Jump to content
×
×
  • Create New...

12 წელი სოკოს კრეფისთვის. როგორ აღმოჩნდა ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში


Recommended Posts

  • ფორუმელი

Screen-Shot-2021-02-08-at-16.55.24.png

მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა 8 თებერვალს თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან – აქციაში მონაწილე მოქალაქეები და აქტივისტები ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვენ.

გახელაძე ივლისიდან იმყოფება ცხინვალის ციხეში. გასულ კვირას მას 12,5 წელი მიუსაჯეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამხედრო მოსამსახურისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.

თბილისელი აქტივისტების პროტესტი მიმართული იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაც.

აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლების მიერ შერჩეული ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა არ მუშაობს და ამ პოლიტიკის გატარება უნდა დასრულდეს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიყენოს ეფექტიანი ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ და გაათავისუფლოს საქართველოს მოქალაქეები.

“საქართველოს ხელისუფლება – პუტინის მონები”, – ეწერა ერთ-ერთ ბანერს.

საელჩოს შენობიდან აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გარდა გახელაძისა, ცხინვალს უკანონო პატიმრობაში ჰყავს საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქე – გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი, ირაკლი ბებუა და რამაზ ბეღელური.

გახელაძისთვის გამოტანილი განაჩენი გასულ კვირას საყვირებითა და ბანერებით გააპროტესტეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

იქაც მთავარი მესიჯი იყო საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა:

“არაფერს აკეთებენ, იმიტომ რომ მონები არიან, პუტინზე მიბმული მონები”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა. 

ზაზა გახელაძის საქმე

5 თებერვალს ცხინვალის სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს ზაზა გახელაძეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 34 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიდამოებში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.

სხვილოს ციხე ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, რომელიც ცხინვალს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.

დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს. ოსური მხარის ვერსიით, გახელაძემ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რომლებიც მის დაკავებას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ცდილობდნენ და სანადირო თოფიდან სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. ცხინვალი ამბობს, რომ გახელაძე სწორედ ამ გასროლის საპასუხოდ დაჭრეს.

დაკავებულის მეუღლე ირმა ბუთხუზი ჰყვება, რომ დაკავების დღეს მისი ქმარი სხვა თანასოფლელებთან ერთად სოკოების საკრეფად იყო ტყეში.

გახელაძე ცხინვალის სასამართლომ ორი მუხლით ცნო დამნაშავედ – სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის გათავისუფლება გასული წლის ოქტომბერში ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

თბილისის რეაქცია

თბილისი ცხინვალის სასამართლოს განაჩენს რუსეთის მორიგ პროვოკაციად მიიჩნევს, რომლიც მიზანი საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მთავარი ადრესატი საერთაშორისო თანამეგობრობაა:

“მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად,” – აღნიშნულია საგარეო უწყების წერილში.

თბილისი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეაჩერონ ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა ტერიტორიებზე, რომლებზეც კონტროლი დაკარგა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ.

საგარეო უწყების წერილში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი დასმული იქნება “უმაღლეს დონეზე ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში”.

გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს არანაირი სამართლებრივი საფუძველი გააჩნია.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს”, – განაცხადა ახვლედიანმა.

______________________________________

● გამოკითხვა: ქართველები მზად არიან აფხაზებთან პირდაპირი დიალოგისთვის?
● თბილისი: “მზად ვართ არაფორმალური დიალოგისთვის”. სოხუმი: “დიალოგი არ შედგება”
● ანატოლი ბიბილოვი: ოსი ხალხი მსოფლიო თანამეგობრობისგან სიმართლეს ითხოვს

__________________________________________

საერთაშორისო გამოხმაურება

საქართველოს მოქალაქისთვის პატიმრობის მისჯას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც ასევე რუსეთის პროვოკაციად აფასებს:

“დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი” – წერია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ასევე რუსეთს ადანაშაულებს “საშიშ ქმედებებში”, რომლებიც საფრთხეს უქმიან რეგიონში ადამიანების სიცოცხლეს და მისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას ითხოვს:

“ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს“.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება” და “უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა”.

“ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ბატონ გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს”, – წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. 

ზაზა გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

“ევროკავშირი გახელაძის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში”, – აღნიშნულია ჰარცელის განცხადებაში.

ამ კონტექსტში ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ.

________________________________________________

კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში.

როგორც წესი, ამ  ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.

თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა, რადგან გახელაძეს ცხინვალი სამხედროს დაჭრაში ადანაშაულებს.

ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და  არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა. 

რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.

წყარო: ჯემნიუსი

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share