Jump to content
×
×
  • Create New...

ოქრომრავალი კოლხეთი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
10_Turtle-Necklace-10-576x1024.jpg

ძველი ბერძენი ავტორები მოგვითხრობენ მითს იმის შესახებ, თუ როგორ იმოგზაურეს კოლხეთში იასონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის საძებნელად, რომელსაც დრაკონი იცავდა. დღევანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა ცხადყოფს, რომ კოლხეთის მითიური ქვეყანა სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდა. ის, თუ რატომ იხსენიებენ კოლხეთს ბერძენი და რომაელი ავტორები ეპითეტით „ოქრომრავალი“ და რატომ არის საქართველო დღესაც მიჩნეული ოქროს საწმისის ქვეყნად, ამას აჩვენებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა „არქეოლოგიური საგანძური“.

გამოფენის ერთ-ერთი თვალსაჩინო ექსპონატი ძვ. წ. V საუკუნის შუა ხანებით დათარიღებული კუს გამოსახულებებიანი ყელსაბამია. ის არამხოლოდ გრანულაციისა და ფილიგრანის ტექნიკით შესრულებული გამორჩეული ნიმუშია, არამედ უნიკალურია მასზე წარმოდგენილი ზოომორფული სახის გამო. ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის ცნობილ ნიმუშებს შორის, ვანის ყელსაბამის გარდა, კუს გამოსახულება არსად დასტურდება. ყელსაბამის ადგილობრივ წარმომავლობაზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს საკიდების სტილისტური ერთიანობა  კოლხური ოქრომჭედლობის სხვა ნიმუშებთან. აღსანიშნავია, რომ საკიდებზე გამოსახული ხმელეთის კუ კოლხეთში იყო გავრცელებული.

10_Turtle-Necklace-1-1-724x1024.jpg

საინტერესო ისტორია აქვს ამ ნივთის აღმოჩენასაც. 1969 წლის საველე სეზონი მთავრდებოდა. უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა, რაც არქეოლოგებისთვის ახალი აღმოჩენების მომასწავებელი დაცდილი ნიშანი იყო. მართლაც, სამარხის მიწაყრილი გამოჩნდა, თავიდან ის არქეოლოგებს გაძარცული ეგონათ, რადგან ანტიკური ხანის ქურდების მიერ გაკეთებული შურფი შენიშნეს. თუმცა, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ მძარცველები სამარხის ერთადერთ ცარიელ ადგილას მოხვდნენ. შედეგად გაითხარა ძვ. წ. V საუკუნის წარჩინებული კოლხი ქალის უმდიდრესი სამარხი, სადაც მრავალი ოქროს ნივთი ხელუხლებლად დახვდათ არქეოლოგებს.

აქ აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს, რომ კოლხეთი ოქროთი მდიდარი რეალური ქვეყანა იყო და რომ საქართველოს კულტურა დასავლეთის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, ხოლო კოლხეთის სამეფო – საქართველოს კულტურული იდენტობის მთავარი საყრდენი.

The post ოქრომრავალი კოლხეთი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share