწაული – საქართველოს გასაბჭოების დღე. როგორი იყო პირველი საქართველო, რომელმაც 100 წლის წინ შეწყვიტა არსებობა? JAMnews-ი იხსენებს პირველი რესპუბლიკის ყველაზე მთავარ მემკვიდრეობას: _____________________________________________________________________________ “ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”, – წერია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში, რომელიც ეროვნულმა საბჭომ ზუსტად ასი წლის წინ – 1918 წლის 26 მაისს, ხუთ საათსა და ათ წუთზე მიიღო. ასე შეიქმნა თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული პირველი ქართული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. ეს მოკლე, დიდი მიღწევებითა და შეცდომებით სავსე სამი წელი ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ეს პერიოდი ამ დრომდე არ არის კარგად შესწავლილი, ამიტომ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. როგორ დაიწყო ყველაფერი დამოუკიდებლობის მოპოვება უეცარი მოვლენა არ ყოფილა. სახელმწიფოს შექმნასა და მის ფორმებზე მნიშვნელოვანმა საშინაო და უფრო მეტად კი – საგარეო ფაქტორებმა იმოქმედეს. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის დადებიდან, 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებამდე, საქართველო 117 წლის განმავლობაში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ქართულ საზოგადოებაში დამოუკიდებლობაზე მსჯელობა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ასპარეზზე გამოჩნდნენ ახალგაზრდა მოაზროვნეები, მწერლები და პუბლიცისტები, რომლებსაც განათლება საზღვარგარეთ ჰქონდათ მიღებული (თერგდალეულები და სხვები). ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს გამალებული რუსიფიკაცია მიდის – რუსეთი ყველანაირად ცდილობს წაეშალოს ქართული თვითმყოფადობა, ქართულ ენას თანდათანობით ანაცვლებდა რუსული. ამ დროს გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც მოახერხეს მთავარი – საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ეროვნული ცნობიერების და პოლიტიკური კულტურის შეცვლა. ისინი იბრძოდნენ სიტყვით – ამ პერიოდში დაფუძნდა რამდენიმე საგანმანათლებლო საზოგადოება, გაჩნდა ხარისხიანი და საინტერესო პრესა (დროება, ივერია, ცისკარი და. ა.შ), რომლის ფურცლებზე ქართველი მწერლები და პუბლიცისტები ავრცელებდნენ ევროპულ ღირებულებებს, აკრიტიკებდნენ ქართველთა ცხოვრების ზოგიერთ მანკიერ წესს, თარგმნიდნენ მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებებს და ასე ცვლიდნენ ადამიანთა ცნობიერებას. “ამ პერიოდში საზოგადოება არის ძალიან მობილიზებული, არის მზად და უკვე აქვს მაღალი პოლიტიკური კულტურა. ამიტომ, თეორია, თითქოს დამოუკიდებლობა იყო შემთხვევითი არის მცდარი და საბჭოთა სტერეოტიპი”, – ამბობს ისტორიკოსი და “საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის მკვლევარი” ირაკლი ხვადაგიანი. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ეს არ იქნებოდა საკმარისი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთის იმპერია მნიშვნელოვნად დასუსტდა. 1917 წლის თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციებმა კი, იმპერიის საბოლოო კრახი გამოიწვია და ახალი პერსპექტივა შექმნა იმპერიაში შემავალი ერებისთვის. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად რუსეთში ახალი, საბჭოთა ხელისუფლება მოვიდა, რომელიც საქართველოს ადგილობრივმა გავლენიანმა ჯგუფებმა არ ცნეს. 19 ნოემბერს თბილისში პირველი ეროვნულ ყრილობა შეიკრიბა, სადაც „საქართველოს ეროვნული საბჭო“ ანუ ფაქტობრივად მთავრობა აირჩიეს. მის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია დასახელდა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონტრავერსიული ფიგურა, რომელსაც მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად ბევრ უპატიებელ შეცდომასაც მიაწერენ. ეროვნული საბჭოს არჩევიდან რამდენიმე თვეში კი, 1918 წლის 26 მაისს გამოიცა დამოუკიდებლობის აქტი. ისტორიაში პირველად გაჩნდა ქვეყანა, რომელსაც “საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა” ერქვა. დამოუკიდებლობის აქტი. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიპირველი რესპუბლიკის მთავარი მიღწევები პირველი კონსტიტუცია 1921 წლის 21 თებერვალს, თბილისში, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო. იმდროინდელ მსოფლიოში პროგრესულად აღიარებული დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები. გაუქმდა სიკვდილით დასჯა. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. იმ დროს, როდესაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუცია ერთხმად მიიღო, გარეთ სახალხო ზეიმის ნაცვლად, ზარბაზნების ხმა ისმოდა – წითელი არმია უკვე შემოჭრილი იყო საქართველოს ტერიტორიაზე და 1918 წლის 25 თებერვალს საქართველოს ანექსია მოხდა. დამფუძნებელი კრების სხდომაპირველი არჩევნები 1919 წლის 14 თებერვალს საქართველოში პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. არჩევნებზე საქართველოს დამფუძნებელი კრება (თანამედროვე პარლამენტის არაპირდაპირი ანალოგი) აირჩიეს. სწორედ ამ კრებამ მიიღო შემდგომ პირველი კონსტიტუცია. არჩევნებში 15 პარტია მონაწილეობდა და ექვსი მათგანი კრებაში მოხვდა. საქართველოს ისტორიაში პირველი მმართველი პარტია – “სოციალ-დემოკრატიული პარტია” იყო. პირველი საგარეო კავშირები მრავალსაუკუნოვანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საქართველომ პირველად მოხერხდა ის, რომ ევროპა, რუსეთის გვერდის ავლით შემოვიდა საქართველოში.დამოუკიდებელ საქართველოში პირველად ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, ბელგიის მოქმედი იუსტიციის მინისტრი. ქართულმა პოლიტიკურმა კლასმა და დიპლომატიამ იპოვა ძლიერი საგარეო მხარდამჭერი გერმანიის სახითაც. თუმცა, ეს საქართველოს პირველ ნაბიჯები იყო დიპლომატიაში და თავისი სამწლიანი არსებობის ისტორიაში მან მოასწრო ძლიერი საგარეო მოკავშირის პოვნა, რომელიც მას რუსეთისგან დაიცავდა. ქალები პოლიტიკაში საკანონმდებლო ორგანო “დამფუძნებელ კრებაში” 130 დეპუტატს შორის ხუთი ქალი მოხვდა: მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე და ანა სოლოღაშვილი. საქართველოს პირველ კონსტიტუციამ ამ ხუთი ქალის ხელმოწერაც ერთვის. პირველი რეფორმები თავისი არსებობის სამწლიან პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო. შეიქმნა საერთო სასამართლოები, უმაღლესი სასამართლოს სტრუქტურა და ნაფიც მსაჯულთა სისტემა. ევროპული ქვეყნების მაგალითზე დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ბაზაზე.საბაზისო განათლება აუცილებელი გახდა – დაიწყო სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, ჯარში, სასამართლოში აიკრძალა რუსული ენა. დაიწყო ქართულ სახელმძღვანელოებზე, ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა. ამავდროულად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადამიანებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღება არ აუკრძალეს, თუმცა სავალდებულო გახადეს სახელმწიფო ენის შესწავლა. ამ პერიოდში ფორმირდება ეროვნული უნივერსიტეტი. სახელმწიფო იწყებს კონკურსების გზით საუკეთესო სტუდენტების შერჩევასა და სახელმწიფო დაფინანსებით მათ გაგზავნას საუკეთესო ევროპულ უნივერსიტეტებში. პირობა ისეთია, რომ სტუდენტები აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ამ პერიოდშივე დაიწყო აგრარული რეფორმა – მიწის ფონდის უმთავრესი ნაწილი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. ყველა მოქალაქეს ეძლევა მინიმალური გარანტირებული მიწის ნაკვეთი. პირველი რესპუბლიკის დასასრული 1921 წლის დასაწყისისთვის კავკასიის რეგიონში დამოუკიდებელ ქვეყნად მხოლოდ საქართველო რჩებოდა. 1920 წელს საბჭოთა რუსეთთან წინააღმდეგობაში დამარცხდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი. საქართველოს ეს ორი მეზობელი, რომლებმაც დამოუკიდებლობა საქართველოსთან ერთად 1918 წელს მოიპოვეს, უკვე გასაბჭოებულები იყვნენ. ანტანტას თავისი პრობლემები ჰქონდა და კავკასიის მიმართ ინტერესს არ იჩენდა; რუსეთმაც თანდათან გარდატეხას მიაღწია სამოქალაქო ომში და კავკასიისთვის მოიცალა. აღარაფერი უშლიდა ხელს რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალ დაპყრობას. მე-11 წითელი არმია საქართველოში უკვე გასაბჭოებული სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან 1921 წლის 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. რამდენიმედღიანი სისხლიანი შეტაკებების შემდეგ საქართველო საბჭოთა არმიასთან დამარცხდა და ბოლშევიკური იმპერიის ნაწილი გახდა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მონაწილეობდა 20 წლის მარო მაყაშვილიც, ქართველი პოეტის, კონსტანტინე მაყაშვილის ქალიშვილი. ის ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. მარო მაყაშვილი საქართველოში დღემდე რჩება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ წითელი არმიის შემოჭრით დაირღვა 1920 წლის 7 მაისს რუსეთთან დადებული შეთანხმება საქართველოს ტერიტორიების ხელშეუხებლობის შესახებ. “მოსკოვის საბჭოთა მთავრობამ დაარღვია ჩვენს მთავრობასთან 1920 წლის 7 მაისს ხელმოწერილი მშვიდობის ზავი და ომის გამოუცხადებლად, ფლიდურად გადმოლახა სოციალისტური საქართველოს საზღვრები კომუნიზმის დროშის ქვეშ. მოსკოვის მთავრობა ცარისტულ იმპერიალისტურ პოლიტიკას აგრძელებს და მიზნად ისახავს პატარა ერების დამონებას”, – ნაწყვეტი მსოფლიო პროლეტარიატისადმი საქართველოს სოციალისტური ორგანიზაციების 1921 წლის 22 თებერვლის მოწოდებიდან. ლეგიტიმური მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და იქ ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. პარლამენტართა დიდი ნაწილი კი საქართველოში დარჩა. ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ჩართულნი წინააღმდეგობის მოძრაობაში. წყარო: ჯემნიუსი Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა