ფორუმელი Moor Posted 22 იანვარი, 2021 Posted 22 იანვარი, 2021 ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უსაფრთხო კომუნიკაციები, სამხედრო წვრთნები, საზღვაო მხარდაჭერის გაფართოება და სიტუაციური ცნობიერება ნატო-საქართველოს ურთიერთობების რამდენიმე მთავარი პრიორიტეტია. გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მათ საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს და ხაზი გაუსვა, რომ ეს „ჩვენ საერთო მიზანთან, ნატოს წევრობასთან“ ქვეყნის დასაახლოებლად „გადამწყვეტი“ ფაქტორია. „ჩვენ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები გვჭირდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს შესაძლებლობების მქონე უსაფრთხოების ინსტიტუტები და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო კონტროლი როგორც სამხედრო, ისე დაზვერვის სამსახურებზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან ალიანსების აღდგენის თაობაზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დაპირებაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, „ვიცი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ტრანსატლანტიკურ კავშირებს და საქართველო ამ ტრანსატლანტიკური კავშირების ნაწილია“. გენერალურმა მდივანმა სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ამ ტერიტორიებზე კონტროლს ახორციელებს. „ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ დაიცვას საერთაშორისო სამართალი და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი ენერგია, მეტი მოქმედება, მეტი მიზანმიმართულობაა“ საჭირო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, რაც ნათლად გამოჩნდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მზადყოფნაში, რომ ნატოსთან კავშირები განამტკიცოს და ასევე „ძალების ახალ კონფიგურაციაში“ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებში. მან დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს „მეტი სჭირდება“. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ნატოს 2030 წლის ანგარიშის რეკომენდაციები შესრულდება. სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კოვიდ-19, კიბერუსაფრთხოება, დეზინფორმაცია და მიმდინარე კონფლიქტები ის გამოწვევებია, რომელთა მოგვარებაცაა საჭირო. „მიუხედავად ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე კონფლიქტისა, მიუხედავად ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტისა, მიუხედავად მზარდი პროვოკაციებისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევისა, საქართველომ მოახერხა სტაბილურობის შენარჩენა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემოც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. „დროა, რომ ალიანსმა მეტი სოლიდარობა და მეტი გაბედულობა გამოიჩინოს“, – დასძინა მან. ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდის საკითხს განიხილავს, როგორც ამის თაობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს სტუმრობს ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ნატოს კარი საქართველოსთვის ღია უნდა დარჩეს საქართველო ნატოს 2030 წლის ანგარიშში წყარო: Civil.ge Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა