Jump to content
×
×
  • Create New...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს არჩევნებზე დაკვირვების ანგარიში მიმოიხილა


Recommended Posts

  • ფორუმელი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25 იანვარს 2021 წლის ჰიბრიდული ზამთრის პლენარული სესიის პირველი დღე გამართა, სადაც დეპუტატებმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების შესახებ ანგარიში განიხილეს.

31 ოქტომბრის არჩევნებზე დისკუსია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ტინი კოქსმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში პოლიტიკური კლიმატი დაძაბული იყო არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და არჩევნების შემდეგომ პერიოდში, რაც ამ დრომდე გრძელდება“.

ჰოლანდიელმა დეპუტატმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „შეამოწმოს ყველა საჩივარი, რომელიც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაიწერა“. მან ასევე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა „ჩაერთონ აზრიან დიალოგში, რათა წამოჭრილი პრობლემები დაძლიონ და შემდგომი საარჩევნო და სასამართლო რეფორმა ერთად განიხილონ“.

მას შემდეგ, რაც კოქსმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ერთობლივი პოსტსაარჩევნო განცხადების ძირითადი პუნქტები მიმოიხილა, განაცხადა, რომ საქართველოს არჩევნებში მთავარ ნაკლს არა თავისუფლების დეფიციტი, არამედ სამართლიანობის დონე წარმოადგენდა.

„მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის წარმოებისას მასსა და სახელმწიფოს შორის ზღვარს საკმარისად არ სცა პატივი“, – აღნიშნა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

„მეორე მთავარი პრობლემა არის ის, რომ სხვა პარტიებმა ახალ პარლამენტში მონაწილეობაზე ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტეს, რაც ეწინააღმდეგება არჩევნების არსს“, – თქვა კოქსმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს მონიტორინგის საკითხებში უკვე მოუწოდეს ოპოზიციას საპარლამენტო მანდატები მიიღონ.

რუმინელმა დეპუტატმა და საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა, ტიტუს კორლატეანმა ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან პრობლემად პოლარიზაცია გამოყო, რომაც, მისივე თქმით, ნაწილობრივ, ოპოზიციის ბოიკოტი გამოიწვია. მან საქართველოს მთავრობას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ, ხოლო ოპოზიციას პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

დებატების დროს, ესტონელმა დეპუტატმა, მარია იუფერევა-სკურატოვსკიმ მხარეებს მოუწოდა „პარლამენტში ერთად მუშაობის შესაძლებლობით ისარგებლონ“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის ინტერესების წარმოსაჩენად და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად ბოიკოტი საუკეთესო გზა არ არის“, – დასძინა მან.

ესტონელმა დეპუტატმა ქართული ოცნების ინიციატივაც დაგმო, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეზღუდვას გულისხმობს.

თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ მიესალმება დროებითი საპარლამენტო კომიტეტის შექმნას, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნების დარღვევებს გამოიძიებს. მან ასევე მხარი დაუჭირა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

„მე ვერ დავეთანხმები 2020 წლის არჩევნების შესახებ თქვენს პოზიტიურ შეფასებას“, – განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა ლაიმა ანდრიკიენა, რომელიც საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

„ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში არჩევნებს აკვირდებიან, ეს ყველაზე ცუდი არჩევნები იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში“, – თქვა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში არჩევნების შედეგების მიმართ ნდობის დეფიციტია.

„[31 ოქტომბრის არჩევნების] სავარაუდო შედეგი კოალიციური მთავრობა იყო – პირველი საქართველოს ისტორიაში. არჩევნების ღამეს რაღაც ძალიან არასწორად მოხდა“, – თქვა დეპუტატმა ანდრიკიენემ.

„საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა და ამომრჩევლებზე ორგანიზებული ზეწოლა კრიმინალური ელემენტების დახმარებით, ოპოზიციური პარტიებისა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლების მარგინალიზაცია და ბოლოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმების გადაწერა – ეს ის ინსტრუმენტები იყო, რომლებიც მთავრობამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share