Jump to content
×
×
  • Create New...

ოთარ ჯირკვალიშვილი –  ბიზანტია      


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2021/02/bozantia876.jpg

ვუძღვნი ბექა მინდიაშვილს

 

„ჩვენ დავტოვეთ ყველა წინა რელიგიები

და მივადექით საჭურისს ბიზანტიას.“

ტიციან ტაბიძე

 

S/66 ხელნაწერის მიმაგრებულ არშიაზე გაკრული ხელით გაკეთებული მინაწერი:

ჩემი აზრით, თხრობა ასე უნდა დავიწყოთ: ვიღაცა ვიღაცაზე დაქორწინდა, იმის გამო, რომ დედამისი თანახმა არ იყო, ამ ვიღაცას ჯვარი არ დასწერეს, შემდეგ ამან დაიმუქრა, ჯვარს თუ არ დასწერდნენ მოწინააღმდეგეებს მიემხრობოდა. იმ ვიღაცებს შეეშინდათ და თითქოს დასწერეს, მაგრამ თან არ დასწერეს, რადგან ამ ვიღაცაზე მეტად დედამისისა ეშინოდათ. ეს ვიღაცაც ადგა და იმ სხვა ვიღაცებს მიემხრო. ამით ისარგებელეს ამ სხვა ვიღაცებმა და დაუპირისპირდნენ იმ ვიღაცებს, ვისაც ნახევრად ჯვარდაწერილისა და დედამისის ერთდროულად ეშინოდათ. დედაც ადგა და ამათ მოემხრო. ასე აღმოჩნდნენ დედა და შვილი სხვადასხვა მხარეს და იმპერიაში დაიწყო საუკუნის დავა: სულიწმინდა მამისაგან გამოვალს თუ მამისაგან და ძისაგან (Filioque)?.. იმპერატრიცას ცუდ ხასიათზე გაეღვიძა და ოთახში ჩამოკიდებულ ხატს ახედა. რა უცნაურად მიღიმის, მგონი დამცინის, 787 წლის კრების შემდეგ ესენი ნამეტანი დამასხდნენ თავზეო, გაიფიქრა და თამაშის გასაგრძელებლად სასახლეში სამეფო კარის მღვდელს უხმო:

– მამაო, ეს ნაკურთხია? მღვდელი შეაკრთო ასეთმა დაუფარავმა წინასწარგანზრახულმა ინფანტილურობამ. ცუდის მომასწავებელიაო, გაიფიქრა.

– დაახლოებით საუკუნის წინ, ჩვენო დედოფალო.

– ცვლილების შეტანა თუ შეიძლება?

– რას გულისხმობთ?

– ტუჩის კუთხეებს დააკვირდით. – ხატზე გამოსახული ფიგურისკენ მიუთითა. – აქ დახატული წმნიდანის გამომეტყველება ძალიან ცინიკურია. დამეთანხმებით ალბათ, წმინდანს ცინიზმი არ შეშვენის, თუნდაც მთელ დედამიწას განსჯიდეს!

– გეთანხმებით, ეგრეც შეიძლება დანახვა, მაგრამ გააჩნია რომელი პოზიციიდან აღვიქვამთ, მორწმუნის თუ… (კინაღამ წამოსცდა), მაგრამ… მაგრამ საუკუნის წინ დაწერილ ხატში, რომელსაც თვით იოანე დამასკელი იხსენიებს თავის „გარდამოცემაში“, ცვლილების შეტანა ხომ მრევლსაც და ღმერთსაც…

– გაანაწყენებს! – გააწყვეტინა დედოფალმა – საგულისხმოა, რომ პირველად ყოველთვის მრევლს იხსენიებთ… – დედოფალს გაეღიმა და ოდნავ შერბილებული ტონით განაგრძო: – თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც ერეტიკოსი თავნება ხელოვანის მიერ აბუჩად აგდებული მრევლი ცინიზმს და სიწმინდეს ვერ არჩევს ერთმანეთისგან?

– იმპერატორმა თუ იცის რასაც გეგმავთ დედოფალო? – წამოისროლა სასულიერო პირმა. ეს შეკითხვა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანის ტოლფასი იყო, მაგრამ მღვდელი იოაკიმე სიბრაზის გამო თავს ვეღარ მოერია.

– იმპერიას ერთადერთი იმპერატორი ჰყავს, ლეონ IV ისავრიელის ქვრივი და კანონიერი მემკვიდრე, თქვენ ახლა მის წინაშე დგახართ! ის, ვისაც გულისხმობთ, მცირე ხნით განვარიდე აქაურობას, მე კი ანგარიშს მხოლოდ ღმერთს ვაბარებ, ყველაფერი ხომ მისი ნებაა, არ მეთანხმებით?! – მიხვდა მღვდელი რაზეც მიანიშნეს.

– კეთილი, ამ დღეებში მოვუხმობ ჩვენს ხატმწერს, ვკითხავ რამის შეცვლა თუ შეიძლება, თუ არა და…

–  ასე იცის მხატვრის ხელოვნებამდე დაყვანილმა რწმენამ. ნუთუ ადამიანის ფანტაზიამ უნდა განსაზღვროს წმინდანის სახე? მგონი დადგა დრო, იმპერიიდან ექსორია-ვყოთ…

ოდეს ყოფილა ხატთთაყვანისმცემელი ათენელი ქალი ხელოვნების წინააღმდეგ გამოსულიყოო, გაიფიქრა მამა იოაკიმემ, ხმამაღლა კი ეს თქვა:

– შეგახსენებთ დედოფალო, რომ მსგავსი დავები თქვენ მიერ მოწვეულმა კრებამ რამდენიმე წლის წინ…

– მაგრამ ახლა სხვა დავა დაიწყო! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ დავებს ბოლო არ ექნება.

– ყველაფერი ღვთის ნებაა, ჩემო დედოფალო. წავალ, ფერმწერთან კაცს გავგზავნი. მანამდე კი, თუ ისურვებთ, ხატს ისევ წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარში დავაბრუნებთ.

– არ მსურს! რაც შეეხება მხატვრის მოხმობას… – დედოფალმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ამით მიანიშნა, რომ საუბარი დასრულებული იყო. მღვდელი სასწარაფოდ დიდი მოძღვრის სანახავად გაეშურა…

*   *   *

ეს გახლდათ თანამედროვე მკვლევრის მიერ X საუკუნის უცნობი (ვარაუდობენ, კონსტანტინე პორფიროგენეტის) ბიზანტიელი ისტორიკოსის ნაშრომის დაკარგული დასაწყისის აღდგენა/რეკონსტრუქციის მცდელობა. ასეთი გამოტოვებული, დაუდგენელი ადგილები ხელნაწერში სამწუხაროდ ხშირად გვხვდება. ზემოთ მოტანილი გამოტოვებული და თანამედროვე ინკოგნიტო ავტორის მიერ აღდგენილი ფრაგმენტის ციტირების შემდეგ თავად მემატიანე თხრობას ასე განაგრძობს:

„და წამოვიდა დედა დედოფალისა ირინოს სასახლითგან ფრიად დამწუხრებულ და აღზნებულ მამა იოაკიმ და აღეძრა სულში შეცოდებაჲ ვნებაში გარდასული; შეიპყრო დემონმან მრისხანებისამ და აღუძრა ნდომა ტყუენვად და მოოხრებად და სრვად და წაბილწვად დედა დედოფალისა ირინოსი, გამოუთქმელის მკრეხელობისათვის, რომელიც მას განეზრახა საუკუნო სიწმინდის შებილწვითა და ხელყოფით. დამძიმებული გულისთქუმითა და სიფიცხითა მამა იოაკიმ, დროზე მოეგო გონს, მშუიდ იქნა, რამეთუ უხმობდა მას ათორმეტთაგან ერთისა მიერ დაწერილი სიტყუა, წარმოთქმული უფლისა მიერ მთასა ზედა ქადაგებისასა: „ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ რომელი განურისხდეს ძმასა თვისსა ცუდად, თანამდებ არს სასჯელისა; და რომელმან ჰრქუას ძმასა თვისსა რაკა, თანამდებ არს იგი კრებულისაგან განსვლად.“ და მეორე: „ხოლო მე გეტყვ თქუენ, რამეთუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულის-თქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა.“ და მამა იოაკიმ, დამშვიდებული გულითა და განსჯას დაბრუნებული გონებითა, გადასწყვეტს წარსვლად და ხლებად დიდისა მამისა ბერ-მონაზონისა ანტონისა, წმიდისა, ხელდასხმულისა და სახელდებულისა მამათა მიერ, როგორც ანტონი „წმინდასურნელმავრცელებელი“. და ეახლა  მღვდელი იოაკიმ ანტონს, აკლდამაში დავანებულს, განრიდებულს ამა სოფლის ამაოებისაგან, განმარტოებულს, დამკვირდებულს იწროში კლდის ქვაბსა შინა, ისე, რომ ორნი სხეულნი ზეაკრულნი და ურთიერთას გადაჭდობილნი ძლივსა შეეტეოდიან შიგნით. წმინდა ანტონ, მოხრილი წელში, არა წლებისა სიჭარბისა გამო, არამედ ქვაბში მყოფი სიმაღლის სიპატარავისა, მოკუნტული: დაუჯდომელს დამჯდარი აღავლენდა. ამას შეესწრო მამა იოაკიმ, მდუმარედ შეჰყურებდა მნათობს აღმოსავლეთისასა. და განასრულა ანტონ აკათისტო და დადუმდა და მიაჩერდა იოაკიმს თვალებითა მეტყუელითა, თითქოს: ვიცი რისთვისაც მოსულხარო. იოაკიმ მდაბლად თაყვანი სცა და შესჩივლა:

მამაო ჩვენო წმინდასულნელმავრცელებელო, ეს და ეს ბოროტება განუზრახავს დედოფალსა ჩუენსა ირინოსს, რომელსაც ვუმადლით ხატმებრძოლთა ალაგმვას და წმინდისა ხატებისა ჩუენისა გადარჩენას ბიზანტიონში, ახლა კი შესჩენია ბელზებელ, რამეთუ ეშმამ ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რა ესოდენსა გულმოდგინებასა დედოფალისასა ჩუენისა ჩუენს სასარგებლოდ, შეუჩნდა იმას, ვინც ხატთაყვანისცემა გადაარჩინა და განაწყო ხატმბრძოლად, მსგავსად მისი ქმრის წინაპარისა, იმპერატორის ლევ ხატმებრძოლისა. ვერ ხელეწიფების წმიდისა შებღალვა, თუმც ცდილობს ამგვარი ბიწით გამოსცადოს ერთარსი ჩუენი წმ. სამება, ვისი მეოხებითაც ტახტი მისი დაფუძნებულია ჩუენთან, წმიდასა ქალაქსა შინა, ახალსა იეჰრუსალიმსა, დაარსებულსა მოციქულთასწორისა დიდისა იმპერატორისა ჩვენისა კონსტანტინეს მიერ და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერა ერეოდიან მას“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ადგილას ხელნაწერში გამოტოვებული ეპიზოდის შესავსებად ჯარისკაცებივით სამ რიგად განლაგებული წერტილები გვხვდება, რაც ავტორის დახვეწილ გემოვნებაზე და გონივრულ ჩანაფიქრზე მიუთითებს. თითქოს მემატიანემ სცადა ტექსტში დამატებითი საზრისი სიმეტრიულად ჩამწკრივებული (წერტილებს შორის გამოტოვებული მანძილი ყველგან თანაბარია) იდენტური ნიშნებით შეეტანა. მან სრულიად ზედმეტად მიიჩნია სიტყვების გამოყენება, რითიც მკითხველიც დაასვენა და თან ოკამის სამართებლის პრინციპის გამოყენებით, თხრობა უფრო კომპაქტური გახადა. წერტილები რომ მისი დასმულია და არა გადამწერის გვიანდელი ინტერპოლაციაა, დასტურდება მელნისა და წერტილის დასმის სტილური ნიუანსების ანალიზით. ეს ეპიზოდი ასევე მიგვითითითებს, რომ მღვდელ იოაკიმს ბევრი ლაპარაკი ჰყვარებია, მემატიანეს მოჰბეზრებია მისი ციტირება. როგორც ჩანს, ამის პირდაპირ თქმას მორიდებია იმდროინდელი კონიექტურის ან სასულიერო წოდების შეურაცხყოფის შიშის გამო, ამიტომ მან ეს წერტილებით და დუმილით გვითხრა, რითიც, უნდა ვაღიაროთ, მან იმაზე მეტის გამოხატვა მოახერხა, ვიდრე სიტყვების გამოყენებით შეიძლებოდა. შემდეგ თხრობა ასე გრძელდება:

„… და წარმოველ შენსა, რათა ვუწყოდე რა სურს ჩუენგან უფალსა ჩუენსა, მივიღო რჩევა გარდმოსული წმინდათა ბაგეთაგან და არა მხოლოდ ბაგეთაგან… რადგან ვფიქრობ და ვერაფერს მივმხვდარვარ დაბნელებულითა გონებითა ჩემითა, რა დაემართა დედოფალს ჩუენსას ირინოს, დაე შენგან წამოსულმა სულნელმა, როგორც ეს არაერთხელ ყოფილ-არს, ნათლითა აღავსოს დაბინდული გონება ჩემი…“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აქაც წყდება თხრობა და იწყება წერტილები, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ მამა იოაკიმემ სათხოვარი ფუჭსიტყვაობით გააუბრალოვა. როგორც ჩანს, ბერმა ანტონმა მას ამის საშუალება მისცა, ბოლომდე მოუსმინა, მაგრამ ჩვენი მემატიანე არ აძლევს მღვდელ იოაკიმეს თხრობის გაფუჭების შესაძლებლობას. ამის გათვალისწინებით, მემატიანეს უარი უთქვამს იოაკიმეს თხოვნის დეტალურ გადმოცემაზე და ეგრევე ბერი ანტონის აღწერის საქმეს შესდგომია:

„… ანტონი იბერიელი, გამავრცელებელი წმიდისა სულნელებისა ზეციერისა მოკვდავთა მიმართ, ხუთნივ საგრძნობით (ხედვით, სმენით, შეხებით, გემოს-ხილვითა და უფრო მეტად, განრჩევით) შემგრძნებელი ღვთაებრივისა. მკვიდრი ძეჲ დიდისა წინაპარისა მონაზონისა ანტონისი ეგვიპტელისა სულისმიერი და არა ხორცით (ნუ იქნების!). მასავით სავსე სიმხნევითა და წლოვანებითა: სახელი მისი მოედო მაშრიყს და განივრცო ვიდრე მაღრიბამდე. კიდეთაგან ქვეყნიერებისაჲ ივლტოდეს მოსვლად და მოსმენად სიბრძნისა ანტონისი და შეხებად სამოსელისა პირველისა მისისაჲ, ვითარცა დედოფალსა მას საბიასსა ესმა სახელი სიბრძნითა მეიგავე სოლომონისი და მოვიდა იეჰრუსალიმს, წასვლისას კი რქუა: „სანატრელ არიან, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.“ ისინიც, მნგრეველნი და მაოხრებელნი გზირნი, მტერნი სარწმუნოებისა ჩუენისა – ამბრნი, უმბრნი და არაბნი და ბულგარნი და ლანგობარდნი – მოივლტოდნენ და უსმენდნენ და პატივს მიაგებდნენ სულნელოვანსა მამასა ჩუენსას. წარმომშობი ანტონისი არს „ქუეყანაჲ, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ქუეყანაჲ ესე ცნობილ არს სიმშუენიერითა და ხალისითა, სიძუელითა და ჭეშმარიტებითა, ერთგული წმიდისა სარწმუნოებისა ქრისტეისი, რომელიც ეუწყათ დედაკაცისა მიერ დიდისა იმპერატორისა ჩუენისა კონსტანტინეს წარგზავნითა და მეოხებით. ქვეყანა ესე ქრისტეში დაქვემდებარებულ არს ეკლესიასა ანტიოქიისასა, რამეთუ მიჰრონი იქიდან მიჰყვანდათ ოდით, ამას მოწმობს სქოლასტიკოსი სოგრატ. ყმაწვილ-კაცობა მამისა ჩუენისა ანტონისი ყოფილა ბობოქარ, ვითარცა ყმაწვილ-კაცობა ნეტარისა აუგუსტინესი. თავიდანვე შეჰყვარებია ანტიურობა; სიბრძნის-მოყუარეობა და ხელოვანება მისი. ყმაწვილ-კაცობაში თავად ყოფილა რიტორ, პიიტიკოს და მესტიხე, მეტრფე ერთისა დიდგუაროვანი დედაკაცისა [ეს იყო ტრფობა წამებულისა] თანახმად მემატიანისა ერთისა და უძღვნა მას შაირი მაღალი, საერო და ფუჭი, მსაგავსად სოლომონისა, რომელმან სულამიტისა სადიდებლად მიჰმართა „ქებასა ქებათასა“. მცირე ნაწილი შაირისა თვითონ დედაკაცს შეუნახია, დანარჩენი არსად იპოვება ______ /// +++ < — >“ [1]

ეს ერთადერთი ეპიზოდია ტექსტში, სადაც ასეთი დახვეწილი ავტორისთვის შეუფერებლად, თხრობა უხეშად წყდება, ისე, რომ შეწყვეტილი ამბავი არც წერტილებით არის შევსებული და არც სხვა რამ მინიშნებაა გაკეთებული. ბოლო სიტყვის – „იპოვება“ – შემდეგ გაუგებარი და ქაოტური, უცნაურად ამოკაწრული ფიგურები გვხვდება. სავარაუდოდ, ბატკნის ტყავით დამზადებული მაღალი ხარისხის პერგამენტი, ამ ადგილას, შეგნებულად დაუზიანებიათ, ისე ძლიერად, რომ მისი აღდგენა თანამედროვე მეცნიერული მეთოდების გამოყენებითაც კი ვერ ხერხდება. მხოლოდ აქა-იქ ქაოტურად გაბნეული ასო-ნიშნების ამოკითხვა მოხერხდა, რომელიც მთლიანობაში საზრისს ვერ ქმნის. ეს გვაფიქრებინებს, რომ ვიღაცას (ვიღაცებს) არ სურდა გაგვეგო ის, რაც ამის შემდეგ ეწერა პერგამენტზე. ისმის შეკითხვა: რა ინფორმაციას შეიცავდა ეტრატი ისეთს, რისი მკითხველამდე მიღწევაც რომელიღაცა ჯგუფს არ სურდა? შეკითხვაზე პასუხის გასაცემად… თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით, ვვარაუდობ, რომ ტექსტის დაზიანების მიზეზი უნდა ყოფილიყო წმ. მამის ანტონის სასულიერო ზედმეტსახელის „წმინდასულნელმავრცელებელი“-ს წარმოშობა და მნიშვნელობა.

ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად იძულებული ვარ მივმართო სხვა ჟამთააღმწერელს, ვინმე არსენ ბერს, რომელიც წმინდა ანტონის ამ სასულიერო ფსევდონიმზე თავის ფრაგმენტულ ანალებში მინიშნებებით გვეუბნება:

„და ვერცა ვერაოდეს ეღირსა ჭაბუკი ფრიდონ, სხვა დროს ანტონ „წმინდასულნელმავრცელებელად“ წოდებული, კეთილგანწყობას ბანოვანისა და შეიპყრო და შთანთქა იგი მომთრვალეობამ და შვიდივ ცოდვათაგან უარესმა, ნაყროვანებამ! ამან დაასნებოვნა ნაწლავნი მისნი…“ ამავე მემატიანის სხვა ფრაგმენტში გადმოცემულია: „…სამი წელი და კიდევ ნახევარი კვიპაროზისა და მაყვლოვანისა წიაღსა შინა დაეყუდნა და იკუებებოდა მხოლო-ღა ძირხვენითა ათას ორას და სამეოც დღესა, ძაძებით შემოსილი, მერე კი მცირედ თაფლი ველური და ღვინოც შეურია, როგორც ურჩევდა პავლე ტიმოთეს, თუმცა ამანაც ვერა უშველა. გვიანღაცა მიჰხვდნენ, რომ ეს იყო განგებულება ღმრთისა…“ მესამე ფრაგმენტი კი გვეუბნება: „…გამოსცემდა და აფრქვევდა ფრიადსა სულნელებასა, წარმართთა სამე საცდურს და მორწმუნეთთვის ცხოვნებას…“ ეს სამი ფრაგმენტი უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის წმინდა ბერზე:

  1. ჭაბუკი ანტონის (საერო ცხოვრებაში ფრიდონის) გრძნობები ქალისგან უპასუხოდ დარჩენილა, სავარუდოდ, ამის გამო შესდგომია იგი მძიმე ასკეტურ ცხოვრებას;
  2. როგორც ჩანს, მისმა დაწერილმა პოემამ სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო (ვერ მოხიბლა ქალი) და ამის გამო, სანამ სასულიერო ცხოვრების გზას აირჩევდა, მანამდე საშინელ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა და ხორციელ სურვილებს აყოლილს, უკიდურესი ჰედონისტური ცხოვრებისთვის მიუყვია ხელი;
  3. ასეთმა თავაშვებულმა ცხოვრებამ (მემთვრალეობამ და ნაყროვანებამ) მას კუჭ-ნაწლავი დაუზიანა და მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ასკეტური მოღვაწეობა დაიწყო, – ხის ქვეშ ცხოვრობდა, მხოლოდ ბალახის ფესვებითა და ველური თაფლით იკვებებოდა და ცოტაოდენ ღვინოსაც სვამდა, – ამან შედეგი მაინც ვერ გამოიღო, ვერ შეაჩერა შეუკავებელი სურნელთფრქვევა, რასაც ჟამთააღმწერი (რადგან სხვა გამოსავალს ვერ პოულობს) საბოლოოდ განგების ნებას მიაწერს. ამას პირდაპირ და ლოგიკურად ებმის მომდევნო საკითხი: ის სურნელებას აფრქვევდა, რომელიც ურწმუნოთათვის იყო სიმყრალე და საცდური, ხოლო მორწმუნეთათვის – ნელსურნელება და გადარჩენა…

ზემოთქმულიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ მამა იოაკიმე, რომელსაც ასე ჰყვარებია ლაპარაკი, სწორედ იმიტომ მისულა წმინდა ბერთან, რომ ეს სურნელება ეყნოსა და აქედან გამოწვეული ხილვითა და ინსპირაციით სწორი დასკვნები გაეკეთებინა; მიეღო ზუსტი ხელმძღვანელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქცეულიყო ასეთ რთულ ვითარებაში. მან კი ფუჭსიტყვაობის გამო ვერა და ვერ ჩამოაყალიბა გასაგებად სათხოვარი, ამიტომ ჯერ ჩვენი მემატიანე გადაახტა თხოვნის ეპიზოდის სრულად აღწერას, შემდეგ კი, თუ ვივარაუდებთ, რომ იგი ტექსტის რომელიღაც ნაწილში მაინც დაუბრუნდებოდა ამ საკითხს, ვიღაცამ (ვიღაცებმა) შეძლო მიზანდასახულად გაენადგურებინა ეს ადგილი.

 

S/66 – ის მიმაგრებულ არშიაზე გაკრული ხელით გაკეთებული კომენტარი. გაგრძელება (ხელნაწერის კიდეზე ზოგჯერ გვხვდება სიმეტრიულად განლაგებული მრავალწერტილიანი მარგინალიები):

 

… ამ ვიღაცებმა, რომლებსაც შვილი მიემხრო, კავშირი შეკრეს ფრანკებისა და ლანგობარდების მეფესთან … სინამდვილეში კი პაპის მიერ გვირგვინდადგმულ რომის იმპერატორ კარლოს დიდთან, რომელიც უკმაყოფილო ყოფილა 787 წელს ნიკეაში გამართული კრებით, გულის სიღრმეში არ სურდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოვება, რადგან შორეულ პერსპექტივაში აღმოსავლეთზე, როგორც ძვირფას ფირუზზე, ეჭირა თვალი … ამას თავის დროზე ვერ მიმხვდარა არცთუ გამჭრიახი იმპერატრიცა ირინე… გულუბრყვილოდ სჯეროდა, ყველაფერი ბერძნულად დაწერილი კრების ოქმების არასწორი ლათინური თარგმანის ბრალიაო. ვერ განასხვავეს ტერმინები: „თაყვანისცემა“ და „მსახურება“ ერთმანეთისგან, არ იციან ლათინებმა ბერძნულიო და ა. შ… ამასობაში კარლოს დიდმა მოიწვია სწავლულები ინგლისელი ალციუს იორკელის ხელმძღვანელობით და ნიკეაში ჩატარებული კრების მიერ დამტკიცებული დოგმატების საწინააღმდეგო საღვთისმეტყველო კორპუსი შეაქმნევინა, იქ მიღებული დადგენილებები კი არ დაამტკიცა… გვიანღა გააცნობიერა დედოფალმა, სინამდვილეში რაშიც იყო საქმე და გული აიცრუა მის მიერვე მოწვეულ კრებაზე, რადგან ეს ხომ რომთან დაახლოვების სურვილით გააკეთა, რათა მუსლიმებისგან დაეცვა იმპერია, ახლა კი რა გამოვიდა? ჯერ სამების დოგმატით და ახლა კიდევ ხატებით ისლამური სამყარო საბოლოოდ გადაიმტერა … ასე გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი ბიზანტიაში მე-9 საუკუნის დასაწყისში და გამწვავდა დავა საკითხზე: სულიწმინდა მამისაგან გამოდის თუ ძისაგანაც (Filioque)? … კონსტანტინოპოლის ახლოს მდებარე მონასტრის იღუმენი თეოდორე კი, ირინესგან დაქოქილი, დღედაღამ ამხელდა და ტვინს უჭამდა დედოფლის მიერ მართვისაგან „დროებით“ განრიდებულ მისსავე შვილს; ბილწი, ჯვარდაუწერელი ქორწინების გამო …   …   …

დედოფალმა ამ დილითაც ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, შემთხვევით ისევ იმ უცნაურად მომღიმარ ხატს გახედა (რატომღაც ცუდ ხასიათზე ყოფნის დროს სულ ეს ეჩხირებოდა თვალში) და გაახსენდა მამა იოაკიმე, რომელიც აგერ უკვე თითქმის ორი კვირაა სასახლეში აღარ გამოჩენილა. იმპერატრიცას არ მოეწონა ეს ამბავი,  ჩემს ბრძანებებს უგულებელყოფენ, ალბათ დავსუსტდიო, – გაიფიქრა და ბრძანება გასცა, მღვდელ იოაკიმეს უხმეთო. მღვდელი მალევე გამოცხადდა სასახლეში შეპირებულ მხატვართან ერთად. როგორც ჩანს, წმინდა ანტონთან სტუმრობის შემდეგ, მისი რჩევით, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

– მეგონა, სანამ დაგიძახებდი, მანამდე მოხვიდოდი!

თქვა დედოფალმა და გამომცდელი თვალებით შეხედა. მღვდელი, რომელიც კარგად ერკვეოდა პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, არ დაბნეულა. „ამ დროს ყველაზე კარგი ხერხი გულწრფელობის გამოვლენააო“, გაიფიქრა და უპასუხა:

– ხატმწერს მალევე მივაგენი, ჩემო დედოფალო. მთელი ამ დროის განმავლობაში ერთად ვიყავით, ვლოცულობდით და ვბჭობდით… შეგნებულად არ მოვიყვანე. სწორედ თქვენს ბრძანებას ველოდებოდი.

– ჩემს გამოცდას ჰგავს.

– სიმართლე გითხრათ, მინდოდა დაგვიწყებოდათ, რაც განიზრახეთ, ან უბრალოდ გადაგეფიქრებინათ. თუ არ მომიხმობდით, ჩავთვლიდი, რომ შეისმინა ღმერთმა ჩემი ლოცვა, ყველაფერი ხომ მისი ნებაა, მაგრამ რადგან კვლავ ბრძანეთ მოვსულიყავი…

– ესე იგი არ გადამიფიქრებია და მართალიცა ხარ.

– დიახ.

დედოფალი ხატს მიუახლოვდა, მხატვარი და მღვდელიც მიჰყვნენ. დედოფალი რატომღაც მხატვარს ზედაც არ უყურებდა, ზოგჯერ მასთან საუბრის დროს ირონიულ კილოსაც მიმართავდა.

– აი, ამ ადგილის გადაკეთება მინდა.

თქვა დედოფალმა და ხელი ტილოზე გამოსახული მომღიმარი სახის ტუჩის კუთხეებს დაადო. – ალბათ ამჩნევთ, რა ამპარტავნულად დაგვყურებს ზემოდან, ამპარტავნულად და ცინიკურად. ამ ნახატს აკლია ძირითადი ქრისტიანული სათნოება.

– რას გულისხმობთ, ჩემო დედოფალო?

ჩაილაპარაკა იოაკიმემ.

– თავმდაბლობას, მამაო, თავმდაბლობას! არ მიკვირს, რომ ვერ გამოიცანით…

უცებ მხატვარს მიუბრუნდა:

– ეს ნახატი აღმოსავლური ხელოვნების ტრადიციის მიხედვით რომ იყოს შექმნილი, დაზღვეული ვიქნებოდით ამგვარი გაუგებრობებისგან. იცით რატომ?

მხატვარმა იცოდა ამ შეკითხვაზე როგორ უნდა ეპასუხა, მაგრამ დედოფლის განრისხებას მოერიდა, მის ირონიას გამოვლენის საშუალება მისცა. უარყოფის ნიშნად უბრალოდ თავი გააქნია.

– იმიტომ, რომ, მაგალითად, სირიულ და კოპტურ ხელოვნებაში მხოლოდ სიმბოლოები და ორნამენტებია, სად ნახავთ იქ ადამიანის სხეულით გამოსახულ ღმერთებს, ეს წარმართული საბერძნეთია, სადაც ხელოვნება ოდითგანვე ემსახურებოდა რელიგიას!

„ათენელი ქალი ასპასია ოლიმპიელი ღმერთების წინაარმდეგ!“ – სარკასტულად გაჰკრა გულში იოაკიმეს, ხმამაღლა კი ეს თქვა:

– შეგახსენებთ დედოფალო, რომ ჩვენ მონოფიზიტები არა ვართ, უფლის ორ ბუნებას ვაღიარებთ, ამ ორიდან ერთის გამოსახვა შეიძლება, როგორც ეს თქვენ მიერ მოწვეულმა კრებამ…

– კრების მიზანი რომთან დაახლოებით ისლამური საფრთხისგან იმპერიის დაცვა იყო, ახლა რა ხდება? ხალხი ისლამს იღებს ხატთაყვანისცემის გამო. ნაცვლად იმისა, რომ ისინი მოგვექცია, ჩვენები მიიქცევიან მათკენ.

– ჩვენ სიმფონია გვწყურია, დედოფალო!..

– მაშინ დაასრულეთ დავა.

ეს თქვა და მხატვარს მიუბრუნდა:

– შეძლებთ ამის გამოსწორებას?

ხელი ხატისკენ გაიშვირა.

მხატვარმა თავი დახარა და დადუმდა. უარყოფის ნიშნად ძლივსშესამჩნევად გააქნია თავი. განრისხებულმა დედოფალმა მღვდელს შეხედა:

– კარგი, გასაგებია თქვენი პასუხი. დროა ისავრიელთა ტრადიცია აღვადგინოთ. კრებისთვის მოსაწვევები დააგზავნე ეპარქიებში!.. მართლაც არის ხატთაყვანისცემაში წარმართული ელემენტი!

მღვდელი იოაკიმე თითქოს უცებ გამოფხილზლდაო, მხატვარს მიუბრუნდა, მხარში ჩაავლო ხელი და მტკიცე ხმით წარმოთქვა:

– ეგ არ უნდა მოხდეს, დედოფალო, არ შეიძლება ადამიანი ერთსა და იმავე საქმეში ჯერ ღმერთმა გამოიყენოს და შემდეგ ეშმაკმა! – ვერ გაარკვევდით ამას დედოფალზე ამბობდა თუ მხატვარზე. – მხატვარს დაველაპარაკები და ახლავე დავბრუნდებით…

მართლაც მალევე დაბრუნდნენ.

– ჩემო დედოფალო, ტექნიკურად ამ ნახატის გადაკეთება შესაძლებელია, მაგრამ, მაგრამ… არსებობს საკრალური მხარეც… ხატმწერს ეშინია რომ…

აქ, მოულოდნელად, თითქოს ბალაამის სახედარმა ხმა ამოიღოო, მხატვარმა გააწყვეტინა მღვდელ იოაკიმეს საუბარი. დედოფალს სწრაფად მიუბრუნდა და სხაპასხუპით წარმოთქვა:

– რადგან ჩვენი წმინდა დედოფალი, რომელიც უფლის ტახტზეა დაბრძანებული, თავის თავზე იღებს ამ… ამ… („ცოდვას“-ო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ თქვა) მე მზად ვარ საუკუნის წინ დაწერილ სასწაულმოქმედ წმინდა ხატში შესწორება შევიტანო, ოღონდ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

დედოფალი კმაყოფილი ჩანდა. შერბილებული კილოთი იკითხა:

– დრო, რამდენი?

– რამდენიმე თვე.

– თანახმა ვარ! ხვალვე მოგიტანენ სახელოსნოში ხატს ჩემი მსახურები.

ეს თქვა და მხატვარსა და მღვდელს, იმ დროს მიღებული ეტიკეტის დაცვით, ხელით ანიშნა, დამტოვეთო. ისინიც სასახლიდან გამოვიდნენ თუ არა, ეგრევე კონსტანტინოპოლის პატრიარქ ტარასთან გაეშურნენ…

 

*   *   *

ამ რეკონსტრუირებული ადგილის მოტანის შემდეგ დროა ანალეფსისის ლიტერატურული ხერხის გამოყენებით თხრობის დრო ოდნავ უკან გადავწიოთ. მაშ ასე, მაინც რა იხილა მღვდელმა იოაკიმემ წმ. ანტონი სურნელმავრცელებელთან სტუმრობისას? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მემატიანე თხრობას ასე აგრძელებს:

„… ისმინა რა ანტონ ფრიად მრავალ-სიტყვიერი ღაღადისი იოაკიმისა,  განზრახულობითა თვისითა გამოაფრქვია სულნელებაჲ წმიდა. გამოსცემდა და ავრცობდა და იყნოსვიდა სარწმუნოებითა დიდითა მამაჲ ჩვენი იოაკიმ და ესხმოდა რეტი და აღიყვანა შეუცნობელმან ძალამან და მოიხილა ოთხნივ კიდენი ქუეყნიერებისაჲ, ვითარცა დატყუევებული იოვანე კუნძულსა მას შინა პატმოსისასა… და აღიყვანეს იგი, ვითარცა კაცი სავლე, დამასკესა გზასა გამოცხადებისასა შემდგომად წოდებული პავლედ,“ გინა თუ ხორცითა, გინა თუ თვინიერ ხორცთაჲსა [აღიტაცა ძალამან] მესამედ ცადმდე და ესმნეს მას სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად“ და ეწვია იგი, მამაჲ ჩვენი იოაკიმ, გარდასულსა სამეფოსა ბაბილონისასა და იხილა: თითქოს სამეფო იგი აღივსო ფერადოვნებითა დიდითა და სხვაფერდებოდა და სხვაფერდებოდა, ვიდრე არა ემსგავსა სასახლესა მეფეთასა ბიზანტიონისასა და იყო ღრეობა და ჭამა და მემთრვალეობა ფართოდ გაშლილსა დარბაზსა მას შინა და დედოფალი ირინე ემთხვეოდა და აქებდა და უკუმევდა და უჩუენებდა უცნაურსა კერპსა ზეუსისა გაკეთებულსა ხელოვანისა მიერ: ფიდიას. მას ჟამსა შინა გამოვიდეს თითნი კაცისანი და აწერდნეს შუბლსა ქანდაკისა ზეუსისა დედოფალისა ირინესთვის სახილველად. მაშინ შესახედნი მეფისა შეიცვალა და გულისზრახვანნი მისნი აღშფოთებულ იქნეს და მუხლნი მისნი ერეკებოდეს. თითნი ხელისა მწერლისასა სწერდა სამსა ასოსა უკუე დაწერილს  ვალტასარ მეფის მიმართ: მაკი, თეკელ, ფარეს. და იცვნა დედოფალმან ირინოს სიტყუანი ესე… და იცვნა მამა იოაკიმ სიტყუანი ესე და მსწრაფლ დასრულდა ხილვაჲ მისი. და მიჰხვდა იოაკიმ გულსითქუმას ზეცითაისა და ცნა რაი უნდა მოემოქმედა მას…“

უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ ხილვის შემდეგ მოძებნა მამა იოაკიმემ მხატვარი, მათ რაღაცა მოილაპარაკეს და… ბრძანების მიღების შემდეგ ერთად გაეშურნენ დედოფლის სასახლეში. იქ როგორც განვითარდა მოვლენები ეს უკვე აღწერა ჩვენმა ინკოგნიტო მკვლევარმა თავის კომენტარში, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბარეთ. მემატიანე კი თხრობას ასე აგრძელებს:

„და დაასვენეს ხატი იგი მირონმდინარი მსახურთა მათ დედოფალისა მცირე რამ საჰხელოსნოსა შინა ხატ-დამწერისა ჩუენისა და მოიცდიდა იგი, ვიდრემდის თვალთა სახისა დახატულისასა არა ამოშრეს სისველენი სასწაულისაჲ. და გაშრნა გამონაჟონი, განქარდა ნიშანი მოცემული უფლისა და შეჰხედა ჰხელოვანმან სახეს გამოხატულისასა (ჰოი, საოცრებავ!), ვერღარა ცნა ნაკუთი სახისა წმიდისა დედაკაცისა წინასწარმეტყუელისა და განმანათლებელისა ჩვენისა მხატვარმან სახელოანმან. და აღეძრა სიყუარული დიდი მისდამი, რამეთუ ვერ-რა მოიხელთა იგი და განკვირდა ფრიად. დააფიქვრებდა ესოდენი გულმავიწყობაჲ და დაბნეულობა თვალთა მისთა…“

ამ ადგილას მარგინალიაზე ჩვენს მკვლევარს მთრთოლვარე ხელით ბრჭყალებში ჩასმული რამდენიმე წინადადება მიუწერია (საინტერესოა, რამ ააღელვა ასე?):

 

„სახის დანახვა შეიძლება, მაგრამ მისი გაგება შეუძლებელია, ვერ აღვწერ! მას ის შეუყვარდა და პოემა მიუძღვნა, რადგან ვერ მოიხელთა. ამან ვერ დახატა, რადგან გაექცა. გვიყვარდება ის, რაც ხელიდან გვისხლტება.“

ამ მცირე კომენტარიდან ჩანს, რომ ჩვენმა მკვლევარმა – სიტყვებით „ვერ აღვწერ!“ – თხრობაში სუბიექტური ელემენტი შეიტანა, რაც შემდეგი დასკვნის გაკეთებისკენ გვიბიძგებს, ტექსტმა მკვლევარზე ზემოქმედება იქონია, თავის გავლენაში მოაქცია. მემატიანე თხრობას ქვემოთ ციტირებული მცირე ფრაგმენტით მოულოდნელად ასრულებს:

„…აკვირდებოდა გაკვირვებითა დიდითა მხატუარი იგი გამოსახულსა ღვთაებრივითა რამ ხელოვანებითა და შესტრფოდა და გაუმიჯნურდა ძლიერ. და იმარხვიდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე და ვერა შეჰბედა წმიდანისა დამშუენებულ სახესა შეხება ფუნჯისა მიწიერისა. მიეახლებოდა და ჰხელნი მისნი ჰკრთოდენ და უვარდებოდა საწერი ხელთაგან… და უჰხმო შემდეგ მამასა იოაკიმესა და რქუა: აჰა, აღვასრულე დანაპირები ესე, წარვიდეთ და წარვსდგეთ წინაშე დედოფალისა და ვაჩუენოთ ხატი ესე და იოაკიმ კუალად შეაჰხსენებდა შეთანხმებასა დადებულსა მათ მიერ… და მიეხლენ დედოფალსა სასახლესა შინა და დაასვენეს ხატი იგი დიდსა სადარბაზოსა და გარდაჰადნეს ფარდაგი გადავლებული სახესა მისსა და რა იხილა ირინოს შეცვლილი სახე წმიდანისა შეჰკრთა, შეჰკივლა და მიჰვარდა ხატსა და განრისხებულმან დაადო ხელნი ტილოსა წმიდასა და – დამაბრმავებელი შვილისა თვისისა ირინოს, რომელმან ძალით განაყენა მემჰკვიდრე იგი კანონიერი ტახტსა მამამისისა ლეონ მეოთხე ისავრიელისა და ბოლოს მოაკუდინა იგი სიკუდილითა ძნელითა, – ვითარცა ცოლი ლოთისა, ძეგლ მარილისა იქმნა.“

S/66 ფრაგმენტის ქაღალდის არშიაზე თანამედროვე მკვლევრის მიერ გაკეთებული ბოლო მინაწერი:

დედოფლის სასახლიდან გამოსული მღვდელი და მხატვარი პატრიარქ ტარასთან გაემართნენ, შემდეგ სამივემ მოძებნა ნიკიფორე (ვინ იყო და რა გააკეთა? პორტრეტის გამოსაკვეთად და დაწვრილებითი ანალიზისთვის იხ. შრ. დილი, ბიზანტიის ისტორია.), რომელსაც პრეტენზია ჰქონდა ტახტზე, დედოფალ ირინოს უზურპტორად მიიჩნევდა. ეს შეხვედრები რამდენიმე თვე გრძელდებოდა და საბოლოოდ შეთანხმებამდე მივიდნენ… მხატვარი სახლში დაბრუნდა თუ არა, პატრიარქ ტარასის მიერ გადაცემულ კოლბაში მოთავსებული სითხით დაიწყო ხატის დამუშავება. რომ არ შეხებოდა, სპეციალური ხელსაწყოებით, მის ყოველ ქსოვილს დღე და ღამე საგულდაგულოდ ამუშავებდა. ბოლოს, როდესაც საქმე დაასრულა, მამა იოაკიმეს უხმო, როგორც ხელნაწერიდან ჩანს, მან კიდევ ერთხელ შეახსენა შეთანხმება („იოაკიმ კუალად შეახსენებდა შეთანხმებასა დადებულსა მათ მიერ“) ხატი სქელ ნაჭერში გაახვიეს და დედოფლის სანახავად გასწიეს. შეცვლილი ხატი ერთ-ერთ სადარბაზო ოთახში მოათავსეს და დედოფლის შემობრძანებას დაელოდნენ. დედოფალი მობრძანდა, როგორც ჩანს, კარგ გუნებაზე იყო:

– აბა რა ქენით, დაუბრუნეთ ჩვენს წმინდანს წმინდანის სახე?

ამაზე მამა იოაკიმემ მიუგო:

– როგორც გვიბრძანე, ჩვენო დედოფალო…

– კარგია. ამას მრევლს ვაჩვენებთ და შეიქმნება ჭეშმარიტი თაყვანისცემის საუკეთესო ნიმუში, როგორც წერია: „სული არს ღმერთი, და თაყუანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანისცემაჲ.“ თანაც სამომავლოდ განსაზღვრული იქნება იკონოგრაფიის (დედოფალმა თქვა: ხატწერის) კანონი. ეს თეოლოგიურთან (მან თქვა: საღმრთისმეტყველოსთან) ერთად პოლიტიკურ დავებსაც გაანეიტრალებს, იქნებ ცოტა ამოვისუნთქოთ. ახლა კი მოხსენით ნაჭერი, შევხედო ნამუშევარს!

მხატვარი ნახატს მიუახლოვდა, თვალით მოძებნა ნაჭერზე ნახშირით მონიშნული ადგილი, ფრთხილად მოჰკიდა ხელი და სწრაფად გადახადა! დედოფალმა შეხედა გადაკეთებულ სახეს და გაოგნდა… სწრაფად მივარდა ნახატს და ხელით სახის იმ ადგილს შეეხო, რომელმაც ასე აღაშფოთა, ეს იყო ტუჩის კუთხეები. იმდენად ხმამაღლა შესძახა, რომ მცველები შემოცვინდნენ:

– როგორ გაბედეთ! თქვენ თითქმის არაფერი შეგიცვლიათ! ეგ კი არა, უფრო ცინიკურიც კია მისი გამომეტყველება!..

და უცებ გაშლილი ხელით მხატვარს რაც ძალი და ღონე ჰქონდა სილა გააწნა. მხატვარი შებარბაცდა, მაგრამ თავი შეიმაგრა. დედოფალმა მხატვრის სახეზე საღებავი შენიშნა. ხელებზე დაიხედა და მასაც საღებავით ჰქონდა მოთხვრილი. – ეს რაღა ჯანდაბააო, – თქვა და მცველებს წყლის მოტანა უბრძანა. მცველებმა ბრძანება სწრაფად შეუსრულეს. დედოფალმა ხელები ხატის წინ დაიბანა, იოაკიმეს კი უთხრა:

– ვბრძანებ, ახლავე წახვიდე პატრიარქ ტარასთან და დღესვე გაგზავნო შიკრიკები ეპარქიებში, რათა მოსაწვევები დაარიგონ! უმოკლეს დროში საეკლესიო კრება უნდა ჩატარდეს.

იოაკიმემ თანხმობის ნიშნად თავი დახარა.

იმპერატრიცამ მტკიცე ხმით ჩუმად ჩაილაპარაკა: – ახლა კი დამტოვეთ, აწი მე ვიცი რასაც ვიზამ!

აღელვებული მხატვარი და დამშვიდებული მღვდელი დედოფლის სასახლიდან გამოვიდნენ და სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ. აფორიაქებული მხატვარი ექიმთან გაეშურა, მღვდელი კი, დედოფლის ნათქვამის შესაბამისად, მართლაც პატრიარქ ტარასთან წავიდა, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა… მხატვარს ნამდვილად ჰქონდა აღელვების მიზეზი, რადგან იმ საღამოს  დედოფალ ირინეს სხეული გამოუცნობი რამ წყლულებით დასნეულდა და დილამდე საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა (ალბათ ეს იგულისხმა მემატიანემ, როდესაც დაწერა: „მიჰვარდა ხატსა და განრისხებულმან დაადო ხელნი ტილოსა წმიდასა… [და] ვითარცა ცოლი ლოთისა, ძეგლ მარილისა იქმნა.“), მხატვრის ამბავი კი დღემდე უცნობია… ასე დასრულდა კონსტანტინოპოლის წმინდა დედოფლის ირინეს მმართველობა, რომელსაც ღმერთი იყენებდა თუ ეშმაკი დღემდე გაურკვეველია. მის შემდეგ იმპერატორის სკიპტრა ნიკიფორემ აიღო ხელში.

 

*   *   *

საინტერესოა, როგორ დასრულდა წმინდა ანტონის ცხოვრება? ამაზე ჩვენი მემატიანე ზოგად და ოდნავ გაუგებარ ცნობას გვაწვდის. ის ძირითადად რელიგიურ სიმბოლოებსა და პოეტურ მეტაფორებს მიმართავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ რაღაც არსებითს მალავს:

„…სცდიდა მას ეშმა დღე და ღამ და ვერღა-რა აცდუნა. ბოლოს აღიყვანა უცხო რამ ძალამან სართულსა მას ზედა ტაძრისასა აღმართულსა მთასა პარნასისა და მიეცნეს ანტონს ფრთენი წმინდანისა და პიიტიკოსისა დიდისა და აფრინდა იგი და შეერთო სულთა სირასა, ვითარცა ენუქ, რომელ სათნო ეყო ღმრთისსა, დადიოდა მასთან და არღარა იყო, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან…“

ამ ადგილის გასწვრივ აკანკალებული ხელით (ისე რომ ასოებს ძლივს გაარჩევს ადამიანი) მარგინალია გაუკეთებია ტექსტის აღმდეგნ მკვლევარს. ეს ადასტურებს ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმულ ეჭვს, რომ მკვლევარი ტექსტმა ააღელვა, ჩაითრია და ძლიერი გავლენის ქვეშ მოაქცია. ალბათ მისი ცხოვრების რომელიღაცა მივიწყებული ტრაგიკული ეპიზოდი გაუცოცხლდა და ამან მისი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა კიდეც… იქნებ ამიტომ ვერ მივაგენით დღემდე და ვერ დავადგინეთ მისი ვინაობა? (ეს ჩემი თამამი ვარაუდია, სიტყვები ხომ ადამიანის შინაგანი ძალის გამომხატველია…):

„ეს ადგილი ადასტურებს, რომ წმინდა ანტონმა თავი მოიკლა, ის კლდიდან გადმოვარდა. შემიძლია გავუგო. ძლიერ ემპათიას იწვეევს. სიყვარულმა შეიწირა.“

უნდა ითქვას, რომ მკვლევრის მიერ დაწერილ ამ რამდენიმე წინადადებაში ნამდვილად იგრძნობა მეცნიერის შეუმცდარი ალღო. ინტუიცია, რომელიც გულით მიხვედრა უფროა, ვიდრე გონებით წვდომა… სულ ახლახანს აღმოვაჩინეთ ზემოთ ნახსენები ბერი არსენის მიერ დაწერილი კიდევ ერთი ფრაგმენტი, რომელიც კონსტანტინოპოლში ცნობილი ბერ-მონაზონი ანტონის აღსასრულზე ასეთ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის: „და აღიყვანა მაშინ იგი სულმა ლავგარდანზედა ტაძრისასა; უმაღლესსა სართულსა მიჯნურობისა. და აყნოსა სუნელებაჲ სხეულისა თვისისა აფროდიტ და მოიხილა ანტონ მიჯნური იგი ყმაწვილ-კაცობისა, მოღიმარი და შუენიერ. ტანსა მისსა, ვით ნაკადული მთისა, მოიღვრებოდა სხივი სინათლისა და აღავსებდა კიდეთ ქუეყნისასა. და შეიძრა სულით ანტონ და წარმოთქვა სახელი მისი: ირინე! და ესმა ანტონს ხმაჲ შორითგან მომავალი: თუ გიყუარდა გარდაიგდე თავი და შეერიე ნეტარებასა მიჯნურობისასა! და ვერღარა აღმოჰხდის ანტონ: „განვედ სატანავ!“, რამეთუ უჭვრეტდა იგი სახესა სახიერსა მიჯნურისასა, ანგელოსებრივ მანათობელსა და შუენიერსა. უჭვრეტდა და ერწყმოდა ერთსა რასმე საკუჲრველსა, რომელი ენითა ვერა-რა აღიწერების და ვერღა-რა იმაგრებდა თაუსა, ვერცა რამ სიტყუაჲ სატყუარი სწვდებოდა ყურსა მისსა, რამეთუ ამართულიყო წინაშე თვალთა მისთა სუეტი სინათლისა, რომელიდანაც მოედინებოდა ნათელი, როგორც რამ წმიდა ბინული. და ესრეთ ასხივებდა მიჯნური მისი, რომელიც თვით იყო მიჯნურებაჲ, ნათელს საკუთრივსა და მოაფენდა ყოველსა და ნათელი იგი ვერ-რა გამოითქმის ენითა კაცთათვს მიცემულითა, როგორც ამას ამოწმებს ბრძენი ქალი დიოტიმა. და გარდამოევლო წმინდა ანტონ ზეგანსა გაშლილსა აღმოსავლისა და მიეცა მას ფრთენი და სული მისი მიეახლა მზესა ჭეშმარიტებისასა და სხეული მისი დაცემისას უცნაურად განიბნა და განქარდა, მსგავსად სხეულისა მოსესი, რათა სულმდაბალთ არ დაესვათ კერპად, და იქცა იგი ცეცხლად და წყალად და ჰაერად და მიწად და შეჰძინა ოთხივ სტიქიონსა სულნელებაჲ წმიდისა და გაუჩინარდა. ასე დაამხო და სძლია ანტონ ძლევითა საკუჲრველითა მანქანებაჲ ეშმაკისა.“

არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ანტონმა ეშმაკის მეორე ცდუნებას ვერ გაუძლო, რადგან ეშმაკი დიდ სიყვარულს საცდურად ვერასდროს გამოიყენებს. მან ხომ ნებისყოფის დაძაბვით მიაღწია ზნეობრივ სრულყოფილებას. სწორედ ამიტომ არ ჩაუთვალა ეკლესიამ ანტონს ცოდვად ეს თვითმკვლელობა და წმინდანად შერაცხა. არსებითად, მისი ქმედება სუიციდი არც ყოფილა, ეს იყო შერწყმა, ზიარება წმინდა ნათელთან, სიყვარულთან, რომელიც, – როგორც ამას მითური დიოტიმა გვეუბნება, – სამყაროს ერთიანობის ღვთაებრივი კანონია!

შეიძლება რომელიმე სკეპტიკოსმა ეჭვი შეიტანოს მემატიანის მონათხრობაში, თქვას: რა იცოდა რომელიმე ბერმა, რა იხილა ანტონმა სიკვდილის წინო? შეკითხვა მართლაც ლეგიტიმურია დღევანდელი Homo Faber-ის გადმოსახედიდან, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი, როდესაც ეს უძველესი ტექსტები იქმნებოდა, მაშინ მემატიანეებს ღმერთი შთააგონებდა, თუ როგორ უნდა დაენახათ და აღეწერათ მოვლენები. რომ არა ღვთაებრივი ინსპირაცია, თხრობა მშრალი და ბანალური გამოვიდოდა. ამიტომ, თანამედროვე მკვლევარს (მკითხველს) შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს ძველი ხელნაწერების მისტიკურ მხარეს და მხოლოდ ფაქტობრივ მასალას დაეყრდნოს, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ის ამით ბევრს დაჰკარგავს, ვერაფრით შეძლებს მთლიანი ობიექტური სურათის აღდგენას (აქ ერთგვარი პარადოქსი წარმოიქმნება: მეტისმეტი ობიექტურობით ობიექტურობა იზღუდება). ზემოთ მოტანილი ინკოგნიტო მკვლევარით სწორედ იმიტომ მოვიხიბლე, რომ იგი არასდროს ერიდებოდა ტექსტში სუბიექტური ელემენტის შეტანას. მართალია ამ მიდგომის ნაკლი თამამი დასკვნების გაკეთებაშია, მაგრამ განა არ ღირს? განა ორიგინალური აზრებისა და დასკვნების თამამად გამოხატვის გამო არ გვხიბლავს ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ნაშრომები? ვიღაცა იტყვის, ის ზუსტი მეცნიერება არც არისო. ისტორია?

ამ მსჯელობის შემდეგ ეჭვი გამიჩნდა, იქნებ ჩვენმა მკვლევარმაც იცოდა არსენ ბერის რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილი ზემოთ მოტანილი ფრაგმენტის შინაარსის შესახებ და აქ აღწერილი ეპიზოდის ძალით შთაგონებულმა სიცოცხლე… აშკარაა, ტექსტმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, ამას ადასტურებს აღელვებული წერის მანერა და მისი უგზო-უკვლოდ გაუჩინარება. რთულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც მდიდარი წარმოსახვა აქვს.[2]

  1.       S. დასასრული (ჩემეული დასკვნა):
  2. წმინდანის სახემ მხატვარი ჩიხში მოაქცია, რადგან სახის დამახსოვრება შეუძლებელია;
  3. თხრობამ ჩვენი გაუჩინარებული მკვლევარი ჩიხში შეიყვანა, რადგან მოყოლა შეუძლებელია;
  4. მიჯნურობამ ანტონი ჩიხში შეიყვანა, რადგან სიყვარული მოუხელთებელია;
  5. ერთადერთი, ვინც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ჩიხიდან თავის დაღწევა შეძლო, მამა იოაკიმეა;
  6. მე კი უმჯობესია აქ დავსვა წერტილი.

[1] ხელნაწერის ეს ადგილი დღემდე საგონებელში აგდებს მკვლევრებს, უბიძგებს მათ ეძებონ ზემოთ აღნიშნული პოემის ფრაგმენტი. სიმართლე გითხრა, მეც ჩართული გახლავარ ძიების პროცესში. არ დავმალავ, მიზანთან საკმაოდ ახლოსაც ვარ. თუ ამ ტექსტის დასრულებამდე შევძლებ მის პოვნას, აუცილებლად დავურთავ თან.

[2] ანტონი დიდის მიერ დაწერილი პოემის ფრაგმენტი ნაპოვნია. მისი წაკითხვის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ფრაგმენტს მხოლოდ ირიბი მიმართება აქვს ჩვენს ტექსტთან და არ არის მასთან პირდაპირ და არსებით კავშირში, ამის გამო თანდართვა გადავიფიქრე. ეს არ იყო მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან ინტელექტუალური კეთილსინდისიერება და მკითხველისთვის მიცემული პირობა (თუ აღმოვაჩენ დავურთავ-მეთქი) მიბიძგებდა პოეტური ფრაგმენტის გამოქვეყნებისკენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძირითადი ტექსტის განვითარებისა და დასასრულის ლოგიკამ მიკარნახა რა უნდა მექნა… ესთეტიკის სასარგებლოდ თხრობის კანონების დარღვევა სახიფათოა, ტექსტში დარჩენა ჯობია. თუ ვინმეს მაინც დააინტერესებს აღმოჩენილი პოეტური ფრაგმენტი, მიმართოს ავტორს.

© არილი

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   21 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 21 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(18)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)