Jump to content
×
×
  • Create New...

სამოთხის დაცვა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სელედონია ტელესი ზუსტად ვერ იხსენებს, რომელ წელს ან რა ასაკში გადავიდა ოსას ნახევარკუნძულზე საცხოვრებლად. სამაგიეროდ, აქ ჩამოსვლის მიზეზი ნათლად ახსოვს: უფასო მიწა. იმ პერიოდში კოსტა-რიკის სამხრეთით წყნარ ოკეანეში შეჭრილი 1800 კვ. კილომეტრი ფართობის ნახევარკუნძულს ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან მანგროს ხშირი და გაუვალი ტყის ზოლი ყოფდა და მიმოსვლა ძირითადად გემით იყო შესაძლებელი. სელედონია ორსულად იყო, როდესაც ოსაზე ჩავიდა ხუთი შვილით, ექვსი ქათმით, ერთი ძაღლით და 700 კოლონით ხელში, რაც დაახლოებით ერთ დოლარს შეადგენს. შეყვარებულიც თან ახლდა, თუმცა სელედონია იხსენებს, რომ მას „ბუნება სძულდა და მწერებს გაურბოდა“, ამიტომ ქალმა ცული აიღო და ტერიტორია თვითონვე გაკაფა.

„ხეებს რომ ვჭრიდი, თავში გამიელვებდა ხოლმე, ალბათ რამდენი ხანი დასჭირდათ, რომ ამოდენები გაზრდილიყვნენ, მე კი რა უცებ მოვუსწრაფე სიცოცხლე, – ამბობს იგი. – ასე მოვიქეცით. ტყე იმისთვის გავჩეხეთ, ცხოვრება რომ შეგვძლებოდა“.

მას შემდეგ დაახლოებით 40 წელი გავიდა და დონია სელედონია, როგორც მას პატივისცემით მიმართავენ, ისევ იმავე ნაკვეთზე ცხოვრობს დასახლება ლა-პალმაში. იგი 2019 წლის ივნისში გავიცანი, თავისი ეზო და სახლი ისეთი მტკიცე ნაბიჯით შემომატარა, ვერაფრით შეატყობდით, რომ თითქმის უსინათლოა.

დონია სელედონიასთვის ეს ერთგვარი მონანიების ჟამი იყო: დღის წესრიგში, ტყის ჩეხის მაგივრად, ამჯერად გაშენება იდგა. მისი შეთავაზებით არაკომერციულმა ორგანიზაციამ Osa Conservation შექმნა ადგილობრივი და სამთავრობო ჯგუფების ქსელი სელედონიას ცხრაჰექტარიანი ფერმის ტერიტორიაზე მკვიდრი სახეობის 1700 ხის ნერგის დასარგავად. კოსტა-რიკაში ყოველწლიურად ტარდება ხეთარგვის დღე, რომლის აღსანიშნავადაც მისი ექვსი შვილიდან, 16 შვილიშვილიდან და 14 შვილიშვილის შვილიდან დიდი ნაწილი შეკრებილიყო მეზობლებთან ერთად. ჭრელ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ბავშვები წარმოდგენებს და თამაშებს მართავდნენ, სიტყვით გამოდიოდნენ, ცეკვავდნენ.

MM8978_190728_43324.jpg კაბო-მატაპალოში, რომელიც ოსას ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ცნობილი სასერფინგო ადგილია, ტყე სანაპიროს შთანთქმას ცდილობს. კონსერვაციული ღონისძიებები ტურიზმის შემოსავალზეა მიბმული, რომელიც პანდემიამ თითქმის ნულამდე დაიყვანა.

შუადღისთვის ყველა წყაროსკენ გაემართა იმის სანახავად, თუ როგორ რგავდა დონია სელედონია სიმბოლურად ბოლო ხეს. მისმა შვილიშვილმა პაბლომ ორმო ამოთხარა. დონა სელედონია წელში მოიხარა და ნერგის ფესვის გორგალი მიწაში მოათავსა.

„იქნებ მთელი ფერმაც ისევ ტყედ ვაქციო“, – დასძინა მან.

ჰექტარ-ჰექტარ აღებული, ოსა დედამიწაზე ხმელეთის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ წერტილს წარმოადგენს. ის პლანეტის ფართობის ერთი პროცენტის მეათასედზე ნაკლებს იკავებს, მაგრამ მასზე სიცოცხლის ფორმათა 2,5 პროცენტი ბინადრობს. ნახევარკუნძულს ჰაბიტატების მთელი ასორტიმენტი – ჭარბტენიანი ტყე, დაბლობი ტროპიკული ტყე, ჭაობი, მანგროს ტყეები, მტკნარი და ზღვის ლაგუნები – ათასობით სახეობის თავშესაფარია, მათ შორის ალისფერი მაკაოს, კოატას და სხვა ისეთი ცხოველების მრავალრიცხოვანი პოპულაციებისა, რომლებიც გავრცელების სხვა ისტორიულ არეალებში აღარ ან მცირე რაოდენობითღა გვხვდებიან. მის ტყეებში ველური კატის ხუთი სახეობა ბინადრობს, ხოლო წყნარი ოკეანის სანაპიროს კვერცხდების მიზნით ზღვის კუს ოთხი სახეობა აკითხავს. ცოტა უფრო აღმოსავლეთით მდებარე გოლფო-დულსეს ფიორდს კი თავჩაქუჩა ზვიგენები და კუზა ვეშაპები შთამომავლობის მოსავლენად სტუმრობენ.

თუმცა, ოსას ეკოსისტემა მყიფეა. განადგურების პირას ის უკვე ორჯერ იდგა – არა იმდენად დიდი კომერციული ინტერესების, არამედ იმის გამო, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ტყის ჩეხას აგრძელებდა საცხოვრებელი ადგილის მოსაწყობად ან ოსას მდინარეებიდან რამდენიმე დოლარის ღირებულების ოქროს მოსაპოვებლად. უკანასკნელ წლებში ოსას ზოგი დასახლება იმავე გარემოს თავდადებულ დამცველად იქცა, რომელსაც წინათ თვითონ ფიტავდა. ხის მასალის მოსაპოვებლად მხცოვანი ხეების მოჭრის მაგივრად ახლა უკვე ეკოტურისტებისთვის ბილიკები გაჰყავთ, უკანონო ნადირობის ნაცვლად კი ბრაკონიერებს ამხელენ.

მაგრამ დღეს ნახევარკუნძული ახალი საფრთხის წინაშე დგას. COVID-19-მა კოსტა-რიკის ეკონომიკა გააჩანაგა და ტურისტებისგან დოლარის ნაკადიც შეწყდა, რომელიც მდგრადი, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული შემოსავლის წყარო იყო. ოსას მოსახლეობის გული და სული კონსერვაციული ეთიკისკენ იხრება, მაგრამ მათ საკვებზეც უწევთ ზრუნვა.

„აქაური ხალხი ბუნებასთან ახლოსაა, – ამბობს Osa Conservation-ის თანამშრომელი ჰილარი ბრუმბერგი, რომელიც დონია სელედონიას ფერმის ხელახალი გატყიანების პროექტს ხელმძღვანელობდა, – მაგრამ როცა არჩევანი ოჯახის დაპურებასა და ბუნების დაცვას შორის გაქვს, პირველ ადგილზე ოჯახს დააყენებ“.

MM8978_190710_32039-1024x576.jpgბოტანიკოსი რუთმერი პილკო ჰუარკაია ოსას პირველყოფილი ტყის შემორჩენილი კორომებიდან ველური ჯავზის ხის თესლს აგროვებს. ამ თესლიდან აღმოცენებულ ნერგებს დეგრადირებულ არეალებში დარგავენ იმ იმედით, რომ მაიმუნ კოატას და ამ ხის თესლის სხვა გამავრცელებლებს მოიზიდავენ. „ჩვენი დარგული ხეები შეიძლება ვერ გადარჩეს, – ამბობს ჰუარკაია, – მაგრამ ცხოველების დათესილი ხეები პირვანდელ ტყეს აღადგენს“.

Osa Conservation-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი უიტუორთი ორგანიზაციას 2017 წელს შეუერთდა, პერუს ამაზონში კონსერვაციისთვის ექვსწლიანი იმედების გამაცრუებელი ბრძოლის შემდეგ.

„ოსაზე რომ ჩამოვედი, უეცრად ისევ იმედიანად ვიგრძენი თავი“, – მითხრა უიტუორთმა ორგანიზაციის ბიოლოგთა სადგურში, ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით. „ამაზონში კოატას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ მოვკრავდი თვალს, აქ კი ყოველდღე ვნახულობ“.

უიტუორთმა მალევე აღნიშნა, რომ ოსას წარმატებაში უდიდესი წვლილი კოსტა-რიკის ხელახალი გატყიანების ინოვაციურ პოლიტიკას მიუძღვის. XX საუკუნის მეორე ნახევარში ტყეები, რომლებიც ერთ დროს ქვეყნის 75%-ს ფარავდა, უმოწყალოდ იჩეხებოდა ხე-ტყის მასალის, მესაქონლეობის, ბანანის, ანანასისა და მსგავსი კულტურების ხელშესაწყობად. ერთ თაობაზე ნაკლებ დროში ტყის საფარი ტერიტორიის მეხუთედამდე შემცირდა.

მაგრამ 1990-იან წლებში მთავრობა ამოქმედდა გაკაფვის ტენდენციის შესაჩერებლად და უფრო მეტიც, მის შესაქცევად. მიიღეს კანონი, რომელიც მართვის დეტალური გეგმის გარეშე ნებისმიერი ხის მოჭრას კრძალავდა და წამოიწყეს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიწის მესაკუთრეებს ფულს უხდიდნენ ტყიანი ტერიტორიის შენარჩუნებისა და ახალი ხეების დარგვისთვის, რისი დაფინანსებაც ბენზინზე დაწესებული ეროვნული გადასახადის მეშვეობით მოხერხდა. სულ რაღაც 25 წელიწადში კოსტა-რიკაში ტყეების ფართობი გაორმაგდა და ქვეყანა დასახული მიზნისკენ მედგრად მიიწევს: უნდათ, რომ 2030 წელს ტყის საფარმა ტერიტორიის 60% მოიცვას.

თუ ელექტროკომპანია ხეს მოჭრის, ხუთი ხის დარგვის საფასური უნდა გადაიხადოს, ამიხსნა უიტუორთმა. დასაფასებელი პრინციპია, თუმცა თვითმიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს – დაამატა მანვე.

„მხოლოდ ტყის საფარზე ორიენტირება საშიშია. ასე შეიძლება ცარიელი ტყე შეგვრჩეს ხელში. ამიტომ ვცდილობთ, მთლიანი ეკოსისტემა აღვადგინოთ“.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ორგანიზაციამ Osa Conservation, ადგილობრივ ჯგუფებთან ერთად, ფოტოხაფანგების მთელი ქსელი შექმნა, რომელიც ცხადყოფს, თუ როგორ ივსება ტყეები. უიტუორთი ამბობს, რომ 1990-იან წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ოსაზე ველური ცხოველები ფაქტობრივად არ გვხვდებოდა, გარდა კორკოვადოს ეროვნული პარკის ტერიტორიისა, რომელიც ნახევარკუნძულის დასავლეთ მხარის დიდ ნაწილს მოიცავს, ახლა კი ცხოველებს ისეთ ადგილებშიც ნახულობდნენ, სადაც ისინი მანამდე მონადირეებს მთლიანად ამოეწყვიტათ.

მომრავლდა პუმა, რომლის ხილვა ეროვნულ პარკშიც კი იშვიათობა იყო, ხოლო მის გარეთ არასოდეს ენახათ. ასევე მზარდია ჯუჯა ლეოპარდისა და კიდევ ერთი მომცრო კატისებრის, იაგუარუნდის რიცხვი. საყელოიანი პეკარი – ღორის მსგავსი ძუძუმწოვარი – მრავლად გვხვდება ყურის ბოლოს მდებარე `პიედრას-ბლანკასის“ ეროვნულ პარკში. მისი მონათესავე სახეობა თეთრწვერა პეკარი კი ჯერჯერობით კორკოვადოს პარკის საზღვრებს დიდად ვერ სცდება, თუმცა რა გასაკვირია – მათი ხორცი მეტად ფასობს და ისინი დიდ ჯგუფებად გადაადგილდებიან, რითაც მონადირისთვის ადვილი სამიზნე ხდებიან. თეთრწვერა პეკარი სანუკვარი საკბილოა იაგუარებისთვისაც, რომლებსაც პარკის გარეთ ფეხის მოკიდება ასევე უჭირთ.

„აქაური ხალხი ბუნებასთან ახლოსაა, მაგრამ თუ არჩევანის გაკეთება ოჯახის გამოკვებასა და ბუნების დაცვას შორის მოუხდათ, პირველ ადგილზე ოჯახს დააყენებენ“.
ჰილარი ბრუმბერგი, Osa Conservation

საბოლოო ჯამში, ოსას ეკოსისტემის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი ზრდა. ამ მიზნით Osa Conservation-ი გატყიანებას უწყობს ხელს ხეების კერძო ფერმებში, სტრატეგიულ ადგილებში დარგვით, როგორც ეს დონია სელედონიას შემთხვევაში გააკეთეს. მოკლევადიან პერსპექტივაში მდინარეებისა და წყაროების გასწვრივ არსებული ნარგავები ჩრდილით უზრუნველყოფს ფერმის ცხოველებს, ნიადაგის ეროზიას აფერხებს და ფრინველებისა და სხვა ველური ცხოველებისათვის ჰაბიტატს ქმნის. მაგრამ გრძელვადიანი მიზანია, შეიქმნას უწყვეტი მწვანე დერეფანი კორკოვადოდან პიედრას-ბლანკასის პარკამდე და საბოლოოდ გადასწვდეს ტალამანკას მთებში მდებარე კოსტა-რიკის და პანამის საზიარო ვრცელ საერთაშორისო ლა-ამისტადის პარკს.

„გატყიანების ეს დიდებული ინიციატივა ეროვნული სტრატეგიის დამსახურებაა, – მითხრა უიტუორთმა, – მაგრამ ველურ ბუნებასთან ნამდვილი კავშირი ადგილობრივი მოსახლეობიდან იწყება“.

ოსაზე არსებული სახეობების სიუხვე მეტწილად განპირობებულია ერთი სახეობის – ადამიანის სიმწირით. 1960-იან წლებამდე ნახევარკუნძულზე სახლობდნენ მხოლოდ ერთი მუჭა პირქუში ოქროს მაძიებლები, სკვოტერები და ძებნილები, რომელთა კრიმინალური რეპუტაციაც ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას აფრთხობდა.

იმ ხანებში ნახევარკუნძულის 80% ჯერ კიდევ პირველყოფილი ტყით იყო დაფარული. ცვლილებები 1970-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც ინტერამერიკული გზატკეცილის დასრულებამ ახალმოსახლეებს ბიძგი მისცა. გაორმაგებული მოსახლეობის – დაახლოებით 6000 ადამიანის – უმრავლესობა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, კულტივირებულ ნაკვეთებზე სახლობდა. აუთვისებელ მიწებს ძირითადად ხე-ტყის მასალის ტრანსნაციონალური კომპანია ფლობდა, რომელიც იმდენად შორიდან და ზერელედ იყო მართული, რომ ნებისმიერ პირს შეეძლო, რომელიმე ნაკვეთი თვითნებურად გაეკაფა და მიესაკუთრებინა.

ამასობაში ოსაზე ბიოლოგიური კვლევითი სადგურიც გაიხსნა, რამაც ადამიანების კიდევ ერთი ქვესახეობა მოიზიდა: უცხოელი მეცნიერები – 1960-იან წლებში იქაურობას ათასზე მეტი მათგანი ესტუმრა. როდესაც ახალმოსახლეები ნახევარკუნძულის დასავლეთ მხარეს, კორკოვადოს უხვ აუზს შეესივნენ, მეცნიერებმა განგაშის ზარი ჩამოჰკრეს: ოსას ტყისა და ბიომრავალფეროვნების დასაცავად პარკი იყო საჭირო, თორემ ეს ყველაფერი უკვალოდ გაქრებოდა. კოსტა-რიკის პარკების სისტემის დამფუძნებლის, ალვარო უგალდეს მეთაურობით მთავრობამ ხე-ტყის მასალის კომპანიასთან მიწების გადაცვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და 1975 წელს კორკოვადოს ეროვნული პარკიც შეიქმნა.

MM8978_190705_26753.jpg პუმა ფოტოხაფანგს უმზერს. კონსერვაციულმა ჯგუფებმა, ეკოსასტუმროებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ მსგავსი აპარატების მთელი ქსელი აამუშავეს და აღმოჩნდა, რომ პუმის და ველური კატის სამი სხვა სახეობის პოპულაციები ნახევარკუნძულზე 1990-იანი წლების ბოლოდან მატულობს. იაგუარების ნახვა დღემდე დიდი იშვიათობაა.

პრობლემად რჩებოდა პარკის ტერიტორიიდან 250-მდე მცხოვრების გასახლება, რომლებიც ხე-ტყის კომპანიას, პარკის რეინჯერებსა და მეცნიერებს ერთნაირად მტრულად უყურებდნენ. საბოლოოდ მათი უმრავლესობა ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მიწებზე გადასვლას დათანხმდა მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მთელი რიგი საკითხების „გაუმჯობესების“ სანაცვლოდ.

რამდენიმე წლის განმავლობაში პარკში სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ შემდეგ ოქროს ფასმა მატება დაიწყო. უცებ გამდიდრების ან, თუნდაც, თავის გატანის პერსპექტივამ ოსაზე მეორე კრიზისი გამოიწვია. 1980-იანი წლების დასაწყისში პარკის ტერიტორიაზე უკანონოდ დაახლოებით 1400 ოქროს მომპოვებელი მუშაობდა.

„იქაურობას უზარმაზარი ზიანი მიაყენეს“, – ამბობს დენ ჯენზენი, კოსტა-რიკაში მომუშავე, გარემოს დაცვის ცნობილი სპეციალისტი, რომელიც იქ 1985 წელს ჩავიდა ოქროს მომპოვებელთა ზეგავლენის საკვლევად. მაღაროელებს, საკვების მოპოვების მიზნით, პარკის სამხრეთ ნაწილში თითქმის ყველა ცხოველი გაეწყვიტათ ნადირობით.

იმის მაგივრად, რომ სამართალდამცავებს ოქროს მაძიებლები ძალისმიერად გაეძევებინათ, ჯანზენმა რეკომენდაცია გასცა, რომ ერთი წლის განმავლობაში ისინი უკეთ გაეცნოთ და საკუთარი ნებით წასვლაში დაერწმუნებინათ; წინააღმდეგ შემთხვევაში – დააპატიმრებდნენ. ამ ხერხმა გაჭრა, თუმცა შემდგომ წლებში მთავრობა ხშირად უფრო მილიტარისტულ მიდგომას არჩევდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეებთან დაძაბულობის და შუღლის გაღვივება გამოიწვია.

ეს ძალისმიერი მიდგომა ყველაზე უხეიროდ ნახევარკუნძულის შუა ნაწილში, რანჩო-კემადოზე გამოიყენეს. დასახლება 1960-იან წლებში ბუენოს-აირესელი ურენიას ოჯახმა დააარსა. ოსას სხვა ბინადრების მსგავსად, ამ ხალხმაც გაკაფა ტყე და თავს მიწათმოქმედებითა და ველურ ცხოველებზე ნადირობით ირჩენდა. ყოველ მეორე წელს პარკიდან წამოსული თეთრწვერა პეკარის ჯოგი რანჩო-კემადოს ტერიტორიაზე ჩაივლიდა და სოფლის მონადირეები დაახლოებით 80%-ს ჟლეტდნენ. 2008 წელს პეკარის ჯოგს რეინჯერები აცილებდნენ, რომელთაგან ზოგი შეიარაღებულიც იყო. დაცული და გათამამებული ცხოველები მოსავალს შეესივნენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეები ამ სანახაობას უმწეოდ შესცქეროდნენ. კონსერვაციის თვალსაზრისით ეს მოკლევადიანი გამარჯვება იყო, რადგან იმ წელს სოფელმა მხოლოდ ხუთი პეკარი მოკლა, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში პარკსა და მოსახლეობას შორის განხეთქილება კიდევ უფრო გამწვავდა.

MM8978_190603_21737-1024x576.jpgკორკოვადოს ეროვნულ პარკთან ახლოს ოქროს მაძიებლები
მუშაობენ. ქვიშის რეცხვა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ოსაზე ყოველდღიური საქმიანობა იყო, კოსტა-რიკაში ზოგადად უკანონოა, რადგან ეს გარემოს აბინძურებს, თუმცა სახელმწიფო რამდენიმე ინდივიდუალურ მომპოვებელს მაინც უშვებს. წინათ ოქროს მოპოვებაზე დამოკიდებულმა ზოგმა დასახლებამ შემოსავლის წყარო წარმატებით ჩაანაცვლა ეკოტურიზმით.

როდესაც 11 წლის შემდეგ რანჩო-კემადოს ვეწვიე, სულ სხვანაირი ატმოსფერო დამხვდა. თან Osa Conservation-ის ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის მმართველს, მარკო იდალგოს ვახლდი თან. დასახლების დამფუძნებლის ძმისშვილის, ენრიკე ურენიას რესტორანში კვლავ პეკარის სეზონურ მიგრაციაზე საუბრობდნენ, თუმცა ამჯერად იმას განიხილავდნენ, სოფელში გავლილი ცხოველები როგორ დაეცვათ.

რანჩო-კემადოში ძირეული ცვლილებები აუცილებლობამ მოიტანა – მოსახლეობას არსებული სამუშაო ადგილები არ ჰყოფნიდა – მაგრამ მათი მიმართულება განათლებამ განსაზღვრა. 2002 წელს ურენიამ და 14-დან 60 წლამდე ასაკის მისმა კიდევ 14-მა თანასოფლელმა სატყეო ბიოლოგიაში ინტენსიური სასწავლო კურსი გაიარეს. სხვა საკითხებთან ერთად ისიც შეიტყვეს, რომ პეკარი „ეკოსისტემის ინჟინრის“ ფუნქციას ასრულებს. ეს ცხოველები მცენარეების თესლებს ავრცელებენ, საგორაო ტლაპოებით წყლის ფაუნისთვის ჰაბიტატებს ქმნიან და ტყის სტრუქტურას ცვლიან, რადგან ფართოდ გავრცელებული სახეობის მცენარეებით იკვებებიან და ამით უფრო იშვიათი სახეობების გამრავლებასა და მრავალფეროვნებას უწყობენ ხელს.

გააცნობიერეს რა, რომ მათ გარშემო არსებული ბიომრავალფეროვნება მიმზიდველი იყო, ადგილობრივმა მოსახლეებმა ეკოტურისტული საქმიანობა წამოიწყეს. ამჟამად სოფელი მუშაობს როგორც პეკარის გადაადგილების მონიტორინგზე, ასევე ფრინველების დათვლაზე, ფოტოხაფანგების მოვლაზე, ხის თესლის შეგროვებასა და ბავშვებისთვის ტყეში ლაშქრობებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებაზე. ამ სიღრმისეულ ცვლილებას იდალგოც უმაგრებდა ზურგს, თუმცა ეს წარმატება მას საკუთარ დამსახურებად არ მიაჩნია.

„ხელთ არსებული შესაძლობლობა გამოიყენეს და თვითონ შეიცვალნენ“, – ამბობს იგი.

ორი დღე ტომას მუნიოსთან ერთად გავატარე, რომელიც დოს-ბრასოს-დე-რიო-ტიგრეში გაიზარდა – მორიგ დასახლებაში, რომელიც ადრე უკანონო მაღაროთი საზრდოობდა, ახლა კი ეკოტურიზმზე გადაერთო. მუნიოსმა ნადირობა 10 წლის ასაკში დაიწყო, ოქროს მოპოვება კი – ორი წლის შემდეგ.

ბავშვობიდან საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა ტყესაც და რეინჯერებისა თუ პოლიციისგან ხელიდან დასხლტომის ყველა ხერხს.

მუნიოსმა ნადირობა 20 წლის ასაკში შეწყვიტა, როდესაც გიდად მომუშავე ერთ-ერთმა ბიძამ დაარწმუნა, რომ დროს ფუჭად კარგავდა; ცხოველებთან ტურისტების მიყვანით ბევრად უკეთესი შემოსავალი ექნებოდა, ვიდრე ამ ცხოველების ხორცის მოსაპოვებლად ხოცვით, თუმცა პირველყოფილი ინსტინქტების გადალახვა არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

„ბიძაჩემმა რეინჯერების სადგურზე წამიყვანა, სადაც გარეული ქათამი და პეკარი მრავლად იყო, – იხსენებს მუნიოსი, – უნებლიეთ მაშინვე ჯოხის, ქვის, ან რაღაცის ძებნა დავიწყე, რომ ცხოველი მომეკლა. ტვინში ასე მქონდა გამჯდარი. ორი წელი დამჭირდა, ეს შეგრძნება რომ გემნელებოდა“.

სანამ მუნიოსი თავის ამბავს მიყვებოდა, კორკოვადოს პარკის სამხრეთ შესასვლელისკენ მიმავალ ნაცრისფერი ფიქლის სანაპიროს მივუყვებოდით. დღე პარკში გავატარეთ, სადაც მუნიოსი დურბინდის შტატივს თოფივით მხარზე გადადებული დაატარებდა, დროდადრო უეცრად ჩერდებოდა ხოლმე და ხან კოატას მოუხმობდა, ხან კი ქოჩორა კარაკარას დამანახებდა, კაპუცინების ოჯახს, ციცქნა გოლფო-დულსეს შხამიან ბაყაყს, ან კოატის, რომელიც ხმელეთის კიბორჩხალით იტკბარუნებდა პირს.

MM8978_190523_12969.jpg დელფინთა (Stenella longirostris) გუნდი წყნარ ოკეანეში, ისლა-დელ-კანიოსთან დანავარდობს, დრეიკის ყურიდან 25-მდე კილომეტრის დაშორებით. ოსას სანაპიროებთან ათასობით ინდივიდისგან შემდგარი ჯგუფები იკრიბება – საკბილოს სიუხვე დიდი რაოდენობით დელფინს იზიდავს.

მეორე დღეს თავისი სოფლის, დოს-ბრასოსის სანახავად წამიყვანა, რომელსაც პარკის აღმოსავლეთ მხარესთან საკუთარი ბილიკი აკავშირებს. ბილიკი სოფლის მცხოვრებლებმა გაიყვანეს, ძირითადად ყოფილმა ოქროს მაძიებლებმა. მუნიოსი ზოგს გიდობის სწავლაში დაეხმარა, სხვები კი ტურისტებს ოთახებით, საკვებითა და ადგილობრივი სამზარეულოს კურსებით უზრუნველყოფენ. ბილიკი პარკის ოფიციალურ მარშრუტებს არ უკავშირდება, მაგრამ მასზე მოხვედრა ადვილია და ფრინველებზე დასაკვირვებლად ის მთელ ნახევარკუნძულზე ერთ-ერთ საუკეთესო ადგილს წარმოადგენს.

„ადრე ხალხი მარტო მოპოვებულ ოქროზე ლაპარაკობდა, – ამბობს მუნიოსი, – ახლა ფრინველებზე უფრო მეტს მსჯელობენ“.

შემდეგ გაზაფხულზე არც ტურისტები იყვნენ, რომ მათთვის საჭმელი ემზადებინათ ან გიდებს ეტარებინათ და ვერც Osa Conservation-ის მოხალისეები ჩამოვიდნენ, რომ ხეებისთვის მოევლოთ და წყნარი ოკეანის სანაპიროზე ახალგამოჩეკილი ზღვის კუები მტაცებლებისგან დაეცვათ. კოსტა-რიკამ COVID-19-ის საფრთხეზე რადიკალური რეაგირება არჩია და საერთაშორისო მიმოსვლა მთლიანად შეზღუდა. ნოემბრის ბოლოს, როდესაც შეერთებულ შტატებში ვირუსით 264 808 გარდაცვლილი იყო, კოსტა-რიკაში ეს მაჩვენებელი 1690 გახლდათ.

სამაგიეროდ, ეკონომიკური ზიანი კატასტროფული გამოდგა. ტურისტულმა ინდუსტრიამ კოლაფსი განიცადა და ქვეყნის ეროვნულ პარკთა სისტემის დაფინანსება სრულიად შეწყდა, რის გამოც ხელისუფლება მარტში იძულებული გახდა, კორკოვადოს პარკი დაეკეტა და იქიდან რეინჯერები გაეყვანა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სიმშვიდე იყო, შემდეგ კი სოციალურ მედიაში, ოსას ტურისტული გიდების სასაუბრო ჯგუფში, ხმა დაირხა, რომ ტურისტებისა და სამართალდამცავების არყოფნით ვიღაც სარგებლობდა და პარკის ტერიტორიაზე სანადირო ტურებს მართავდა.

ორ მონადირეს ცხრა თეთრწვერა პეკარი ჰყავდა მოკლული – არა საკვებად, არამედ აზარტისთვის. დიონისიო პანიაგუა კასტროს დავურეკე – გამოცდილ ტურისტულ გიდს, რომელიც პანდემიის პერიოდში ნახევარკუნძულის კონსერვაციის აქტივისტიც გახდა. მის ხმაში ტკივილი გამოსჭვიოდა.

„ამდენი ცხოველი გასართობად დახოცეს! – მითხრა მან, – ამ ამბავს ასე ვერ დავტოვებდით“.

გიდებმა მომხდარის შესახებ ხელისუფლებას აცნობეს, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მაგრამ პარკი იმდენად დიდი იყო, ხოლო სამართალდამცავების რაოდენობა იმდენად მცირე და არარეგულარული, რომ პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა.

MM8978_190803_47593-1024x576.jpgმოცურავეები ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, გოლფო-დულსეს ღია ზღვაში ცურვის შეჯიბრისთვის ემზადებიან, რომელიც სტუმრების მოსაზიდად ზაფხულის ბოლოს, ნაკლებ ტურისტულ სეზონზე ტარდება. მონაწილეები გოლფო-დულსეს კუზა ვეშაპებთან ერთად კვეთენ, რომლებიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილიდან ზაფხულში აქ გადმოვიდნენ, რათა ნაშიერები ყურის დაცულ წყლებში ეშვათ.

საქმე მხოლოდ მონადირეებს არ ეხებოდა. პანდემიის შედეგად მატულობდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე ოქროს გლობალური ღირებულებაც და მაღაროელები პარკში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში არნახული რაოდენობით შევიდნენ. არეული სიტუაციით ნარკომოვაჭრეები და ხის მჭრელებიც სარგებლობდნენ.

თუმცა ამასობაში პარკს ახალი ქომაგები გასჩენოდა: თვით ოსას მოსახლეობა. კრიზისის საპასუხოდ კოსტა-რიკის გარემოს დაცვის იმდროინდელმა მინისტრმა კარლოს მანუელ როდრიგესმა დამცავი ძალის სახით 52 მოხალისე რეინჯერის მობილიზება შეძლო, რომლებმაც მეთვალყურეობის ტექნოლოგიებში წვრთნა გაიარეს და პარკის გარშემო ბუფერული ზონაში გადანაწილდნენ.

შეიარაღებულნი არ არიან, მაგრამ მობილური ტელეფონები, კამერები და ადგილობრივ მოსახლეობასთან კავშირი აქვთ და უკანონო საქმიანობის შენიშვნისას სწრაფად შეუძლიათ შეატყობინონ სამართალდამცავებს. პრობლემის დიდი ნაწილი თითქოს ნახევარკუნძულის გარეთ არსებული ორგანიზებული ჯგუფებისგან იმართება, თუმცა ტურისტული ეკონომიკის ჩამოშლის შემდეგ, რაც, ალბათ, გარდაუვალი იყო, ზოგმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ოქროს მოსაპოვებელი ძველი აღჭურვილობა გამოძებნა და პარკში უკანონო მაღაროელებს შეუერთდა.

„ხალხმა თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს, ჰოდა, ოქროს მოპოვება ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა“, – მითხრა მუნიოსმა ტელეფონით. ვკითხე, ეს ცდუნება მასზეც თუ მოქმედებს, რაკი თვითონაც იმ გიდთაგანია, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ. პასუხისას მის ხმაშიც წუხილი იგრძნობოდა.

„ვცდილობ, ამ გზას არ დავადგე“.

ჯეიმი შრივის სტატია დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძიების შესახებ 2019 წლის მარტის გამოცემაში გამოქვეყნდა. ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი ხშირად თანამშრომლობს ჟურნალთან, მის ობიექტივში მრავალი ცხოველი მოხვედრილა, ვირთაგვების, მდინარის წავებისა და სპილოების ჩათვლით.

ეს სტატია ნაწილობრივ დაფინანსდა არაკომერციული ორგანიზაცია National Geographic Society-ს მიერ, რომელიც დედამიწის რესურსების დაცვაზე ზრუნავს.

The post სამოთხის დაცვა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share