Guest Genetic Miracle Posted 21 თებერვალი, 2021 Posted 21 თებერვალი, 2021 რა არის ევროკავშირი? ევროკავშირი 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის, უფრო სამართლიან და უსაფრთხო სამყაროში. ისტორია საუკუნეების განმავლობაში, ევროპის კონტინენტმა მრავალი სისხლისმღვრელი ომი იხილა, მეორე მსოფლიო ომმა კი ევროპას არა მხოლოდ მილიონობით დაღუპული მოქალაქე, არამედ განადგურებული ეკონომიკა და მყიფე უსაფრთხოება მოუტანა. ნათელი იყო, რომ ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა წამოაყენა, რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას მაშინ განვითარება არ მოჰყოლია. ევროპული ინტეგრაციის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს 1950 წელი, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, გაახმოვანა ფრანგი პოლიტიკოსის, ჟან მონეს ინიციატივა - გაერთიანებულიყო დასავლეთ ევროპის ნახშირის და ფოლადის საბადოები. შედეგად, 1951 წელს შეიქმნა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება (Europeam Coal and Steel Community), რომელშიც შევიდა ექვსი სახელმწიფო - ბელგია, დასავლეთ გერმანია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. გადაწყდა, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი სუპრაეროვნული (ზეეროვნული) ორგანო, ე.წ. ,,უმაღლესი ხელისუფლება” (High Authority), რომელიც განაგებდა ამ ქვეყნებში ნახშირისა და ფოლადის წარმოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. უმაღლესი ხელისუფლების პირველ პრეზიდენტად დაინიშნა ჟან მონე. 1953 წელს შეიქმნა რკინის, ნახშირის, მადნეულის და ჯართის საერთო ბაზარი; იმავე წელს, ცოტა მოგვიანებით, შეიქმნა ფოლადის საერთო ბაზარიც. ორი წლის შემდეგ, იტალიის ქალაქ მესინაში ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განეგრძოთ ინტეგრაციის პროცესი (ცნობილია მესინის ინიციატივის სახელით). შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომელმაც მოამზადა საფუძველი რომის ხელშეკრულებისათვის, რის შედეგადაც საფუძველი დაედო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანებას“. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას. რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის. 1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“, ხოლო 1992 წელის მაასტრიხტის ხელშეკრულების საფუძველზე - "ევროკავშირი" ეწოდა. ევროკავშირი დღეისათვის 28 დემოკრატიული სახელმწიფოს უნიკალური პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას თავისი 500 მილიონზე მეტი მოქალაქისთვის. ევროკავშირის გაფართოება მას შემდეგ, რაც 1951 წელს ჟან მონეს იდეის საფუძველზე, ევროპის ექვსმა ქვეყანამ - საფრანგეთმა, დასავლეთ გერმანიამ, ბელგიამ, ლუქსემბურგმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებას მოაწერეს ხელი, გაერთიანებამ გაფართოების 7 ტალღა გაიარა. ეს პროცესი მეტად საინტერესო იყო, რადგან ცივი ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის ფონზე მიმდინარეობდა. პირველი გაფართოება - დიდი ბრიტანეთი, დანია, ირლანდია 1960-74 წლებში დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური აღმავლობის პერიოდი იყო. თითქმის ორჯერ გაიზარდა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა. ამ წარმატებამ, თავის მხრივ, დააინტერესა დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც მოისურვა, შეერთებოდა ეკონომიკურ გაერთიანებებს. პირველი განაცხადი გაერთიანებებში შესვლაზე პრემიერ-მინისტრმა, მაკმილანმა შეიტანა 1961 წელს, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, შარლ დე გოლმა ვეტო დაადო ბრიტანეთის მიღებას ევროპულ გაერთიანებებში. დე გოლი მიიჩნევდა, რომ ბრიტანეთი არ იქცეოდა როგორც ჭეშმარიტი ევროპელი, და ეს მთელი რიგი პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით. დიდი ბრიტანეთის მეორე მცდელობის შემდგომ მას ირლანდია და დანიაც შეუერთდნენ და უკვე 1973 წელს აღნიშნული სამი ქვეყანა ევროგაერთიანების წევრები გახდნენ. ამავე წელს ევროგაერთიანებას უნდა შეერთებოდა ნორვეგიაც - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რეფერენდუმის გამართვის შემდეგ არ შეუერთდა კავშირს. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა არის შენგენის ზონის წევრი. მეორე და მესამე გაფართოებები - საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ევროპის ეკონომიკური გაერთიანების მორიგი გაფართოება. საბერძნეთმა, რომელთანაც 1969-1974 წლებში ურთიერთობა გაყინული იყო, მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა და წევრობაზე პირველი ოფიციალური განაცხადიც შეიტანა. ევროკომისიამ, თავდაპირველად, უარი განაცხადა საბერძნეთის მიღებაზე, რადგან ქვეყანა ეკონომიკურ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, მინისტრთა საბჭო და ევროპული საბჭო მომხრენი იყვნენ, პოლიტიკური მოსაზრებით მიეღოთ საბერ ძნეთი ევროგაერთიანებაში, რათა არ მომხდარიყო აღორძინებული დემოკრატიის დაკარგვა და იქ კომუნიზმის გავრცელება. ამასთან, საბერძნეთის შესვლა გაერთიანებაში დაემთხვა ესპანეთისა და პორტუგალიის მისწრაფებებსაც, მოეხდინათ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ გაერთიანებასთან. ისევე როგორც საბერძნეთი, ესპანეთიც და პორტუგალიაც სამხედრო დიქტატურისგან ახლად გათავისუფლებულ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. საბერძნეთი ევროგაერთიანებას 1981 წელს, პორტუგალია და ესპანეთი კი 1986 წელს შეურთდნენ. მეოთხე გაფართოება - შვედეთი, ავსტრია, ფინეთი 1995 წელს ევროკავშირში მორიგი გაფართოება მოხდა. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის არეალის სამი ქვეყანა - შვედეთი, ავსტრია და ფინეთი ევროკავშირის მეცამეტე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე წევრები გახდნენ. ეს გაფართოება ყველაზე უმტკივნეულო იყო ევროკავშირისთვის, რადგან მის რიგებს ის მაღალგანვითარებული ქვეყნები შეუერთდნენ, რომლებსაც შესწევდათ ძალა, უფრო მეტი თანხა გაეღოთ საერთო ევროპული ბიუჯეტისთვის, ვიდრე მიეღოთ. თავის მხრივ, ევროგაერთიანების ახალმა წევრებმა განიმტკიცეს უსაფ რთხოების გარანტიები და ასევე, უზრუნველყვეს ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპი. რაც შეეხება ნორვეგიას, რომელიც თავიდან განიხილებოდა წევრობის კანდიდატად, მეორედ თქვა უარი კავშირში გაწევრიანებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგია, კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის მიუხედავად, მაინც რჩება ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ევროპის კონტინენტზე. მეხუთე გაფართოება ევროკავშირის მეხუთე გაფართოების მიზანი იყო საბჭოთა მმართველო ბისგან გათავისუფლებული აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების განვითარება და დასავლეთევროპული ცხოვრების დონისთვის მიღწევა ევროკავშირში მიღების საშუალებით. ამ მიზნით, 2004 წელს ევროკავშირს შეუერთდა 10 ქვეყანა: ლიტვა, ლატვია ესტონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, პოლონეთი, მალტა და კვიპროსი. ევროკავშირის წევრთა რაოდენობა გაიზარდა 25-მდე. ამ დროისთვის ევროკავშირში კუნძულ კვიპროსის მხოლოდ ბერძნული ნაწილია შესული, რადგან რეფერენდუმზე კვიპროსის ბერძნულმა მოსახლეობამ უარი თქვა კვიპროსის თურქულ ნაწილთან შეერთებაზე. მეექვსე და მეშვიდე გაფართოებები 2008 წლისთვის კიდევ ორი ქვეყანა რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა ევროკავშირს, 2013 წელს, დღეისათვის ბოლო გაფართოების შედეგად კი ხორვატია. ამ პროცესების შედეგად ევროკავშირი დღეს 28 სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შედგება, რომელთა საერთო მიზანს კეთილდღეობისა და ეკონომიკური წინსვლის სურვილი წარმოადგენს და მასში 508 მილი ონი მოქალაქე ცხოვრობს. ევროკავშირის განვითარების ეტაპები ევროკავშირი მუდმივად ავითარებდა და დღესაც ავითარებს მის სტრუქტურას, რომელსაც ისტორიული პრეცენდენტი არ გააჩნია. ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობას წარმოადგენს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რომლებიც საფუძველს უყრიან ევროკავშირის პოლიტიკას, აფუძნებენ მის ინსტიტუციურ სტრუქტურას, საკანონმდებლო პროცედურებსა და ძირითად უფლებამოსილებებს. რომის ხელშეკრულებიდან ერთიან ევროპულ აქტამდე „ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაში“ შემავალ ექვს ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილურმა და პროგრესირებადმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ გადაწყდა შეექმნილიყო „ევროპის ეკონომიკური გაერთიანება“, რომელსაც 1957 წელს რომის ხელშეკრულება დაედო საფუძვლად. რომის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ასპექტი იყო შეთანხმება საერთო ბაზრის შექმნის თაობაზე, რასაც მომავალში საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება უნდა მოჰყოლოდა. საერთო ბაზარი ითვალისწინებდა ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის ბარიერების გაუქმებას საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილების კუთხით. რომის ხელშეკრულებამ საფუძველი ჩაუყარა, აგრეთვე, საერთო სოფლის მეურნეობისა და საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ჩამოყალიბებას. რომში ცალკე ხელშეკრულებით დაარსდა ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება, ე.წ. „ევრატომი“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ევროპაში ატომური ენერგიის საერთო ბაზრის შექმნა, კერძოდ: ატომური ენერგიის ინდუსტრიის განვითარება, ენერგიის გადანაწილება გაერთიანების წევრ სახელმწიფოებზე და დარჩენილი რესურსის მიყიდვა არაწევრი ქვეყნებისთვის. 1967 წელს ბრიუსელის ხელშეკრულებით მოხდა ზემოხსენებული სამი ორგანიზაციის: ევროპის ნახშირისა და ფოლადის გაერთიანების, ევროპის ეკონომიკური გაერთიანებისა (შემდგომში ევროგაერთიანება) და „ევრატომის“ აღმასრულებელი ორგანოების - კომისიისა (შემდგომში ევროპული კომისიის) და საბჭოს გაერთიანება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, რომელსაც „ევროპული გაერთიანებები“ ეწოდა. სახელმწოდება შეიცვალა 1992 წელს ხელოწერილი მაასტრიხტის ხელშეკრულებით და ევროგაერთიანებები ევროკავშირად გარდაიქმნა. 1968 წელს ამოქმედდა ევროკავშირის საბაჟო კავშირი, რომელსაც რომის ხელშეკრულებით ჩაეყარა საფუძველი და რომლის თანახმადაც, გაუქმდა სავაჭრო ტარიფები წევრ სახელმწიფოებს შორის, ასევე დაწესდა საერთო ტარიფები გაერთიანების არაწევრ ქვეყნებთან მიმართებით. 70-იან წლებში დაიწყო საგარეო პოლიტიკის სფეროში მთავრობათშორისი თანამშრომლობის განვითარება. 1970 წლიდან წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები კვარტალში ერთხელ იკრიბებოდნენ საგარეო პოლიტიკური საკითხების განსახილველად, შეიქმნა მუდმივმოქმედი პოლიტიკური სამდივნო - მოგვიანებით აღნიშნული თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბება განხორციელდა. 1974 წელს მოხდა წევრი სახელმწიფოების მეთაურთა უმაღლეს დონეზე შეხვედრების ფორმალიზება; თუ 1969 წლიდან ის წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 1974 წლიან ასეთი შეხვედრების მინიმუმ ორჯერ გამართვა გადაწყდა. ევროპული საბჭოს ფარგლებში ხდება ინტეგრაციის მთავარი ორიენტირების განსაზღვრა. მისმა შექმნამ, ძირითადად, ინტეგრაციის მთავრობათაშორისი ხასიათის ელემენტის გაძლიერება გამოიწვია. შენგენის შეთანხმება 1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის. დღეისათვის შენგენის ხელშეკრულება 26 ქვეყანას აერთიანებს: ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას: ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიტვას, ლუქსემბრუგრს, მალტას, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთსა და შვედეთს; ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს. აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას. შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ არიან შენგენის ზონის წევრები. შენგენის ზონის გარე საზღვრები მკაცრად კონტროლდება, ხოლო მის შიგნით საპასპორტო შემოწმება არ ხორციელდება. შენგენის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებს შორის საზღვრები უნდა გაუქმებულოყო, ხოლო გარე საზღვრები - გამაგრებულოყო. ქვეყნები ვალდებულნი არიან, ერთიანი პოლიტიკა აწარმოონ მიგრანტების მიმართ, რაც მოითხოვს მონაცემთა საერთო ბაზისა და საერთო საპოლიციო-სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას. „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“ შეთანხმებას ხელი მოეწერა შენგენში, ლუქსემბურგის პატარა სოფელში, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარი იკვეთება. ერთიანი ევროპული აქტი 1986 წლის 28 თებერვალს ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს ე.წ. ერთიან ევროპულ აქტს, რომლითაც ცვლილებები და დამატებები შევიდა ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში. ერთიანი ევროპული აქტი გახდა პირველი ყოვლისმომცველი სარევიზიო აქტი, რომლითაც ევროპული პოლიტიკური თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზება განხორციელდა, კერძოდ: ევროპული საბჭო გაერთიანების ერთ-ერთ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა; შეიქმნა პირველი ინსტანციის სასამართლო; საპარლამენტო ასამბლეას ოფიციალურად ეწოდა ევროპული პარლამენტი; შემოიღეს ახალი ნორმაშემოქმედებითი პროცედურა - თანაგადაწყვეტილების პროცედურა, რომლითაც გაძლიერდა პარლამენტის როლი; გაიზარდა კომისიის უფლებამოსილებებიც; ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ სფეროზე, სადაც მანამდე გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად მიიღებოდა. დღის წესრიგში დადგა საერთო ბაზრის ჩამოყალიბების საბოლოო ფაზაში შეყვანა და დაიწყო შიდა ბაზრის შესაქმნელად აუცილებელი რეფორმების გატარება, რაც გულისხმობდა არსებული ბარიერებისა (კვოტები, ტარიფები) და ეკონომიკური დაბრკოლებებისგან თავისუფალ ეკონომიკურ სივრცეს, სადაც თავისუფლად უნდა მომხდარიყო ე.წ. „4 სახის თავისუფლების“: საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების გადაადგილება. შიდა ბაზრის შექმნა 1992 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. მაასტრიხტის ხელშეკრულება ბერლინის კედლის დანგრევამ, რასაც გერმანიის გაერთიანება მოჰყვა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საბჭოთა კონტროლიდან გათავისუფლებამ, აგრეთვე, 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის დაშლამ და მნიშვნელოვანმა დემოკრატიულმა პროცესებმა ევროპის პოლიტიკური სტრუქტურის შეცვლა განაპირობა. 1992 წლის 7 თებერვალს ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ მაასტრიხტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროკავშირის შესახებ, რომელიც ცნობილია როგორც მაასტრიხტის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების გაფორმებით, ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, შესწორდა და ერთ პოლიტიკურ დოკუმენტში გაერთიანდა ყველა მანამდე არსებული - პარიზის (1950წ.) და რომის (1957წ.) ხელშეკრულებები და ერთიანი ევროპული აქტი (1986წ.). მაასტრიხტის ხელშეკრულებამ დაადგინა, რომ ევროკავშირი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად სვეტს: პირველსვეტში გაერთიანდა ევროპის არსებული გაერთიანებები (ევროპის გაერთიანება, ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება). მეორე სვეტში შევიდა საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა, ხოლო მესამე სვეტში - თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში. პირველ სვეტში შემავალ საკითხებად განისაზღვრა: საბაჟო კავშირი, საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკა, ერთიანი ბაზარი, სავაჭრო პოლიტიკა. ამ სვეტს ამსტერდამის ხელშეკრულებით, შემდგომში სხვა საკითხებიც დაემატა; მეორე სვეტი შემდგომ საკითხებს არეგულირებდა: თანამშრომლობა საერთო საგარეო პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე, სამშვიდობო მისიები, დახმარება არაწევრი ქვეყნებისათვის, ევროპის უსაფრთხოების, განიარაღებისა და თავდაცვის დაფინანსების საკითხი; მესამე სვეტში შემავალი საკითხები იყო: წევრი ქვეყნების პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო სისხლის სამართლის საკითხებში, საპოლიციო თანამშრომლობა, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკომანიის, ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლა. ხელშეკრულების თანახმად, პირველ სვეტში საკითხები გადაწყდებოდა ზეეროვნულ (ანუ ევროპულ) დონეზე, ხმათა უმრავლესობით, სადაც გადამწყვეტი როლი დაეკისრა ევროკომისიას და ევროპარლამენტს, საბჭოსთან ერთად. დანარჩენ ორ სვეტში წამყვანი როლი მიენიჭა საბჭოს და გადაწყვეტილებები მიიღებოდა ეროვნულ დონეზე, წევრი ქვეყნის ხელმძღვანელებისა და მინისტრების მიერ. აქ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. მეორე და მესამე სვეტის საკითხებში, ანუ საერთო საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის, ასევე მართლმსაჯულებისა და შინაგან სამქეებში, კომისია და პარლამენტი ვერ ჩაერეოდნენ. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელმწიფოებს არ სურდათ, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები - ქვეყნების უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, საშიანაო საქმეები და იუსტიციის საქმეები მიენდოთ კომისიისა და პარლამენტისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანოების მოვალეობას წარმოადგენდა საერთო ევროპული ინტერესების მიხედვით მოქმედება და არა ეროვნული ინტერესების დაცვა, წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები ვერ შეძლებდნენ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, მოეხდინათ ზეგავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად, გაიზარდა ევროპარლამენტის ძალაუფლება, კერძოდ - თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით, ევროპარლამენტს მიენიჭა თანაბარი უფლება, საბჭოსთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკანონმდებლო პროცესის გარკვეულ სფეროებში. კომისიის მთლიანი შემადგენლობის დამტკიცებისთვის აუცილებელი გახდა ევროპარლამენტის თანხმობა. ევროპარლამენტთან შეიქმნა ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც მიეცა უფლება, შეემოწმებინა ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტები. მაასტრიხტის ხელშეკრულების თანახმად, გადაწყდა ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა, რომლის განხორციელებაც უნდა მომხდარიყო ეკონომიკური პოლიტიკის მჭიდრო კოორდინაციისა და ერთიანი სავალუტო ერთეულის - ევროს შემოღების გზით. ამ მიზნით შიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკი. გადაწყდა ევროპის მოქალაქეობის შემოღებაც. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ასევე იყო საუბარი ერთიანი სოციალური პოლიტიკის შექმნის შესახებ, თუმცა ეს თავი საბოლოოდ ამოიღეს, რადგან სოციალური პოლიტიკა, ისევე როგორც საგარეო და დაბეგრვის პოლიტიკა, წევრმა სახელმწიფოებმა ქვეყნის საშიანო საქმეებად მიიჩნიეს. მაასტრიხტის ხელშეკრულება 1993 წელს შევიდა ძალაში. ამსტერდამის ხელშეკრულება 1997 წელს ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულების სახელითაა ცნობილი. ამსტერდამის ხელშეკრულება მოიცავს იმ საკითხებს, რომელზეც ვერ შეთანხმდნენ მაასტრიხტში. სამთავრობათაშორისო კონფერენცია, ძირითადად, მიზნად ისახავდა ისეთი ინსტიტუციური სისტემის შექმნას, რომელიც უპრობლემოდ უზრუნველყოფდა ევროკავშირის მომავალ გაფართოებას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპულ ინსტიტუციებში ინტეგრაციას. მიუხედავად ამისა, ძირითადი თემები, რომელთა გარშემოც დებატები გაიმართა ამსტერდამის ხელშეკრულების მიღების პროცესში, ეხებოდა ევროკავშირის მმართველი სისტემის „მოქნილობის“ გაზრდას და „თავისუფლების, უსაფრთხოებისა და იუსტიციის“ არეალის შექმნას. მოქნილობის გაზრდა გულისხმობდა ევროკავშირის მმართველი ორგანოების სტრუქტურის დახვეწას, რათა უკეთ მორგებოდა იმ პერიოდისთვის 15 წევრამდე გაზრდილ ევროკავშირს, სადაც კიდევ იგეგმებოდა ახალი წევრების მიღება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ ხელშეკრულებაში გაითვალისწინეს, იყო მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავება. სავიზო რეჟიმები, სასაზღვრო კონტროლი, თავშესაფრის მიცემისა და იმიგრაციის პოლიტიკა, პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სამოქალაქო საკითხებში, ზოგადად ადამიანის უფლებათა და არაწევრი ქვეყნების უფლებათა დაცვა ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ფარგლებში მოექცა და ევროკავშირის კომპეტენციათა პირველ სვეტში გაერთიანდა. მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეებში თანამშრომლობის სვეტში დარჩა პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა სისხლის სამართლის საკითხებში. გაფართოვდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციები, აგრეთვე, სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სფეროში. საპოლიციო თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით - შეიქმნა ევროპული პოლიცია - ევროპოლი. მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც ამსტერდამის ხელშეკრულებით შემოიღეს, არის - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საერთო საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკის საკითხებში, რომელიც, იმავდროულად, საბჭოს გენერალური მდივანიც იყო. პარლამენტის უფლებამოსილებები გაიზარდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის მოქმედების საკმაოდ მრავალი კომპეტენციის ნორმაზე გავრცელების გზით. გარდა ამისა, აუცილებელი გახდა კომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე პარლამენტის თანხმობა. ნიცის შეთანხმება მთავრობათაშორისმა კონფერენციამ 2000 წლის დეკემბერში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხელშეკრულება შეიმუშავა. მას ხელი მოეწერა 2001 წლის თებერვალში, ხოლო ძალაში შევიდა 2003 წლის თებერვალში. ნიცის შეთანხმების ძირითადი მიზანი იყო გაფართოების ახალი ტალღისათვის ინსტიტუციური საფუძველის მომზადება. ნიცის ხელშეკრულებით განისაზღვრა ახალი დებულებები ორგანოების შემადგენლობასა და საბჭოში კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის მინიჭებული ხმათა რაოდენობის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დემოგრაფიულ ელემენტზე (აღნიშნული სისტემა შეიცვალა ლისაბონის ხელშეკრულებით). კიდევ უფრო გაიზარდა ევროპარლამენტის უფლებამოსილებები, კეროდ, თანაგადაწყვეტილების პროცედურამ სულ უფრო მეტი კომპეტენციის ნორმა მოიცვა. ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცედურა გავრცელდა ბევრ ისეთ კომპეტენციის ნორმაზე, რომელთა ფარგლებში ადრე გადაწყვეტილება ერთხმად უნდა ყოფილიყო მიღებული. ნიცის შეთანხმების ერთ-ერთი შედეგი იყო ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის ერთსულოვანი მიღება. ეს გახლდათ 50 პუნქტისგან შემდგარი კრებული ევროპის სამართალში ადამიანის თავისუფლების, ეკონომიკური და სოციალური უფლებების შესახებ. ლისაბონის შეთანხმება ე.წ. „რეფორმის ხელშეკრულებას“, რომელის სრული სახელწოდებაა „ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, 2007 წლის 13 დეკემბერს ხელი მოეწერა ლისაბონში (პორტუგალია) და იგი ძალაში შევიდა 2009 წლის 1 დეკემბერს. ხელშეკრულება შინაარსობრივად საკონსტიტუციო ხელშეკრულების ტექსტს შეესაბამება, თუმცა მასში არ ჩაიდო ისეთი ცნებები, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოსთან ასოცირდებოდა, მაგალითად: კონსტიტუცია, ევროპული კანონი და ა.შ. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა. გარდა ამისა, ხელშეკრულება ძირითადად ითვალისწინებდა ცვლილებებს ევროკავშირის ინსტიტუციურ სისტემასთან მიმართებაში. ლისაბონის ხელშეკრულების მიზანი იყო ევროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნა, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბება. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები. ლისაბონის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა გადაწყვეტილებების მიღების გაადვილებას ევროკავშირის დონეზე, რაც მისი წევრი ქვეყნების სიმრავლესთან ერთად, დროთა განმავლობაში, სულ უფრო რთულდებოდა. ამ მიზნით, ახალი ხელშეკრულება ვეტოს უფლების შემცირებას ითვალისწინებდა, სამაგიეროდ, ზრდიდა ევროპარლამენტისა და ეროვნული პარლამენტების უფლებებს. ცვლილებები შევიდა ხმის მიცემის პროცედურებში: 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით. ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ თანაგადაწყვეტილების პროცედურა გავრცელდა პირველი სვეტის 83 სფეროზე და გადაწყვეტილების მიღების ამ ფორმას ევროკავშირის ნორმატიული აქტების მიღებისას ჩვეულებრივი პროცედურა (Ordinary Procedure) ეწოდა. სხვა სიახლეებთან ერთად, ლისაბონის შეთანხმება ევროპელ მოქალაქეებს საკანონმდებლო ინიციატივას (European Ccitizens’ Initiative) უფლებასაც ანიჭებდა. ინსტიტუტები თავდაპირველად, თითოეულ ევროპულ გაერთიანებას (ფოლადისა და ქვანახშირის გაერთიანებას, ევროპის ეკონომიკურ კავშირსა და ევრატომს) საკუთარი კომისია და საბჭო ჰქონდა. 1965 წელს ხელმოწერილი, ე.წ. შერწყმის ხელშეკრულებით (Merger Treaty), ეს ორგანოები გაერთიანდნენ და სამივე გაერთიანებისთვის საერთო კომისია და საბჭო არსებობდა. პარლამენტი, მართლმსაჯულების სასამართლო და აუდიტორთა სასამართლო კი შექმნის დღიდან საერთო ორგანოები იყვნენ. ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტებია: ევროპის პარლამენტი, ევროკავშირის საბჭო, ევროპული საბჭო, ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო, აუდიტორთა სასამართლო და ევროპის ცენტრალური ბანკი. ევროპის პარლამენტი 1979 წლიდან ევროპული პარლამენტის პირდაპირი არჩევნები იმართება. ევროპის პარლამენტს ირჩევენ 5 წელიწადში ერთხელ, ევროკავშირის მოქალაქეები. ის ევროკავშირში ერთადერთი პირდაპირი გზით არჩეული ინსტიტუტია. ევროპარლამენტის მთავარ საქმიანობას ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე ევროპული კანონმდებლობის მიღება წარმოადგენს. ევროპარლამენტის ძირითადი ფუნქციებია: საკანონმდებლო საქმიანობა, დემოკრატიული კონტროლი და ბიუჯეტის დამტკიცება. საკანონმდებლო ფუნქციის შესრულებისას არსებობს ორი ძირითადი პროცედურა: ორდინარული პროცედურა, რომელსაც ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე თანაგადაწყვეტილების პროცედურას უწოდებდნენ და რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი საკანონმდებლო ფუნქციას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს - ევროპარლამენტი საკანონმდებლო აქტებსა და გადაწყვეტილებებს საბჭოსთან ერთობლივად მიიღებს; სპეციალური პროცედურები: საკონსულტაციო პროცედურა, როდესაც ევროპარლამენტს მხოლოდ პოზიციის გამოხატვა შეუძლია და თანხმობის პროცედურა, როდესაც აქტის მიღებისას საჭიროა პარლამენტის თანხმობა. სპეციალური პროცედურები ხშირად არ გამოიყენება. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის დემოკრატიული კონტროლის ფუნქცია კი გამოიხატება იმაში, რომ ამტკიცებს ევროკომისიის წევრებს და შეუძლია მისთვის უნდობლობის გამოცხადება; შეუძლია, შექმნას საგამოძიებო კომიტეტები, ევროკავშირის სამართლის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შეტანა ევროკავშირის სხვა ორგანობის წინააღმდეგ და სხვა. გარდა ამისა, ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტები ანგარიშვალდებულნი არიან ევროპარლამენტის წინაშე. საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროპარლამენტის კომპეტენციაში შედის გარკვეული საერთაშორისო შეთანხმების დადებისას, ასევე ახალი წევრი ქვეყნის მიღებისას თანხმობა. გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მიიღება, კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით, თუმცა კომპეტენციის ცალკეულ ნორმებში განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს. მაგალითად, თანაგადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში, გარკვეულ ეტაპებზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა. ევროპარლამენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, თუმცა მას შეუძლია, ევროკომისიას კონკრეტულ საკითხზე კანონმდებლობის ინიცირებისკენ მოუწოდოს. ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლიდან ევროპარლამენტის შემადგენლობაში შედის 750 ევროპარლამენტარი და მისი პრეზიდენტი, სულ 751 წევრი. ევროპარლამენტში წარმომადგენლობის განსაზღვრა ხდება დეგრესიული პრინციპით, როგორც ქვეყნების თანასწორობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ქვეყნების მიხედვით ხმების გადანაწილების კონკრეტული ფორმულა. დეგრესიული პრინციპის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დიდი სახელმწიფოები არაპროპორციულად არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, პატარა სახელმწიფოებთან შედარებით. მაგალითად, ყველაზე მცირერიცხოვან მალტაში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 0,4 მლნ ადამიანს, ევროპარლამენტში იგი წარმოდგენილია 6 ევროპარლამენტარით, რაც ნიშნავს პროპორციულად 66 ათას ადამიანზე 1 ადგილს პარლამენტში, მაშინ როდესაც გერმანია, რომლის მოსახლეობაც 82.5 მილიონს შეადგენს, ევროპარლამენტში 96 დეპუტატით არის წარმოდგენილი, რაც პროპორციულად 859 ათას ადამიანზე 1 ადგილის ფარდობის ტოლია. აღნიშნული კვოტები მოლაპარაკებების საფუძველზე დადგინდა. ევროპარლამენტში ადგილების გადანაწილება წევრი ქვეყნების მიხედვით: ავსტრია 18 ბელგია 21 ბულგარეთი 17 გერმანია 96 დანია 13 დიდი ბრიტანეთი 73 ესპანეთი 54 ესტონეთი 6 ირლანდია 11 იტალია 73 კვიპროსი 6 ლატვია 8 ლიტვა 11 ლუქსემბურგი 6 მალტა 6 ნიდერლანდების სამეფო 26 პოლონეთი 51 პორტუგალია 21 რუმინეთი 32 საბერძნეთი 21 საფრანგეთი 74 სლოვაკეთი 13 სლოვენია 8 უნგრეთი 21 ფინეთი 13 ხორვატია 11 შვედეთი 20 ჩეხეთი 21 ევროპარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას და არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს. ისინი ქმნიან ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ფრაქციის შექმნისათვის საჭიროა 25 პარლამენტარის თანხმობა, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინიმუმ ერთ მეხუთედს უნდა წარმოადგენდნენ. 2014 წლის არჩევნების შედეგად ევროპარლამენტის შემადგენლობა პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: ევროპის სახალხო პარტია - 221 სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი - 191 ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი - 70 ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - 67 ევროპელ გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფი - 52 ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი - 50 თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის ევროპა - 48 თავისუფალი წევრები - 52 კვორუმი დგება იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის მინიმუმ ერთი მესამედი. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი - ბრიუსელში (ბელგია). პარლამენტი მუშაობს კომიტეტებისა და პლენარული სესიების მეშვეობით. თითოეული წევრი სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე ეროვნული კანონმდებლობით არეგულირებს ევროპული არჩევნების გამართვის საკითხს. ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union) ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. საბჭოს ყოველ შეხვედრას ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. ევროკავშირის საბჭოს აქვს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი უფლებამოსილებები. ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების ძირითადი მიმღები ორგანოა. იგი იზიარებს პასუხისმგებლობას ევროპულ პარლამენტთან ევროკავშირის კანონების მიღებაზე. გარდა იმისა, რომ საბჭო ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო ორგანოა, მის ამოცანებში, ასევე, შედის პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში საბჭო შეიმუშავებს საერთო პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებებს ერთობლივი ღონისძიებების შესახებ. ევროკავშირის საბჭო, ევროპულ პარლამენტთან ერთად, ამტკიცებს ევროკავშირის ბიუჯეტს, რომელსაც მას წარუდგენს ევროკომისია; ასევე, ამტკიცებს ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლოს და სხვა ორგანოების წევრებს. საბჭოს აქვს კონტროლის მექანიზმი ევროკომისიასა და ევროპარლამენტზე. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო ექვსთვიანი პერიოდით, მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ლისაბონის ხელშეკრულებით, მეტი ყურადღება ეთმობა ე.წ. სამეულის თავმჯდომარეობას, რომლის ფარგლებშიც სამი შემდგომი თავმჯდომარე სახელმწიფო ერთად მუშაობს. ქვეყნების კონცენტრირებისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სამეულმა წარადგინოს 18-თვიანი პროგრამა. გარდა ამისა, სამეულის ყველა წევრი ერთად წარმართავს საბჭოს სხდომებს (საგარეო საქმეთა საბჭოს გამოკლებით). დანარჩენი 2 თანათავმჯდომარე ქვეყანა მხარს უჭერს იმ მომენტისათვის თავმჯდომარე ქვეყანას საერთო პროგრამის ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ცალკეულ თავმჯდომარე ქვეყნებს კვლავინდებურად შეუძლიათ თავიანთი პრიორიტეტების ასახვა თავმჯდომარეობის 6 თვის ვადაში, მაგრამ სამეულმა უნდა გამონახოს საერთო საფუძველი და შეთანხმებას მიაღწიოს 18-თვიანი საერთო სამუშაო ჩარჩოს შესახებ. წევრი ქვეყნების მინისტრების დონეზე საბჭო იკრიბება 9 სტრუქტურული ერთეულის სახით: 1.ზოგადი საკითხების საბჭო; 2.ეკონომიკისა და ფინანსების საბჭო; 3.მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა საბჭო; 4.დასაქმების, სოციალური პოლიტიკის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა საკითხების საბჭო; 5.კონკურენციის საკითხთა საბჭო; 6. ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის საბჭო; 7.გარემოს დაცვის საბჭო; 8. სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საბჭო; 9. ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის საბჭო. საბჭო ასევე იკრიბება სხვა სტრუქტურული ერთეულის სახითაც. ეს არის საგარეო საქმეთა საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. საკანონმდებლო აქტების მიღების, ზოგადი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისა და ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვის გარდა, ევროკავშირის საბჭო, ასევე, კოორდინირებას უწევს წევრი ქვეყნების ეროვნულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. 19 გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩვეულებრივი უმრავლესობით, კვალიფიციური უმრავლესობით ან ერთხმად. საბჭოში საკითხთა უდიდესი უმრავლესობა მიიღება ხმების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, დანარჩენ შემთხვევებში - ერთხმად (მაგალითად, საგარეო პოლიტიკის ან გადასახადების ჰარმონიზაციის საკითხების შემთხვევაში). ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად, 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 31 მარტამდე იმოქმდებს წესი, რომლის თანახმადაც, კვალიფიციური უმრავლესობა შემდეგნაირად დაიანგარიშება: თითოეულ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმა (მანამდე თითოეულ ქვეყანას ჰქონდა გადანაწილებული ხმების გარკვეული რაოდენობა). კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა, თუკი მას მხარს დაუჭერს წევრ სახელმწიფოთა 55%. მომხრე სახელმწიფოთა რაოდენობა, მინიმუმ, 15 უნდა იყოს და ამ სახელმწიფოთა მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს შეადგენდეს. გადაწყვეტილების ბლოკირებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 4 წევრი სახელმწიფო იყოს წინააღმდეგი. ერთხმად გადაწყვეტილებები მიიღება ევროკავშირის მოქმედების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში, მაგ., იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭო კომისიის მიერ წარდგენილ წინადადებაში ცვლი ლებების შეტანას აპირებს. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ისევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ორგანოებისა (პოლიციები) და სასამართლოების თანამშრომლობის ფარგლებში გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ერთხმად მიიღება. ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად პროცედურულ საკითხებზე, საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია უბრალო უმრავლესობით, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტის თანხმობას. ევროპული საბჭო (European Council) ევროპული საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და კომისიის პრეზიდენტთან ერთად. მის მუშაობაში მონაწილეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპული საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არა აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო განიხილავს იმ რთულ და სენსიტიურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც უფრო დაბალ დონეზე ვერ მოხერხდა. ევროპის საბჭო აყალიბებს ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას; ასევე, წარმოადგენს და ამტკიცებს კანდიდატებს გარკვეულ მაღალ თანამდებობებზე ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებებში, როგორებიცაა: ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია. ევროპის საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, პრეზიდენტის მოწვევით. თუ ვითარება მოით ხოვს, ის სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტი ორნახევარი წლის ვადით ინიშნება, ერთჯერადი განახლებით (ლისაბონის ხელშეკრულების თანახმად). ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობა შემოღებულია ლისაბონის ხელშეკრულებით (2,5 წლით, მაქსიმუმ ორი ვადით) და მისი ძირითადი ფუნქციაა ევროპული საბჭოს სხდომების მომზადება. ეს ფუნქცია კრძალავს პარალელურად სხვა თანამდებობაზე ყოფნას. პრეზიდენტს ირჩევს ევროპული საბჭო, ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკომისია ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების გარდა). იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულების პროცესს. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ ზომები მიიღოს და, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის სასამართლოსაც მიმართოს. კომისია შედგება პრეზიდენტისგან, შვიდი ვიცე-პრეზიდენტისგან (მათ შორისაა მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საგარეო და უსაფ რთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი) და 20 კომისრისგან – თითოეული წარმოადგენს ევროკავშირის ერთ ქვეყანას. კომისიის პრეზი დენტს ირჩევს ევროკავშირის 28 მთავრობა და ამ ტკიცებს ევროპის პარლამენტი. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ, ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ამტკიცებს ევროპის პარლამენტი. ისინი არ არიან თავიანთი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, არამედ თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი 5 წლის ვადით ირჩევა. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო არის ევროკავშირის ინსტიტუცია, რომელიც მოიცავს მთელ სასამართლო სისტემას. იგი დაარსდა 1952 წელს და განთავსებულია ლუქსემბურგში. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო შედგება სამი ცალკეული სასამართლოსგან: მართლმსაჯულების სასამართლო (Court of Justice), ზოგადი სასამართლო (General Court) და საჯარო სამსახურის ტრიბუნალი (Civil Service Tribunal). ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მიმართავს ევროკავშირის კანონების ინტერპრეტირებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ესა თუ ის კანონი ერთნაირად გამოიყენებოდეს ყველა წევრ ქვეყანაში. მართლმსაჯულების სასამართლოში ყველა წევრ ქვეყანას ჰყავს ერთი მოსამართლე. მოსამართლეებს ეხმარებიან გენერალური ადვოკატები, რომელთა მთავარი მოვალეობაა, კომპეტენტური მოსაზრება გამოთქვან წარმოდგენილ საქმეებზე. ისინი ვალდებულნი არიან, თავიანთი უფლებამოსილება განახორციელონ საჯაროდ და მიუკერძოებლად. თითოეული მოსამართლე და გენერალური ადვოკატი ინიშნება ექვსი წლის ვადით (თუმცა შესაძლებელია ვადის გაგრძელებაც), ნაციონალურ მთავრობებთან შეთანხმებით. მოსამართლეები ირჩევენ პრეზიდენტს 3 წლის ვადით, ასევე გაგრძელების შესაძლებლობით. პრეზიდენტის მოვალეობაში შედის სასამართლოს მუშაობის წარმართვა; გარდა ამისა - სხდომებისა და საქმეების განხილვების წაყვანა. საქმეთა სიმრავლის გამო, ინდივიდების, კომპანიებისა და ორგანიზაციების საჩივრებს, ასევე კონკურენციის სამართალთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს საერთო სასამართლო. ევროკავშირის საჯარო სამსახურის ტრიბუნალი~კი აგვარებს ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის წამოჭრილ დავებს. ევროკავშირის სასამართლო სისტემაში განიხილება შემდეგი სახის დავები: დავა ევროკავშირის ორგანოებს შორის; დავა ევროკავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის; დავა წევრ სახელმწიფოებს შორის; დავა იურიდიულ და ფიზიკურ პირთა და ევროკავშირის ორგანოებს შორის; დავა ევროკავშირსა და მის თანამშრომლებს შორის. ევროპის აუდიტორთა სასამართლო ევროპის აუდიტორთა სასამართლო ამოწმებს ევროკავშირის ფინანსებს. მისი მთავარი მიზანია: გააუმჯობესოს ევროკავშირის ფინანსური მართვა და მოამზადოს ანგარიში სახელმწიფო ფონდებიდან თანხის ხარჯვის პროცესზე; გაამახვილოს ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა სამუშაო ადგილები, ფასების კონტროლი და ა.შ. სასამართლო შეიქმნა 1977 წელს და მდებარეობს ლუქსემბურგში. აუდიტორთა სასამართლოს თანამშრომელთა შორის არიან აუდიტორები, თარჯიმნები და ადმინისტრატორები. აუდიტორები დაყოფილნი არიან აუდიტორულ ჯგუფებად. ისინი ამზადებენ ანგარიშებს სასამართლოსათვის. სასამართლოს ჰყავს თითო წევრი ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. მათ ნიშნავს საბჭო ექვსი წლის ვადით. სასამართლოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან სამი წლის ვადით ირჩევენ პრეზიდენტს. აუდიტორთა სასამართლოს უფლება აქვს, შეამოწმოს ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსდება. სასამართლო ხშირად ადგილზე ამოწმებს. შემოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნებს აუდიტორები წარუდგენენ კომისიას და ევროკავ შირის ეროვნულ მთავრობებს. სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ევროპის პარლამენტისა და საბჭოსათვის გასული ფინანსური წლის შესახებ ანგარიშის წარდგენა. აუდიტორთა სასამართლო ასევე ვალდებულია, გამოთქვას მოსაზრება ევროკავშირის ფინანსურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით და თაღლითობასთან ბრძოლის მიმართულებით. ევროპის ცენტრალური ბანკი ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ევროპის ცენტრალური ბანკი, დაარსდა 1998 წელს და მდებარეობს ფრანკფურტში (გერმანია). ევროპის ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია ევროკავშირის ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე. ბანკის მთავარი მიზანია: 1) ფასების სტაბილურობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ევროს იყენებენ და 2) ფინანსური ბაზრებისა და ინსტიტუტების კონტროლის გზით შეინარჩუნოს სტაბილური ფინანსური სისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან და ერთად ქმნიან ცენტრალური ბანკების ევროპულ სისტემას. იმ ქვეყნების ბანკების თანამშრომლობას, სადაც ევრო ოფიციალურ ვალუტადაა გამოცხადებული, ეწოდება ევროსისტემა. ევროპის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაა: 1) აღმასრულებელი საბჭო ხელმძღვანელობს ბანკის ყოველდღიურ საქმიანობას და შედგება 8 წლის ვადით დანიშნული 6 წევრისაგან - პრეზიდენტისგან, ვიცე-პრეზიდენტისა და დამატებით 4 წევრისგან; 2) მმართველი საბჭო - განსაზღვრავს ევროზონის მონეტარულ პოლიტიკასა და საპროცენტო განაკვეთებს; 3) გენერალური საბჭოხელს უწყობს საკოორდინაციო და საკონსულტაციო საქმიანობასა და ევროზონაში ახალი წევრების მიღებას. საბჭო შედგება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბანკის მმართველისაგან. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური სამსახური ლისაბონის ხელშეკრულებამ ბიძგი მისცა ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ჩამოყალიბებას. იგი, პრაქტიკულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის ფუნქციას ასრულებს; ამასთან წარმართავს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და მუშაობს საგარეო პოლიტიკისა და წარმომადგენლობის სხვა სფეროებშიც. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ექვემდებარება და დახმარებას უწევს უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. გარდა ამისა, მას მოეთხოვება ევროსაბჭოსა და კომისიის პრეზიდენტების მხარდაჭერაც. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურმა სრული დატვირთვით მუშაობა 2010 წელს დაიწყო. ის თანამშრომლობს წევრი ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებთან და თავს უყრის გენერალური სამდივნოსა და ევროკავშირის საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტების მოხელეებს, ისევე, როგორც ეროვნული დიპლომატიური სამსახურების დამხმარე კადრებს. უმაღლესი წარმომადგენლისათვის დახმარების გაწევა ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ძირითადი ფუნქციაა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა გაფართოება და ევროპის სამეზობლო სტრატეგია, კომისიის პასუხისმგებლობის ქვეშ არის, თუმცა ნაწილობრივ მაინც ექვემდებარება უმაღლეს წარმომადგენელს, როგორც კოორდინატორს, რომელიც, ამავდროულად, კომისიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტია. უმაღლესი წარმომადგენელი და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური მიმართავენ სტრატეგიებს, რომლებიც შეთანხმებულია წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოსთან. ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახური ამ შეზღუდვების ფარგლებში მოქმედებს. ევროპის საგარეო ურთიერთობის სამსახური არ მიიჩნევა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად ინსტიტუტად, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ეხმარება ევროკავშირის ინსტიტუტებს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა 2003 წლის მარტში ევროკავშირმა წარმოადგინა დოკუმენტი ,,გაფართოებული ევროპა – მეზობლობა: ახალი ჩარჩო აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისათვის,” რომელიც ევროკავშირის საბჭომ მოიწონა და მიიჩნია სასურველ პლატფორმად პოლიტიკური მიმართულების განსაზღვრისათვის ახალ მეზობლებთან ურთიერთობაში. საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, წარმოედგინა წინადადებები სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად უკრაინისათვის, მოლდოვისათვის და სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმ პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებები აქვს. 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა ევროკომისიის მიერ შემუშავებული ,,ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია,” რომლის საფუძველზე მოხდა სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ჩართვა ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში.” ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP) გახლავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მისი საზღვრების სამხრეთით და აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში და იგი აღნიშნულ ქვეყნებთან თანამშრომლობის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელ ქვეყნებს გაუნაწილოს ევროკავშირის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი კი გახლავთ სურვილი, დაეხმაროს მეზობელ ქვეყაებს შიდა რეფორმების განხორციელებაში. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა მოწოდებულია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთდაახლოების პროცესის მხარდაჭერისაკენ, რაც დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებით, ერთიანი და თავისუფალი ევროპის იდეის განხორციელებას ემსახურება. ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში 16 ქვეყანა: ალჟირი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, საქართველო, სირია, სომხეთი, ტუნისი და უკრაინა არიან ჩართულნი. აღნიშნული ქვეყნებიდან ოთხი ქვეყანა - ალჟირი, ბელარუსი, ლიბია და სირია ნაწილობრივ მონაწილეობენ სამეზობლო პოლიტიკის ცალკეულ საკითხებში, ხოლო დანარჩენი 12 ქვეყანა სრულად არის ჩართული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაში. ევროკომისიის მიერ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება მის მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით მომზადებული, ქვეყნის ან რეგიონის მიმართ შემუშავებული სტრატეგიული სამოქმედო გეგმების საფუძველზე ხორციელდება. აღნიშნულ სამოქმედო გეგმებში ევროკომისია განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებს, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს მოცემული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება. სამოქმედო გეგმა სამეზობლო ინიციატივის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობაში საერთო პრინციპებს ეყრდნობა, თუმცა მისი შინაარსი განსხვავდება კონკრეტულ ქვეყანასთან თანამშრომლობის არსებული დონის, ქვეყნის საჭიროებებისა და საერთო ინტერესების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მონიტორინგს ევროკავშირის სპეციალური კომისია და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური (European External Action Service) ახორციელებს, ხოლო, წელიწადში ერთხელ, ევროკავშირი აქვეყნებს სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ეფუძნება რიგი ღონისძიებების განხორციელებასა და მჭიდრო თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: ფინანსური დახმარება - ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ცალკეული ქვეყნებში შესაბამისი პროექტების დასაფინანსებლად 2007-2013 წლებში გამოიყო 12 მილიარდი ევრო; ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის ბაზარზე დაშვება; ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება; სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნების ტექნიკური და საჯარო პოლიტიკის ცალკეულ სფეროებში რეფორმების მხარდაჭერა. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ასევე, ხორციელდება მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდეგ ფორმატებში: „აღმოსავლეთ პარტნიორობა"; ევრო-ხმელთაშუა ზღვის პარტნიორობა; შავი ზღვის სინერგია. 2015 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ეკონომიკური და სოციალური კომიტეტისა და რეგიონების კომიტეტის მიმართ, რომელიც ეხება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) გადახედვის საკითხს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი საჯარო კონსულტაციები, რის შედეგადაც ევროკავშირმა მიიღო 250 გამოხმაურება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, პარტნიორი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. დოკუმენტის თანახმად, ახალი ENP-ი ძირითადი პოლიტიკური ორიენტირი სტაბილიზაციის ხელშეწყობაა მთლიანად სამეზობლოში, რაც გულისხმობს არასტაბილურობის გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრას ყველა დარგში. ამ მიზნით ENP-ი ითვალისწინებს გაძლიერებულ თანამშრომლობას მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით: დემოკრატია, კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის, საჯარო ადმინისტრირების, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლის ხელშეწყობა; ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკის მოდერნიზაციის, ინოვაციების წახალისების, სამუშაო ადგილების შექმნის, საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების და ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული თანასწორობის უზრუნველყოფის გზით; ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შექმნით. ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისების მიზნით, დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული, ალტერნატიული რეალისტური მექანიზმების შემუშავებას იმ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომელთაც არ სურთ ეკონომიური ინტეგრაციის აღნიშნული ფართო შეთანხმების გაფორმება ევროკავშირთან; ეკონომიკური მოდერნიზაცია და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევების, სამეცნიერო და ინოვაციური საქმიანობების წახალისებას; დასაქმების ხელშეწყობა შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და პროფესიული ცოდნის ამაღლების გზით. ამ კონტექსტში ახალი ENP-ი განსაკურებულ ყურაღებას აქცევს ახალგაზრდების დასაქმების წახალისებას; ტრანსპორტი და კავშირურთიერთობების განვითარება ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების აღმოსავლეთ პარტნიორებზე გავრცობის გზით; ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერება; უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობას პარტნიორ ქვეყნებში, ტერორიზმის, ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას; მიგრაცია და მობილურობა, რაც გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან გაძლიერებულ თანამშრომლობას როგორც არალეგალური და იძულებითი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ლეგალური გადაადგილების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მზად არის წაახალისოს შრომითი მიგრაციის ახალი სქემის შემუშავება წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებთან, ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში განსაზღვრული ფინანსური სახსრების გარდა, დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით. Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 21 თებერვალი, 2021 Posted 21 თებერვალი, 2021 (შესწორებული) საქართველო და ევროკავშირი თანამშრომლობის ისტორია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება (Partnership and Cooperation Agreement - PCA) 1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მასთან თანამშრომლობა დაიწყო. თავდაპირველად ეს თანამშრომლობა დაბალი ინტენსივობით მიმდინარეობდა და, ძირითადად, შემოიფარგლებოდა საქართველოსთვის ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარებებით. 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში. შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ავტომატურად გაგრძელდებოდა ყოველ წელს, თუ რომელიმე მხარე საწინააღმდეგო პოზიციას არ დააფიქსირებდა. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიცავდა მრავალ სფეროს, სადაც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, ერთობლივად ემუშავათ გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. მართალია, შეთანხმება არ განსაზღვრავდა კრიტერიუმებს თანამშრომლობის შუალედური ან საბოლოო მიზნებისთვის (მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელ კრიტერიუმებს), მაგრამ იგი ითვალისწინებდა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უწყვეტ პროცესს. შეთანხმების 43-ე მუხლის თანახმად, საქართველომ ვალდებულება აიღო, ეტაპობრივად მიეახლოებინა თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ამავე მუხლში ჩამოთვლილია სფეროები, რომლებიც უნდა მოეცვა საკანონმდებლო ჰარმონიზაციას, ესენია: ინვესტიციები, საბაჟო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საბანკო სამართალი, კომპანიათა ანგარიშები და გადასახადები, ინტელექტუალური საკუთრება, დასაქმებულთა დაცვა სამუშაო ადგილებზე, ფინანსური მომსახურება, კონკურენციის წესები, სახელმწიფო შესყიდვები, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, არაპირდაპირი დაბეგვრა, ტექნიკური წესები და სტანდარტები, ბირთვული კანონმდებლობა და ტრანსპორტი და სხვა. ამასთანავე, შეთანხმების 44-ე მუხლი საგანგებოდ საუბრობს კანონმდებლობის დაახლოებაზე კონკურენციის სფეროში. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შეთანხმების შემდგომ საქართველომ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. 1997 წლის 2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, 1998 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს პარლამენტში მიღებული ყველა კანონი და სხვა ნორმატიული აქტი უნდა შეესა- ბამებოდეს ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. 2000 წლიდან შეიქმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიო- რობისა და თანამშრომლობის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხელშეწყობა დაევალა. კომისიის მიერ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 ივნისის #613 განკარგულებით. შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა საქართველოს კანონმდებლობის ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის შემუშავება. პროგრამაზე მუშაობა 2001-2003 წლებში მიმდინარეობდა. 2004 წლის 8 მაისის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამა და მთავრობის წევრებს დაევალათ ეროვნული პროგრამის შესასრულებლად ინდივიდუალური (სექტორული) სამოქმედო გეგმების შემუშავება. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის მიზნით ჩამოყალიბდა შემდეგი ერთობლივი ინსტიტუტები: თანამშრომლობის საბჭო წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა და მის ფუნქცია პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე ზედამხედველობა წარმოადგენდა. ის, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის წევრებისგან შედგებოდა. თანამშრომლობის საბჭოზე მხარეები განიხილავდნენ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში წამოჭრილ საკითხებს, აგრეთვე, ორმხრივი თუ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში წამოჭრილ ნებისმიერ სხვა საკითხებს, რომლებიც საერთო ინტერესის საგანს წარმოადგენდა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მიზნებს ემსახურებოდა. თანამშრომლობის კომიტეტი წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების დონეზე. ის ამზადებდა თანამშრომლობის საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფდა, რომ შეხვედრებს შორის უწყვეტი პროცესი ყოფილიყო. თანამშრომლობის კომიტეტი შემდეგ ქვეკომიტეტებს მოიცავდა: ტრანსპორტის, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის; დასაქმებისა და სოციალური საკითხების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ტრენიგის, განათლებისა და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოების და აუდიოვიზუალური პოლიტიკისა და მეცნიერების და ტექნოლოგიების; ვაჭრობის, ეკონომიკისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების; სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების. საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შედგებოდა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებისგან. ეს იყო პლატფორმა პოლიტიკური დიალოგისთვის ევროკავშირისა და საქართველოს პარლამენტარებს შორის. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა - TACIS 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ყოფილ ტერიტორიაზე უზარმაზარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვაკუუმი შეიქმნა, რასაც ყოველმხრივი დახმარება ესაჭიროებოდა. ამ მოვლენათა სწრაფი ტემპისა და დახმარების საჭიროების გათვალისწინებით, ევროკავშირმა წამოიწყო თავისი პროგრამა TACIS – ტექნიკური დახმარების პროგრამა დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობისთვის (Technical Assistance to the Commonwealth of Independent States). იგი ვრცელდებოდა შემდეგ ქვეყნებზე: აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, მონღოლეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. 2007 წელს TACIS -ის პროგრამა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტმა (ENPI) ჩაანაცვლა. აღნიშნული პროგრამა იმ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც ევროკავშირი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების განხორციელებას უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ფორმალური და პოლიტიკურად აქტიური გახდა. პროგრამა TACIS -ის დაწყებისას ტექნიკური დახმარება ცალკე ხორციელდებოდა, მოგვიანებით კი, ეს პროგრამა პარტნიორ ქვეყნებთან, საქართველოს ჩათვლით, რთული და სწრაფად მზარდი ურთიერთობის ნაწილი გახდა. პროგრამის მიზანი იყო უფრო ღრმა პოლიტიკური ურთიერთოების პრიორიტეტების დაკმაყოფილება. TACIS -ის დახმარების ძირითადი ელემენტი იყო ევროკავშირში არსებული ორგანიზაციების ნოუჰაუს და გამოცდილების გაზიარება პარტნიორი ქვეყნებისთვის. ზოგადად, პარტნიორი კომპანია (კონტრაქტორი) ევროკავშირიდან მუშაობდა პარტნიორ ორგანიზაციასთან (სამთავრობო ან არასამთავრობო) TACIS-ის ქვეყანაში კონკრეტულ პროექტზე. საქართველოში TACIS-ის საქმიანობა ეხმარებოდა ევროკავშირის ზოგად სტრატეგიას, გაეძლიერებინა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი სვლა საბაზრო ეკონომიკისა და კარგად განვითარებული დემოკრატიისკენ. მრავალი პროგრამის განხორციელების შედეგად TACIS-მა წვლილი შეიტანა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ესენია: ახლად დანიშნულ მოსამართლეთა მომზადება; სტრუქტურული რეფორმები ენერგეტიკულ სექტორში; პარლამენტის ინსტიტუციური მშენებლობა; საჯარო მოხელეთა მომზადება; ქუთაისსა და თბილისში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; საბაჟოს მოხელეთა მომზადება; ახალი საბუღალტრო სტანდარტების დამკვიდრება კომერციულ ბანკებში; ტურიზმის სტრატეგიის განვითარება; საქართველოს საერთაშორისო ნავთობის კორპორაციისთვის დახმარების გაწევა; პორტებში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება; TRACECA-ს ხიდის მშენებლობა; ფოთი-ილიჩოვსკის სარკინიგზო ბორნის მშენებლობა; რკინიგზაზე კომუნიკაციისა და სასიგნალო სისტემის შექმნის მიზნით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემის დამონტაჟება; ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება; გაზის განაწილების ქსელის განვითარება; სტატისტიკის დეპარტამენტისთვის დახმარების გაწევა; ტემპუსი – უმაღლესი განათლების განვითარება და რესტრუქტურიზება; ქართულ-ევროპული პოლიტიკის და სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის შექმნა და ა.შ. 1992–2006 წლებში ევროკომისიამ ტასისის ფარგლებში საქართველოში ასობით პროექტის განსახორციელებლად 131 მილიონამდე დახმარება გამოყო. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (European Neighborhood Policy/ENP) 2002 წლის 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭომ და 2002 წლის 12-13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს კოპენჰაგენის სამიტმა გამოხატა ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების სურვილი რუსეთთან, უკრაინასთან, მოლდავეთთან, ბელორუსიასა და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნებთან. ასევე, მიესალმა ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის წინადადებებს აღნიშნული მიმართულებით. სამეზობლო პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთ- დაახლოების პროცესის მხარდაჭერას. სამეზობლო პოლიტიკის საშუალებით ევროკავ შირი თავისი საზღვრების გარშემო დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებას უწყობდა ხელს. ევროპული სამეზობლო პოლიტიკა საქართველოზე, სომხეთსა და აზერ- ბაიჯანზე 2004 წლის ივნისიდან გავრცელდა და მიზნად ისახავდა პროგრესის მიღწევას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სტანდარტებისა და წესების ჰარმონიზაცია; ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევ- ის გაიოლების მიზნით; ადამიანური რესურსის თავისუფალი გადაადგილებისა და კანონიერი მი- გრაციის საფუძვლების შექმნა; თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, ტერორიზმის, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების, ნარკოტიკების ტრანზიტის, ტრეფიკინგის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში; ევროკავშირის უფრო აქტიური მონაწილეობა კონფლიქტის დარეგულირების (Conflict Resolution ) და კრიზისულ სიტუაციათა მართვის (Crisis Manage- ment) საკითხებში; მეტი ძალისხმევის მიმართვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისაკენ; ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყანათა ინტეგრაცია ევროპულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო ქსელებში, ასევე - სამეცნიერო კვლევათა ევროპულ სივრცეში (European Research Area; ინვესტიციების ხელშეწყობისა და მათი დაცვის ახალი ინსტრუმენტების შექმნა; ევროკავშირის `სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების მოთხოვნილებებზე უკეთ ორიენტირებული დახმარების უზრუნველყოფა; დაფინანსების ახალი წყაროების მოძიება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხების ხელმისაწვდომობის ჩათვლით. 2006 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის დასრულდა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შეთანხმება, რომელიც თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნებისა და შესაბამისი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტების განხორციელებას უწყობდა ხელს. სამოქმედო გეგმა 2006 წლის 14 ნოემბერს მიიღეს. ევროპულმა სამეზობლო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მხრივ და ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს. ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (European Neigborhood Policy Instrumanet/ENPI) ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) იყო ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გულისხმობდა სამეზობლო პოლიტიკის კონკრეტული ფინანსური აქტივობებით მხარდაჭერას და 2007 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებდა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტმა ჩაანაცვლა თანამშრომლობის ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: TACIS (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის) და MEDA (ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებისთვის). ამ თვალსაზრით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი უზრუნველყოფდა ამ პროგრამებში არსებული სტრატეგიული ხაზის გაგრძელებას. მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საერთო ღირებულებების გაზიარება, სტაბილურობისა და კეთილდღეობის არეალის შექმნა, ინტენსიური თანამშრომლობა და უფრო ღრმა ეკონომიკური და რეგიონული ინტეგრირება თანამშრომლობის სფეროების მთელი სპექტრის გათვალისწინებით. 2007-2013 წლებში ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 16 სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნისა და რუსეთისათვის 11 მილიარდი ევრო შეადგინა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის დახმარება მისი სამეზობლოსათვის. 2007 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოსთვის 24 მილიონი ევრო გამოიყო, რაც სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული სფეროების რეფორმირებას მოხმარდა. სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში 2007-2010 წლების საერთო ბიუჯეტმა 120 მლნ ევრო შეადგინა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის კონფლიქტებთან დაკავშირებული პაკეტიდან ევროკომისიამ საქართველოსთვის დამატებით გამოყო 500 მლნ ევრო, რომლის ძირითადი ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერას მოხმარდა. ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი 2014-2020 წლებისთვის (ENI- European Neigborhood Instrument) 2011 წლის დეკემბერში ევროკომისიამ წინადადებით მიმართა ევროპულ პარლამენტს 2014-2020 წლებისთვის ახალი საგარეო დახმარების ინსტრუმენტების, მათ შორის, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის დამტკიცების თაობაზე. 2011 წლის 25 მაისის ერთობლივი კომუნიკაციის თანახმად, ახალი ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი (ENI _ European Neigborhood Instrument) ევროკავშირის საზღვრებიდან აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე 16 პარტნიორ ქვეყანას აღმოუჩენდა დახმარებას, 2014 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში. აღნიშნული ინსტრუმენტი საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა. ENI-ის საერთო ბიუჯეტი 2014-2020 წლებში შეადგენს 15 მილიარდ ევროს 16 სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნის მხარდასაჭერად, შემდეგი მიმართულებით: 1) ორმხრივი პროგრამები, რომლებიც ცალკეული პარტნიორი ქვეყნისთვის მხარდაჭერას ითვალისწინებს; 2) მრავალმხრივი პროგრამები, რომლებიც ყველა ან რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებს პასუხობს და ასევე მოიცავს რეგიონულ და ქვერეგიონულ თანამშრომლობას ორ ან მეტ პარტნიორ ქვეყანას შორის; 3) საზღვრისპირა თანამშრომლობა (CBC). პარტნიორი ქვეყნების წახალისების მიზნით, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი დიფერენცირების მეთოდს და მეტი მეტისთვის პრინციპს გამოიყენებს: რეგულაციის თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ ქვეყნებს, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით ძლიერი და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში და ფინანსური დახმარების გამოყოფის კრიტერიუმები დიფერენცირების პრინციპს დაეყრდნობა. ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი უნდა ასახავდეს ქვეყნის ამბიციის დონეს ევროკავშირთან პარტნიორობის თვალსაზრისით, მის პროგრესს ღრმა და მდგრადი დემოკრატიის მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების მხრივ შეთანხმებული მიზნების შესრულებაში. ENI-ს მთავარი მიზნებია: ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფ ლებათა ხელშეწყობა; ევროკავშირის შიდა ბაზარზე პროგრესული ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა; ნდობის აღდგენა უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით და კონფლიქტების აღკვეთა და მოგვარება; ასევე გამახვილდება ყურადღება ხალხთა შორის კონტაქტების ზრდაზე, დარგობრივ თანამშრომლობასა (მაგ. ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების სფეროებში) და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებაზე. ENI-ს რეგულაცია უზრუნველყოფს უფრო გაზრდილ კავშირებს ევროკავშირის შიდა ინსტრუმენტებსა და პოლიტიკასთან, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის პოლიტიკით განსაზღვრული დახმარება, რაც ევროკავშირის ბიუჯეტის შიდა და გარე ინსტრუმენტების შესაბამისობას უზრუნველყოფს. შედეგად, პარტნიორ ქვეყნებსა და მათ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის წარმატებულ შიდა პროგრამებში, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სტუდენტების მობილობა, ახალგაზრდული პროგრამები ან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობას, ENI-ს რეგულაცია აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევიან არა უბრალოდ ENI-ს დაფინანსების ბენეფიციარებად, არამედ იძენენ უფრო მნიშვნელოვან როლს ENI-ს საქმიანობების დაგეგმვაში, ასევე მათ განხორციელებასა და მონიტორინგში. აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership - EaP) აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership - EaP) ინიციატივა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან) თანამშრომლობის ახალი ფორმატი, თავდაპირველად შვედეთმა და პოლონეთმა შეიმუშავეს. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ გამოიწვია აღნიშნული პროცესის დაჩქარება და გარკვეულწილად განაპირობა კიდეც ამ ინიციატივისადმი ევროკავშირის დადებითი გამოხმაურება. შესაბამისად, 2008 წლის დეკემბერში ევროკომისიას დაევალა ამ ინიციატივასთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა. ევროკომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ კომუნიკაცია, რომელიც 2009 წლის 19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ალტერნატივა, არამედ ის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით ხელს უწყობს პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას, საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა ვითარდება ორი მიმართულებით: ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში. ორმხრივი თანამშრომლობა ევროკავშირსა და თითოეულ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს: ასოცირების შესახებ შეთანხმებების (Association Agreements) გაფორმების გზით ახალი, უფრო ფართო საკონტრაქტო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მრავალმხრივი თანამშრომლობის მიზანი კი უზრუნველყოფს ახალ ფორმატს, რომელიც საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობისა და გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობას იძლევა. ასეთი ფორმატი უსაფრთხოების, მიგრაციის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორცილების გზით რეგიონში თანამშრომლობის პროცესების განვითარებას ისახავს მიზნად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი თანამშრომლობის ინსტიტუტები: სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუციონალიზაცია ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, 2009 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP Civil Society Forum - CSF) დაფუძნდა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ფარგლებში ამჟამად ხუთი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს. მათგან 4 შინაარსობრივად აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი თანამშრომლობის თემატური პლატფორმების ანალოგიურია, ხოლო მე-5 თემატური ჯგუფის (სოციალური პარტნიორობა და სოლიდარობა) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება 2011 წლის 28-30 ნოემბერს პოლონეთში, ქ. პოზნანში, CSF-ის მესამე შეხვედრაზე მიიღეს. CSF-ის მუშაობას 18 წევრისგან შემდგარი მმართველი კომიტეტი ხელმძღვანელობს. მისი წევრები არიან თითოეული სამუშაო ჯგუფის კოორდინატორები, პარტნიორი ქვეყნებიდან ეროვნული კოორდინატორები (National Facilitators), ასევე, ევროკავშირისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მმართველი კომიტეტის სამდივნო ქ. ბრიუსელში ჩამოყალიბდა. სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სხდომები ყოველწლიურად იმართება. ფორუმის სხდომებზე ხდება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების თვის რეკომენდაციების შემუშავება. CSF-ის მუშაობის წარმართვის მიზნით, თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში შექმნილია ეროვნული პლატფორმები. ამ დროისათვის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში 126 ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული. დაარსებიდან ექვს წელიწადში, პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრიდან გარდაიქმნა ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკის ფორუმად, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსიას, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას) თავიანთი იდეებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მეშვეობით აერთიანებს და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროინტეგრაციის პროცესის გავრცელებას ისახავს მიზნად. ევრონესტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მოქმედებს ევრონესტი (Euronest) -თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც 2011 წლის 2-3 მაისს ბრიუსელში ევროპარლამენტის წევრებისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. 2013 წლის 13-15 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა. ასამბლეა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 6 ქვეყნის (საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსიისა და მოლდავეთის) 10-10 პარლამენტარსა და ევროპარლამენტის 60 დეპუტატს აერთიანებს. მნიშვნელოვანი თარიღები საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო და დღეს, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია. 1995 წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP), რომელიც ჯერ 2005 წელს, ხოლო მოგვიანებით 2014 წელს განახლდა (GSP+) - და რომელიც საქართველოზეც გავრცელდა. 1996 წლის 22 აპრილს, ლუქსემბურგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA) რომელიც სრულად ძალაში შევიდა 1999 წლელს, რის შედეგადაც შეიქმნა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტები, რომელთა მიზანიც PCA-ს განხორციელების ხელშეწყობა და ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება გახლდათ. აღნიშნული ინსტიტუტებია: საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭო; საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტი; საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი; საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ქვეკომიტეტები. 2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი დაინიშნა (EU Special Representative for the South Caucasus). ეს თანამდებობა 2003 წლიდან 2006 წლამდე ეკავა ჰეიკი ტალვიტის, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე პიტერ სემნების. 2011 წლის 25 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობები. ამ პოზიციაზე დაინიშნა ფილიპ ლეფორი, რომლის მანდატი 2014 წლის 31 იანვარს ამოიწურა. 2014 წლის 8 ივლისს აღნიშნულ თანამდებობაზე ჰერბერტ ზალბერი დაინიშნა, რომლის მოვალეობაში შედის რეგიონში არსებული კონფლიქტების გადასაჭრელ სამშვიდობო მოლაპაპარაკებებში მონაწილეობა, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა. უფრო კონკრეტულად კი სპეციალური წარმომადგენელი მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაიწყო. 2004 წლის 17 თებერვალს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. 2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში, ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, 2008 წლის 1 სექტემბერს გაიმართა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა; 2008 წლის 15 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM), რომელიც საქართველოში მოვლენილ იქნა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან; 2008 წლის 25 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რომელიც 2011 წლამდე ეკავა პიერ მორელის. 2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2009 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD). შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება ყოველწლიურად. 2009 წელს საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი. 2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ერთობლივ დეკლარაციას ხოლო აღნიშნული ინიციატივის ფაგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად 2010 წლის 16 თებერვალს დაიწყო. 2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა “საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას, ხოლო 2010 წლის 22 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებას. ორივე შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს. 2010 წლის 15 ივლისს მოლაპარაკებები დაიწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც” (DCFTA). 2010 წლის 2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ“ შეთანხმებას, ხელს შეუწყობს საჰაერო ტრანსპორტის სფეროში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას, კერძოდ, საქართველოს ინტეგრაციას აერონავიგაციის ერთიან ევროპულ სისტემაში, ამ სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დახვეწასა და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას და ავიაციის სფეროში ევროკავშირის წესების უმრავლესობის განხორციელებას. 2011 წლის 3 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა”. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო განზომილებას, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის წარიმართება მრავალმხრივი საპარლამენტო დიალოგი საერთო ინტერესის სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა ურთიერთობა და სხვა. 2011 წლის 14 ივლისს ხელი მოეწერა და 2012 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ. 2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DCFTA), რომელიც „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ნაწილია. 2011 წლის 1 მარტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალაში შევიდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებები, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ გაიხსნა 2012 წლის 4 ივნისს. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. 2013 წლის 12-13 თებერვალს თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა, რომელიც პირველად მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრასაც ტრანსპორტის დარგში; იმავე წლის 27-28 ივნისს თბილისშივე ჩატარდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი მინისტერიალი კულტურის დარგში, ხოლო 2013 წლის 28-29 ნოემბერს, ქ. ვილნიუსში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტი., რომლის ფარგლებში, 29 ნოემბერს მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. ვილნიუსის სამიტზევე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია და ხელი მოეწერა „ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“. 2013 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ. 2014 წლის 20 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე. 2014 წლის 26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა შეიმუშავეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით. 2014 წლის 9 სექტემბერს ქ. ბაქოში შედგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრას ენერგეტიკის საკითხებზე. 2014 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. 2014 წლის 21 მაისს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის. 2015 წლის 21-22 მაისს, ქ. რიგაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია. 2015 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა. 2015 წლის 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა. 2015 წლის 18 დეკემბერს, ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ოთხივე ბლოკით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა შეასრულა და ვიზა ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა. 2015 წლის დეკემბერში, დასრულდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. 2016 წლის პირველ ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში. 2017 წლის 28 მარტს, საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალაში ოფიციალურად შევიდა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობა. ამიერიდან, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბიომეტრიულ პასპორტს, შეუძლია იმოგზაუროს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღე. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის. მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის ივლისში. შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში. მას ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში. ამ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივა გაიხსნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივით და ჩაანაცვლა 1996 წელს ხელმოწერილი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. ასოცირების შესახებ შეთანხმება არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ის, აგრეთვე, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. შეთანხმება ევროკავშირსა და მის კანონმდებლობასთან დაახლოების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს. ასოცირების შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. შეთანხმებაში აღიარებულია საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, აღნიშნულია, რომ ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი – დემოკრატია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და კანონის უზენაესობა ასევე წარმოადგენს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. შეთანხმებაში გამოხატულია სრული პატივისცემა საქართველოს და- მოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პრინციპების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისადმი მიმართული ძალისხმევის ერთობლივ ხელშეწყობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება როგორც მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან, პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა (ასოცირების შესახებ შეთანხმების თავდაპირველი პროექტი არ ითვალისწინებდა ცალკე მუხლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და ეს მუხლი გაჩნდა საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი დელეგაციის ძალისხმევის შედეგად). შეთანხმება ადგენს იმ კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით უნდა გაატაროს კონკრეტული რეფორმები: საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა. დემოკრატი- ისა და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელება; საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა; კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა; საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა: პოლიტიკური დიალოგისა და თა- ნამშრომლობის გაღრმავება შესაბამის სფეროებში, მათ შორის - შიდასახელმწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონული სტაბილურობა და სხვა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა; მიგრაციის მართვა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა; ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; უკანონო ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრევენცია და მის წინააღ მდეგ აქტიური ბრძოლა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია; საზღვრის მართვის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება, ტერორიზმის, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და სხვა; დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა: თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორე- ბიცაა: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კვლევა და ტექნოლოგიები, დასაქმება და სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული განვითარება და სხვა. ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები: ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) ჩამოყალიბებას. ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელება ქმნის ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის რეალურ მექანიზმს. ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით, შეიქმნა ასოცირების საბჭო (მინისტრების დონეზე), ასოცირების კომიტეტი (მინისტრის მოადგილეების დონეზე), რომელიც ასოცირების საბჭოს ეხმარება მოვალეობებისა და ფუნქციების შესრულებაში. ასოცირების კომიტეტს ეხმარებიან სპეციალურად შექმნილი თემატური ქვეკომიტეტები. ქვეკომიტეტები იკრიბებიან საჯარო მოხელეების დონეზე და განიხილავენ კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე აზრთა გაცვლაგამოცვლის მიზნით, ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრები შექმნიან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს შეეძლება, ასოცირების საბჭოსგან მოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი (Association Agenda) წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას. ამ გეგმით ხდება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისთვის მომზადება და მისი ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა. ვიზის ლიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის ნაწილში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მოქალაქეთა მობილურობის ხელშეწყობას, მათ შორის -შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღებას. უნდა აღინიშნოს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებელი პროცესია და საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მიღწევის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ეფექტიანი შესრულება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურების ძირითადი ინსტრუმენტი და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების ეფექტიანი საშუალებაა. რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი? უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას: წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი; არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია. უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის ქონის შემთხვევაში, ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები. მოკლევადიანი ვიზიტი გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით: ტურისტული, ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნესშეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები/ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, მკურნალობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს. უვიზო რეჟიმი არ შეეხება შენგენის ზონაში გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ან სხვა მიზნით. ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს უნდა მიმართონ. ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები თავისუფალი ვაჭრობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია (IV კარი - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან. DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე თავისუფლებას - ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი. DCFTA მოიცავს შემდეგ თავებს: საქონლით ვაჭრობა ვაჭრობაში დაცვითი ზომები ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა საჯარო შესყიდვები ინტელექტუალური საკუთრების უფლებები კონკურენცია ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში გამჭვირვალობა ვაჭრობა და მდგრადი განვითარება დავების მოგვარება დაახლოების ზოგადი დებულებები DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ DCFTA-ის მოლაპარაკებების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით. ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (ნიორი-კვოტის ფარგლებში) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. ქართულ, მომსახურების სფეროს, კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში: დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს; თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და გაატარონ პრაქტიკა თავიანთ თანამშრომლებს; გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად; მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე. ქართველ სპეციალისტებს, ინდივიდუალურად თუ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, მიეცემათ საშუალება გასწიონ მომსახურება ევროკავშირში. შეთანხმება ასევე მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს. ამის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაადვილდება ქართველი სპეციალისტების მიერ მომსახურების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული საქონელი და მომსახურება ეტაპობრივად მიიღებს დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ http://www.dcfta.gov.ge/en/home ევროკავშირის მისიებში კონტრიბუცია 2013 წლის ნოემბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2014 წლიდან თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობენ ევროკავშირის მისიებში. ამგვარად საქართველო ადასტურებს, რომ აქტიურადაა ჩართული საერთო ევროპულ ძალისხმევაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის. გაწეულ წვლილთან ერთად, რომელსაც ევროკავშირი უაღრესად დადებითად აფასებს, ევროკავშირის მისიებში მონაწილეობით იზრდება ქართველი სამხედრო პერსონალის პროფესიული შესაძლებლობები და თავსებადობა ევროპის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან. ამ ეტაპზე, საქართველოს თავდაცვის ძალების ოცეულის ზომის ქვედანაყოფი (35 ს/მ) მონაწილეობას იღებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA). ასევე, ერთი ქართველი ოფიცერი ჩართულია ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალიში (EUTM Mali), მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე. Edited 21 თებერვალი, 2021 by Genetic Miracle Share on other sites More sharing options...
Guest Genetic Miracle Posted 21 თებერვალი, 2021 Posted 21 თებერვალი, 2021 როგორ მუშაობს ევროკავშირი? ევროპის პარლამენტი ევროპის პარლამენტი ირჩევა 5 წელიწადში ერთხელ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის მიერ მათი ინტერესების გასატარებლად. ევროპარლამენტის მთავარი საქმიანობაა ევროპული კანონების მიღება ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე. ევროპარლამენტი მოცემულ პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს. პარლამენტი და საბჭო ასევე იზიარებენ საერთო უფლებამოსილებას ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის დასამტკიცებლად. პარლამენტის მთავარი სხდომები იმართება სტრასბურგში (საფრანგეთი), ხოლო დანარჩენი მათგანი ბრიუსელში (ბელგია). ევროპის საბჭო საბჭო შედგება წევრი ქვეყნების მთავრობის ან სახელმწიფოს ხელმძღვანელების, მისი პრეზიდენტისა და ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტისაგან. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროპის საბჭო განსაზღვრავს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკასა და პრიორიტეტებს. მას არ აქვს საკანონმდებლო ფუნქციები. ევროპის საბჭო იკრიბება ყოველ ექვს თვეში ორჯერ, მისი პრეზიდენტის მოწვევით. თუ სიტუაცია მოითხოვს, პრეზიდენტი სპეციალურ სხდომას იწვევს. პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ვადას ორნახევარი წელი წარმოადგენს, ერთჯერადი განახლების უფლებით. ევროპის საბჭო ჩვეულებრივ ბრიუსელში იკრიბება. ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანოა. იგი ინაწილებს პასუხისმგებლობას ევროპის პარლამენტთან ევროკავშის კანონების მიღებაზე. ევროკავშირის საბჭო შედგება ევროკავშირის ყველა ქვეყნის ეროვნულ მთავრობათა მინისტრებისგან. ყოველ საბჭოს შეხვედრას თითოეული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან ესწრება განსახილველ საკითხზე პასუხისმგებელი მინისტრი. სხვადასხვა წევრი სახელმწიფო 6 თვიანი პერიოდით მონაცვლეობით იკავებს საბჭოს პრეზიდენტობას, თავმჯდომარეობას უწევს ამ შეხვედრებს და ადგენს საერთო პოლიტიკურ დღის წესრიგს. მონაცვლეობითი პრეზიდენტობა არ ეხება საგარეო საქმეთა საბჭოს, რომლის თავმჯდომარეა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ევროკომისია ევროკომისია ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა და ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. იგი შეიმუშავებს ახალი ევროპული კანონების პროექტებს, რომელსაც წარუდგენს ევროპის პარლამენტსა და საბჭოს. იგი პრაქტიკაში განახორციელებს ევროკავშირის საერთო პოლიტიკას და განაგებს ევროკავშირის ფონდებსა და პროგრამებს. კომისია ასევე გამოდის “ხელშეკრულებათა დამცველის” როლში, რომელიც აკონტროლებს ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და კანონების შესრულებას. მას შეუძლია დამრღვევთა მიმართ მიიღოს ზომები და საჭიროების შემთხვევაში ევროპის სასამართლოს მიმართოს. კომისია 28 კომისრისგან შედგება, სადაც თითოეული მათგანი ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანას წარმოადგენს. კომისიის პრეზიდენტი არჩეულია ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის მთავრობების მიერ და დამტკიცებულია ევროპის პარლამენტის მიერ. სხვა კომისრები ნომინირებულნი არიან მათი ეროვნული მთავრობების მიერ ახალ პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე და ევროპის პარლამენტის მიერ მტკიცდებიან. ისინი არ წარმოადგენენ თავისი ქვეყნების მთავრობებს. ამის ნაცვლად, თითოეული მათგანი პასუხისმგებელია ევროკავშირის პოლიტიკის კონკრეტულ სფეროზე. ყველა მათგანი ხუთი წლის ვადით ინიშნება. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის დიპლომატიურ კორპუსს წარმოადგენს. იგი ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელს (საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს) ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაში ეხმარება. საგარეო ქმედებათა სამსახურის დელეგაციები მთელს მსოფლიოში საქმიანობენ ევროპელი ხალხის სახელით და მთლიანად ევროკავშირს წარმოადგენენ. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკავშირის სხვა სტრუქტურებისგან ფუნქციურად ავტონომიურია, მაგრამ მას ევროკავშირის სხვა სფეროების პოლიტიკასთან თავისი პოლიტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააჩნია. ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად უმაღლესი წარმომადგენელი ასევე ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტიც არის და საგარეო საქმეთა საბჭოს თავმჯდომარეც. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დიპლომატიური სამსახური ასევე მხარს უჭერს უმაღლეს წარმომადგენელს თავისი საქმიანობის განხორციელებაში. რა არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირი, მსოფლიო არენაზე მთავარი მოთამაშეა გლობალური და რეგიონალური უსაფრთხიების ინტერესებითა და პასუხისმგებლობებით. საერთო საგარეო პოლიტიკის მეშვეობით, ევროკავშირი ერთხმად საუბრობს ძირითად საერთაშორისო საკითხებზე. ევროკავშირი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, დიპლომატიაში ირანთან და კოსოვოს ჩათვლით დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობის განმტკიცებაში. მას გააჩნია ჯარები, პოლიცია და მოსამართლეები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონფლიქტების შემდგომ ქვეყნებსა და რეგიონებში სტაბილიზაციას. სტიქიური უბედურებების შემდეგ ევროკავშირი საგანგებო დახმარებას უწევს. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) დაფუძნებულია მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წელს და შემდგომში კიდევ უფრო განმტკიცებულ იქნა ისეთი ხელშეკრულებებით, როგორიცაა ამსტერდამის ხელშეკრულება (1999), ნიცის ხელშეკრულება (2003) ან ლისაბონის ხელშეკრულება (2009). 2014 წლის 14 ნოემბრიდან ფედერიკა მოგერინი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელია. ქ-ნი მოგერინი ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა საბჭოს და ატარებს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) ეხმარება უმაღლესს წარმომადგენელს. საერთო საგარეო პოლიტიკის მიზნებია: ევროკავშირის ღირებულებების დაცვა, ფუნდამენტური ინტერესები, უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და მთლიანობა; დემოკრატიის კონსოლიდაცია და მხარდაჭერა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის პრინციპები; მშვიდობის შენარჩუნება, კონფლიქტების თავიდან აცილება და საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერება; მოსახლეობისათვის, ქვეყნებისა და რეგიონებისათვის ბუნებრივ და ხელოვნურად გამოწვეულ სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში დახმარების გაწევა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Laki Posted 21 თებერვალი, 2021 Posted 21 თებერვალი, 2021 ბოლომდე არ ჩამიბულბულებია,მაგრამ (თემა)ისე კარგია/შემეცნებითი. მადლობა პს იემდია, ეს ფორუმი გახდე ნორმალური სადისკუსიო პლატფორმა. ...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა