Jump to content
×
×
  • Create New...

გიორგი შერვაშიძე – ცხოვრება ტკბილი…


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/02/giorgi-shervashidze124.jpg

–  მამა, ხვალისთვის სკოლაში თემა მაქვს დასაწერი.

– მერე დაწერე.

– შენზე უნდა დავწერო.

– ჩემზე რატომ?

– რავი, ეგრე მითხრეს, მშობლებზე რამე დაწერეთო. ვინ არიან და როგორებიო?

– მერე დედაზე დაწერე.

– მე შენზე მინდა.

– ვაჰჰჰ… აქაც არ უნდა მომასვენოთ, რა. მიდი, ჰა, მითხარი, რა გინდა.

– მომიყევი შენზე. ოღონდ, სად მუშაობ და ეგეთები არა. აი, ის მომიყევი, სულ, სულ თავიდან…

– დაბადებიდან?

–  ჰო, დაიწყე…

– მოკლედ, მე რომ დავიბადე, უკვე გვიანი ღამე იყო. დედაჩემს დიდხანს უწვალია. მისი კივილი, თურმე, მთელ კამოს ქუჩას ესმოდა. ბიძაჩემისგან ვიცი ეს ამბავი. როცა შეთვრება და ჩემ სადღეგრძელოს ამბობს, ყოველთვის ამ ისტორიას იხსენებს. ჰოდა, კიდევ იმას, რომ 2 ბოთლი შამპანური ძლივს იშოვნა. მაშინ მაგდენი მაღაზიები კი არ იყო?! და არც შამპანური იშოვებოდა აგრე ადვილად. თანაც ყველაფერი ადრე იკეტებოდა. კომუნიზმი იყო, რა… ახლა არ მკითხო, ეგ რა არისო? ამაზე სხვა დროს გიამბობ. ჰოდა, სად გავჩერდი? ა, ჰო, ნუ, მოკლედ, დავიბადე… რა თქმა უნდა, სახლში დიდი სუფრა გაშალეს. იმ დღეს არა, ალბათ, ერთ თვეში. ან ორში. შეიძლება, სამშიც. ფოტოები მაქვს ნანახი. მე სულ პატარა ვარ, „პილიონკებში“ გახვეული. ბებო და ბაბუ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. შენი ბებო და ბაბუ, თორემ ჩემები, მაშინაც ისეთები იყვნენ, როგორებიც სამუდამოდ დამამახსოვრდნენ… კარგი ხალხი იყო… რა მითხარი? ა, ჰო, იმ ფოტოზე სუფრაა გაშლილი. მთელი კამპანია სახეზეა. ამათი სამეგობრო, „მუზეინიკები“. მაგარი გადარეული და გიჟმაჟი სასტავი. უკრავენ, მღერიან, ვიღაცა ხელში მათამაშებს ბურთივით… ერთ ფოტოში ამდენი როგორ ჩანს? მერე ვინ თქვა, რომ ერთია? შავ-თეთრი ფოტოების მთელი სერიაა, მაშ… ძეობის აღნიშვნისას ერთ ფოტოს, აბა, ვინ დასჯერდებოდა?! სხვა, მრავალი ფოტოც არსებობს. ერთზე კიდევ, ეტყობა, ქეიფი უკვე მაგარი გახურებულია და „მუზეინიკებსაც“ მაგარი აწყვეტილი აქვთ. დედაჩემი მაგიდაზეა ამძვრალი, პირში ცერა და საჩვენებელი თითი უდევს და უსტვენს. რატომ უსტვენს? აბა, მე რა ვიცი, ალბათ, მელოდიას აჰყვა. აჯაზებს, რა… მამაჩემი კიდევ იქვე თავისთვის ზის, სრულიად ფხიზელი და გიტარას აჩხაკუნებს. სავარაუდოდ, „ბითლების“ რამე „ვეშს“ უკრავს. შეიძლება, „ჰეი ჯუდსაც“, ან სხვა რამეს. ეგრევე ჩანს, იკითხება, რომ დედა მაგიდაზე სულ სხვა მელოდიამ აიყვანა. იმათ, სხვა დანარჩენთაც, მაგარი კმაყოფილი სახეები აქვთ. იგუდებიან სიცილისგან. ალბათ, „ტრულაილას ფული რად უნდა“-ს მღერიან, ხორხოცებენ. ადრე, აი, ეგეთი ქეიფები იცოდნენ. ეგეთი ტკბილი ცხოვრებაც ჰქონდათ. ჩემი მშობლებიც, აი, ეგეთი განსხვავებულები და მაინც ერთად არიან, დარჩნენ, შერჩნენ… აგერ უკვე 40 წელიცაა… ვატყობ, კიდევ უყვართ ერთმანეთი.

– მამა, შენ ბაღში არ დადიოდი?

– ბაღში არ დავდიოდი? დავდიოდი, აბა, რას ვშვრებოდი. აი, იქა, მუშთაიდთან ახლოს იყო ჩემი ბაღი. ერთხელ მამას კიდეც დავრჩი, დავავიწყდი. უფ, როგორ მწარედ მახსოვს ეგ ამბავი?! დედას ეგონა, რომ მამას უნდა გამოვეყვანე და იმას კიდევ პირიქით. მაშინ ეგრე კი არ იყო ეს მობილურები და ტელეფონები?! საღამოს, უკვე შებინდებისას, სახლში რომ დაბრუნდნენ, მაშინღა აღმოაჩინეს, ბაღში დამტოვეს. მახსოვს, იმდენი ვიჯღავლე, გავსკდი… მასწავლებელს რომ არ დაენახა, ტუალეტში გავდიოდი და იქ ვტიროდი. თან შემოსასვლელი კარიც იქ იყო. იმ დიდ შუშას ვეკვროდი სახით, ვტიროდი და გარეთ ვიცქირებოდი, ველოდი. ჰო, რა იყო, კარს დიდი შუშა რომ ჰქონდეს, გასაკვირია? თან ჩემი ცრემლისა და წვინტლისგან ძალიანაც დალაქავებული? გეცინება ხომ? ახლა მეც მეცინება. მაშინ კი არ მეცინებოდა. არა, კაცო, მარტო ცუდი როდი მახსოვს?! მახსოვს, ბებიჩემი მარო, მარიამი, მარუსა რომ მაკითხავდა ბაღში. შავი, ტყავის, დიდი, მრგვალსახელურიანი ჩანთა ჰქონდა. აი, იმ ჩანთის სუნი ახლაც კი მახსოვს… შიგ ყოველთვის წნევის გასაზომი აპარატი ედო და კიდევ საგზალი. ეგეთი აპარატი შენ ნანახი არ გექნება. შავი იყო და იშლებოდა. მეც ვიცოდი მაგის მოხმარება და ვუზომავდი კიდეც. მართალია, დიდი აზრი არ ჰქონდა, რადგან იმხელა წნევას ატარებდა, სულაც არ ეზომებოდა, მაგრამ მე მაინც მომწონდა ეს პროცესი. „გრუშას“ დააკაჩავებდი, ფონედოსკობს ყურებში გაირჭობდი, წამოვიდოდა გულისცემა, ბაგაბუგი… მერე გახედავდი და მორბის წვრილ შუშაში ვერცხლისწყალი. სადაც გულისცემა ბოლოს დაარტყამდა, გულის წნევაც  ეგ იყო. რა თქვი? კი, გაგაზომინებ, როცა გაიზრდები. უკვე დიდი ხარ? კარგი, მაშინ, როცა, მე მექნება შესაბამისი წნევა, მაშინ გავიზომოთ. ჰოდა, მომაკითხავდა ხოლმე ჩემი მარო ბებო საბავშვო ბაღში და მივყავდი მუშთაიდში. ერთს ჩამიკრავდა გულში და მაგისი მოფერებაც ეგ იყო. კოცნა არ იცოდა, არ მახსოვს ეკოცნოს. ჩამოვსხდებოდით სადმე, გრძელ სკამზე, შეიძლება ამფითეატრთანაც და გახსნიდა იმ თავის შავ ჩანთას. უჰ, რა სუნი ამოვარდებოდა ხოლმე იქიდან… ჭყინტი ყველისა და ვალერიანის წვეთების ერთდროულად… იქვე, გაზეთზევე, გაშლიდა პატარა სუფრას, გამხეთქავდა კიტრით, პომიდვრით და მერე მივყავდი სახლში. აი, ასე, გაზეთშივე ჰქონდა გახვეული ის კიტრიცა და ის პომიდორიც. დააძრობდა ჩანთიდან პატარა ჯაყვას, დანას, და ორთავეს  გათლიდა, გაფცქვნიდა. კიტრს გრძლად, ოთხად გაჭრიდა და პომიდორს კი ორად. ხელსახოცში გამონასკვულ მარილსაც გააჩენდა, მოაყრიდა, ყველსაც დაჭრიდა, თონის პურსაც დატეხავდა და… მაგარი იყო მარო ბებო… დროც კარგი იყო და ცხოვრებაც ტკბილი… აი, კოცნა ხომ არ მახსოვს და, სითბო კიდევ იმდენი, რომ ულევი… ეგრე ყველას მართლა არ შეუძლია.

– მაააა, სპორტზეც დადიოდი?

– დავდიოდი, მაშ, აბა, როგორ?! დინამო სტადიონზე კალათბურთის სექცია იყო გახსნილი და იქ დავდიოდი. ძალიან მომწონდა. ახლა, ვარსკვლავებს არ ვწყვეტდი და იყვნენ ბიჭები, რომლებიც ჩემზე ბევრად უკეთაც თამაშობდნენ, თუმცა, ჩემ ჭიას ვახარებდი. ხან მამას დავყავდი და ხანაც ბებოს. ოღონდ, მეორე ბებოს, ლუდმილას, რომელსაც მოფერებით მილას ეძახდნენ. აი, ასე, რაღაცნაირად სიმაღლეზე იყენებდა ხოლმე წითლად შეღებილ თმას. პომადაც სულ ესვა, „პუდრიც“. მე ბაბულიას ვეძახდი, ოღონდ, რუსული აქცენტით უნდა თქვა ეს სიტყვა, რათა ძალიან მკვახე არ გამოვიდეს. რატომ? თავადაც ნახევრად რუსი და ნახევრად გერმანელი იყო და იმიტომ. თანაც არც ეგ სიტყვაა ქართული. ისე ძალიან ინტელიგენტი ქალი კი იყო. სხვათა შორის, იმავე სკოლაში დადიოდა, რომელშიც მე, ოღონდ, მაშინ იქ ქალთა გიმნაზია იყო. ამას კიდევ, მილას, სულ „გუვერნანტკები“ ზრდიდნენ. ეგენი ვინ არიან? ვინ არიან და აღმზრდელები. არა, ძიძა კი, არა, ისა… უფრო მასწავლებლებივით იყვნენ, რა. აი, თან ქცევასაც რომ ასწავლიდნენ, ხალხში თავის დაჭერას, მიხრა-მოხრას, დანა-ჩანგლის სწორედ ხმარებასა და ეგეთებს… რად უნდოდათ? შვილო, მაშინ  სხვა დრო იყო, სხვა ეტიკეტი ჰქონდათ და ცხოვრების სიტკბოებაც სხვანაირად ესმოდათ. მოკლედ, კალათბურთზე ბაბულიას დავყავდი და ძირითადად ფეხით დავდიოდით. გზად ლექსებს მასწვლიდა, პუშკინს, ლერმონტოვს… ეგენი ვინ არიან? რუსი პოეტები. ხომ გითხარი, ნახევრად რუსი იყო და ქართულადაც არასდროს საუბრობდა-მეთქი. გერმანულად? არა, გერმანულადაც არ საუბრობდა. გერმანულად მხოლოდ დათვლა მასწავლა. ,,აინს, ცვაი, დღაი“… „ხენდე ხოხ“ და „ეტა ტვოი გიტლერ“… მაშინ გერმანული არავის მოსწონდა. მაშინ იყო საბჭოთა კავშირი… ჰო, ჰო, მოკლედ გეტყვი, ბევრს აღარ გავაგრძელებ… ჰოდა, თუ ნაწვიმარი დაგვიხვდებოდა, გზად გუბეები და რამე, ეგრევე ჩვენი თამაშის თამაშს ვიწყებდით. ვითომ, გუბე ზღვა იყო და მშრალი ალაგი კი ხმელეთი, კონტინენტი… მეც გიჟივით დავხტოდი ამ კუნძულებსა თუ ნახევარკუნძულებზე და ბევრჯერ შიგ ოკეანეშიც კი მომიდენია ბრაგვანი. კი, მამასაც დავყავდი. არა, იქ არ დავუტოვებივარ. თუმცა, ერთხელ ჩანთაში შორტის ჩადება დაავიწყდა და იქ რომ მივედით, მაშინღა აღმოვაჩინეთ ეს ამბავი. რაღას იზამდა, აიჩეჩა მხრები და ტრუსით შედიო. მეც შევედი. ძალიან კი მცხვენოდა, მაგრამ ისე არ მინდოდა ვარჯიშის გაცდენა, დავიკიდე. ისე იმ ტრუსსა და იმ შორტს შორის, მგონი, დიდი სხვაობა ისედაც არ იყო. ორივე ისეთი მოფლაშული გახლდათ, ახტომისას კვერცხებიც კი მიჩანდა. შენ იცინი და მე კი მაშინ, იმ დღეს,  სულაც არ მეცინებოდა. არადა, მახსოვს, ცხოვრებაში პირველად „ლიფსოთი“ სწორედ მაგ დღეს ჩავაგდე. „ლიფსო“ რაღაა? სროლაა, რა, ეგეთი, გვერდული. თან „ტრენერმაც“ დაინახა და სექციის დირექტორმაც, ძველი კალათბურთელი იყო. ორივეს გურამი ერქვა. მამაჩემსაც… ყველას გაუკვირდა… და მე კიდევ მეცვა მოფლაშული ტრუსები და ახტომისას კვერცხები მიჩანდა.

– რა სასაცილო ხარ მამა… და შენ დროს სკოლა თუ იყო? უფრო სწორედ, როგორი იყო?

– მაიცა, შენ ახლა ამ ყველაფერს სადმე იწერ თუ იმახსოვრებ?

– ვიმახსოვრებ. მერე რაც ყველაზე საინტერესო იქნება, იმაზე დავწერ.

– მალადეც, ჭკვიანი ბავშვი ყოფილხარ. ის, კვერცხების ამბავი, შეგიძლია, ეგრევე დაივიწყო. არაა აუცილებელი, შენმა ქართულის მასწავლებელმა ასეთი ნიუანსები იცოდეს. რაღაც მკითხე, მგონი?

– შენ დროს სკოლა როგორი იყო-მეთქი?

– ა, ჰო, გამახსენდა. სკოლა იყო სკოლა… მთელი საუკუნე ვისწავლე იმ სკოლაში. იქაურობა დიდად არ მიყვარდა, თუმცა მთელ დღეს კი მაინც იქ, იმ გარემოში, ვატარებდი. ეგ სკოლა ჩვენი ქუჩის ბოლოს იყო და გაკვეთილები რომ დამთავრდებოდა, ფეხბურთის სათამაშოდ ისევ იქ გავრბოდით. ეზო ჩვენ არ გვქონდა და მოედანი. ამიტომაც, ისევ სკოლის სტადიონისკენ მიგვეჩქარებოდა. ან კი, პირდაპირ, დაირეკებოდა თუ არა ბოლო ზარი, დავყრიდით ჩანთებს და სულის შეხუთვამდე ვაგორავებდით ბურთს. აი, ნაღდი ტკბილი ცხოვრებაც მაშინ იყო, თუ იყო. რამდენჯერ სკოლის ფორმაცა და ფეხსაცმელიც კი დამიხევია იმ სტადიონზე. არადა, ყველაფერი თითო წყვილი მქონდა. სიმწრით შეძენილი, ნაშოვნი… კაცო, რა, გამახსენდა და, დღეს ხომ ხუთშაბათია? კი, ნამდვიალდ ეგრეა. ესე იგი, გამოდის, რომ დღეს დიდი ხუთშაბათია და ხვალ კიდევ წითელი პარასკევი იქნება. ეგენი რა არის? მაიცა, შვილო, შენ რა, იმ სკოლაში მართლა საერთოდ არაფერს გასწავლიან? ახლა, ეს კვირა, არის ვნების კვირა. აღდგომის წინა კვირას ქვია ეგრე. ბზობა? არა, ბზობა სხვაა. ეგ წინა კვირა დღეს იყო. ჰოდა, სწორედ მაგ ბზობას შევიდა მაცხოვარი დიდებით იერუსალიმში და რომ დახვდა ის ხალხი დიდი ზეიმით, ტაშ-ფანდურით, მერე იმავ ხალხმა ხმა მისცა მაგის ჯვარცმას, აბა?! კი, ნაღდად ეგრე იყო. ბევრჯერ წარმოვიდგენ ხოლმე ვირზე შემჯდარი მაცხოვარი როგორ შედის იერუსალიმში. ულევი, ზღვა ხალხი ეგებება, გზად ფეხქვეშ უფენენ რაც ხელში მოხვდებათ და თაყვანსაც სცემენ, მის ნაფეხურებსაც კოცნიან. ის კიდევ, ზაქე, მეზვერე ზაქე, ტანად რომელიც პატარა იყო, წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე აძვრა, რათა მაცხოვარი თავისი თვალით ეხილა. დიდი ამბავი იყო მაშინ, თან მაცხოვარს უკვე ბრმისთვის თვალიც აეხილა და მთელი ქალაქიც ამ სასწაულის მღელვარებას მოეცვა. ეს ტანმორჩილი ზაქე კი, რომელიც მრავალს სტანჯავდა უსამართლო გადასახადების აკრეფით, ძლიერ განიმსჭვალა იესო ქრისტეს პიროვნებით, სიტყვით. სინანულშიც კი ჩავარდა. მათხოვრებისა და ბავშვების გუნდს შეერია, წინ გაიჭრა და ხეზე აძვრა, რათა იესო უკეთ ეხილა. ამხელა თანამდებობისა და პატივმოყვარეობის კაცი, მეზვერეთა უფროსი, აძვრა ხეზე… აბა, თქვი, როგორია? მერე კიდევ, მაცხოვრისთვის თავისი სიყვარული, სინანული და გულწრფელობა რომ დაემტკიცებინა, ქონების ნახევარი ღარიბებს დაურიგა და მეორე ნახევარით კი ნაწყენთ ოთხმაგად აუნაზღაურა დანაკლისი. მაცხოვარიც მიჰყვა, სახლში ესტუმრა და ყური არ ათხოვა ბოროტ ენებს, რომელნიც ამბობდნენ, ეგ როგორი მესიაა, მეზვერესთან სტუმრობს, პურსა ჭამს, ძმაკაცობსო? მაიცა, კაცო, ამ პურის ჭამაზე გამახსენდა, მგონი, რაღაც ამერია. დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობა გაიმართა და, აბა, მაშინ ზაქესთან როგორღა ისადილებდა? არა, ნამდვილად რაღაც ამერია. ზაქე, მგონი, იერიქონში იყო და საიდულმლო სერობა კიდევ იერუსალიმში. კი, ნამდვილად ეგრეა და სწორედ ამ სერობაზე იყო მოწაფეთა ფეხთბანა, ტრაპეზი და ზიარებაც. აქვე ამხილეს იუდაც. სწორედ აქ ითქვა, ერთ-ერთი თქვენგანი, აქ შეკრებილთაგანი გასცემსო. რა თქმა უნდა, ყველამ იუარა. იუდამაც… თავი გააქნია, ეგ მე არ ვიქნები, უეჭველი სხვა ვინმე არისო… არადა, უკვე გაყიდული ჰყავდა. იცი, რა მითხარი? და რა მკითხე, შვილო? სკოლაო? უი, გამახსენდა, შენ სკოლაზე მკითხე და მე კიდევ სად წავედი?! გამექცევა ხოლმე ეს ოხერი აზრები. ეჰ, ტკბილია ცხოვრება, სიბერეა მწარე…

– მამა, შენ ჯერ არ ხარ მოხუცი. ეგრე რატომ იძახი?

– ვიცი, ისე, სიტყვას მოვაყოლე, თორემ იმდენი ჯანი კიდევ შემწევს, სულ ყველაფერი შეგისრულო, რაც კი მოგინდება და რასაც რომ ინატრებ.

– მაშინ მიამბე შენ თავზე. აი, როცა პატარა ბიჭი იყავი…

– გიამბობ, აბა, რას ვიზამ. ისევ სკოლაზე გინდა? კარგი, მაშინ მისმინე… და არაფერი რომ არ მაგონდება, რა ვქნა? თუმცა, მოიცა, აი, რაღაც მოგონება წამოვიდა, დაიძრა. სკოლა, შენობა, მის წინ დანთებული ცეცხლი, მგონი, კაბელია გახეთქილი, მე-9 ფიდერი უნდა იყოს. არა, ეს სხვაა… სხვა ცეცხლია… ეს, ეს ჭიაკოკონაა, სკოლის წინ რომ გაგვიმართავს. დიახ, ნამდვილად ეგრეა. იცი, რა არის ჭიაკოკონა? ეეე, აზრზე არა ხარ?! ძალიან მაგარი რამეა. სწორედ ამ დღეს, დიდ ხუთშაბათს, ვმართავდით ხოლმე ჭიაკოკონას. ინთებოდა დიდი, უშველებელი ცეცხლი და ვიკრიბებოდი ხოლმე სულ, სულ ყველანი. დიდიცა და პატარა ბავშვებიც. ვწვავდით საბურავებსა და ძველ ავეჯს. მერე კი, როცა ალი ცოტა განელდებოდა, ამ ცეცხლზე ხტომას ვიწყებდით. ჰო, ეგრე, რა, გავექანებოდით და ამ ცეცხლს ზედ ვახტებოდით. რატომ? რაღა რატომ, მთელი მუღამიც ეგ იყო და იმიტომ. ვინც უფრო მაღალ ცეცლხს გადაახტებოდა, ყველაზე ყოჩაღიც ის გამოდიოდა. თან ერთგვარი რიტუალიც გახლდათ. ტრაკიდან ეშმაკების განდევნის რიტუალი. ნუ, მარტო ტრაკიდან არა, სხვა ბნელი ხვრელებიდანაც. კარგი, ჰო, ნუ მიყურებ ეგრე, აღარ ვიტყვი ცუდ სიტყვებს. ისე კი, ეს რიტუალი, მართლა ეშმაკების განდევნას უკავშირდებოდა. ,,არული კუდიანებსაო“, დასჭყივლებდა ხოლმე ერთი ჩემი მეზობელი და იმხელა ცეცხლში შერბოდა, მეხანძრეც ვერ გაბედავდა შესვლას. მაგარს ვილხენდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვთამაშობდით და ჩუმ-ჩუმად ერთმანეთს კიდეც ვეხუტებოდით. კი, იყო ეგეთი ამბებიც, ცხოვრებაც მეტად ტკბილად მიედინებოდა და მოგონებებიც მეტად მსუყე, მწიფე იყო. მერე ერთხელაც, ისე მოხდა, რომ ცეცხლზე გადასახტომად  მე ერთი მხრიდან გავექანე და იქიდან, მეორე მხრიდან, კიდევ სწორედ ის გოგო გამოექანა, რომელსაც ვეპრანჭებოდი. შიგ კოცონის შუაგულში შევხვდით ერთმანეთს. აი, ეგრე, ჯიხვებივით, თავებით შევასკდით… მე გვერდზე გადავარდი და ის კიდევ შიგ ცეცხლში არ ჩავარდა?! ატყდა ერთი წივილ-კივილი. საწყალი გოგო სულ შეიტრუსა. იქიდან რომ გამოიყვანეს, აღარც წარბი ეტყობოდა და აღარც წამწამი. ჩემზე იყო მერე ძალიან გაბრაზებული. მგონი, მთელი წელიც არ მელაპარაკებოდა. არადა, მე რა შუაში ვიყავი? სიმართლე გითხრა, დიდად აღარც მე დამწყვეტია გული. ეგეთი, უწარბო და უწამწამო, საერთოდაც აღარ მომწონდა. ოღონდ, ეგ მერე იყო და მანამდე, იმ დღეს, როცა ყველა მე მეჩხუბა და იმისი შეტრუსვაც მე დამბრალდა, გვიან ღამით, ისევ იმ ცეცხლათან დავბრუნდი. უკვე ჩამწვართან, დანახშირებულთან და ცხელ გულზე, მეტი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, სკოლის ფანჯრებს ქვები დავუშინე. მოდიოდა მინები წივილ-კივილით და ეცემოდა დაბლა ხმით ძლიერითა… არ ვიცი, რამ გადამრია, მაგრამ სკოლის მინების ნახევარი კი ჩამოვიღე იმ ღამით. მერე მაგრად ვინანე. ჩემი საკლასო ოთახის მინებიც მიმიყოლებია. მთელი კვირა „უშუშო“ კლასში ვიჯექი, ვიყინებოდი და ისევ ყველა მე მლანძღავდა, მაგინებდა. უფრო სწორედ, ვინც ეს მინები ჩალეწა, ჩაამსხვრია, მე იმის ასე და ისეო, ერთხმად გაიძახოდნენ. მე კიდევ ვიჯექი პირში წყალჩაგუბებული და ვლოცულობდი, არავინ მიმხვდარიყო ჩემს მრუდე საქმეს. ცემაში მომკლავდნენ ის ოჯახქორები. დიდებიცა და პატარებიც. განსაკუთრებით კი ისტორიის მასწავლებელი, რადგან სწორედ მაგ დროს დაემართა შარდის ბუშტის ანთება თუ ცისტიტი.

– მამა, სკოლა…

– მკლავს ეს ქარიანი ამინდი. მთელ ენერგიას მაცლის. ეს ვნების კვირა კიდევ საერთოდ მახელებს. ამ კვირაში ხომ ისეთი ამბები ტრიალებს, ხდება, რომ საუცხოო, გასაოცარი… ახლა დღეს ხომ საიდუმლო სერობა და პირველი ზიარება იყო?! მერე ხვალიდან კიდევ ისეთი დღეები მოდის, რომ სულ უფრო ძლიერ ამაფორიაქებელი. მოიცა, რაო, სკოლაო? სკოლაზე მკითხე, ხომ? კი, სკოლაში მართლაც დავდიოდი. თანაც ორშიც. ერთში იქ, სადაც უფრო ადრე ბებიაჩემი მილა დადიოდა და მერე კიდევ ღამისაშიც. უფრო სწორედ, საღამოს სკოლაში. მგონი, მართლა ეგრე ერქვა – საღამოს სკოლა. მსგავსი უბადრუკი რამე არაფერი გენახოს. ჯერ მარტო შენობა რად ღირდა? დიდუბეში იყო, კლასიდან კლასში შედიოდა და შუშაბანდი კიდევ საერთოდაც ხელით ეჭირათ. ჰო, ზუსტად ეგრე, კოლონებზე რომ დაკუნთული კაცების ბარელიეფია. მოსაფსამად რომ გასულიყავი, სამი საკლასო ოთახი უნდა გაგევლო და, შეიძლება, თავი სამასწავლებლოშიც კი ამოგეყო. ჯობდა, ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე გეთმინა, ვიდრე, მთელ სკოლას, თავისი დღისა და საღამოს განყოფილებით, გაეგო, რომ მოსაფსამად გახვედი. ამ გასვლაზე გამახსენდა, იცი, სწორედ სერობის შემდგომ რომ გავიდა მაცხოვარი გეთსემანიის ბაღში მოსალოცად და რომაელმა ჯარისკაცებმაც იქ შეიპყრეს? იქ იყო იუდას განთქმული კოცნაცა და მღვდელ-მოძღვარის მონისგან ყურის დაკარგვის ამბავიც… და იესოს განთქმული სიტყვებიც: ,,მიაქციე მახვილი ადგილსავე თვისსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“… ცხოვრებაც, ტკბილიც და მშვიდიც, სწორედ მანდ, დიდ ხუთშაბათს, გეთსემანიის ბაღში დასრულდა და მაცხოვარიც უმალ მიატოვეს მისმა მოწაფეთა, გაიქცნენ.

– მამა, რა დავწერო? ვეღარაფერი გავიგე?

– გახსოვს უწინდელი ცხოვრება, დრო, სანამ ეს საგიჟეთი დაიწყებოდა?

– დიახ, ყველაფერი მახსოვს.

– მაიცა, ჩაიდანს დავადგამ და ახლავე მოვალ.

– მამა…

– ზუსტად ორ წუთში დავბრუნდები. არსად წახვიდე.

***

ჩაიდანში წყალი დუღს. ეს შობელძაღლი დამდუღრულივით კივის, არ ჩერდება. მივდივარ და გაზქურას ვაქრობ, ვრთავ. ჩაის ვიკეთებ და ოთახში ვბრუნდები. სავარძელში მოხერხებულად ვთავსდები და კაქტუსის უშველებელ ბუჩქს ვუცქერ. მგონი, ცერეუსის ჯიშისაა. კი, ზუსტად მახსოვს, ეგაა. მერე ისიც მახსენდება, რომ ცოლი არა მყავს. არც არასდროს მყოლია. შესაბამისად, არც შვილი მყავს. არც არასდროს მყოლია. აბა, წეღან ნეტავი, ვის ვესაუბრებოდი? მერე მახსენდება ჩემი ფსიქოლოგის რჩევა, რომ არ დავურეკო იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ თავს ვესაუბრები. არც მაშინ, თუ უსულო საგნებთან გავმართავ ლექციას, მონოლოგს. მხოლოდ მაშინ უნდა დავუკავშირდე, როცა ისინი, უსულო საგნები, პასუხს გამცემენ. მგონი, დროა ჩემს ფსიქოლოგს დავუკავშირდე. კი, ნამდვილად, ასეა. საგანგებო მდგომარეობაც კიდევ 1 თვით გაახანგრძლივეს. ასევე კომენდანტის საათიც… სახლიდანაც უკვე საერთოდ აღარ გავდივარ. ყველაფერი მოაქვთ, ურთიერთობის გარდა. მარტოობა ისევ მარტოობად რჩება. იმედია, ძველი დროცა და ტკბილი ცხოვრებაც როდესმე დაბრუნდება. ნეტავ, სად დავიწერე იმ ოხერი ფსიქოლოგის ტელეფონის ნომერი?

– მამა, აგერ, დენის ქვითარზე არ მიაწერე ,,კორონა“?

– რა გულმავიწყი ვარ?! შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა?! ჰოდა, სად გავჩერდით, რას გიყვებოდი?

© არილი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   24 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • Googlebot(1)