ფორუმელი Moor Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 თელავი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ლამაზი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქია. მას შუაზე ყოფს პატარა მდინარე – თელავისხევი, რომელიც უხვი და უეცარი წვიმების დროს ნამდვილ კოშმარად შეიძლება იქცეს. ჩვენს მშობლებს ახსოვთ 1977 წლის 14 ივნისი, როდესაც სტიქიამ მთელი ქუჩა ჩამარხა. სტიქიის შემდეგ ქალაქი შეიცვალა. ახლა აქ უფრო მეტი შენობა დგას და, რაც ყველაზე საშიშია, მეტი ადამიანი ცხოვრობს. სტიქიის გამო ხეობაში აშენებულმა სამმა დამბამ ქალაქს სიმშვიდის ილუზია შეუქმნა და ის ადგილებიც განაშენიანდა, სადაც ისტორიულად ხალხი არასოდეს სახლობდა. ამასობაში ხეობაში ტყე უფრო შემცირდა და ეროზირებული ფერდობებიდან ჩამოსულმა მილიონობით ტონა ქვა-ღორღმა კალაპოტი ამოავსო. ქალაქის ამ ლამაზ უბანში სეირნობისას ფილმის სიუჟეტს წარმოვიდგენ ღარიბი მთავარი გმირით, რომელიც მხოლოდ საკუთარი უვიცობისა და დაუდევრობის გამო დღე-დღეზე სიკვდილით უნდა დასაჯონ. ქალაქი თავისი დიდი თუ პატარა პრობლემებით, მაგრამ მაინც არხეინად ცხოვრობს და თითქოს არ იცის, რომ მისკენ შეიძლება მთელი მთა დაიძრას. ჩემს სკოლაში ეკო-კლუბია. ერთ დღესაც კლუბში თელავისხევის წყალმოვარდნის მოდელირების ანგარიში განვიხილეთ, რომელიც გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია CENN–მა მოამზადა. რუკაზე წითლად იყო დაშტრიხული ოთხი ქუჩა მდინარის ორივე ნაპირზე ასზე მეტი საცხოვრებელი სახლით, აგრარული ბაზრით, ავტოსადგომით, კაფეებით, მაღაზიებით, რესტორნებით, საბავშვო მოედნებით. სახლები დავიარეთ და მცხოვრებლებს ეს რუკა სათითაოდ ვაჩვენეთ: „იცით, ეს ხაზები რას ნიშნავს? ეს ადგილი შეიძლება ღვარცოფმა წალეკოს. აი, აქ თქვენი სახლია“. გაგვიკვირდა, მაგრამ ყველამ ყველაფერი იცოდა. 1977 წელიც გაიხსენეს. მაშინ, თურმე, ძირითადად დაუსახლებელი ჭალები იყო და ქალაქს მაინც იმოდენა ზიანი მიადგა, რომ მომდევნო ორი წელი ის საბჭოთა კავშირის ცენტრალური საწყობებიდან სპეციალურად მარაგდებოდა. ისიც გაიხსენეს, სხვა ქალაქების მაღაზიებში რომ არაფერი იშოვებოდა, სტიქიის გამო პრივილეგირებულ თელავში სავაჭროდ თბილისიდანაც კი ჩამოდიოდნენო. იციან, მაგრამ არაფრად აგდებენ. ეს თაობა შეეჩვია უბედურებებს – ომი, კატასტროფა, კრიზისი… თითქოს სიკვდილს ვეთამაშებით და ამ თამაშში შვილების სიცოცხლეც სულ ერთია: „ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საათში 25 მმ. წვიმა მოვიდა. ჩვენთან ასეთი წვიმები არ იცის“. ვაჩვენეთ, რომ პროგნოზის მიხედვით თელავში შეიძლება 35 მმ-ც მოვიდეს და მაშინ გაცილებით მძიმე შედეგი გვექნება; დამატებით ისიც ვუთხარით, რომ ეს მოდელი წყლის ჩამონადენზეა აგებული და თუ წყალში ინერტულ მასალასაც გავურევთ და ღვარცოფის სიჩქარეს და მდინარის გამტარობას შევამცირებთ, მასშტაბი კიდევ გაორმაგდება. ანუ, უკვე გაოთხმაგდება. ესეც იცოდნენ, 50 წლის წინაც სტრუქტურული ღვარცოფი იყოო. მაშინდელი ფოტოებიც ვნახეთ – ერთ მეტრ ტალახში დამარხული ქალაქი და ხეობა. მერიაშიც წავედით. იქაც ყველაფერი იციან. ეკო-კლუბი ხეობისკენ დაიძრა. გაჩეხილი ტყე, დანგრეული დამბები, მორებით დატვირთული მანქანები. ვერც კი მიხვდები, სადღა პოულობენ ხეებს მოსაჭრელად. სატყეო სამსახურმა გვითხრა, ტყეკაფები აქ 2013 წლის შემდეგ აღარ გამოიყოფაო. მაშინ სატყეო გზები რატომ არ არის ჩახერგილი? რატომ აძლევთ საშუალებას, რომ სატვირთო მანქანებმა იარონ და ეს ულამაზესი და უნიკალური ხეობა შეუქცევადი დეგრადაციისთვის გაიწიროს? 2015 წლის 13 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე. სტიქიამ შეიწირა 19 ადამიანი, თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ფოტო: shutterstockამაზე უკვე საკუთარ სახლში მიპასუხეს: „შეშა ხომ გვინდა, შვილო. შეშა თუ არ მოვიტანეთ, ამ ზამთარს რითი გავთბებით? გარშემო ყველა ხეობა ამ დღეშია. სახელმწიფომაც სადმე ხომ უნდა მოაგროვოს ამდენი ხალხისთვის სამყოფი შეშა. ამიტომ არ ხერგავენ გზებს. რაც კანონიერად ვერ მოიჭრება, ის უკანონოდ უნდა მოიჭრას და ამაზე ყველა თვალს ხუჭავს“. შეშა ნამდვილად გვინდა. მაგრამ შეშის გარდა გვინდა, რომ მომავალიც გვქონდეს. ასეთი ადვილი არ ყოფილა პრობლემის მოგვარება. ყველა ქალაქს თავისი მდინარე ჰქონია დამიზნებული. ხუთი წლის წინ თბილისის ცენტრალური უბნებიც ასეთივე პატარა ხევმა დაანგრია, ათზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ზოოპარკის ცხოველები საკუთარ გალიებში დაიხრჩვნენ. ვინც გამოცურა, სპეცნაზმა დახოცა. შუა ქალაქში ვეფხვებზე და პანტერებზე ვნადირობდით, ჰიპოპოტამი კი წკეპლით დავაბრუნეთ თავის დატბორილ გალიაში. ჩვენი თაობა შეშაში ამოდენა ფასის გადახდას არ აპირებს. რას ვაკეთებთ? – ჩუმად არ ვართ. ცნობიერებას ვამაღლებთ. თუ ხალხმა გააცნობიერა, ხელისუფლებაც გააცნობიერებს. ჩვენი ეკოკლუბის დღის წესრიგში თელავისხევი პირველ ადგილზე წერია. დანარჩენი თემები იცვლება, ეს – არა. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, რომ ყურადღება მივიქციოთ. მგონი უკვე მივიქციეთ კიდეც. მერიამ გვახარა, რომ თანხაა გამოყოფილი და დამბებს აღვადგენთო. ეს ხანძრის ჩაქრობას ჰგავს, მაგრამ სულ არაფერს – სჯობია. ახლა უკვე იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. ჩვენთან ერთად კიდევ 500 სკოლა ლაპარაკობს. ეს ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსია. ხელისუფლებაც შეეჩვია ჩვენს გამოჩენას ყველგან, სადაც პრობლემაა. უკვე ჩვენს ხმაზეც რეაგირებენ. გვისმენენ? პირდაპირი გაგებით – კი. მაგრამ, ჩანს, მერე ისინი კიდევ სხვებთან, ის სხვები – კიდევ სხვებთან ლაპარაკობენ და სადაც ყველაფერი გროვდება და გადაწყვეტილებები მიიღება, იქ უკვე აღარავის ახსოვს, რა ვთქვით. ესეც დროებითია. უმცროსკლასელები გადავამზადეთ და ზუსტად ვიცით, მანამდე მოუწევთ ჩვენი მოსმენა, სანამ ყველაფერს არ გაიგებენ და ჩვენს ლამაზ ტყეს, ქალაქს, ქვეყანას არ გადაარჩენენ. ჩვენ ხომ ფსიქოლოგიურ დრამაში არ ვცხოვრობთ, სადაც მთავარ გმირს სიკვდილით სჯიან. National Geographic Magazine – საქართველო მოხარულია წარმოგიდგინოთ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილეთა სტატიები. კონკურსი 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის/Austrian Development Cooperation-ის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის ავტორები გიორგი იმედაშვილი და მარიამ წიქარაძე ქალაქ თელავის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები არიან. გიორგის და მარიამს თემის მომზადებაში დაეხმარნენ CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი და ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი კახეთში კახა სუხიტაშვილი. The post გმირი, რომელსაც სიკვდილით ვერ დასჯიან appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 29 იანვარი, 2021 Posted 29 იანვარი, 2021 On 1/18/2021 at 5:17 PM, Moor said: სპეცნაზმა On 1/18/2021 at 5:17 PM, Moor said: გიორგი იმედაშვილი და მარიამ წიქარაძე On 1/18/2021 at 5:17 PM, Moor said: რეზო გეთიაშვილი და ორგანიზაციის რეგიონული კოორდინატორი კახეთში კახა სუხიტაშვილი. ამ ოთხმა კაცმა არ იცის რომ სპეცნაზი რუსული სიტყვაა და სპეცრაზმი უნდა გამოეყენებინათ. პ.ს. დურუჯიც ძაან სახიფათო მდინარეა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა