Jump to content
×
×
  • Create New...

გახარია ამბობს, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადს გააკეთებს. რას ნიშნავს ეს?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე

6 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესატანად ემზადება.

19 იანვარს  მსოფლიო ბანკის (WB) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკს აქვს მზაობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს 2024 წლისათვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებაში.

რა არის პრემიერის განცხადების მთავარი საფუძველი, რას ნიშნავს ქვეყნისთვის წევრობაზე განაცხადის შეტანა, რამდენად მომზადებულია ქვეყანა ამ ინიციატივისთვის და რეალურია თუ არა საუბარი იმაზე, რომ საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდება.

ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოს  ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ვანო ჩხიკვაძეს, რომელთან ერთადაც პასუხს გავცემთ ამ კითხვებს.

______________________________

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა და რა პროცედურებს გადის ქვეყანა ამის შემდეგ?

150895239_10222073106670942_640721626026დავით ფიფია/JAMnews

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა მარტივი პროცედურაა და ის ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია – ქვეყნის პირველი პირის სახელით, გაწევრიანებაზე ევროპულ საბჭოში წერილი გაიგზავნება, სულ ესაა მთელი განაცხადი.

მთავარი სირთულეები შემდეგ იწყება.

განაცხადს ევროპული კომისია განიხილავს და მისი დასკვნის საფუძველზე, წევრი ქვეყნები  იღებენ პირველ გადაწყვეტილებას – მიანიჭოს თუ არა განმცხადებელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

განმცხადებელ ქვეყანას უგზავნიან კითხვარს, რომელსაც ის ავსებს. ამ კითხვარით ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ მზაობას ამოწმებენ და სწორედ იმ კითხვარის პასუხებზე დაყრდნობით წერს თავის დასკვნას ევროპული კომისია.

______________________________________________________________________________

● საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას ლეგალურად შეძლებენ

● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები

● თავშესაფრისთვის ევროპაში – რა ემუქრება უვიზო რეჟიმს

● სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის

______________________________________________________________________________

კითხვების რაოდენობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ხორვატიისთვის გაგზავნილი დოკუმენტი 4 560 შეკითხვას მოიცავდა; მონტენეგროს 2 178 შეკითხვაზე მოუწია არგუმენტირებული პასუხების გაგზავნა და ა.შ.

კითხვარის შესავსებად აპლიკანტ ქვეყანას სამი თვე ეძლევა. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როცა ეს პროცესი გახანგრძლივებულა.

კითხვარის ნაწილს მოსდევს ყველაზე რთული და გადამწყვეტი ფაზა – მოლაპარაკებების ფაზა. ამ ნაწილში ამოწმებენ კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობას, თუ რამდენად თავსებადია იგი ევროპულთან და შემდეგ იწყება ყველაზე ხანგრძლივი პროცესი –  კანდიდატი ქვეყანა ვალდებულია, ის ეროვნული კანონები, რომლებიც არ აღმოჩნდა  ევროპულთან თანხვედრაში, მოიყვანოს ევროკანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

მოლაპარაკებების ფაზაში ხელმძღვანელობენ უზარმაზარი დოკუმენტით, რომელიც 35 თავისგან შედგება. ყველა თავი წარმატებით უნდა დაიხუროს.

თან ეს დახურვაც პირობითია, რადგან სანამ ყველა საკითხი ბოლომდე არ ამოიწურება, მანამდე შეიძლება ევროკავშირმა ნებისმიერ დროს, სხვადასხვა მიზეზით, უკვე გავლილი და დახურული თავები ხელახლა გახსნას.

მაგალითად, მონტენეგროს, რომელმაც ევროპული პერსპექტივის სტატუსი ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღო (სერბეთი-ჩერნოგორიას არსებობის პერიოდში), ხოლო განაცხადი გაწევრიანებაზე 2008 წელს შეიტანა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ორი წელი დასჭირდა. მოლაპარაკებების ფაზა კი 2012 წლიდან  მიმდინარეობს და ჯერ 35-დან მხოლოდ სამი თავია პირობითად დახურული.

ზოგადად, წევრობის განაცხადის შეტანიდან  კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებამდე პერიოდს ბევრი ქვეყანა წლობით გადის.

ზოგადად რა კრიტერიუმებით ფასდება ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე?

რომ შევაჯამოთ, სამი ძირითადი კრიტერიუმია, ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები:

1. ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების დაცვას;

2. ქვეყანას უნდა ჰქონდეს საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ევროკავშირში საბაზრო კონკურენციას შეძლებს;

3. ამ ქვეყანაში უნდა მოქმედებდეს ევროპული კანონები და  წესები პოლიტიკური, ეკონომიკური და მონეტარული მიმართულებით.

რა შანსი აქვს საქართველოს 2024 წელს მიიღოს კანდიდატის სტატუსი?

ოქროს წესი იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადის შეტანას აპირებს, ნაკისრი ვალდებულებების სწორი და დროული შესრულებაა.

საქართველომ ვალდებულებები 2014 წელს აიღო, როდესაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.  

ეს ვალდებულებებია: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება, ევროპული კანონმდებლობის შექმნა.

ამ ზოგადი სიტყვების უკან, კონკრეტული, სკრუპულოზური საქმეები დგას.

„ასოცირების შეთანხმების შემდეგ, ძალიან არათანაბარი პროგრესი გვაქვს ვალდებულებების შესრულების მიმართულებით,“ – აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.

ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნუსხაში შედარებით უკეთ მიდის საქმე, მაგალითად, გარემოს დაცვის მიმართულებით.

ასევე, ხელშესახები ძვრებია ადამიანის უფლებების კუთხით, მაგალითად, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებები.

ასევე დაიხვეწა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა.

თუმცა,  ეს ყველაფერი ზღვაში წვეთია.

საქართველოს შემთხვევაში ბევრად უფრო ცუდად არის საქმე საკვანძო საკითხების მიმართულებით. მაგალითად, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების პროგრესი.

მთავარი პრობლემა – მართლმსაჯულება

ყველაზე დიდი ჩავარდნა, რომელიც საქართველოს ევროპისკენ გზას უღობავს, ეს სწორედ სასამართლო სისტემაა.

ამაზე მეტყველებს ევროკავშირის  და ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებიც.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე, რომელიც თავისუფალი სასამართლოს საკითხებზე წლებია, მუშაობს, ამბობს, რომ პროგრესი ამ მიმართულებით მხოლოდ ფასადური ცვლილებებია:

„შეიძლება ფურცელზე გაატარო რეფორმა, მაგრამ საქმე მის აღსრულებაშია. ჯერჯერობით რასაც ვხედავთ,  სახელმწიფო არსებული მდგომარეობის შელამაზებითაა დაკავებული, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას თვალი აუხვიოს. თუმცა, ჩვენი პარტნიორები  უკვე დაუფარავად საუბრობენ, რომ ქართულ სასამართლოს აქვს დამოუკიდებლობის პრობლემა და ამის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუ ხელისუფლების ნება არ იქნება“.

სტრატეგიულად რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა განაცხადის მარტო შეტანა და არა რეგიონის კონტექსტში?

საქართველო ევროკავშირის ისტორიაში მესამე ქვეყანა იქნება, რომელიც  გაწევრიანებაზე მარტო შეიტანს განაცხადს. წინა ორი საბერძნეთი და ხორვატია იყო.

მართლაც, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი განაცხადი უფრო რეალისტურია, ვიდრე ცალკეული ქვეყნის დამოუკიდებელი ინიციატივა.  

ამიტომ, მაგალითად, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რომლებსაც საქართველოს მსგავსად, ევროპული მისწრაფებები ამოძრავებთ, ერთობლივი განაცხადის გაკეთებას მეტი წონა ექნებოდა.

„თუმცა, ამ ეტაპზე ამ სამ ქვეყანას შორის აქტიური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ერთობლივი გაწევრიანების აქტიური მცდელობები არ ჩანს,“ – ამბობს ჩხიკვაძე.

უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად განაცხადის შეტანის უპირატესობა იმაშიც იყო, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნებს ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი აქვთ.

საზღვარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გაწევრიანების კონტექსტში. ევროკავშირის მთელ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც სახმელეთო საზღვრის არქონის მიუხედავად, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა. ეს ქვეყანა საბერძნეთი იყო.

თუმცა, დადებითთან ერთად, არსებობს ერთობლივი განაცხადის უარყოფითი მხარეებიც:

„რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო გაცილებით წინაა, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა.  აქედან გამომდინარე, თუკი ევროკომისია ამ სამი ქვეყნის საკითხს ერთიან პაკეტში განიხილავს, ჩვენ დამატებით მოგვიწევს ლოდინი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ის რეფორმები წამოიწყონ, რაც ჩვენთან უკვე პროცესშია,“ – ამბობს ჩხიკვაძე.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონს, აქ კიდევ უფრო ბუნდოვანია მდგომარეობა.  რეგიონში საქართველოს მეზობლები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ, საით მიდიან – მათ ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებული მიზანიც კი არ აქვთ.

„ამდენად, საქართველოსთვის მათთან ერთად ევროკავშირისკენ გაცილებით გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევს, რაც არ იქნება გამართლებული“.

ყველა ეს სტატუსი და საფეხური ძალიან მნიშვნელოვანია?

ზოგადად, სტატუსები ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც წესი, თითოეულს თავისი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მათ მოსაპოვებლად კი, კონკრეტული ვალდებულებებია შესასრულებელი.

საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე ჯერ სტატუსის გარეშე უწევს სვლა.

იყო მოლოდინი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც, ასოცირების შეთანხმებასთან ერთად, ევროპული პერსპექტივის სტატუსს მიიღებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. ასოცირების შეთანხმების დოკუმენტში ევროპული პერსპექტივა არსადაა ნახსენები. (ევროპული პერსპექტივის სტატუსი ქვეყანას კანდიდატის სტატუსამდე ენიჭება , თუმცა შეიძლება კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ ისე მიიღოს, რომ ევროპული პერსპექტივის სტატუსი გამოტოვოს).

ყველაზე ბოლო ეტაპია გაწევრიანების ხელშეკრულების გაფორმება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი წარმატებით გაიარა და მას უკვე წევრობის მომლოდინე ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. საბოლოო გაწევრიანებამდე წევრობის მომლოდინე ქვეყანა ევროპულ ინსტიტუტებში დამკვირვებლის უფლებებით ისარგებლებს.

ზოგადად, მიუხედავად ამ მაგალითებისა, გაწევრიანების სცენარი ყველა ქვეყნისთვის მაინც ინდივიდუალურია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

მაგალითად, ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ატარებენ მაშინ, როცა ბოსნია და ჰერცოგოვინა ჯერ მხოლოდ ევროპული პერსპექტივის სტატუსით ცდილობენ ევროკავშირთან დაახლოებას.

ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა თავის დროზე ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური მზაობა აჩვენეს და ისე სწრაფად ჩაატარეს რეფორმები, რომ დაჩქარებული წესით, ბევრი სტატუსის და საფეხურის გამოტოვებით გახდნენ ევროკავშირის წევრები.

დასავლეთ ბალკანეთში კი, ეს პროცესი უფრო ჭიანურდება. პროცესი საქართველოზე გაცილებით ადრე, 2004 წელს დაიწყო, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მოლაპარაკებების ეტაპი შეფერხდა. ჩრდილოეთ მაკედონიის შემთხვევაში, მაგალითად, 15 წელი დასჭირდა პროცესის ხელახალ დაძვრას.

ხოლო თურქეთის შემთხვევაში ევროინტეგრაციის ეტაპები ისე შეფერხდა, რომ დღეს უკვე თავად კანდიდატ ქვეყანასაც კი გაუნელდა გაერთიანების ინტერესი.

რა იქნება 2024 წელს

„ვფიქრობ, 2024 წლამდე არც თუ დიდი, მაგრამ მაინც საკმარისი დროა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ რთული და ცვლილებებით სავსე პროცესისთვის სათანადოდ მომზადდეს. მთავარია იყოს გაცხადებული პოლიტიკური ნება და რეფორმებისთვის მზაობა“, – ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, მართლმსაჯულება ცვლილებების ამ სიაში პირველია.

ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოსთვის მაროკოს სცენარის გათამაშება ნაკლებად სავარაუდოა –  მაროკოს წევრობის განაცხადის შეტანისთანავე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ იგი ევროპული ქვეყანა არ არის.

„რამდენიმე წლის წინ საქართველო აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნად გვაღიარეს. სიმართლე ითქვას, ეს ძალიან ბუნდოვანი და სადავო ტერმინია, მაგრამ ამავე დროს, იგი გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენს შემთხვევაში მაროკოს სცენარი არ გათამაშდება“.

ექსპერტის პროგნოზით, საშიშროება იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში პროცესი დროში ძალიან გაიწელოს, რეალურია.

გასათვალისწინებელია ის სკეპტიციზმიც, რომელიც ევროკავშირის შემდგომი გაფართოების მიმართ წევრი ქვეყნების უმეტესობას აქვს.

თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არიან საქართველოს ძლიერი მხარდამჭერებიც – უმეტესად ის ქვეყნები, რომლებიც ბოლო პერიოდში შეუერთდნენ ევროპულ კავშირს (მათ შორის, უპირველესად პოლონეთი) და რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენი გაწევრიანებით.

„თუმცა, ისინი ვერაფერს გახდებიან, თუკი საქართველომ არ მისცა მყარი არგუმენტები დანარჩენი წევრიქვეყნების დასარწმუნებლად. ეს არგუმენტები იქნება გატარებული რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები, გაჯანსაღებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა“.

ექსპერტი ამბობს, რომ 2024 წლამდე დარჩენილ პერიოდში საქართველომ უფრო აქტიურად უნდა აამუშაოს კავშირები ამ მხარდამჭერ ქვეყნებთან.

ჩვენი დიპლომატიური მისიები მაქსიმალურად უნდა იყენებდნენ რესურსს. ასევე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ ქვეყნებში, სადაც წევრი ქვეყნების ხედვა გაფართოებაზე ძალიან სკეპტიკურია“.

ამავე დროს, ჩხიკვაძე აღნიშნავს, რომ პრემიერის მხრიდან წევრობაზე განაცხადის დააანონსება და 2024 წელს ამ განაცხადის შეტანა სწორი გადაწყვეტილებაა:

„საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გარკვეული ეტაპები ასე თუ ისე უკვე გაიარა და თუკი განაცხადს გავაკეთებთ, ბურთი უკვე ევროკავშირის მოედანზე გადავა. ჩნდება ასპარეზი იმისთვის, რომ ჩვენი გაწევრიანება-არ გაწევრიანების საკითხი დაიძრას და გადაწყვეტილება  იქნას მიღებული“.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   247 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 246 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Facebookexternalhit(1)
    • YandexBot(3)
    • t-90