Jump to content
×
×
  • Create New...

ნინო ლომჯარია: ციხეს “მაყურებლები” მართავენ, სახელმწიფო სახალხო დამცველს კრიმინალებს უმხედრებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

7458106555441072864228734652966050269757

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს მის წინააღმდეგ კრიმინალური ავტორიტეტების ამხედრებაში ადანაშაულებს.

სპეციალურ ბრიფინგზე ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის ერთ-ერთი პატიმარი მონიტორინგზე მისულ ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელს დაემუქრა და მოსთხოვა ციხის ტერიტორია დაეტოვებინა.

ლომჯარია პირდაპირ მიანიშნებს, რომ აღნიშნული კრიმინალური ავტორიტეტის მუქარების უკან, სავარაუდოდ, ციხის ადმინისტრაცია დგას.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ გლდანის #8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა, პატიმრები საკანს მხოლოდ ადმინისტრაციის ნებართვით ტოვებენ, ხოლო ეს პატიმარი ყოველთვის თავისუფლად გადაადგილდებოდა მაშინ, როცა იქ სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო.

ომბუდსმენი. ამბობს, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა.

მისი თქმით, სულ უფრო მზარდია ციხეებში ქურდული სუბკულტურის გავლენა.

ლომჯარია პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და რამდენიმე მაღალჩინოსნის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

მისი თქმით, ადმინისტრაცია “განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების, ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.”

ლომჯარია დამატებით დაცვას ითხოვს საკუთარი თანამშრომლებისთვის, რომლებიც ციხეში დადიან.

nino-lomjariaaaa-1024x683.jpgნინო ლომჯარია

იგი კრიმინალურ ავტორიტეტებს ციხის “არაფორმალურ მმართველებად” მოიხსენიებს, რომლებიც ციხის ადმინისტრაციების მხრიდან მხარდაჭერილები არიან”.

ლომჯარიას თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან. ისინი ყველაფრის საქმის კურსში არიან და იციან, რომ ციხეებს დღეს რეალურად კრიმინალები და მაყურებლები მართავენ, თუმცა ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებენ.

ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს აღიარებს და დღეს ჩვენ მოვედით იქამდე, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს წაქეზებით, კრიმინალებს უპირისპირებენ სახალხო დამცველს“, – ამბობს ომბუდსმენი.

რაც შეეხება ფიზიკურ უსაფრთხოებას, ლომჯარია აღნიშნავს, რომ ციხეებში იყო შექმნილი საკმაოდ დაძაბული ვითარება, თუმცა ფიზიკურ შეხებას ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია:

რეალური განცდა საფრთხის ჩემს წარმომადგენლებს და თითოეულ ჩვენგანს, რა თქმა უნდა, გვაქვს. რაც შეეხება სხვა პატიმრებს, როცა ჩვენი წარმომადგენლები ცდილობენ სხვა პატიმრებთან კომუნიკაციაში შესვლას, იქ მყისვე ჩნდებიან ისინი [მაყურებლები] და იძულებულნი ხდებიან მათ შეწყვიტონ ჩვენთან კომუნიკაცია“.

ლომჯარია მიუთითებს იმაზე, რომ პატიმრები არიან დაშინებულები და ღიად საუბარს ომბუდსმენის წარმომადგენლებთან ერიდებიან.

ლომჯარიას თქმით, წლიდან წლამდე მცირდება საჩივრები არა მხოლოდ დახურული ციხეებიდან, სადაც პატიმრების გადაადგილებას მთლიანად ადმინისტრაცია აკონტროლებს, არამედ იმ პატიმრების მხრიდანაც, რომლებიც სასჯელს ნახევრადდახურულ დაწესებულებებში იხდიან და შედარებით თავისუფლად გრძნობენ თავს. ლომჯარიას თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ ნახევრადდახურული ტიპის ციხეებში, ადმინისტრაციას ვითარების გაკონტროლებაში კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. “მაყურებლები” ეხმარებიან.

ომბუდსმენის თქმით, ის მიაწვდის ინფორმაციას ყველა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციას, რომელიც ფინანსურად ეხმარება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს: 

ყველაფერს  გავაკეთებ, რათა საერთაშორისო მასშტაბის ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ საქართველოში პენიტენციური სისტემა სახალხო დამცველს უმხედრებს კრიმინალებს.”

ჟურნალისტების კითხვაზე, აქეზებს თუ არა ამ ყველაფერს ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც სისტემას რვა წლის განმავლობაში მართავდა, ომბუდსმენი პასუხობს, რომ – კი.

“მე არ ვამბობ, რომ მან შექმნა ეს სისტემა, მას დახვდა ნამდვილად ეს სისტემა, მაგრამ პირველად იყო, რომ საჯარო განცხადებებით მან ნაცვლად იმისა, რომ უარყოფა გაეკეთებინა ან დაეგმო მსგავსი პრაქტიკა, მან დაადანაშაულა სახალხო დამცველი და პრაქტიკულად გამოაცხადა ბრძოლა სახალხო დამცველის წინააღმდეგ“, – ამბობს ლომჯარია.

ციხეში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე განცხადებებს სახალხო დამცველი პირველად არ აკეთებს.

ერთი წლის წინ ნინო ლომჯარიასა და მაშინდელ იუსტიციის მინისტრ, თეა წულუკიანს შორის ამ თემაზე დაპირისპირება მოხდა.

მაშინ ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოადგინა მოხსენება, სადაც საუბარი იყო საქართველოს ოთხ ყველაზე მასშტაბურ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე.

ანგარიში მიუღებელი აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისთვის, რომელიც საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ესწრებოდა და ღია პოლემიკაში შევიდა ომბუდსმენთან.

წულუკიანმა ტყუილი და ჭორი უწოდა ანგარიშს, ომბუდსმენს უსაყვედურა ბიძინა ივანიშვილს რატომ არ იცავო და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების ჩაცმულობაც გააკრიტიკა. 

_____________________________________

● ომბუდსმენის და მინისტრის დაპირისპირება: ლომჯარია ამბობს, რომ ციხეებში “მაყურებლები” დაბრუნდნენ

● საქართველო Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშში

● ნინო ლომჯარია: პანდემიის დროს დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა

_________________________________________

რას პასუხობს სახალხო დამცველს პენიტენციური სამსახური

სახალხო დამცველის ბრალდებებს საგანგებო განცხადებით უკვე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახური.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. 

განცხადებაში წერია, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის აპარატს ციხეებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებაში.

პენიტენციური სამსხურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და “არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან”.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აცხადებს, რომ “არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს”.

“პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები”, – ნათქვამია განცხადებაში. 

წყარო: JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 20 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულის „ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას“.

ლომჯარიას განცხადებით, მონიტორების მიმართ აგრესია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში „პატიმართა არაფორმალური იერარქიის“ მარვის მოდელსა და ციხეებში ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ „მოჩვენებითი წესრიგის“ დამყარებაზეა საუბარი, რომლის მიზანიც „პატიმართა გაჩუმება“ და პრობლემებზე საუბრის „აკრძალვაა“.

ომბუდსმენმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან სახალხო დამცველზე „საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებებიც“ გაიხსენა, რაც იმით დასრუდლდა, რომ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებისთვის ციხეებში „ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არამარტო გართულდა, არამედ საფრთხის შემცველი გახდა“.

„ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და პატიმართა „კონკრეტული ჯფუფის“ მხრიდან აპარატის თანამშრომლების მიმართ მუქარისა და აგრესიის შემთხვევები გაიხსენა.

„ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან“ რეალური საფრთხის გამო, ომბუდსმენი პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს. „[აღნიშნული] ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან“, – ხაზი გაუსვა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენმა მოუწოდა მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად და დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისა და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სახალხო დამცველმა პენიტენციურ სისტემის „არსებითი გაუმჯობესებისა და გაჯანსაღების“ მხარდაჭერისთვის საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებსაც მიმართა.

სახალხო დამცველი ინფორმაციას გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტსა (SPT) და ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტსაც (CPT) მიაწვდის, „რათა მათ განახორციელონ საქართველოში ვიზიტი პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით“.

ომბუდსმენის განცხადებას დღესვე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარს „სიცრუე“ უწოდა, რაც უწყების შეფასებით, „საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ ემსახურება.

„თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ“, – ნათქვამია სამსახურის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგსმულია, რომ უწყების ხელმძღვანელობას პატიმრების მხრიდან ომბუდსმენის მიმართ განწყობაზე ზეგავლების ბერკეტი არ აქვს.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   330 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 330 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(2)