Jump to content
×
×
  • Create New...

როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიან - ნინის შემთხვევა პირველი არაა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
 
თებერვალი 12, 2021

D374C1AE-4BF3-4385-8C55-FD17C7898B65_w10
 

14 წლის გოგოს, რომელიც ბაბუამ 9 თებერვალს, სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა, ხვალ, 13 თებერვალს დაკრძალავენ. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კიდევ ერთი ოფიციალური ცნობა 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე, 12 თებერვალს გავრცელდა. პროკურატურამ 23 წლის კაცს ბრალი წარუდგინა ორი, 115-ე და 140-ე მუხლებით.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

აი, ეს არის ის, რაც 14 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ვიცით: ერთი, რომ არასრულწლოვან გოგოსთან 23 წლის კაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. და მეორე - გოგომ თავი მოიკლა.

ცნობები, უფრო ზუსტად კი, მოარული ხმები

არაოფიციალური ცნობები კი, რომელსაც მედია ორი დღეა ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, ახლობლებისგან, მასწავლებლებისგან თუ უბნის მაღაზიის გამყიდველებისგან აგროვებს, მრავალფეროვანია.

 

ოჯახის წევრის, უფრო ზუსტად კი გარდაცვლილის ბაბუის ინფორმაციით, მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მათ პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინეს. გოგო პოლიციაში გამოკითხეს და, სავარაუდოდ, დაიწყო გამოძიება, რადგან ბაბუის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხმაც, მისივე თქმით, დაიგვიანა. დაგვიანებული პასუხის მოლოდინში კი 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა.

ბაბუისა და ოჯახის სხვა ახლობლების ცნობით, 23 წლის კაცმა გოგოზე ორჯერ, გასული წლის ზაფხულში და დეკემბრის დასაწყისში იძალადა. მათი თქმით, გოგომ ძალადობის შესახებ ოჯახს სწორედ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინა.

დაკავებული კაცის მშობლები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მათი შვილი და 14 წლის გოგო ერთმანეთს იცნობდნენ. თუმცა, გამორიცხავენ ყოველგვარ ძალადობას და აქეთ ადანაშაულებენ გოგოს ბაბუას ძალადობაში. მათი თქმით, ნასვამი ბაბუა სისტემატურად ძალადობდა შვილიშვილზე. დაკავებულის მამა ირიბად იმასაც მიუთითებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და მას შემდეგ, რაც გოგო სრულწლოვანი გახდებოდა, დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, მოზარდის ოჯახისგან ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

ნინის სკოლის დირექტორის თქმით, მათ არაფერი იცოდნენ ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მისი თქმით, არც ოჯახს, არც პოლიციასა და არც სოციალურ მუშაკს სკოლა საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

12 თებერვალს გაირკვა, რომ შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედას, მერი რომანაძე-ცეცხლაძეს, რომელიც წლებია თურქეთში ცხოვრობს და საქართველოში შვილის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ მის შვილზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კონკრეტულად კი, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა:

a13c91d6-0326-4f75-972c-357a261d9424_cx0

„როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს - ბავშვი გაუპატიურებული იყო თუ არა [ამის გასაგებად], თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“.

14 წლის ნინი და მისი უფროსი და-ძმა წლების განმავლობაში ბაბუასთან იზრდებოდნენ. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპათ, დედა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაოჯახდა. სავარაუდოდ, ექვსი წელია, გოგო და მისი ოჯახი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც ნინის უფროსი და სრულწლოვანი გახდა, მოზარდის ოფიციალურ მეურვედ ის დაინიშნა.

სწორედ ნინის დის ინტერესებს დაიცავს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე. მან უკვე მიმართა პროკურატურას, რომ ნინის 20 წლის დას მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. პროკურატურის გადაწყვეტილებას ანა მომდევნო 48 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, 14 თებერვალს, დღის ბოლოს ელის.

ამის შემდეგ კი მათ, როგორც დაზარალებულ მხარეს, საქმის მასალები სრულად უნდა გადაეცეთ და ანა უფრო დეტალურად შეძლებს ილაპარაკოს 14 წლის მოზარდის საქმეში არსებულ ხარვეზებზე. თუმცა, მანამდე, ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, გამოძიებას საქმე თაროზე ჰქონდა შემოდებული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოზარდმა თავი მოიკლა, პროკურატურას „საზოგადოების აგრესიის შეეშინდა“ და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე საათში დააკავა.

რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას და რა არ გააკეთა

როდის დაიწყო გამოძიება? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? ვინ გამოიკითხა საქმეზე? ბავშვი რა პირობებში და ვისი თანდასწრებით გამოკითხა გამოძიებამ? როდის ჩატარდა ექსპერტიზა? რა სახის ექსპერტიზები ჩატარდა? როდის მიიღო გამოძიებამ ექსპერტიზის პასუხები? ინფორმირებული იყო თუ არა ბავშვი სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობაზე? იყო თუ არა ჩართული პროცესში ფსიქოლოგი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ანა თავხელიძეს საგამოძიებო უწყებებთან აქვს.

სანამ საქმის მასალებს გაეცნობა, ანა იმ ძირითად ხარვეზებზე გვესაუბრება, რომლებიც შორიდანაც ნათლად ჩანს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში:

D0D2517D-BB57-4D28-9FDF-02643113EE2F_w65

„ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ მინიმუმ ორი თვის წინ იცოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ. სექსუალური ძალადობის საქმეებზე, გადამწყვეტია ძალიან სწრაფი რეაგირება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ბავშვმა პოლიციას შეატყობინა, რომ მის მიმართ მოხდა სექსუალური ძალადობა და დადგინდა გარკვეული კავშირი სავარაუდო მოძალადესა და მსხვერპლს შორის, პოლიციას, ცხადია, უნდა გაეკეთებინა დაშვება, რომ ბავშვი ამბობს სიმართლეს. გამოძიების ამ ეტაპზე მოქმედებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და ბავშვის ჩვენება სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ პოლიციას მაშინვე მიემართა შემზღუდავი ღონისძიებისთვის - ერთი, შეეძლო განეხორციელებინა გადაუდებელი აუცილებლობით დაკავება და არ დალოდებოდა სასამართლოს ნებართვას და მეორე, თუკი დაკავების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურორს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო პირის დაკავება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ასეთი მიმართვა სასამართლოსადმი არ ყოფილა და მათ არ აუღიათ განჩინება პირის დაკავების თაობაზე, რაც პროკურორის მხრიდან დარღვევაა“.

ძალიან უცნაურ და სერიოზულ დარღვევად მიაჩნია ანა თავხელიძეს ის ფაქტიც, რომ მოზარდი გამოძიებამ არ ცნო დაზარალებულად:

„რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ბავშვს არ დაუჯერა და ამიტომ ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნით შეეცდებოდნენ დარწმუნებულიყვნენ, ბავშვმა სიმართლე თქვა თუ მოიტყუა. პოლიციამ კი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვა. ამ საქმეში მთავარი პრობლემა ისაა, რომ დროულად არ შეგროვდა მტკიცებულებები და რა მტკიცებულებებიც ჰქონდა გამოძიებას, იმასაც არ დაუჯერეს. ძალიან საინტერესოა, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა მიღებული პირის დაკავებამდე? ამ საკითხთან დაკავშირებით, დადასტურებული ინფორმაცია ჯერ ვერ ვნახე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუკი ეს პირი ჯერ დააკავეს და შემდეგ მივიდა ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას მანამდეც შეეძლო მისი დაკავება და თუკი ექსპერტიზის პასუხი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თებერვლის დასაწყისში მივიდა გამოძიებაში, მაშ, რაში დასჭირდა გამოძიებას ერთი კვირა პირის დასაკავებლად? და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა?“

ანა თავხელიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზზე მიუთითებს:

„ზოგადად, ექსპერტიზის დასკვნა არ არის გადამწყვეტი მტკიცებულება, ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რადგან ექსპერტიზის დასკვნები, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს საქმეში, ფიზიკურად ვერ ჩატარდეს ექსპერტიზა. აქ გადამწყვეტი მტკიცებულებაა ის, თუ რას გეუბნება დაზარალებული. რამდენად დეტალურად აღწერს გარემოებებს, რამდენად თანმიმდევრულად აკავშირებს მოვლენებს და ა.შ. აქ საქმე გვაქვს გარკვეულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან. მაგალითად, რომ მისულიყო პოლიციაში სრულწლოვანი კაცი და ეცნობებინა ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, ამაზე სულ სხვა რეაგირება ექნებოდა პოლიციას, მაგრამ რაკიღა იყო სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე, მოზარდი გოგო, ისედაც დაბალი მგრძნობელობა ამ თემის მიმართ, ნაკლებად სენსიტიურია ამ თემის მიმართ პოლიცია, განსაკუთრებით, რეგიონებში და მარტივად რომ ვთქვათ, მათ საქმე უბრალოდ თაროზე შემოდეს“.

სად იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და განათლების სამინისტრო?

მხოლოდ გამოძიების ნაწილი არ არის ის სუსტი რგოლი, რომელსაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ამ საქმეში ხედავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის, ანა აბაშიძის მთავარი კითხვები, გარდა საგამოძიებო ორგანოებისა, მიემართება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და განათლების სამინისტროსკენ. მისი თქმით, ამ უწყებებმა, დიდი ალბათობით, არაფერი გააკეთეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად. ანა აბაშიძის თქმით, ახლა მათი მიზანია, გაარკვიონ, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ბავშვის დაცვა:

A02F7D23-BC58-4AF9-B2F6-0709B7B573B5_w65

„რა გააკეთა სკოლამ? რა გააკეთა სოციალურმა მუშაკმა? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს როლი ძალიან დიდია, როდესაც მსხვერპლი არასრულწლოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ეს რგოლი ჩართული იყო საქმეში, მაგრამ ფაქტია, ვერც ამ სისტემამ შეძლო ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კონტროლი და დახმარება. რაც ეს დღეებია გვესმის, იკვეთება, რომ შესაძლოა, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო, გარკვეულ ბულინგს და სხვა სახის ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, ვისგან და როგორ, ეს დეტალებია, რომლებიც უნდა დავადგინოთ, მაგრამ ფაქტია, საუბარია იმაზე, რომ ბავშვს, გარდა სექსუალური ძალადობისა, ჰქონდა დამატებითი წნეხიც. კიდევ ერთი მთავარი უწყება ამ სუსტ რგოლში, განათლების სამინისტროა. მათთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, ესწრებოდა თუ არა მოზარდი ბოლო თვეების განმავლობაში ონლაინგაკვეთილებს რეგულარულად? და მას შემდეგ, რაც პირველი თებერვლიდან სასკოლო სივრცეში გადაინაცვლა საგაკვეთილო პროცესმა და, ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, რა გააკეთა სკოლამ რეალური მიზეზის გამოსარკვევად?“

ბავშვები, რომლებიც სისტემამ ვერ დაიცვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ზოგადად, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის საქმიანობა, უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი ხდება.

ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 2019 წელს თბილისში, 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა „ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან.

ვერც 16 წლის გიორგის საქმეში გამოიჩინა თავი სოციალურმა სააგენტომ, როდესაც 2019 წლის ივლისში, გიორგი სოფელ გვიმრიანიდან თბილისში წამოვიდა, მშენებლობაზე დასაქმდა და სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. არადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, 2015 წლიდან, გიორგისთან და დედამისთან, ინტენსიურად მუშაობდა სოციალური მუშაკი და მათთან ყოველთვიური კონტაქტი ჰქონდა.

მაგალითად, არაფერი იცოდნენ სოციალური ზრუნვის სააგენტოში არც 2020 წლის აგვისტოში, როცა 11 წლის ავთომ სოფელ ძევრში თავი მოიკლა. მიზეზად მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობა დასახელდა.

არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა?

ერთ-ერთ ასეთ მიზეზად სახელდება ქვეყანაში სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა. უკვე წლებია, სოციალური მუშაკები ხმამაღლა მიუთითებენ თავიანთ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, იქნება ეს ერთ მუშაკზე დაწერილი 70-80 საქმე, დაბალი ხელფასი, გადაადგილების სირთულეები თუ ა.შ. თუმცა, როგორც მაია მგელიაშვილი, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპამდე, სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ თითოეული სოციალური მუშაკი შესაძლოა მუშაობდეს მაქსიმუმ 50 საქმეზე, თუმცა, მაია მგელიაშვილის თქმით, ფაქტები სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს:

29D16173-8D05-44B7-8AF0-1F9944DC745A_cx0

„ქობულეთში, სადაც 14 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა, დღესდღეობით მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ხარვეზების აღმოფხვრამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. გოგონა, რომელიც სუიციდის ზღვარზე იყო, მას არა მხოლოდ სოციალური მუშაკის დახმარება სჭირდებოდა, არამედ მისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო ფსიქოლოგის ჩართულობა. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს, სახელმწიფოს ფსიქოლოგების დეფიციტი აქვს და თითო რეგიონზე მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და აპირებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ, სამწუხაროდ, როცა ფატალური შედეგი დგება, ამ ბავშვებისთვის აღარ არის ეს უკვე გამოსავალი, ბავშვი აღარ არის. კი, ამ პრობლემაზე შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებიც ლაპარაკობდნენ, არასამთავრობო სექტორიც ლაპარაკობდეს, ვსახავდეთ გეგმებს, მაგრამ რეალურად, ამასობაში, ბავშვები კვდებიან“.

დღეს, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 250 სოციალური მუშაკი ჰყავს და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ევროკავშირის დახმარების პროგრამის (ტასისის) რეკომენდაციით, ქვეყანას მინიმუმ 400 სოციალური მუშაკი მაინც უნდა ჰყოლოდა, რათა სათანადოდ მომხდარიყო შემთხვევების მართვა. სოციალური მუშაობის თეორიაში კი განსაზღვრულია, რომ თითო სოციალურ მუშაკზე საქმეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

რადიო თავისუფლება ორი დღეა ცდილობს, მოიპოვოს კითხვებზე პასუხები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან - რამდენი წელია, რაც 14 წლის ნინის ოჯახი სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება? რამდენ ხანში ერთხელ აკითხავდა სოციალური მუშაკი ოჯახს? ჰქონდა თუ არა მოზარდს პრობლემები ოჯახში? იცოდა თუ არა სოციალურმა მუშაკმა მოზარდის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ? მუშაობდა თუ არა მოზარდთან ფსიქოლოგი? რა ტიპის დახმარება გაუწია სოციალურმა მუშაკმა მოზარდს საგამოძიებო სტრუქტურებში? და სხვა. თუმცა, ამ კონკრეტულ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან პასუხი ვერ მიიღო. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, თუკი სააგენტო ან ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე განმარტების გაკეთებას, შეგვატყობინებენ.

#ნინისგამო

14 წლის ნინის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას და სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით.

6AE34A84-E60D-45BF-9264-C8EC5977BF1C_cx0

ქალთა მოძრაობამ დაიწყო ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ მოძრაობისა და გზავნილის მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიისა თუ რიგითი მოქალაქეების გაერთიანება, რათა სახელმწიფომ გაიგოს საზოგადოების ხმა და გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც სისტემას შეცვლის.

12 თებერვალს ქალთა მოძრაობამ პროკურატურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას ხუთი მთავარი მოთხოვნა წაუკითხა:

  • პარლამენტმა შეცვალოს გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა;
  • შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;
  • ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა;
  • გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.
  • გარდა ამისა, ქალთა მოძრაობის წევრები მოითხოვენ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც 14 წლის ნინის სავარაუდო ძალადობის საქმეზე მუშაობდა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

"მსხვერპლი" რომელიც არასდროს რ არის საკმარისი ერის განსანათლებლად. 

ქვეყანა სახელად "საქართველო", სადაც საზოგადოება, სახელმწიფო, ოჯახი მონობას გთავაზობს და სიკეთისკენ გზას არ გიკვალავს.

ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?..... 

*adminis nebiera

Share on other sites

  • ფორუმელი

საშინელებაა :(

არ ვიცი რა დავამატო.

კიდევ რამდენი იქნება რაც არ ვიცით და სამწუხაროდ არ იქნება არც ბოლო შემთხვევა.

 

ამასაც დაიკიდებენ, როგორც ყოველთვის და მხოლოდ მაგალითის მოსაყვანად თუ გაახსენდებათ მაგ ქალთა მოძრაობას თუნდაც.

Share on other sites

  • ფორუმელი

საქმის მასალებში აღმოჩენილი 7 ხარვეზი

 

ოჯახის წევრებმა 14 წლის მოზარდი საგამოძიებო უწყებაში 10 დეკემბერს, საღამოს მიიყვანეს. სწორედ ამ დღიდან იწყება საქმის მასალების ათვლაც, სადაც ადვოკატმა ანა თავხელიძემ არაერთი სისტემური ხარვეზი, გადაცდომა თუ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი აღმოაჩინა:

ხარვეზი 1 - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი რამდენჯერმე გამოიკითხა

14 წლის მოზარდი საგამოძიებო უწყებაში სამჯერ დაიკითხა. 2020 წლის 10 დეკემბერს, 2020 წლის 14 დეკემბერს და 2021 წლის 4 თებერვალს. ანა თავხელიძის განმარტებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის, მით უმეტეს, არასრულწლოვანის რამდენჯერმე დაკითხვა დაუშვებელია.

საქმის მასალების თანახმად, ირკვევა, რომ გამოკითხვა ჩატარდა არა ბავშვზე მორგებულ გარემოში, არამედ პოლიციის განყოფილებაში. გამოკითხვებს ესწრებოდა სოციალური მუშაკი, თუმცა, არ ესწრებოდა ფსიქოლოგი და ადვოკატი:

 

„გამომძიებელმა სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ ბავშვს ჰქონდა უფლება უფასოდ ჰყოლოდა ადვოკატი, პროცესს დასწრებოდა ფსიქოლოგი, თუმცა, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოციალურმა მუშაკმა არ მოითხოვა არც ადვოკატისა და არც ფსიქოლოგის დასწრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა, ერთი მხრივ, სოციალური მუშაკის, რომელმაც არ მოითხოვა ფსიქოლოგისა და ადვოკატის დასწრება, მეორე მხრივ, გამომძიებლის შეცდომა, რომელმაც ნახა, რომ სოციალური მუშაკი ვერ ხელმძღვანელობდა მაღალი სტანდარტით, ამიტომ თავად უნდა ჩაერთო ფსიქოლოგი და ადვოკატი გამოკითხვის პროცესში და მესამე, პროკურატურა. ეს ორგანო ზედამხედველობს ამ პროცესს და როდესაც ხედავს, რომ არც სოციალური მუშაკი და არც გამომძიებელი არ ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი უნდა ითხოვდეს პროცესში ფსიქოლოგისა და ადვოკატის ჩართვას. და ყველაზე მთავარი, სექსუალური ძალადობის საქმეებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს, რომ სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლის გამოკითხვა მოხდეს სპეციალიზებული ინტერვიუერის მიერ, განხორციელდეს აუდიო-ვიდეო ჩაწერა და შემდეგ ამ სახით მიღებული ჩვენება იქნას გამოკვლეული, გამოძიებამ არც ეს შანსი გამოიყენა და პირიქით, ბავშვი სამჯერ დაიბარა პოლიციის განყოფილებაში“.

ხარვეზი 2 - ბრალდებული არ გამოიკითხა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

გამოძიებამ 23 წლის კაცი გამოკითხვაზე სისხლის სამართლის აღძვრიდან 6 დღის თავზე, 16 დეკემბერს დაიბარა. თუმცა, მან გამოკითხვაზე უარი თქვა. ანა თავხელიძე ამბობს, რომ რაკი საგამოძიებო უწყებამ ჩათვალა, რომ მისი გამოკითხვა საქმისთვის საჭირო იყო, გამოძიებას კაცის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოეთხოვა:

„ეს კი გამოძიებამ არ გააკეთა. რაკი პირი გამოკითხვაზე დაიბარეს, ე.ი. გამოძიებას მისი გამოკითხვის ინტერესი ჰქონდა, როდესაც მან უარი თქვა გამოკითხვაზე, გამოძიებას უნდა შეეგროვებინა მტკიცებულებები, მიემართა სასამართლოსთვის და უნდა მოეთხოვათ მისი სასამართლოში გამოკითხვა, რაც არ გააკეთეს“.

ხარვეზი 3 - არ ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა

საგამოძიებო პროცესის დაწყებისას, გამოძიებამ არ დანიშნა ბავშვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ანა თავხელიძის თქმით, ამ შესაძლებლობის უგულებელყოფით, გამოძიებამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, გამოეკვლია მოზარდის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და თავიდან აერიდებინა დამდგარი შედეგი.

ხარვეზი 4 - რეაგირების გარეშე დატოვებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის პასუხი

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, რომელიც დეკემბერში ჩატარდა და რომლის პასუხიც გამოძიებამ 11 იანვარს მიიღო, წერია, რომ ნინის სხეულზე სამი სახის დაზიანება ჰქონდა.

  • ერთი - მარჯვენა წინა მხრის არეში;
  • მეორე - მარცხენა წვივის მიდამოში, უკანა მხარეს;
  • მესამე - ფეხის არეში.

ნინიმ საკუთარ სხეულზე არსებული პირველი ორი დაზიანება, 4 თებერვალს, მისი უკანასკნელი გამოკითხვისას, ასე ახსნა: „შემთხვევით დავეჯახე კედელს“.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ სწორედ ეს პასუხი უნდა გამხდარიყო სოციალური მუშაკისა თუ საგამოძიებო უწყების თანამშრომლებისათვის სიგნალი, რომ ნინიმ მათ მის სხეულზე არსებული დაზიანებებისათვის შეუსაბამო პასუხი გასცა და მაშინვე უნდა გაჩენილიყო ეჭვი, რომ გარდა სექსუალური ძალადობისა, მოზარდზე, სავარაუდოდ, სხვა პირმა ან პირებმა ფიზიკურად იძალადეს:

„ძალიან მარტივად იდენტიფიცირებადია, რომ კედელთან ერთი შეჯახებით, მხრის წინა ნაწილსა და ფეხის უკანა ნაწილს, ერთდროულად ვერ დაიზიანებ. ამ დაზიანებებზე ლაპარაკისას, ბავშვი ვინმეს მხრიდან ძალადობაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი - რეფერირების შესახებ დადგენილებაში, სადაც ჩართული სუბიექტია როგორც გამოძიება, ასევე სოციალური მუშაკი, პირდაპირ წერია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს ბავშვის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობაზე ეჭვი. ეს ეჭვი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები და ბავშვის მიერ ახსნილი განმარტება, ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამ სიტუაციაში, ბავშვის ახსნა არ შეესაბამებოდა მის დაზიანებებს. ეს ფაქტი 4 თებერვალს ცნობილი გახდა გამოძიებისათვის და სოციალური მუშაკისთვის. მათ, მაშინვე უნდა გასჩენოდათ ეჭვი, ბავშვის მიმართ განხორციელებულ სხვა ტიპის ძალადობაზეც და უნდა მიეღოთ ყველა შესაბამისი ზომა. 4 თებერვალს, ვინმეს მაინც რომ ერთი სწორი ნაბიჯი გადაედგა, შესაძლოა, ეს ფატალური შედეგი არ მიგვეღო“.

ხარვეზი 5 - დაზიანება ფეხზე, როგორც გაუპატიურების კვალი

ნინის სხეულზე კიდევ ერთი, მესამე დაზიანება, ფეხზე ჰქონდა. ანა თავხელიძეს მიაჩნია, რომ ეს დაზიანება, სხვა გარემოებებთან ერთად, მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ 140-ე მუხლი, 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირი, 137-ე მუხლით, გაუპატიურების მუხლით უნდა შეიცვალოს.

14 წლის ნინი, 4 თებერვლის ჩვენებაში განმარტავს, რომ დაზიანება მას ბრალდებულმა მიაყენა. ის ამბობს, რომ 23 წლის კაცმა მას ფეხზე ხელი მოუჭირა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო.

ხარვეზი 6 - რატომ უნდა მიენიჭებინა გამოძიებას ნინის საქმისთვის გაუპატიურების კვალიფიკაცია

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ანა თავხელიძე ფიქრობს, რომ მოზარდის საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეეცვალოს და ის გაუპატიურების მუხლით უნდა წარიმართოს, ეს ნინის ჩვენებების შინაარსია. ანა თავხელიძე ამბობს, რომ 14 წლის ბავშვის ჩვენებები ადასტურებს, რომ მოზარდს 23 წლის კაცთან სექსუალური კავშირი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჰქონდა. მეტიც, ანა თავხელიძის თქმით, ნინის ჩვენების თანახმად, მოზარდი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა:

„იმისათვის, რომ სახეზე იყოს ინფორმირებული თანხმობა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რასთან დაკავშირებით გასცემს ადამიანი ამ თანხმობას, ვისთან სექსუალურ ურთიერთობაზე, რა პირობით, რა სახის სექსუალურ ურთიერთობაზე და ა.შ. ბავშვის ჩვენებით კი დასტურდება, რომ მხოლოდ იმ პირობით და იმ შემთხვევაში იყო ის თანახმა სექსუალურ ურთიერთობაზე, თუკი შემდეგ ისინი თანაცხოვრებას დაიწყებდნენ. ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ბავშვს ამის მოლოდინი ჰქონდა. ჩვენების თანახმად, სექსუალური ურთიერთობის შეთავაზებაც და დაყოლიებაც მოხდა ბრალდებულის მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ეპიზოდის შემთხვევაში, ბრალდებულმა ბავშვს შესთავაზა ალკოჰოლური სასმელი და მოზარდმა ის მიიღო. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო გამორიცხავს გააზრებული თანხმობის არსებობას, სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს და კიდევ უფრო ამცირებს ინფორმირებული თანხმობის შანსს“.

ხარვეზი 7 - სოციალური მუშაკის საქმიანობა

საქმის მასალები, რომლებსაც ანა თავხელიძე გაეცნო, მისი თქმით, ავლენს სოციალური მუშაკის საქმიანობის არაერთ მნიშვნელოვან გადაცდომას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში. ადვოკატის თქმით, სოციალური მუშაკი განმარტებით ბარათში წერს, რომ მან მოზარდს გარკვეული პერიოდის წინ შესთავაზა როგორც ფსიქოლოგის დახმარება, ისე მინდობით აღზრდაში გადაყვანა, თუმცა, ბავშვმა ამ შეთავაზებებზე უარი თქვა. ადვოკატი ამბობს, რომ რაკი სოციალურ მუშაკს გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, ბავშვს მინდობით აღზრდაში გადაყვანა ან თუნდაც, ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებოდა, საბოლოო გადაწყვეტილება მოზარდისთვის არ უნდა მიენდო და შესაბამისი ზომები უნდა მიეღო:

„დავუშვათ, რომ მან ასეთი შეთავაზება მართლაც გააკეთა, შემდეგ იხელმძღვანელა ბავშვის უარით და სხვა ზომებს აღარ მიმართა, მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაცდომაა. სოციალურ მუშაკს ევალება გადაწყვეტილების მიღება, რისკების შეფასება და თუკი მას ეჭვი გაუჩნდა და ჩათვალა, რომ შესაძლოა, საჭირო ყოფილიყო ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანა, ფსიქოლოგის ჩართვა, საბოლოო გადაწყვეტილება როგორ მიაღებინა ბავშვს? სოცმუშაკის ფუნქცია ხომ ისაა, რომ შეაფასოს რისკები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში კი გამოვიდა, რომ მან მთელი პასუხისმგებლობა ბავშვზე გადაიტანა“.

კიდევ ერთი ხარვეზი, რომელსაც ანა თავხელიძე სოციალური მუშაკის საქმიანობაში ხედავს, მოზარდის დის მეურვედ დანიშვნას შეეხება. ადვოკატი, ნინის 20 წლის დაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ის, 18 წლის ასაკში ისე დაინიშნა უმცროსი და-ძმის მეურვედ, რომ სოციალური სამსახურის მხრიდან არანაირი შეფასება არ მომხდარა, შეეძლო თუ არა მას და-ძმისთვის მეურვეობა გაწევა.

„მას შემდეგ, რაც გოგო და-ძმის მზრუნველად დაინიშნა, ანუ, ბოლო ორი წელია, სოცმუშაკს მასთან არც ერთხელ არ ჰქონია კომუნიკაცია. მეტიც, სოცმუშაკმა იცოდა, რომ გოგო ცხოვრობდა ცალკე, რადგან მას ჰყავდა ოჯახი. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, სოცმუშაკმა დას უთხრა, რომ რამდენიმე ხნის წინ, ნინის დასთან გადასვლა შესთავაზა, თუმცა, უარი მითხრაო. დამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ანუ, მივდივართ იქამდე, რომ სოცმუშაკმა, ყველა ეტაპზე, გადაწყვეტილება მიაღებინა ბავშვს, რაც მნიშვნელოვანი დარღვევა“.

ანა თავხელიძის თქმით, ნინის და, როგორც მეურვე, არც საგამოძიებო პროცესის დროს დაუბარებიათ გამოკითხვაზე და მას არც სოციალური სამსახური დაჰკავშირებია.

30F27DF6-2778-4492-9270-BDF2346A8784_w65

''რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ თუ რატომ დაინიშნა უმცროსი და-ძმის მეურვედ უფროსი და, გეტყვით, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვების მამა გარდაიცვალა, ხოლო დედა საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, 2011 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა ბავშვების ბებიამ და მოითხოვა, რომ თავად დანიშნულიყო ბავშვების მეურვედ, რაკი დედა აღარ ცხოვრობდა საქართველოში, ვერ ახორციელებდა მათზე ფაქტობრივ ზრუნვას და საჭირო იყო ადგილზე ბავშვების კანონიერი მეურვის ყოფნა''.

ანა თავხელიძის თქმით, პროცედურის თანახმად, სოციალურმა სამსახურმა მიმართა სასამართლოს. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული, დედამ სოციალურ სამსახურში დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ვერ ახერხებდა ბავშვებზე ზრუნვას და მათ მოვლას. საქმის მასალებიდან გამომდინარე, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, მიმართა დედას, რათა წარედგინა მისი საბოლოო პოზიცია, თუმცა, სასამართლო, გადაწყვეტილების დოკუმენტში უთითებს, რომ დედამ არ წარადგინა საკუთარი პოზიცია განსაზღვრულ ვადაში, მან არც ვადის გაგრძელება მოითხოვა და არც პროცესში მიიღო მონაწილეობა, ამიტომ სასამართლომ დაუსწრებლად გამოიტანა გადაწყვეტილება, დააკმაყოფილა სოციალური სამსახურის მოთხოვნა და დედის წარმომადგენლობითი უფლება შეზღუდა.

სოციალური მუშაკი, თამარ ღუნაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ნინის ოჯახთან მუშაობდა და საგამოძიებო უწყებაშიც ესწრებოდა ნინის გამოკითხვებს, „ბათუმელებთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას ბავშვისთვის გამოკითხვის არცერთ ეტაპზე არ შეუმჩნევია საეჭვო ნიშნები. ის ამბობს, რომ ნინის გამოკითხვებისას არც ერთხელ არ უხსენებია ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა:

„გარეგნულად მას არ ეტყობოდა არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი. მე ვაკვირდებოდი მის საუბარს. ნინის არ ეტყობოდა შფოთვა, ტირილის მცდელობა, ღელვა, ქაოსური საუბარი, ან სხვა რაიმე ისეთი ფაქტორი, რასაც საგანგაშოდ მივიჩნევდი. ჩვენების მიცემის შემდეგ მე ცალკე ვესაუბრე ნინის და კონკრეტული სერვისები შევთავაზე, თუმცა უარი მითხრა“, - ეუბნება სოციალური მუშაკი „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, მან ნინის არაერთხელ დაუსვა შეკითხვა ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, რას ეუბნებოდნენ ისინი, ელაპარაკა ოჯახის სხვა წევრებს და მის მზრუნველსაც, დას. სოცმუშაკი ამბობს, რომ მას ამ გასაუბრებების ეტაპზე არ დაუნახავს რაიმე რისკი, რაც აფიქრებინებდა, რომ ნინი იყო ან გახდებოდა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი: „იყო თუ არა რაიმე სახის ძალადობა, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივა იყო“, - წერს „ბათუმელები“.

სოციალურ მუშაკს უმოქმედობაში ადანაშაულებს გარდაცვლილი მოზარდის დედა. მან რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს აჩვენა 2018 წელს, სოციალური მუშაკისთვის მიწერილი სატელეფონო გზავნილები, სადაც ქალი სოციალურ მუშაკს დახმარებას სთხოვს. მოზარდის დედის თქმით, მაშინ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი მისი უფროსი ქალიშვილი იყო.

5996cc4b-a4ae-4cc7-b6c9-a37390f7c22a_w65

სატელეფონო გზავნილში, რომელიც 2018 წლის 26 მაისითაა დათარიღებული, სატელეფონო კონტაქტს სახელად „Tamar“-ს, მოზარდის დედა წერს მესიჯს:

„გთხოვთ, გევედრებით, ღმერთის გულიზა. ჩემ შვილს მოწერა უნდა თქვენთან და ვერ გწერთ. სიტუაცია ძალიან ცუდადაა. ხვალ გარეთ გამოგდებას ეუბნება ბავშვს. სად წავა ეს უწლოვანი. ქუჩაში ხომ არ იქნება“.

მესიჯზე პასუხად კონტაქტი სახელად „Tamar“, დედას პასუხს სწერს: „ქალბატონო მერი, ჩამოვიდეს სოციალურში...“

თუმცა, მერი რომანაძე, ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ამის შემდეგ, ის სოციალურ მუშაკთან დაკავშირებას ვეღარ ახერხებს, რადგან მისი თქმით, მისი ტელეფონი სოცმუშაკმა დაბლოკა.

რადიო თავისუფლება ცდილობდა სოციალურ მუშაკთან დაკავშირებას, მის მიმართ დასმულ კითხვებზე პასუხის მოძიებას, თუმცა მასთან სატელეფონო კომუნიკაციის მცდელობა უშედეგო გამოდგა. რადიო თავისუფლებამ კითხვებით მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსაც, თუმცა, დაპირების მიუხედავად, პასუხი ვერც მათგან მივიღეთ.

რა იცოდა სკოლამ?

კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც 14 წლის გოგოს დის ადვოკატი მიუთითებს, სკოლას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, ნინის სკოლის დირექტორი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა, რომ სკოლას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მოსწავლეზე შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ, აღმოჩნდა, რომ ნინის ბიცოლა სწორედ ამ სკოლის ხელოვნების პედაგოგია. ეს ინფორმაცია, რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა, მანანა ჩხაიძემ დაუდასტურა, თუმცა, დამატებით კითხვებზე უარი გვითხრა „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“:

„არ გვჯერა ვერსიის, რომ სკოლამ არაფერი იცოდა. ეს ამბავი იმდენად იყო გასაჯაროებული, იმდენად ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ წარმოუდგენელია, სკოლას ეს არ სცოდნოდა. მით უმეტეს, რომ ბავშვი ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა და ასევე სხვადასხვა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, მათ შორის, სხვადასხვა მტკიცებულებით, რომ ბავშვს არ სურდა სკოლაში წასვლა იმ მიზეზით, რომ იქ შესაძლოა, ის ბულინგის მსხვერპლი გამხდარიყო. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვმა რჩევაც მიიღო, არ წახვიდე სკოლაში, რომ იქ ბულინგის მსხვერპლი არ გახდეო“, - გვეუბნება ანა თავხელიძე.

რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი

2B963FC4-3F50-4F91-9796-6C025FB5EF8A_w65

23 წლის ბრალდებულის ადვოკატს, ირაკლი შავაძეს გამოძიებასთან ბევრი კითხვა აქვს. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოზარდსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს შორის არ ყოფილა სექსუალური კავშირი და 14 წლის გოგო 23 წლის კაცს მხოლოდ დახმარებას სთხოვდა:

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მეუბნება, გოგომ მას გაუმხილა, რომ ნათესავის მხრიდან იყო ძალადობის მსხვერპლი, აქ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ იგულისხმება და სთხოვდა დახმარებას. რაზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, ბავშვს შესთავაზა პოლიციისათვის მიემართა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი რომ დამნაშავე ყოფილიყო, ის არც ბიოლოგიურ ნიმუშებს ჩააბარებდა გამოძიებას. ის არსად გაქცეულა. მას შემდეგაც კი არ მიმალულა, როდესაც გოგოს გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ტელეფონიც საკუთარი ხელით ჩააბარა გამოძიებას. მე მაქვს კითხვები გამოძიებასთან, მკვლელობა თუ თვითმკვლელობამდე მიყვანა? რატომ გარბოდა ბავშვი სახლიდან? რატომ გაიქცა ბავშვი სახლიდან 2020 წლის დეკემბრის თვეში, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა? რატომ არ დააკავა პოლიციამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბავშვის გარდაცვალებამდე?“.

ირაკლი შავაძე ამბობს, რომ გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულა.

რაც შეეხება რადიო თავისუფლების კითხვას, თუკი არანაირ სექსუალურ კავშირს არ ჰქონია ადგილი მოზარდთან, რატომ შესთავაზა 23 წლის კაცის ოჯახმა 14 წლის ბავშვის ოჯახს, მისი დანიშვნა, ირაკლი შავაძე გვპასუხობს:

„გოგოს ოჯახში მართლაც იყო ხალხი მისული, რომ თითქოს ნიშნობა შემდგარიყო, მაგრამ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი, რომ ჩვენ მოგვეხერხებინა ბავშვთან კონტაქტი, რომ ბავშვს დაედასტურებინა ოჯახში ძალადობის ფაქტები და მაშინ მე მივცემდი გარანტიას, რომ მას სამართლებრივად დავიცავდი. თუკი ნიშნობა შედგებოდა და ჩვენ მოგვეცემოდა ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მაშინ ჩვენ ბავშვს ბოლომდე დავუდგებოდით გვერდში სამართლებრივად“.

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ასეთ ბნელ გარემოს ...

 გოგონას პაპისი და პაპის ძმის კომენტარები ვანხე 

ვაიმე გავოოგნდი ეგეთი აზროვნების ხალხი არ უნდა არსებიბდენ

 

 და კიდევ დედის პოზიცია ცოტა გაურკვევლი ჩემთვის 

 

 

 

 

:hi:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 2/14/2021 at 1:25 PM, Moor said:

ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა;

ეს როგორ უნდა ისწავლოს მოზარდმა? ღადაობენ? ამ დროს თავი როგორ უნდა დაიცვა თავად ხარ მსხვრევადი...

13 წლის ასაკში ვიღაც ღლემ ტრანსპორტში ტრაკზე მიჩქმიტა ძლივს გავეცალე მის ხელების ფათურს, სხვები ხედავდნენ და კაციშვილმა ხმა არ ამოიღო, არავინ დამიცვა,  არც გამომწვევად მეცვა და არაფერი, ზამთარი იყო თან,  ტრანსპორტიდან ჩამოსულს გული ამერია და კაი ხანს შფოთვები მკლავდა, ასეთი ისტორიები უამრავი მსმენია გოგოებისგან! 

აქ გარემოს და მშობლების პასუხისმგებლობაა მნიშვნელოვანი პირველ რიგში... 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, Holden Caulfield said:

 გოგონას პაპისი და პაპის ძმის კომენტარები ვანხე 

 

რეგიონებში განსაკუთრებით კიდიათ ინდივიდი რაც უფრო დაგაჩოქებენ და გაგთელავენ მით მეტ სიამოვნებას იღებენ ამით. იმის გამოც კი გავუკრიტიკებივარ მეზობელ ქალებს რომ სკოლიდან სახლისკენ მომავალ ცენტრალური გზის გარდა სხვა გზებზეც დავდიოდი, ათასი გზა მიდიოდა შინამდე ვის რას ვუშლიდი ხელს მაინც და მაინც ასფალტზე უნდა მევლო? იმენა არაფერს გარჩენენ, მერე დგები და იკიდებ ხვდები სხვანაირად სუნთქვასაც აგიკრძალავენ... ეს ის ხალხი არაა რომელიც ძალადობის შემთხვევაში შენ მხარეს დადგება! 

Edited by cosmia

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share