Jump to content
×
×
  • Create New...

ოქროს ლომი კახეთიდან


Recommended Posts

  • ფორუმელი

მოსაზრება კავკასიის როგორც უძველესი მეტალურგიის ქვეყნის შესახებ დიდი ხანია არსებობს. ამის თვალნათელი მაგალითია პოპულარული ბერძნული მითი პრომეთეს შესახებ. ბრინჯაოს ხანის მდიდარი არქეოლოგიური აღმოჩენებიც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის წარმოების (მეტალურგიის) ტრადიციას, რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურის სახელითაა ცნობილი.

მტკვარ-არაქსის კულტურა გავრცელებული იყო სამხრეთ კავკასიაში, აღმოსავლეთ ანატოლიასა და ჩრდილო-დასავლეთ ირანში. მას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციითა და საკუთარი კულტურული „პაკეტით“ ვიცნობთ; მტკვარ-არაქსისეულ კერამიკას, ქვისა თუ მეტალის ფიგურებს საკუთარი სტილი აქვთ, რომლითაც ადვილად შეიძლება მათი ამოცნობა. სწორედ ამ კულტურას განეკუთვნება კახეთში, ალაზნის ველზე 1974 წელს არქეოლოგ კიაზო ფიცხელაურის ხელმძღვანელობით მიმდინარე გათხრებზე წნორთან აღმოჩენილ მდიდრულ ყორღანულ სამარხში ნაპოვნი ლომის ოქროს ფიგურა. ის ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება და ადრებრინჯაოს ხანის მცირე პლასტიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ფიგურა დასაკრძალავი ეტლის შემკულობადაა მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველის გამოსახულება არარეალისტურია, სტილიზებული ფაფრითა და სახით ოსტატურადაა გადმოცემული ლომის ხასიათი. ქანდაკებაზე წარმოდგენილი ორნამენტული მოტივი კი ოქრომჭედლობის იმ ნიმუშების დეკორის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ელემენტია, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრის ეგრეთ წოდებულ ბედენი-ალაზნის ჯგუფის მდიდრულ ყორღანებშია დადასტურებული. არც ქანდაკების ტიპის, არც შემკულობის მიხედვით ლომის ფიგურას ანალოგი საქართველოს ფარგლებს გარეთ არ მოეპოვება, მაგრამ თავად ლომის მოტივი, ისევე როგორც დასაკრძალავი ეტლის ფენომენი, წინააზიიდან უნდა იყოს შემოსული.

MG_2729-1024x576.jpg
MG_2737-1024x576.jpg

ფოტო: მირიან კილაძე

დაკრძალული პირის მაღალ სოციალურ სტატუსზე, რომელიც სავარაუდოდ ქურუმი იყო, მეტყველებს დასაკრძალავი ეტლის არეში აღმოჩენილი კიდევ ორი ოქროს ნივთი, დიდი რაოდენობის კერამიკული ჭურჭელი, ობსიდიანის ისრისპირები, წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის 400-ზე მეტი ძვალი და, რაც მთავარია, ამ პირისთვის საგანგებოდ აგებული ქვის ჯავშნიანი უზარმაზარი ყორღანი დასაკრძალავი ხის კამერით.

აღმოჩენის კონტექსტთან ერთად ლომის ფიგურაზე წარმოდგენილი უწყვეტი მოძრაობის ამსახველი მეანდრისებური ორნამენტი, რომელიც ლაბირინთის სიმბოლოს ასოციაციასაც კი იწვევს და სოლარულ ნიშნებად მიჩნეული ვარდულები, კარგად ეთანხმება ლომს – ძალაუფლების, ასევე მზისა და სინათლის საყოველთაოდ მიჩნეულ სიმბოლოს.

The post ოქროს ლომი კახეთიდან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share