Jump to content
×
×
  • Create New...

15 თებერვლიდან საქართველოში სკოლები იხსნება. არის თუ არა მზად სისტემა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

147246193_1629824840523907_9022750580745

147246193_1629824840523907_9022750580745დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია

15 თებერვალს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში სკოლები იხსნება.

სკოლების გახსნას მშობლები, ბავშვთა ფსიქოლოგები და უფლებადამცველები დიდი ხანია ითხოვენ, მათ შორის საპროტესტო აქციებზე. თუმცა, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საყოველთაო სიხარულის ნაცვლად ბევრი კითხვა ისმის.

რა პირობებით იხსნება სკოლები, აქვს თუ არა ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა და მზად არიან თუ არა სკოლები ბავშვების მისაღებად?

“სკოლა რომ იხსნება ტელევიზორიდან გავიგე”

თითქმის ერთი წელია 192-ე საჯარო სკოლაში უჩვეულო გარემოა – დაკეტილი საკლასო ოთახები, ცარიელი სასადილო და დერეფნები;

სკოლაში არავინაა დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომლის გარდა, რომელიც ჩვენგან იგებს, რომ 15 თებერვალს სკოლა იხსნება და ჩვენი თხოვნით სკოლის დირექტორს ტელეფონით უკავშირდება. 

ნატო გოჩალეიშვილი გვეუბნება, რომ სკოლის გახსნის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო.

______________________________________________________________________________

ცხოვრება სკოლის გარეშე: ბავშვები ჰყვებიან, როგორია სახლში სწავლა. ფოტოისტორია

რა უფრო საშიშია – ვირუსი თუ იზოლაცია? როგორ არ დაიწყო სასწავლო წელი საქართველოში

______________________________________________________________________________

“ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. საქართველოში  ორი ათასზე მეტი სკოლაა და ყველას ფიზიკურად ვერ გაწვდებოდნენ”, – გვეუბნება სკოლის დირექტორი და გვიდასტურებს, რომ ჩვენი საუბრის მომენტისთვის მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია განათლების სამინისტროს წარმომადგენელს და სკოლას არავითარი ინსტრუქცია არ მიუღია.

სკოლების გახსნის შესახებ განცხადება 4 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

მოგვიანებით, იმავე დღეს სატელევიზიო სიუჟეტებში ჩნდებოდნენ დაბნეული სკოლის დირექტორები, ვისთვისაც ეს ამბავი „სიურპრიზი“ აღმოჩნდა.

ექსპერტი განათლების საკითხებში რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ სწორედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სპონტანურობა და არა კონკრეტული გეგმით მოქმედებაა ხელისუფლების მთავარი პრობლემა:

“როგორც სკოლების დახურვა, ისე მათი გახსნა იყო სპონტანური, გაუაზრებელი გადაწყვეტილება. არ ხელმძღვანელობენ არანაირი გეგმით. დახურულ შეხვედრაზე შეიკრიბნენ და ასე გადაწყვიტეს. განათლების სამინისტროს თანამშრომლებიც კი არ ჩააყენეს საქმის კურსში.“

რა წერია სამინისტროს განცხადებაში

გახარიას განცხადებიდან სკოლების გახსნის რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა რა კონკრეტული წესები და პირობები უნდა დაიცვას სკოლამ, კვლავ ბუნდოვანია.

სკოლების გახსნის გადაწყვეტილება რომ ყოველგვარი წინასწარი სამზადისის გარეშე მიიღეს ის ფაქტიც მოწმობს, რომ პრემიერის განცხადებას არ მოჰყვა განათლების სამინისტროს კონკრეტული გაიდლაინები, რომლებითაც სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ.

მეტიც, თავდაპირველად სამინისტროში თქვეს, რომ მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და გადაწყდა, რომ პირბადე მეხუთე კლასის ზემოთ სავალდებულოა.

სისტემამ პირველი განცხადება მოგვიანებით, მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ფეისბუკი თუ სატელევიზიო სივრცე განათლების სამინისტროს კრიტიკამ მოიცვა – დაბნეული მშობლები და მასწავლებლები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა პირობებით იხსნებოდა სკოლები. თუმცა, ამ განცხადებაში არაფერი ეწერა კონკრეტული და იგი კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენდა.

IMG_2268-s-1024x683.jpgსასწავლო წლის პირველი დღე საგარეჯოს სკოლაში, 2020 წლის სექტემბერი. ფოტო: თაკო ჯიბუტი/ UNICEF

მაგალითად, განცხადებაში ვკითხულობთ: “ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები”.

საქართველოში ორი ათასზე მეტი სკოლაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დანარჩენ სკოლებში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია?

მოგვიანებით განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ეს დოკუმენტი სკოლებს ავალებს შეიმუშავონ გეგმა, თუ როგორ აღიჭურვებიან სადეზინფექციო საშუალებებით, გააკონტროლებენ მოსწავლეების ნაკადების გადაადგილებას, მოაწესრიგებენ საპირფარეშოები და ა.შ.

აქ ყველაზე ხშირად გვხვდებდა სიტყვა „საჭიროებისამებრ“. მაგალითად, სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს თუ არა ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი.

ექსპერტები ამბობენ, რომ განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი გადასცა სკოლებს და მთელი პასუხისმგებლობაც მხოლოდ სკოლებს დააკისრა.

სარჩელი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

“განათლების სამინისტროს განცხადებები იმის ნიშანია, რომ სისტემა არ არის მზად სკოლების გახსნისთვის და ბავშვებსა და მასწავლებლებს, ფაქტობრივად, რისკის ქვეშ აყენებს”, – ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი, იურისტი ანა არგანაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“, რომელსაც არგანაშვილი წარმოადგენს, სარჩელიც კი შეიტანა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სარჩელში ორგანიზაცია განათლების სამინისტროსგან სკოლების გახსნის კონკრეტულ გეგმას ითხოვს.

არგანაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებები და ფეისბუკ-პოსტების ნაცვლად სამინისტრომ რეკომენდაციები ნორმატიული აქტის სახით ანუ მინისტრის ბრძანებით უნდა გამოსცეს:

„განათლების სამინისტრო წერს, რომ მესიჯებით და ელექტრონული ფოსტით გაუგზავნის რეკომენდაციებს მოსწავლეების მშობლებს. ქვეყანაში განათლება SMS-შეტყობინებებით არ შეიძლება იმართებოდეს. ჯერ ნორმატიული აქტები, გეგმები და დადგენილებები უნდა შეიქმნას და მერე ვისაუბროთ მესიჯებზე”, – ამბობს არგანაშვილი.

მისი თქმით, სკოლებს რეკომენდაციებში ჩაუწერეს სადეზინფექციო საშუალებები და სხვა სანიტარული ღონისძიებები, თუმცა რა თანხით უნდა შეიძინონ ეს ყველაფერი, გაურკვეველია:

“არაფერს ამბობენ იმაზე, რომ სკოლებს უბრალოდ არ აქვს ფინანსები, რომ გაუმკლავდნენ პანდემიას. ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ანუ არავინ აპირებს სკოლების ბიუჯეტის გაზრდას, არადა ეს აუცილებელია“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა ასევე ამბობს, რომ სისტემამ სრულიად მარტო, მოუმზადებელი დატოვა სკოლები პანდემიის პირისპირ:

„დეცენტრალიზაცია ახლა გაახსენდათ. როცა საჭიროა, სკოლებს დამოუკიდებლობას არ აძლევენ. და ახლა, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება სკოლას მხარდაჭერა, სკოლის მასწავლებლებს აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას ვირუსთან ბრძოლაში”.

აფხაზავას თქმით, დღეს არსებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, სრულიად გაუგებარია სკოლაში ეპიდ-აფეთქებაზე პასუხისმგებელი რომელი უწყება იქნება?

“ჯანდაცვის სამინისტროც პირდაპირ სკოლებს სთხოვს რეკომენდაციების შესრულებას და არა განათლების სამინისტროს”, – ამბობს ექსპერტი.

ქუთაისი ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც ორშაბათს სასწავალო პროცესი აღდგება.

JAMnews-ი ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორს ესაუბრა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

“გვითხრეს, რომ უნდა განსაზღვროთ ცვლები, რომ ყველა ბავშვი ერთდროულად არ იყოს სკოლაში, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, არ ვიცით. რამდენი ბავშვი უნდა იყოს კლასში? საიდან უნდა ვიცოდეთ, გუშინ ვებრძოდით პანდემიას თუ გუშინწინ? ახალია ეს ყველაფერი ჩვენთვის. ვინმე შეგვხვდა და აგვიხსნა? რეკომენდაციებში წერია, რომ ინდივიდუალური გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ მათ, ვინც სწავლის პროცესს ჩამორჩა. და კიდევ ცალკე ონლაინ გაკვეთილები იმ ბავშვებს, რომლებიც დისტანციურზე დარჩებიან. და გვაქვს ამის რესურსი? გაკვეთილები სკოლაში და ზუმში ერთდროულად როგორ უნდა ჩავატაროთ? გაუგებარია ეს ყველაფერი”, – ამბობს ის.

რას ამბობენ ეპიდემიოლოგები

იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც განათლების სამინისტრო ავრცელებს, ეპიდემილოგ მაია ბუწაშვილს მიაჩნია, რომ სისტემა პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის დასაწყებად მზად არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აზრით, სწორი არ იქნება, თუკი მშობლები სწავლის ისევ ონლაინ რეჟიმში გაგრძელება მოითხოვენ.

მისი აზრით, ახლა მშობლებმა უნდა მოითხოვონ არა სკოლების ჩაკეტვა, არამედ სკოლების რეგულაციების დაცვით გახსნა:

“ერთი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო (სწორედ ერთი წელია გასული, რაც ფაქტიურად დაკეტილია სკოლები),” – წერს ბუწაშვილი ფეისბუკზე.

ბუწაშვილი ამბობს, რომ იმ რეგულაციებს ნაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა გატარდეს, ასახულია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების დოკუმენტში, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ამ დოკუმენტს ზოგადი რეკომენდაციების სახე აქვს და გარანტია იმისა, რომ სკოლის დირექტორები დაიცავენ წესებს – უბრალოდ არ არსებობს.

მშობლები დილემის წინაშე

თავდაპირველად თუ ფეისბუკზე მშობლების აღფრთოვანებული პოსტები გვხვდებოდა იმაზე, რომ როგორც იქნა, სწავლა დაიწყება და ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ახლა ფეისბუკ-სტატუსები ბევრად ფრთხილი გახდა.

სკოლების ყოველგვარი გეგმისა და მკაცრად გაწერილი ვალდებულებების გარეშე გახსნა დილემის წინაშე აყენებს მშობლებს (მათ შორის, მათაც ვინც საპროტესტო აქციაზე იდგა და სკოლების გახსნას ითხოვდა) გაუშვან თუ არა საერთოდ ბავშვები სკოლაში თუ კვლავ დისტანციურ სწავლებაზე დატოვონ.

ექვსი წლის ირინკას და 12 წლის ნიკუშას დედა, თეონა ნანუაშვილი მათ რიცხვშია, ვინც მიიჩნევდა, რომ სკოლების დიდი ხნით დაკეტვა შეცდომა იყო. თუმცა, დღეს არ იცის როგორ მოიქცეს, გაუშვას თუ არა ბავშვები სკოლაში:

“ძალიან დაბნეული ვარ. ვრეკავ ჩვენს დამრიგებელთან და ელემენტარულ კითხვებზეც კი არ აქვს პასუხი. რამდენი ბავშვი იქნება კლასში, როგორ დაიცავენ დისტანციას, იქნება თუ არა შესვენებები. არაფერი ჯერ არ იციან. ეგ კი არა, პირბადე არ არის საჭიროო და ახლა აღმოჩნდა, რომ ეგ წესი შეცვალეს“.

საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, კერძო სკოლებში ლოჯისტიკური საკითხები უკეთ არის მოგვარებული. ყოველ შემთხვევაში, მშობლების კითხვებს იქ უფრო კონკრეტულ პასუხებს სცემენ.

ირინას 8 წლის ბიჭი ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეა.

„ფეისბუკ-გვერდი გვაქვს და საკმაოდ დეტალური ინფორმაციას ვიღებთ თუ რა პირობებში გაიხსნება სკოლა. მაგალითად, უკვე ვიცით რომ სკოლის ტერიტორიაზე მშობლებს გვეკრძალება შესვლა, პირბადის ტარება სავალდებულოა. ბავშვები ისხდებიან ჭადრაკისებურად და არა გვერდი-გვერდ. არ ისარგებლებენ სასადილო დარბაზით და ადგილზევე ექნებათ კვება. ფანჯრები ძირითადად იქნება ღია და როგორც კი კაი ამინდი გამოვა, ზოგი გაკვეთილი ღია სივრცეში ჩატარდება. ჯგუფების დაყოფაზე არაფერი უთქვამთ, ისედაც 15 ბავშვია ერთ ჯგუფში”, – ამბობს ირინა.

უთანასწორო პირობები

რევაზ აფხაზავა ამბობს, რომ უთანასწორობა განათლების სისტემაში, საჯარო და კერძო სკოლებს შორის, კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც მანამდეც იყო და პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა:

“განათლების სისტემის უნიათობის გამო ჩვენ მივიღეთ კლასობრივი სახელმწიფო, სადაც ბავშვებს არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობები მიიღონ განათლება. განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ეთნიკურ უმცირესობებს, სოფლად მცხოვრებ ბავშვებს. ინფრასტრუქტურულ საკითხებს რომ შევეშვათ, საერთოდ ვიცით რამდენი ბავშვი დარჩა განათლების მიღმა? საგანმანათლებლო დანაკარგებზე მთელი მსოფლიო საუბრობს და ხდება მათი შეფასება. ხოლო ჩვენ ისე ვაგრძელებთ სწავლას, თითქოს ეს ბავშვები ერთკვირიან არდადეგებზე იყვნენ. სად გვაქვს დანაკლისი? რამდენი ბავშვი დარჩა ონლაინ განათლების გარეშე? ხდება საერთოდ მათი აღრიცხვა? ან რა გეგმა გვაქვს მათი სკოლაში მობრუნების? ეს არის ტრაგედია. შეიძლება ვერასდროს დავაბრუნოთ ეს ბავშვები სასწავლო პროცესში“, – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მსოფლიოს გამოცდილება

იუნესკოს მონიტორინგის ინტერაქტიული რუკის თანახმად, ქვეყნები კატეგორიებად იყოფა – ქვეყნები, სადაც პანდემიის დაწყებიდან სკოლები საშუალოდ 21-30 კვირით იყო დაკეტილი; და ქვეყნები, სადაც სწავლა 31-40 კვირით შეწყდა.

პირველ კატეგორიაში ევროპის და განვითარებული მსოფლიოს სხვა ქვეყნები არიან. საქართველოც ამ კატეგორიაში იყო, თუმცა, რამდენიმე დღის წინ დაკეტვის მხრივ მაღალი კატეგორიის ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც საქართველოსთან ერთად ლიბია, ირანი, უგანდა, კენია, ეთიოპია და ა.შ. არიან.

ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისში, გასული თვის მარტში მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის გამო, 46-მა ქვეყანამ სკოლებში სასწავლო პროცესი პირველივე ტალღის შემოტევაზე შეაჩერა.

მათ შორის იყო საქართველოც, სადაც სწავლა მარტში შეწყდა და მხოლოდ სექტემბერში ორიოდე კვირით გაიხსნა.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დროს სკოლების 60 პროცენტი 186 ქვეყანაში დაიხურა, 1,5 მილიარდი მოსწავლე სახლში დარჩა.

ცივილიზებული მსოფლიო უკვე შეშფოთებით საუბრობს იმაზე, რომ 800 მილიონზე მეტი მოსწავლე (რაც ნახევარზე მეტია მსოფლიოს მოსწავლეების) საგანმანათლებლო პროცესში ისეთ სირთულეებს აწყდება, რომლის გადალახვა კაცობრიობის სამომავლო გამოწვევად შეიძლება დარჩეს.

ამ ფონზე მუდმივად ისმის ექსპერტების გაფრთხილება, რომ სკოლების დახურვა უკიდურესი ზომა უნდა იყოს, მათი უსაფრთხო გახსნა კი – პრიორიტეტულ ამოცანა.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ არაერთხელ განაცხადა ამის შესახებ და მოუწოდა ქვეყნებს, რომ მთავარი ყურადღება სასკოლო განათლებას მიაქციონ.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

On 2/10/2021 at 1:49 PM, Moor said:

მაგალითად, განცხადებაში ვკითხულობთ: “ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები”.

საქართველოში ორი ათასზე მეტი სკოლაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დანარჩენ სკოლებში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია?

მოგვიანებით განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე კიდევ ერთი განცხადება გამოქვეყნდა – ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. ეს დოკუმენტი სკოლებს ავალებს შეიმუშავონ გეგმა, თუ როგორ აღიჭურვებიან სადეზინფექციო საშუალებებით, გააკონტროლებენ მოსწავლეების ნაკადების გადაადგილებას, მოაწესრიგებენ საპირფარეშოები და ა.შ.

აქ ყველაზე ხშირად გვხვდებდა სიტყვა „საჭიროებისამებრ“. მაგალითად, სკოლამ თავად უნდა გადაწყვიტოს საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს თუ არა ცვლებში სწავლებისა და მუშაობის რეჟიმი.

 

:DD

პასუხისმგებლობის არიდების მეტს თუ აკეთებენ რამეს განათლების სამინისტროში?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   214 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • ASIA
    • YandexBot(22)
    • Facebookexternalhit(2)
    • Googlebot(1)