Jump to content
×
×
  • Create New...

ბაზრისკენ ჩასრიალება


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სალუინი (ჩინელებისთვის – ნუ) აზიის ერთ-ერთი უკანასკნელი თავისუფლად მჩქეფარე მდინარეა, მაგრამ ორი ათწლეულის წინ ჩინეთმა განაცხადა, რომ ნუზე კაშხალს ააგებდა. ჩინეთის ამ სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში მრავალი ეთნიკური ჯგუფი სახლობს. ნუს, ჯინშასა (იანძის) და ლანცანგის (მეკონგის) გამო აქაურობას სამი პარალელური მდინარის ხეობას ეძახიან, რომელიც მდიდარი ბიომრავალფეროვნებისთვის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია. აქ 2008 წელს ვიმოგზაურე.

ნუსთან თითქმის არ არსებობდა დაბლობები: სოფლები ხეობის ციცაბო ფერდობებზე გაეშენებინათ, გზა მხოლოდ ერთ მხარეს მიიკლაკნებოდა და მდინარეზე რამდენიმე ხიდი იყო გადებული. ადგილობრივი მცხოვრებლები ხეობის აქეთ-იქით გაბმული მსხვილი ბაგირით გადაადგილდებოდნენ, რისთვისაც თან მუდმივად დაჰქონდათ თოკი და საღვედე ბორბალი.

გადაღებისას ყველა საბაგირო რუკაზე დავიტანე. ეს ვიწრო და ღრმა ხეობა მზის შუქზეც ხშირად ჩრდილს მოეცვა. ვაკვირდებოდი ნუს მჩქეფარე წყალზე მოსრიალე ადამიანებს, რომლებიც მარტო, წყვილად ან შინაური ცხოველებით დაქროდნენ.  

ბაზრობის დღეს საბაგიროსკენ გავწიე ჩემს თანაშემწე ჩუან ძიანხუასა და ტიბეტელ მძღოლ ჟუ ლინვენთან ერთად (ორივე ლისუს ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება). ხალხის დიდი ნაკადი უკვე მდინარეს კვეთდა. კისერზე კამერითა და ჯიბეში ფირით მეც უკან დასაბრუნებელ ბაგირს გამოვები და შუა გზამდე გავსრიალდი. მრისხანე ნუს თავზე გამოკიდებულ ბაზრისკენ მიმავალ ხალხს მანამდე ვუღე ფოტოები, სანამ მათ, ვინც უკან ბრუნდებოდა, ჩემს ლოდინში მოთმინების ფიალა აევსებოდათ. შემდეგ ციცაბო გზის კიდეზე გადავედი, ვიდრე ხალხი ჩემს ბაგირზე ჩაივლიდა, ბოლოს კი კვლავ ბაგირს შევები – გაბრუნება ვარჩიე.  

მანქანაში ჩამსხდარნი მოპირდაპირე მაღალ ქედებს დავაკვირდით, საიდანაც ადამიანები ციცაბო ბილიკს კვლავ მოუყვებოდა. ძიანხუამ წამოიძახა: „ნახეთ, ძროხა ჰყავთ!“ ტელეობიექტივი ამოვქექე და ქედის წვერს დავაცქერდი, სადაც მართლაც ძროხა და კიდევ თხა მოჩანდა. ქვემოთ ბილიკი ორად იყოფოდა. სუნთქვაშეკრული ვნატრობდით, რომ ჩვენკენ წამოსულიყვნენ. ლინვენი კრიალოსანს მარცვლავდა, ძიანხუა კი ლისუს დიალექტზე ლოცვას იმეორებდა. ჩვენკენ რომ გამოემართნენ, აღტაცებისგან მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.     

სანამ მდინარის პირას ჩავრბოდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა რაკურსით ჯობდა გადაღება. თან მდინარის წყლის დაფიქსირებაც მინდოდა, რაც რთული იქნებოდა. ამასობაში ჯგუფი ბაგირს მოადგა და ნან ბოი (ზემოთ) თავდაჯერებულად ჩამოსრიალდა. დანარჩენებმა ძროხას უსაფრთხოების ღვედი შეაბეს, საღვედე ბორბალზე ჩამოკიდეს და ცხოველს ჩვენკენ ჰკრეს ხელი. ჰაერში მოქანავე ძროხა შუა გზაში შეჩერდა. მისი საცოდავი ბღავილი მდინარის ღრიალსაც ფარავდა.   

ბოი ძროხისკენ ხელების ცოცვით უკან ჩაფოფხდა, მუხლებით ცხოველის ღვედს შემოეჭდო და საკუთარი თავისა და ძროხის აქაჩვა დაიწყო.  

როდესაც ბაგირის ბოლოსთან ჩავაღწიე, ისინი თითქმის ამომძვრალიყვნენ. წამიერად ბოის სახე დავიჭირე; საკმაოდ უცნაური რაკურსი გამოვიდა.

წლების შემდეგ ეს საბაგირო გზა ხიდით ჩაანაცვლეს. 

ფრიც ჰოფმანმა ჩინეთის გადაღება 1994 წელს დაიწყო. მას ჩვენი ჟურნალის არაერთი ვრცელი სტატიის ფოტოები აქვს გადაღებული, მათ შორის, ჩინურ ტრადიციულ მედიცინაზე 2019 წლის იანვარში.

The post ბაზრისკენ ჩასრიალება appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share