Jump to content
×
×
  • Create New...

“სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე”. დღიური, რომელსაც ნინი თვითმკვლელობამდე წერდა, ახლა პოლიციაშია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

RTS28740.jpg

10 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს 14 წლის მოზარდი გოგონა.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა 24 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებაში.

ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ პოლიციამ მინიმუმ 10 დეკემბერს უკვე იცოდა, რომ მეცხრეკლასელ გოგონაზე იძალადეს – იგი  პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავდათ, ჩაუტარდა ექსპერტიზა და სავარაუდო მოძალადის ვინაობაც იმავე დღეს დაადგინეს.  

თუმცა, იგი არა თუ არ დაუკავებიათ, ამ ხნის განმავლობაში დაკითხულიც კი არ ყოფილა. ამის უფლებას სამართალდამცავებს კანონი აძლევს.

შესაბამისად, ორი თვის განმავლობაში სავარაუდო მოძალადეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდებოდა, სურვილის შემთხვევაში, შეეძლო მსხვერპლთან დაკონტაქტებაც და მასზე ზეწოლაც.

კაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგონამ საკუთარი სახლის ეზოში თავი მოიკლა.

შენიშვნა: სტატიაში მოთხრობილი ისტორია დაფუძნებულია ერთი კომპეტენტური წყაროს მონათხრობზე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუმცა საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ მისი ნაამბობი გამოგვექვეყნებინა.

________

RTS28740-1024x683.jpg. REUTERS

_____________________________________________________

● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
● “ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების მუხლში შესწორებას ითხოვს
● გაიგე, რამდენად დიდია შანსი რომ მოგკლან. ანიმაციური ვიდეო ფემიციდის შესახებ
● ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილების ქრონიკა გრძელდება
● ფემინიზმი აზერბაიჯანში: როგორ იბრძვიან ქალები

_________________________________________________________

ნინი რვა წლის იყო, როცა უკვე არც ერთი მშობელი გვერდით არ ჰყავდა.

მამა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა – გვიყვება წყარო ახლობლების ნაამბობს – მას რკინის ჯვარი აჰქონდა მთაზე ეკლესიაში, რა დროსაც მეხი დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

ქმრის გარდაცვალებიდან მალევე დედამ სამი შვილი ხანდაზმულ დედამთილს და მამამთილს დაუტოვა და თურქეთში სამუშაოდ წავიდა.

ბავშვები, ნინი და მისი უფროსი და-ძმა, ბებია-ბაბუას გაზრდილები არიან.

რამდენიმე წლის წინ ბებიას ინსულტი დაემართა. ლოგინად ჩავარდნილ ქალს ბავშვები უვლიდნენ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მათზე ზრუნვა მთლიანად ბაბუას საქმე გახდა.

მოგვიანებით, როცა ნინის უფროსი და სრულწლოვანი გახდა, ნინის ოფიციალურ მეურვედ სწორედ ის დანიშნეს. და, რომელიც ამ წლების განმავლობაში ფაქტობრივად დედის მაგივრობას უწევდა ბავშვს, ზაფხულში დაოჯახდა და მშობლიური სახლიდან წავიდა, რაც ნინისთვის, სავარაუდოდ, ასევე რთული გადასატანი იყო.

წყარო ჰყვება, რომ როცა მამა ცოცხალი იყო, ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა. მამას თავისი პატარა საქმე ჰქონდა – გადაზიდვებზე მუშაობდა და შემოსავალიც ნორმალური ჰქონდა.

ამ ოჯახს ღარიბი არც ახლა ეთქმის – გამართული კარ-მიდამო აქვთ, არც საჭმელ-სასმელის პრობლემა ჰქონიათ. ბაბუა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს ამუშავებდა, ბავშვებს მარჩენალდაკარგულთა დახმარებაც ეძლეოდათ, ნათესავებიც ეხმარებოდნენ.

სკოლაში ამბობენ, რომ ნინის პანდემიის პერიოდში არასოდეს ჰქონია ინტერნეტის პრობლემა, ჰქონდა სმარტფონი და ონლაინ გაკვეთილებსაც ყოველთვის ბეჯითად ესწრებოდა.

მასწავლებელთა შეფასებით, ის ყოველთვის მოწესრიგებული და ზრდილობიანი ბავშვი იყო, რომელსაც არასოდეს არავისთვის შეუქმნია პრობლემა.

წყარო გვიყვება, რომ ნინი იყო „მორიდებული ბავშვი, რომელიც ცდილობდა არავისთვის ეწყენინებინა“.

„თითქოს საკუთარ ასაკზე მეტის იყო ყოველთვის. გარეგნობაც ასეთი ჰქონდა, დიდ გოგოს ჰგავდა, ადრე გაიზარდა. ეზოში მოხტუნავეს ვერ ვიხსენებ. სულ რაღაცას აკეთებდა სახლში, სახლის საქმეებს“.

ძალადობდნენ თუ არა ნინიზე სახლში?

სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 24 წლის კაცის მშობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ ბაბუა სისტემატიურად ძალადობდა ბავშვზე:

“თვრებოდა და ძალადობდა. ეს ყველაფერი გაუმხილა ჩემ შვილს. მეგობრობდნენ ჩემი ბიჭი და ეს გოგო. გაუმხილა და უთხრა, მიშველე, წამიყვანეო. ჩემს შვილს თითი არ აქვს ძალადობით დაკარებული“, – ამბობს დაკავებული ბიჭის დედა.

თუმცა, არც სკოლაში და არც სოციალურ სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ოჯახში ბავშვზე ძალადობდნენ.

“და თუ ვინმემ იცოდა, რომ ბავშვზე ძალადობდნენ, მანამდე რატომ არ ამოიღეს ხმა? მის სიკვდილს ელოდნენ? ასე ხომ გამოდის, რომ ისინიც იმ ბიჭის თანამზრახველები არიან?! რატომ არ უთხრეს ან პოლიციას, ან სკოლას, ან სოციალურ მუშაკს?” – ამბობს JAMnews-ის წყარო.

გოგონას დედა, რომელიც თურქეთში ცხოვრობს, ასევე ამბობს, რომ გოგონაზე ოჯახში ძალადობდნენ. ტელეკომპანია “ფორმულასთან” ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ ამის შესახებ სოციალურ მუშაკმაც იცოდა. ქალი ამბობს, რომ გოგონაზე სიმთვრალეში ძალადობდა ბაბუა. მისი თქმით, ეს იყო ძირითადად სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობა.

რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას – დედა ამბობს, რომ გოგონას სასტიკად სცემეს საკუთარმა ბიძიებმა მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ “შერცხვენილი” იყო.

JAMnews-ის ინფორმაციით, ამ ოჯახში მინიმუმ ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა სოციალური მუშაკი (მას შემდეგ, რაც ბავშვები დაობლდნენ), თუმცა ანგარიშებში ბაბუას მხრიდან ძალადობაზე საუბარი არ ყოფილა.

10 დეკემბერი

10 დეკემბერს ნინი ქობულეთის პოლიციის შენობაში იჯდა და გამომძიებლის კითხვებს პასუხობდა

ეს ის დღე იყო, როდესაც ნინის ოჯახმა საჩივარი შეიტანა პოლიციაში ძალადობაზე.

ნინი სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს. სოცმუშაკმაც იმავე დღეს, პოლიციის შენობაში შეიტყო ნინიზე ძალადობის შესახებ.

ნინის ყველაფერი დეტალურად ახსოვდა – როგორ გაიცნო ნიკა, რაზე საუბრობდნენ, როგორ შეხვდნენ, შემდეგ რა მოხდა.

ნინის ჩაუტარეს ექსპერტიზა – უნდა დაედგინათ, მართლა ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი. ამის შემდეგ გაუშვეს სახლში და უთხრეს, რომ თბილისიდან ექსპერტის პასუხების ჩამოსვლისთანავე დაიბარებდნენ.

ამ დღიდან ზუსტად ორი თვის თავზე, 10 თებერვალს მოზარდმა თავი მოიკლა.

პირველი შეხვედრა

24 წლის ჩაქველი ნიკა ნინიმ ივნისში ინტერნეტით გაიცნო.

ახალგაზრდები ექვსი თვის განმავლობაში ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ონლაინ, ვიდრე პირისპირ შეხვდებოდნენ.

როგორც JAMnews-ის წყარო ამბობს, ბიჭმა ნინის პირველად სოფელში ნოემბერში ჩააკითხა. მაშინ მოხდა მათ შორის პირველი სექსუალური კავშირიც (ბავშვის ბაბუა ამბობს, რომ კაცს ზაფხულში ჰქონდა მოზარდთან ფიზიკური კონტაქტი).

ნინი თავს ბიჭის საცოლედ მიიჩნევდა. ბიჭიც ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ცოლად შერთვას პირდებოდა.

პირველი შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა ურთიერთობა კვლავ ონლაინ სივრცეში გააგრძელეს.

ამ მომენტისთვის ნინის ოჯახში ამ ურთიერთობაზე არავინ არაფერი არ იცოდა და საეჭვოსაც არავინ არაფერს ამჩნევდა მოზარდს.

დეკემბრის დასაწყისში ბიჭი მეორედ ჩავიდა ნინისთან. ეს იყო მათი მეორე შეხვედრა და მეორე სექსუალური კავშირი.

როგორც JAMnews-ს წყარო უყვება, სწორედ მეორე შეხვედრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა გადააწყვეტინა ნინის ოჯახისთვის ეთქვა, თუ რა შეემთხვა.

მეორე შეხვედრის შემდეგ ბიჭი ნინის ცხოვრებიდან გაქრა – კონტაქტი გაწყვიტა, არც ონლაინ სივრცეში აღარ ჩანდა და არც მის ზარებს არ პასუხობდა.

რამდენიმე დღეში სასოწარკვეთილმა მოზარდმა თავის ბიცოლას გაანდო, რომ ორჯერ ჰქონდა სექსუალური კავშირი უფროს კაცთან, რომელმაც ის მოატყუა და შემდეგ მიატოვა.

პოლიციას სწორედ ოჯახმა მიმართა. ეს იყო 2020 წლის 10 დეკემბერს.

„გამოძიებაც იმ დღეს დაიწყო. ნინის მონაყოლით მაშინვე დადგინდა მოძალადის ვინაობაც. თუმცა, ის ამ დრომდე არც კი დაუკითხავთ, რადგან მან სასამართლოს გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, რისი უფლებაც კანონით ჰქონდა.

ნინის ექსპერტიზა ჩაუტარეს. უნდა დაედგინათ, იყო თუ არა შეღწევა. სანამ ექსპერტიზის პასუხი არ იქნებოდა, პირს რომელმაც ასე დაამცირა არასრულწლოვანი, სასამართლო წესითაც კი ვერ იბარებდნენ გამოსაკითხად. კანონით ასეა,“ – გვიყვება JAMnews-ის წყარო.

ნინის დღიური

JAMnews-ის წყარო ჰყვება, რომ ნინის სიკვდილამდე ჰქონდა პირადი დღიური, სადაც ის ჩანაწერებს აკეთებდა.

„მისი ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერია ასეთია: „სიმართლე მაინც ვერ დავამტკიცე“. ფაქტია, რომ ბავშვი მოლოდინში იყო, რომ დასჯიდნენ იმას, ვინც ასე მოექცა,“ – ამბობს JAMnews-ის წყარო.

მისი თქმით, ნინის ბლოკნოტი ახლა პოლიციას აქვს.

ექსპერტიზის პასუხი და ბოლო ვიზიტი პოლიციაში

სამედიცინო ექსპერტიზის პასუხებმა რომ ძალიან დაიგვიანა, ამას ყველა სატელევიზიო ინტერვიუში იმეორებს გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა.

“თბილისიდან არ ჩამოვიდა ექსპერტის ცნობა მალე. ერთი ცნობა ჩამოვიდა, მეორე არა. გამომძიებელს დავურეკე, თვითონ ბავშვმა ამიკრიფა ნომერი და გამომძიებელს ველაპარაკე. ვკითხე, ცნობა ჩამოვიდა? არაო… გოგომ მითხრა, ბაბუ რა იქნა, ამდენი ხანი მოსკოვიდან ჩამოვიდოდაო…წავედი სამსახურში დილას და საღამოს აგერ ჩამოკიდული დამხვდა“, –  უყვება იგი „რადიო თავისუფლებას“.

JAMnews-ის ინფორმაციით, ექსპერტიზის პასუხები ქობულეთში გასულ კვირას ჩავიდა, თითქმის ორი თვის თავზე. ნინის ოჯახს ამის შესახებ, სავარაუდოდ, 3 თებერვალს შეატყობინეს და ნინი დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს.

ეს იყო ნინი ბოლო ვიზიტი პოლიციაში. ის სოციალურ მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს და მალევე გაუშვეს.

„იქ იყო მითითებული, რომ არის დაზიანება მარჯვენა ფეხზე. სისხლჩაქცევა მცირედი. რადგან ეს დაფიქსირდა, ნინი დაიბარეს დასაზუსტებლად თუ რას უკავშირდებოდა ეს სისხლჩაქცევა. ნინიმ თქვა, რომ საწოლს მიარტყა ფეხი და ეს ძალადობის საქმეს არ უკავშირდებოდა“.

გარდა ამისა, როგორც წყარო ამბობს, ექსპერტიზა ადასტურებდა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი სქესობრივ კონტაქტს.

„თუმცა ვინაიდან ექსპერტიზა შემთხვევიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა, ის ვერ ადგენდა, ეს იყო თუ არა პირველი სქესობრივი პარტნიორი. როგორც ვიცი, ბიჭის მხარე იმასაც ამბობდა, რომ ის არ ყოფილა ნინის პირველი და ერადერთი სექსუალური პარტნიორი… შეიძლება ეს ხმებიც მივიდა ბავშვამდე. ასევე ნინის ალბათ სხვა მოლოდინი ჰქონდა ექსპერტიზისგანაც. ალბათ ფიქრობდა, რომ როგორც კი ექსპერტიზის პასუხი იქნებოდა, ბიჭს ეგრევე დააკავებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. იქ დარჩა კიდევ კითხვები, ასეთი ამბის დამტკიცება ხომ არ არის ადვილი. როგორ უნდა დაამტკიცო? ნინის ის ფაქტი აწვალებდა, რომ ყველას მასში ეჭვი მაინც ეპარებოდა და რომ სიმართლე ცალსახა არ იყო ყველასთვის“.

წყარო იმასაც ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ნინის ოჯახმა პოლიციაში განაცხადა, ბიჭის მშობლები ეკონტაქტებოდნენ მის ბაბუას და ნათესავებს და არწმუნებდნენ, რომ საჩივარი გაეტანათ.

„ნიშნობას სთავაზობდნენ. დაგნიშნავთ და სრულწლოვანები რომ გახდებით, დაქორწინდებითო. ნინის სანათესაო ორად იყო გაყოფილი, ბაბუა არ იყო წინააღმდეგი ნინის თუ უნდოდა, რო იმ ბიჭს გაყოლოდა. ბიძას არ უნდოდა. თვითონ ნინიც წინააღმდეგი იყო“.

სოციალურმა მუშაკმა ნინის ფსიქოლოგის დახმარება შესთავაზა, რაზეც გოგონა არ დათანხმდა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა.

ნინის ოცნება

1 თებერვლის შემდეგ ნინის სოფელში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდა, თუმცა ნინი სკოლაში არ მისულა.  

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლისთვის არავის შეუტყობინებია, რომ ერთ-ერთი მოსწავლე ძალადობის მსხვერპლი გახდა და საქმე იყო აღძრული.

„რომ არ მოვიდა სკოლაში, დამრიგებელი დაუკავშირდა მოსწავლეს. გვითხრეს, რომ დადიოდა კბილის ექიმთან. პრობლემები ჰქონდა, სტკიოდა კბილი და ბაბუას დაყავდა ექიმთან”, – ამბობს საჯარო სკოლის დირექტორი „რადიო თავისუფლებასთან“.

წყარო ამბობს, რომ გარეგნულად ნინის ვერ შეატყობდი, რომ ასეთ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო:  

„არ ვიცი იმ დღეს რა მოხდა. აფექტში გააკეთა ეს. იმიტომ რომ, ის მომავლის გეგმებს აწყობდა. ადამიანები, რომლებიც მომავლის გეგმებს აწყობენ თავს იკლავენ?

ის არ ფიქრობდა, რომ ეს ამბავი იყო მისი ცხოვრების დასასრული. მისი ოცნება იყო  დედასთან წასვლა. ამ შემთხვევამდეც სულ ამბობდა, რომ დედასთან უნდოდა წასვლა… რაღაცა მოხდა, რამაც აფექტურ მდგომარეობაში ჩააგდო. ნეტა, იმ ბიჭმა ხომ არ მიწერა რამე? თუ იმ ფიქრმა არ მოასვენა, რომ მისი არ სჯეროდათ?“

ნინის შემდეგ

შსს-ს ცნობით, დაკავებულ ახალგაზრდა კაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით ედება, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

რაც შეეხება გოგოს გარდაცვალებას, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ის, რაც ნინის შეემთხვა, კიდევ ერთხელ ააშკარავებს ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს ქალთა და ბავშვთა წინააღდეგ მიმართულ დანაშაულთან დაკავშირებით.

ნინის შემთხვევა განსაკუთრებულია – ძალადობის მსხვერპლი მოზარდის ისტორია სისტემამ არა მისი თვითმკვლელობის მერე, არამედ გაცილებით ადრე შეიტყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერც ოჯახმა, ვერც სამართალდამცავებმა, ვერც სოციალურმა სამსახურმა ვერ შეძლო.

“ამ ვითარებაში მთავარი დამნაშავე ცალსახად არის სახელმწიფო – სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ბავშვთან შესაბამისი პირების ჩართულობა,” – ამბობს თამარ ლუკავა, ორგანიზაცია საფარის იურისტი.

ეს ორგანიზაცია ქვეყანაში წლებია ქალთა და ბავშვთა უფლებებს იცავს. იურისტი ამბობს, რომ მუდმივად აწყდებიან საქმეებს, სადაც მთავარი პრობლემა გამოძიების და ექსპერტიზის ხანგრძლივი დროით გაჭიანურებაა.

“პარადოქსია, რომ საქმეებში, სადაც ბავშვებს და ქალებს დაზარალებულის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ, დევნა რა არის დაწყებული. ანუ პროკურატურა ამბობს, რომ დანაშაული მოხდა, გვყავს დაზარალებული, მაგრამ არა გვყავს დამნაშავე”, – ამბობს ლუკავა.

მისი თქმით, ძალიან დიდხანს უწევთ ქალებს და ბავშვებს ექსპერტიზის დასკვნის ლოდინი.

“შეიძლება საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზა იყოს დანიშნული, მაგალითად, სამედიცინო, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური. მოვიდეს ერთი ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მოხდა დანაშაული, მაგრამ პროკურატურა რატომღაც ელოდება სხვა ექსპერტიზის დასკვნებსაც. ასეთ საქმეებზე ხომ წარმოუდგენელია რომ იყოს ბევრი მტკიცებულება? პირდაპირი მოწმე ხომ არ ეყოლება, მაგალითად, პედოფილიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია დაზარალებული და მისი ჩვენება და ამას არ ითვალისწინებს პროკურატურა”, – ამბობს ლუკავა.

#ნინისგამო

ქობულეთში მომხდარი შემთხვევის კვალდაკვალ, ქალთა ორგანიზაციამ წამოიწყო ასდღიანი კამპანია, რომელსაც #ნინისგამო ერქმევა.

ამ კამპანიას, რომელსაც ასობით ქალი უერთდება, კონკრეტული მიზნები და მოთხოვნები აქვს:

● შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი. “საქართველოში თუ არ დაგალურჯეს და არ გცემეს, მაშინ არ ითვლები გაუპატიურებულად, ეს უნდა შეიცვალოს”, – ამბობს ქალთა მოძრობის ერთ-ერთი ლიდერი ბაია პატარაია.

● შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს.

● ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა.

● დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.

“მთელი 100 დღე უნდა ვიმომქმედოთ ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”, – ამბობენ ქალები.

უფლებადამცველები ასევე ითხოვენ ქვეყანში რეალურად ამუშავდეს სოციალური დაცვის სამსახური. ცნობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტს, სადაც 50-ზე მეტი სოფელია, ერთი სოციალურ მუშაკი ემსახურება.

____________________________

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share