Jump to content
×
×
  • Create New...

იბერიელი დიდგვაროვნის ქარქაში


Recommended Posts

  • ფორუმელი

ქართლის (იბერიის) სამეფოს ტერიტორიის კვლევა ილია ჭავჭავაძის ინიციატივით და ექვთიმე თაყაიშვილის მონაწილეობით დაიწყო. შემდგომში ეს საქმე ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ და გიორგი ნიორაძემ განაგრძეს. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან კი არქეოლოგიური გათხრები და მოპოვებული მასალის კვლევა ანდრია აფაქიძის, გოგი ლომთათიძის, გერმანე გობეჯიშვილის და ალექსანდრე კალანდაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ის უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც წერილობით წყაროებთან ერთად წარმოაჩინა, რომ ერთიანი საქართველო ძლიერი სახელმწიფო და განვითარებული ცივილიზაცია იყო. ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ქართლის (იბერიის) სამეფო აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მას ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა რომის იმპერიასთან ამ უკანასკნელის გლობალური ექსპანსიის დროს.

17_Iberian-Dagger-sheath-1-576x1024.jpgფოტო: © ქარჩხაძის გამომცემლობა/ქუცნა ამირეჯიბი

არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მასალა ადასტურებს, რომ ქართლის სამეფოში მხატვრული ხელოსნობა, განსაკუთრებით კი ოქრომჭედლობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული. იბერიული სამკაულისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია პოლიქრომია – ზედაპირის მოსართავად ნაირფერი ქვების გამოყენება.

იბერიელები არა მარტო სამკაულს, არამედ სხვა ყოფით, გამოყენებით ნივთსა თუ იარაღს უზადო გემოვნებით ქმნიდნენ, რაც ამ უკანასკნელთ ხელოვნების ნიმუშებად აქცევდა. ამის ნათელი მაგალითია ახ.წ. II საუკუნის შუა ხანებით დათარიღებულ პიტიახშ ასპარუგის სამარხში აღმოჩენილი სატევრის ქარქაში, რომელიც გიორგი ჩუბინაშვილმა შეისწავლა. ეს ნიმუში აჩვენებს, რომ იბერიელი ოსტატები მისდევდნენ როგორც ადგილობრივ მხატვრულ-სტილისტურ ტრადიციებს, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ ძველ კოლხეთში იღებს, ასევე მაშინდელი მოწინავე ქვეყნების კულტურულ ტენდენციებს.

როგორც გიორგი ჩუბინაშვილის კვლევამ ცხადყო, ქარქაშის დამზადების ტექნიკა განსხვავდება რომაული სტილისგან და, რაც ყველაზე საყურადღებოა, ოსტატს გამოყენებული აქვს ტიხრული მინანქრის ტექნიკა, რომელმაც განვითარების მწვერვალს შუა საუკუნეების ხელოვნებაში მიაღწია.

The post იბერიელი დიდგვაროვნის ქარქაში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 18 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)