Jump to content
×
×
  • Create New...

ჯვრიანი საკიდი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პრეისტორიის შემსწავლელი მეცნიერებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას  უძველესი ხელოვნების კვლევა წარმოადგენს. საყოველთაოდაა ცნობილი მღვიმეების კედლის მხატვრობის ფერადი ნიმუშები საფრანგეთიდან და ესპანეთიდან, ნიჟარებისგან შექმნილი სამკაული სამხრეთ აფრიკიდან, „ვენერას“ ქანდაკებები ჩრდილო და აღმოსავლეთ ევროპიდან და ა.შ. ნათელია, რომ დაახლოებით 50 000 წლის წინ ადამიანის ქცევაში ფუნდამენტური ცვლილებები ხდება და ჩნდება როგორც სიმბოლური აზროვნების ნიშნები, ასევე ესთეტიკის მოთხოვნილება.

საქართველო ძალიან  მდიდარია  მღვიმეებით, რომლებშიც შემორჩენილია  პრეისტორიული ეპოქის ნაშთები. ასეთია ძუძუანას მღვიმეც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე, რომელიც მდ. ნეკრისის მარჯვენა ნაპირზე, მდინარის დონიდან 10-15 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. მღვიმეში არქეოლოგიური სამუშაოები 1966-1975 წწ.-ში ცნობილი არქეოლოგის, დავით თუშაბრამიშვილის ლიდერობით მიმდინარეობდა, ხოლო 1996-2008 წლებში საერთაშორისო, ინტერდისციპლინურ ქვის ხანის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას არქეოლოგი თენგიზ მეშველიანი უძღვებოდა.

სამწუხაროდ, ხელოვნების ნიმუშების რაოდენობა ძალზე მწირია. ჩემი აზრით, ეს განამარხების პირობების – მღვიმის მიკროკლიმატის – გამოა, თუმცა ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი „ჯვრიანი საკიდი“, რომელიც 27 000-24 000 წლით თარიღდება, ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ნივთი ცხოველის ნეკნისგანაა დამზადებული. საკიდის ზედა ნაწილში ამოკაწრულია ტოლმკლავა ჯვარი, მის ქვემოთ კი დახრილი ჯვარი, რომელიც წრეშია ჩასმული. საკიდის ბოლოს სამკუთხა ფორმა აქვს, რომელიც მის შემქმნელს საგულდაგულოდ გამოუჭრია და დაუმუშავებია. საკიდის თავი დაზიანებულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ნივთი იმდენად ძვირფასი იყო მფლობელისთვის, რომ მას იგი განუახლებია და თავიდან გაუხვრეტია.

ძნელია გავიგოთ, თუ რატომ დაიტანა პალეოლითელმა ადამიანმა ჯვარი ორნამენტის სახით სამკაულზე და რის სიმბოლოს წარმოადგენდა ის. ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ ჯვარი ქვეყნიერების ოთხ მხარეს უკავშირდება. ცნობილია, რომ იმდროინდელ ადამიანს ადვილად შეეძლო გარემოში ორიენტირება, ის ხომ მჭიდროდ იყო დაკავშირებული სამყაროსთან. შესაძლოა, ამ სამკაულზე გამოსახული ჯვარი სამყაროს ოთხ კუთხეს გამოხატავდეს, მის გარშემო წრე კი – სამყაროს უსასრულობას.

The post ჯვრიანი საკიდი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share