Jump to content
×
×
  • Create New...

ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა. რას ფიქრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები მის გაპრემიერებაზე?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

RTX14XBL-1.jpg

RTX14XBL-1-1024x665.jpgბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. REUTERS/დავით მძინარიშვილი. 2013 წლის ნოემბერი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოსალოდნელ გადადგომაზე დიდი ხანია ლაპარაკობდნენ, მაგრამ მისი ფორმა სენსაციური აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში “ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკიდან წავიდა, პრემიერ-მინისტრის უკვე მეოთხე გადადგომა ვიხილეთ.

მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წასვლის მიზეზად კონკრეტულ და აქტუალურ პოლიტიკურ საკითხზე უთანხმოება დასახელდა.

ირაკლი ღარიბაშვილს და მამუკა ბახტაძეს წასვლის მიზეზი, ფაქტობრივად, არც აუხსნიათ; მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილმა მოიხსენია ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებზე უთანხმოებები, თუმცა საკმაოდ ბუნდოვანი ფორმით.

გახარია კი ცალსახად გაემიჯნა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების მცდელობას, რაც ბოლო დღეების ყველაზე „ცხელი“ პოლიტიკური პრობლემაა. ამ მხრივ ის თავის პოლიტიკურ გუნდში სრულიად მარტო გამოჩნდა.

ცოტა ხნით ადრე, „ოცნების“ საპარლამენტო დეპუტაციამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე, რაც მისი დაპატიმრებისთვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა.

„ოცნების“ სახეები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებდნენ განცხადებებს იმაზე, რომ მელიას დაპატიმრება ის საკითხია, რაშიც ხელისუფლება დათმობაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს. ამაზე მმართველ გუნდში რაიმე უთანხმოების ნიშანი არ ჩანდა.

გახარიას განცხადებამ მოწმენდილ ცაზე დაიქუხა. მისგან ამ ნაბიჯის გადადგმა სულ მცირე ორი აზრითაა პარადოქსული.

გახარიას პოლიტიკური იმიჯი დიდწილად განსაზღვრა ე.წ. „გავრილოვის ღამემ“, როდესაც მან, შინაგან საქმეთა მინისტრის ამპლუაში, უხელმძღვანელა მიტინგის დაშლის ოპერაციას, რომელშიც, კრიტიკოსთა აზრით, პოლიციამ დიდად გადააჭარბა ძალას. რეზინის ტყვიების გამოყენების გამო ორმა მოპროტესტემ თვალი დაკარგა.

სწორედ ამ ღამის მოვლენების გამო გაიხსნა ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე, რისი განვითარების შედეგად ახლა პოლიცია მის დაპატიმრებას აპირებს.

გავრილოვის ღამე ერთგვარი შემობრუნების წერტილი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გაცილებით უფრო მკაცრი სადამსჯელო ქმედებების განხორციელება დაიწყო; გახარია ამ შემობრუნების სიმბოლო გახდა.

უფრო ხისტი პოლიტიკის გამოხატულებად აღვიქვით ისიც, რომ სექტემბერში გახარიამ პრემიერ-მინისტრის სავარძელიც დაიკავა, თუმცა იმართებოდა მიტინგები მისი გადადგომის მოთხოვნით.

დღეს კი სწორედ ის აღმოჩნდა ერთადერთი ფიგურა ხელისუფლებაში, ვინც ოპოზიციის მიმართ სადამსჯელო ოპერაციების გამოყენება შეცდომად გამოაცხადა და ამის გამო გადადგა.

პარადოქსულობის განცდას ისიც აძლიერებს, რომ გახარია მმართველი გუნდის მხოლოდ ერთ-ერთი წევრი არ ყოფილა: საქართველოს კონსტიტუციით, ის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ანუ, წესით, ქვეყნის ლიდერი იყო.

მას ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროც. ანუ, თუ ის მელიას დაპატიმრებას არასწორად მიიჩნევდა, მას შეეძლო მანამდეც გადაედგა ამის საწინააღმდეგო ნაბიჯები. ის კი, უბრალოდ, პროტესტის ნიშნად გადადგა.

120748813_208686304019605_82167917219672გიორგი გახარია

ეს ადასტურებს, რომ მას არც მანამდე ჰქონია ის ძალაუფლება, რაც კონსტიტუციით პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. თუმცა, ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ ქვეყანას პრემიერ-მინისტრები არ მართავენ. ისინი ადვილად ჩანაცვლებადი ტექნიკური მენეჯერები არიან.

გუნდის შიგნით გახარიას პოლიტიკურ სისუსტეს იმ გარემოებამაც გაუსვა ხაზი, რომ მას შემდეგ, რაც ამ წლის იანვარში ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ეს პოსტი დაიკავა არა პრემიერ-მინისტრმა, (როგორც ეს მანამდე, ღარიბაშვილის და კვირიკაშვილის შემთხვევაში ხდებოდა) არამედ ირაკლი კობახიძემ.

ამან გახარიას წასვლის მოლოდინი კიდევ უფრო გააძლიერა. საჯაროდ ხელისუფლების პოზიციებს ყველაზე ხშირად სწორედ კობახიძე ახმოვანებდა, გახარია კი ჩრდილში რჩებოდა.

ადამიანის პიროვნული მოტივების განსჯა ყოველთვის რთულია. მაგრამ ბუნებრივია, რომ გახარიას გადაწყვეტილების რეალური მიზეზები ვარაუდების საგანი გახდება.

მის სასწრაფო „გალიბერალებას“ ბევრი ეჭვის თვალით შეხედავს.

მომხდარის ყველაზე ალბათური ძირეული მიზეზი ისაა, რომ მან, ისევე როგორც მისმა ყველა წინამორბედმა, ბიძინა ივანიშვილის ნდობა დაკარგა.

ეს უკვე კანონზომიერებაა: არაფორმალური მმართველობის პირობებში პრემიერები თანამდებობაზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. ჯერჯერობით, რეკორდსმენი გიორგი კვირიკაშვილია: მან ორი წელი და ხუთი თვე გაძლო. გახარიამ წელიწადნახევრის ნიშნულსაც ვერ მიაღწია.    

თუმცა, კარის ხმამაღლა გაჯახუნება და კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე „გუნდთან“ უთანხმოების ხაზგასმა უკვე მისი პირადი გადაწყვეტილებაა. რას ნიშნავს ეს?

თუ გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური ამბიციები აქვს, მას სწორედ ასეთი ნაბიჯი უნდა გადაედგა. მაგრამ ეს ერთადერთი ახსნა არ არის.

შეიძლება მას, უბრალოდ, „ამოასხა“ და გადაწყვიტა, ამაყად თავაწეული წასულიყო.

ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ, თავისი ბოლო განცხადებით მას სურდა, ნაწილობრივ მაინც გაექარწყლებინა „გახარია-თვალთხარიას“ რეპუტაცია.  

უფრო მნიშვნელოვანია, რას მოასწავებს მისი წასვლა „ქართული ოცნების“ სამომავლო პოლიტიკის თვალსაზრისით.

გამოცდილება გვასწავლის, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდში პრემიერ-მინისტრის პერსონას დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ორი თვალსაზრისითაა საინტერესო.

ერთი მხრივ, ესაა ადამიანი, ვინც ივანიშვილს სრული ერთგულება დაუმტკიცა, როცა პრემიერის პოსტიდან უცერემონიოდ დათხოვნა უდრტვინველად მიიღო.

გარდა ამისა, ის ანტილიბერალური, ანტიდასავლური ძალების ფალავანია.

არჩევანი ღარიბაშვილის სასარგებლოდ გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკა გაგრძელდება.

თუმცა მელიას მოსალოდნელი დაპატიმრება დასავლელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ღიად გააკრიტიკეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებზე (ყოველ შემთხვევაში, გახარიას გარდა) ამას ჯერჯერობით გავლენა არ მოუხდენია.

დასავლეთის აზრს ხელისუფლება მხოლოდ მაშინ იმოწმებს, როცა ეს მის ინტერესებშია.

გახარიას სკანდალური გადადგომა შეიძლება სიგნალი აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მეტი აქტივობა გამოიჩინოს და – მერამდენედ – პოლიტიკური პროცესის შედარებით უფრო რაციონალურ კალაპოტში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.

ამის ალტერნატივა კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური პოლარიზაცია და გაურკვევლობა, ან მეტი პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიაა. 

______________________________________________________________________________

392336_10150463864993571_724230580_n-300


გია ნოდია, “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

On 2/19/2021 at 10:00 AM, Moor said:

არჩევანი ღარიბაშვილის სასარგებლოდ გვაფიქრებინებს, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკა გაგრძელდება.

 

+1

Share on other sites

  • ფორუმელი

tavdacva-11.jpg

დღეს საქართველოს პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს დაამტკიცებს. ამ თანამდებობას უკვე მეორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის დაიკავებს.

პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა.

როგორც გახარიამ განმარტა, მისი გადადგომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმითვე, გადადგომის მიზეზია ისიც, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

tavdacva-11.jpgირაკლი ღარიბაშვილი. ფოტო: Facebook/თავდაცვის სამინისტრო

________________________________________________

● რას ნიშნავს გახარიას გადადგომა და ღარიბაშვილის დაბრუნება? გია ნოდიას თვალსაზრისი

___________________________________________________

რას ფიქრობენ ექსპერტები ღარიბაშვილის მეორედ მოსვლაზე

დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი:

ღარიბაშვილის დაბრუნებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილი რეალურად არსად არ წასულა პოლიტიკიდან. ეს მისი გადაწყვეტილებაა. უბრალოდ წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი ბირთვი, რომელიც დღეს არის, შეიკრიბა ივანიშვილის გარეშე, იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ ღარიბაშვილს ჩააბარონ ქვეყნის მართვის სადავეები.

ღარიბაშვილს, რასაკვირველია, იქნება მკაცრი კურსი. ანუ, იქნება, მეტი ავტორიტარიზმი, მეტად დაკიდება ფეხებზე იმ პრინციპების, რასაც ჰქვია დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ლიბერალიზმი. ველოდები აღზევებას ცოტა უფრო მეტი ფაშისტების.

გია ხუხაშვილი, პოლიტიკური ექსპერტი:

ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ.

გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი და ამით რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდა. ხელისუფლების მომავალი კიდევ უფრო პრობლემატური იქნება, ვიდრე შეიძლება, ყოფილიყო, მაგრამ ისინი სხვა გზას ვერ ხედავენ.

რაც შეეხება უშუალოდ ღარიბაშვილს, მისი მაჩოური რიტორიკა სერიოზულად განსახილველი არ არის. ან ადრე ვის სჯეროდა მისი – გვახსოვს, ერთხელ გამოვიდა და განაცხადა იბერიას გავაბრწყინებო და სამ დღეში ყურებჩამოყრილი გამოვიდა – გადავდექიო. მის განცხადებებს არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა ვიხილავდეთ. მას ეტყვიან დაჯექი – დაჯდება, ეტყვიან ადექი – ადგება, ასეთი პერსონაჟია ქართულ პოლიტიკაში და არა უმეტეს ამისა. აქედან გამომდინარე პროცესი არის ასეთი, რომ “ქართული ოცნება” არის დღეს ჰაერში დარჩენილი. ელექტორალური ბაზა, საყრდენი აღარ აქვთ, ბოლო ბურჯი, რაზეც იდგა “ქართული ოცნება”, ეს იყო გახარია.

ვანო მაჭავარიანი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში:

როდესაც გვყავს მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებულია ბიძინა ივანიშვილის კბილის ექიმით, დაცვის თანამშრომლით, მეორე დაცვის თანამშრომლით, მესამე დაცვის თანამშრომლით, მისი თანაშემწით, მდივნით და ამ შემთხვევაში ღარიბაშვილით, რომელიც ასევე ივანიშვილის გარემოცვის წევრია, როგორც ჩანს, ამ კლანურ მმართველობას გაგრძელება აქვს და მანიშნებელია, რომ ივანიშვილი რეალურად არსად წასულა.

რას ემსახურება ღარიბაშვილის მოსვლა? – პოლიტიკის რადიკალიზაციას. სხვა ამოცანა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია, გარდა ოპოზიციასთან დაპირისპირებისა. ამაზე დგას ეგ ძალა. ალბათ, ეგონათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში 3-4 პროცენტზე მეტს ვერ აიღებდა და ჩარეცხავდნენ, რაც ვიღაცის საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ გამოვიდა.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

სერიოზულად თუ მივუდგებით, ღარიბაშვილი შეიძლება ამ სიტუაციაში „ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი იყოს (ხაზს ვუსვამ „ოცნებისთვის“. ქვეყნისთვის იქნება თუ არა, მეორე საკითხია)

რა ამოცანა დგას ახლა „ოცნების“ წინაშე? დემორალიზებული მხარდამჭერების შეკავშირება, ანუ ისეთი ფიგურის მოძებნა, რომელსაც მათ მხარდამჭერებში მეტ-ნაკლები რეიტინგი აქვს, მკაცრი ხელის განცდას შექმნის და ასევე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებში აღიქმება ადამიანად, რომელიც ოპოზიციას მაგრად დაუდგება.

ამ კრიტერიუმებს ღარიბაშვილი ყველაზე მეტად აკმაყოფილებს. დანარჩენი ამ ეტაპზე „ოცნებისთვის“ მეორეხარისხოვანია.

ედიშერ გვენეტაძე, ექსპერტი:

“ირაკლი ღარიბაშვილი გაიზარდა, ჩამოყალიბდა და წარმოჩნდა, როგორც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა.

მიუხედავად ასაკისა, მას აქვს დიდი გამოცდილება იმისთვის, რომ მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელოს.

უდავოა, რომ ის საქართველოში წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა. მივესალმები იმას, რომ დღევანდელ საქართველოში აღმოჩნდა ისეთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ერთი დღის განმავლობაში, მოახერხა და ხელისუფლების პირველ პირად წარადგინა ისეთი პიროვნება, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილია. მართალია, ის ახალგაზრდაა, მაგრამ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება”.

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი:

ღარიბაშვილი დაიწყებს ჭიდაობას არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, მელიას „ქეისი“ მისთვის პირველი სერიოზული ტესტი იქნება.

ღარიბაშვილი დააბრუნეს ავტორიტარიზმის გასამყარებლად, ოპოზიციის მიმართ ხისტი პოზიციის გასაძლიერებლად. ამ მიმართულებით, გახარიამ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ვერ ივარგა. ის, რაც გახარიამ ვერ გააკეთა, ღარიბაშვილი ხელის აუკანკალებლად გააკეთებს.

თუმცა, მეორე საკითხია, შევა თუ არა ღარიბაშვილი „ორჯერ მდინარეში“, ანუ შეძლებს თუ არა დაკისრებული მისიის (ავტორიტარიზმის გამყარება) შესრულებას, რასაც ის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს მეტ-ნაკლებად ახერხებდა. მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის ხისტი პოლიტიკა, სულ მცირე, წარუმატებელი იქნება, ხოლო, უარეს შემთხვევაში, ის თავის თავსაც და პარტიის იმიჯსაც კიდევ უფრო მეტად გააკოტრებს.

დავით დარჩიაშვილი, ექსპერტი, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი:

მითი ივანიშვილის წასვლაზე მითი აღმოჩნდა, ღარიბაშვილის დაბრუნება მისი გადაწყვეტილებაა, რაც არის სიგნალი: „ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მოვიყვანე ჩემი ხელი, მინდა ამას იზამს, მინდა – იმას“.

ეს აჩვენებს, რომ „ოცნება“ მთლიანად გამწვავებაზე მიდის. მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის საერთაშორისო რეზონანსი, რეაგირება იქნება.

თუმცა, რას იტყვიან ელჩები და როგორია საერთაშორისო კონტექსტი, ამის მოსმენის უნარი ღარიბაშვილს არ აქვს. ღარიბაშვილს არავისი მოსმენის უნარი არ აქვს გარდა ივანიშვილისა.

ეკა ბესელია (“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი):

ვის შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიეღო? ერთადერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. რატომ შეიძლებოდა მიეღო? – ვის მიმართაც ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე ლოიალურია, ეს არის პარტიის ყოფილი ლიდერი, იცის ივანიშვილმა, რომ ღარიბაშვილი მისთვის სიურპრიზების მომწყობი არაა. კობახიძე ჩერჩეტია, ესეთი ჩერჩეტიც არ უნდა პრემიერად. მაგდენიც ესმის, რომ კობახიძის პრემიერად დასახელება არ შეიძლება. რაც შეეხება კალაძის პრემიერობას, მას ბოლომდე არ ენდობა.
_______________________________________________

• დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება 

● ოპოზიცია ახალ არჩევნების ითხოვს. ხელისუფლება მელიას მოუწოდებს, დაემორჩილოს კანონს

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share