Jump to content
×
×
  • Create New...

წელიწადები წავლიან ძველნი


Recommended Posts

  • ფორუმელი

დღეები ბრუნავს, ვით კამათელი
და ყვავილების არის მრავლობა.
ჩემთვის დღესავით არის ნათელი,
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.
წელიწადები წავლიან ძველნი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი,
ისე ერთია გალაკტიონი.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ელვარე თოვლში მიჰქრის მარხილი,
რომ მოიხვიოს თეთრი ავდარი,
ამ სივრცეებში მყავს დამარხული
ზამთარი ცივი და ნაზავთარი.

მისი ელამ მზის თვალის ხილება
ეშორეება ჰაერს არეულს,
მხოლოდ ტყემლების აყვავილება
ხეებს რიდეებს ფენს სიზმარეულს.

ფერუმარულის სახით ცხედარი -
მარმარილო დგას, როგორც მუმია,
გაყინულია თითქო, მხედარი
და იდუმალ სწუხს: რა სიჩუმეა!

რა სიჩუმეა! როგორ აჩნია
გზებს ნაკვალევი არ საამსოფლო,
რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია...
რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო.

დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია 

 

დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, 
თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. 
და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, 
მე თბილისი ავირჩიე ბებერი.

მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა. 
მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა. 
მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა, 
შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი

 

თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
დიკენსის გმირივით ცეცხლთან ჩაფიქრება.
ელვარებს ღუმელი. ვფიქრობ, საცაა ცეცხლიც ჩამიქრება.
გაიღო ფანჯარა: თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი.
იფანტება თეთრი ფიქრები, იფერფლება ხელნაწერი...
ნუ ჩამიქრები... და იქაც, შიგნით, სულში...
თოვლი იყო ირიბი, ალმაცერი...
 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის,

როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე,

ახლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის,

მზე აღარ არის და არ არის არარაიმე.


ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი,

წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები.

ახლა შენა გსურს არაფერი, ო, არაფერი,

მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები.


არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს,

არც სიყვარული, არც ღიმილი, არც სიტკბოება.

შენ ვერაფერი დაგავიწყებს შხამიან წარსულს,

შენთვის მკურნალი იმედები არ იპოვება.


უმიზეზოდ ცივს, უმიზეზოდ შეურაცხყოფილს,

შენ არ გსურს ვინმეს გააგონო, ჩემო ციერო.

მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს:

ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.
ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.
მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოეფარათ ყამირი მიწა.
ბაღში გავედი… იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

ეფემერა

ცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები
ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით,
იყვნენ საუკუნენი, მაგრამ მე ვიხსენები
გაფრენილი პირველი წყების ნიაგარებით.
ვწუხვარ: ერთადერთი ვარ და ზეცაზე სწერია
ჩემი გზა და ახალი ლალის კართაგენები,
ბედი - ქროლვის გარეშე - ჩემთვის არაფერია,
ჩემთვის ყველაფერია ისევ ლურჯა ცხენები.
ჰე, ქაოსში დაკარგულს ქარი დამედევნება
ძახილით: გალაკტიონ! და ძნელია მიგნება.
სადაც ახლა ჯვარია და გვიანი მტევნები,
იქ უკვდავი მაგიის მარმარილო იქნება.
რამდენი ქარავანი, მთებზე გადამართული,
გაიშლება მცნობელი მღვრიე უდაბნოეთის,
წვეთი სისხლის არ არის ჩემში არაქართული,
ძაფი ნერვის არ არის ჩემში არაპოეტის!
ო, რამდენი დაცხრება შურიანი თვალები,
რომ მარად იმარჯვებენ იდუმალი მშვენებით
ლექსთა შეჯიბრებაზე - მხოლოდ ინტეგრალები,
ცხენთა შეჯიბრებაზე - ისევ ლურჯა ცხენები!
აჰა! შორით მოისმის ქვეყნიური გუგუნი,
ელვა ელვას გაეკრა, დაელეკა ცას ღვარი,
გაქრა, როგორც ღუმელი, ცოდვით გადაბუგული,
უკანასკნელ ძებნათა სევდიანი საზღვარი.
კიდეები შეშლილი, ღამეები ველური
დაიტვირთონ წამებით, ღამე მთვარეს მოებას.
სულს სწყურია საზღვარი ისევ ეფემერული,
სულს სწყურია საზღვარი, როგორც უსაზღვროებას
თქვი, რას ნიშნავს ზენიტზე მდგარი შორი პალმები?
წინ! იმ უსაზღვრობაში მწუხარებას აიტან.
ჩემებრ დიდ საიდუმლოს მე იქ მივესალმები,
ყოველ მხრივ სივრცე იყოს, შველა კი - არსაიდან.
ო, უბრალო ხმებისთვის არასდროს არ მეცალა,
დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით.
კოშკებს სიზმარეთისას ნისლი გადაეცალა
და იქ მიექანება სული განწირულებით.
ნეტავ ჯოჯოხეთისა დარდმა გამიყოლიოს,
სადაც ვარდებს ბაღისას მაისობა უქრება.
მძიმე ქვების ქუსლებით დავეყრდნობი პოლიუსს,
როცა ქარი მოსკდება და ცას შეემუქრება.
როგორც უხვი მემკვიდრე, ვისვრი სავსე პეშვებით
ფანტასტიურ მკვლელობებს და ოცნებას მკათათვის.
წარსულში, მომავალში წყევლით გადავეშვები,
რომ ძეგლები ავმართო მღვრიე მშვენებათათვის.
თქვენ შეხედეთ: პირველი ჩნდება მერიდიანი,
ვეძებ ისევ დაღუპვას და დავცინი სიბერეს,
წარსულს წყდება ფოთლების წყება იმედიანი,
შემოდგომის ქარვებმა გზები გადამიფერეს.
დე, თამაშის თუ ბრძოლის ვიყო ცქერით გართული,
იყოს მზეთა ორგია და მაგია მთვარისა,
ვიყო ამ ღრიანცელში მარად ხელაღმართული,
ლანდი - არაქვეყნიურ დარდით გადამწვარისა.
დარჩეს ეს საიდუმლო, როგორც წმინდა ემბაზი,
ეფემერა მომექცეს, როგორც ღამეს ენებოს.
ცხენთა შეჯიბრებაზე! ცხენთა შეჯიბრებაზე!
ცხენთა შეჯიბრებაზე გასწით, ლურჯა ცხენებო.

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

გურიის მთები
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   232 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 230 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(3)