Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ შეჩერდა ირანიდან ბიტუმის იმპორტი და სად მიდის მონოპოლიური სქემის კვალი


Recommended Posts

  • ფორუმელი

საქართველოს მთავრობამ ირანიდან ბიტუმის იმპორტი შეაჩერა. “სტუდია მონიტორმა” გაარკვია, რომ ბიტუმის ბიზნესში ახალი მონოპოლიური სქემა ჩამოყალიბდა, რამაც საგზაო კომპანიების ხარჯი მნიშვნელოვნად გაზარდა.

„საქართველოში საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების სახელით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბაზარზე წარმოიშვა საგზაო საფარის შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის – ბიტუმის იმპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხება, რამაც გამოიწვია ბაზარზე მონოპოლიური ფასების წარმოქმნა და პროდუქტის არაგონივრული გაძვირება“,

– ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც საქართველოს მსხვილმა საგზაო-სამშენებლო კომპანიებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს გასული წლის 12 ოქტომბერს მიწერეს.

ამ წერილს, რომელიც „სტუდია მონიტორმა“ მოიპოვა, ხელს ისეთი მსხვილი კომპანიები აწერენ, როგორებიცაა: „ბლექ სი გრუპი“, „ზიმო“, „ნიუ როადი“, “სერპანტინი“, „იბოლია“ და „ჯეუ გრუპი“.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ირანული წარმოების ბიტუმის წილი საქართველოს ბაზარზე ყოველწლიურად იზრდებოდა: თუკი 2012 წელს ირანიდან 72 000 ტონა ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, 2019 წელს იმპორტის მოცულობამ 146 000 ტონა შეადგინა და მისმა ღირებულებამ 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ირანიდან საქართველოში ბიტუმი 100-მდე კომპანიას შემოჰქონდა. მათ სხვადასხვა მიმწოდებელი ჰყავდა. კონკურენცია აისახებოდა ნედლეულის ფასზეც. ირანული ბიტუმის ფასიცა და ხარისხიც მიმზიდველი იყო ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანიებისთვის. შედეგად, 2019 წელს საქართველოში თითქმის 170 000 ათასი ტონა იმპორტირებული ბიტუმიდან 86%-ი სწორედ ირანზე მოდიოდა, 8%-ი ერაყზე და 5,6% – აზერბაიჯანზე.

სიტუაცია ბიტუმის ბაზარზე კარდინალურად შეიცვალა 2020 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ირანიდან ბიტუმის იმპორტი ისე შეაჩერა, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის რეალური მიზეზი არ უცნობებია. ოფიციალურად მეგზევეებს უთხრეს, რომ იმპორტის შეჩერება პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “სტუდია მონიტორს” უთხრა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ირანული კომპანიებისთვის ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება:

„ჩვენ, სახელმწიფოს გვაქვს ჩვენი რიგი პასუხისმგებლობები, რომ ჩვენ ამათუ იმ ქვეყნის მიმართ, ან ამა თუ იმ ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს ვასრულებთ ისე, როგორც ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შეეფერება“.

“ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ აშშ-სთან პარტნიორობის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ ირანიდან ბიტუმის იმპორტის გაჩერებამდე, ხელისუფლებას ალტერნატიული მიმწოდებლების მოძიებაზე უნდა ეზრუნა:

„შესაძლოა, პარტნიორობის ფარგლებში რაღაც შეზღუდვებს ლოგიკური სარჩული ჰქონდა, მაგრამ ალტერნატივები მანამდე უნდა გაეჩინათ. არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომწოდებელი ერთი ქვეყნიდან. ეს ბაზარი უნდა იყოს თავისუფალი და სხვა მომწოდებლებიც უნდა არსებობდნენ, თავისუფლად ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს უნდა შეეძლოს ბიტუმის შემოტანა. აი, ეს არის კონკურენცია. თუ ეს არ შეუძლიათ, გვინდა არ გვინდა, მას უნდა დავარქვათ თავის სახელი – წმინდა მონოპოლია“.

გასული წლის 5 მარტს ეკონომიკის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა მეგზევე კომპანიებთან და ბიტუმის იმპორტიორებთან შეხვედრა გამართა, სადაც პანდემიის მოტივით ირანიდან ბიტუმის იმპორტის შეჩერებაზე ისაუბრა და იმპორტიორებს ბიტუმის შემოტანის ახალი ალტერნატივების ძიებისკენ მოუწოდა:

„აუცილებელია, როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რა ფორმით შეიძლება შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფით და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმას და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს“, – განაცხადა საღირაშვილმა.

ამ შეხვედრიდან მოკლე დროში ბიტუმის იმპორტის მონოპოლიური ხაზი ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც ირანიდან ბიტუმის იმპორტი შეჩერდა, 2020 წლის ივნისი-დეკემბრის პერიოდში, სულ საქართველოში 103 199 ტონა ბიტუმი შემოვიდა, საიდანაც 66%-ი უკვე აზერბაიჯანულ იმპორტზე მოდის.

“სტუდია მონიტორმა” გაარკვია, რომ ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომპანია “სოკარი” გახდა: აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი 82 199 ტონა ბიტუმის 91% “სოკარის” წილია.

თუკი ირანიდან ბიტუმის იმპორტის შემთხვევაში, ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შემოჰქონდათ პროდუქცია, როგორც გავარკვიეთ, აზერბაიჯანული “სოკარი” თავად გახდა როგორც მომწოდებელი, ისე შემომტანი, რამაც ბიტუმის იმპორტში ჩართული ბევრი კომპანია და ინდივიდუალური მეწარმე გააკოტრა.

“სტუდია მონიტორმა” გაარკვია, რომ “სოკარი” ბიტუმის საქართველოში იმპორტის ბიზნესში მხოლოდ 2 შუამავალ კომპანიასთან თანამშრომლობს, ესენი – შპს „აზქომი“ და „ოლდ ლაინ ჯორჯია“.

„სოკარი” მთლიანად აძლევს ამ ორ კომპანიას. მერე ესენი ყიდიან. სხვამ რომ მოინდომოს, არ შეუშვებენ ამ ბაზარზე. “სოკარი” მე არ მაძლევს პირდაპირ, უნდა ვიყიდო მე ამ ორი კომპანიიდან, ან ვერ ვიყიდი. ალბათ, ხელშეკრულება გააკეთა ამისთანა, მისცა მთლიანად ამათ, მერე ესენი აძლევენ სხვა კომპანიებს, რეალიზაციას ეს ორი კომპანია აკეთებს”, - უთხრა სტუდია მონიტორს ირანელმა ბიზნესმენმა ჰამედ თარიმ

კომპანია „აზქომი“ აზერბაიჯანის მოქალაქე ვუგარ გულიევმა 2019 წელს დააფუძნა, თუმცა შემდეგ, კომპანიის 100%-ის მფლობელი და დირექტორი დავით კიპაროიძე გახდა. კიპაროიძე წლებია სამშენებლო ბიზნესშია, რამდენიმე კომპანიის მეწილეა და სახელმწიფო ტენდერებშიც მონაწილეობს. 2018 წლამდე კომპანია “ბიოპლასტიკში” კიპაროიძის ერთ-ერთი პარტნიორი „ქართუ ჯგუფის“ იურისტი გელა კობერიძე იყო. კობერიძე ბიძინა ივანიშვილის არაერთ აქტივს მართავდა და ახლაც მართავს, მათ შორის, “აბასთუმანი 2019”-ს, ზესტაფონის ნავთობბაზას, “რეესტრი 21”-ს, “ჰორიზონტს”, უფრო ადრე – “ბლექ სი არენას”, რომელიც ივანიშვილმა სახელმწიფოს აჩუქა.

სოკარის მეორე შუამავალი კომპანია “ოლდლაინ ჯორჯიაა”. კომპანია „აზქომი“-ს მსგავასად, ამ კომპანიის დირექტორი და მეწილე გვარად გულიევია. აზერბაიჯანის მოქალაქე ემილ გულიევი კომპანიის 50%-იან წილს ფლობს.

„სოკარში“ ინტერვიუზე უარი გვითხრეს, წერილობით კი ამ ორი კომპანიიდან თანამშრომლობა მხოლოდ „ოლდლაინ ჯორჯია“-სთან დაგვიდასტურეს.

აზერბაიჯანული „სოკარის“ ახალი სქემით, რომელშიც შუამავლებად „აზქომი“ და „ოლდლაინ ჯორჯია“ არიან ჩართულნი, ბიტუმი საქართველოს ბაზარზე გაძვირდა. საგზაო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქცია 15-20 დოლარით გაძვირდა. თუმცა მეგზევეების თქმით, მიმდინარე წელს იყო შემთხვევა, როცა „სოკარმა“ შემოტანა ვერ შეძლო და ტონაზე ფასი 380 აშშ დოლარამდე ავარდა. ბიტუმის გაძვირებამ კი თავის მხრივ, საგზაო-სამშენებლო კომპანიებისთვის სახელმწიფოსთან შეთანხმებული კონტრაქტების ღირებულების ზრდა გამოიწვია.

„პროპორციულად რომ წარმოვიდგინოთ ასეა: 1 ტონა ასფალტში 7 პროცენტია ბიტუმის რაოდენობა და ერთი ტონა ასფალტის მოცულობა არის ერთი კუბი ასფალტი. ბევრი სჭირდება ასფალტი ძალიან საავტომობილო გზას და ბუნებრივია, ბიტუმი რომ ძვირდება, ეს ყველაფერს აძვირებს, სერიოზულად აძვირებს“, – ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგზაო დეპარტამენტის პროფესორი დავით ბურდულაძე.

მას შემდეგ რაც „სოკარი“ საქართველოსთვის ბიტუმის პრაქტიკულად უკონკურენტო მიმწოდებელი გახდა, სექტორში დასაქმებული ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ბიტუმის ხარისხი მკვეთრად დაეცა. ამას ხელს გარკვეულწილად ისიც უწყობს, რომ ბიტუმის შესახებ კანონმდებლობა მოწესრიგებული არ არის. „სტუდია მონიტორმა“ მოიპოვა ლაბორატორიული კვლევის ოქმი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ „ოლდლაინ ჯორჯია“-ს მიერ შემოტანილი აზერბაიჯანული ბიტუმი დაბალი ხარისხისაა და თანდართულ სერთიფიკატში აღწერილ მონაცემებს არ შეესაბამება.

The post რატომ შეჩერდა ირანიდან ბიტუმის იმპორტი და სად მიდის მონოპოლიური სქემის კვალი appeared first on MONITORI.

წყარო: monitori.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share