Jump to content
×
×
  • Create New...

სოლიდარული საქართველო: გორის მიწისძვრა


Recommended Posts

  • ფორუმელი

რუსეთის იმპერიაში რეალური თვითმმართველობა და ნაციონალური ინსტიტუტები არ არსებობდა. ქართული საზოგადოება, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებიდან ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების გზას მყარად დაადგა, არსებული სოციალური გამოწვევების დაძლევას ძირითადად თვითორგანიზებითა და  სოლიდარობის კამპანიებით ცდილობდა. ამავე გზით იქმნებოდა სამოქალაქო თვითშეგნება, მყარდებოდა კავშირები მაშინდელ არისტოკრატიას, ახალ ელიტასა და გლეხობას შორის.

თუკი მაშინდელ პრესას გადავხედავთ, ნათლად გამოჩნდება, რომ ქართული საზოგადოებისათვის ბუნებრივი და ჩვეული იყო სოლიდარობა და მატერიალური ურთიერთდახმარება ძნელბედობის ჟამს. ამ გზას ადგნენ კერძო პირები, ახლადშექმნილი საზოგადოებები, პრესა.

ამ გზით იქმნებოდა სოციალური კაპიტალი, რომლის უფრო სრულად გამოყენებაც უკვე 1918 წლის 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მოხერხდა. ერთი მხრივ, ბევრი რამ, რასაც ათწლეულების განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები-ინიციატორები თანამოქალაქეთა შემოწირულობებით ახორციელებდნენ ქართულ სოფლებსა თუ დაბებში, ახლა უვე დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ გადაიბარა და განავითარა. მაგალითად, სასოფლო სკოლებისა და ბიბლიოთეკების გახსნა რესპუბლიკის ადგილობრივმა თვითმმართველობებმა – სამაზრო ერობებმა და სახალხო განათლების სამინისტრომ იტვირთეს. 

თუმცა კერძო და საზოგადოებრივი ინიციატივების ტრადიცია არ გამქრალა. პირიქით, ამისთვის ფართო ასპარეზი იყო დარჩენილი. ჯერ ერთი, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში და განსაკუთრებით ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოშიც, ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მწირი რესურსები ყველაფერს ვერ გასწვდებოდა და, ამდენად, სახელმწიფო ინსტიტუტები ზოგჯერ თავად მოუწოდებდნენ მოქალაქეებს სოლიდარობის კამპანიაში ჩართვისაკენ.

მეორე მხრივ, სოციალური სოლიდარობა უკვე ცხოვრების წესად იყო ქცეული და როგორც სამინისტროები, ისე სამაზრო ერობები ახალისებდნენ, მცირე რესურსებით ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ინიციატივებს. დამოუკიდებელ გაერთიანებები და საინიციატივო ჯგუფები ფინანსურ თუ მატერიალურ დახმარებას იღებდნენ საზოგადოებისათვის ან თემისათვის მნიშვნელოვანი საქმის წამოსაწყებად.

%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%

სოლიდარობის მნიშვნელობა და მასშტაბი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა გორის მიწისძვრის შემდეგ. 1920 წლის 20 თებერვალს გორის მაზრაში მომხდარმა მიწისძვრამ ქვეყანა შეძრა. 21-22 თებერვალს ქართული გაზეთები წერდნენ: „ქალაქი გორი აღარ არსებობს!“. მიწისძვრამ გაანადგურა ქალაქი გორი და მიმდებარე სოფლები. ზოგიერთ სოფელში და თავად გორშიც შენობების 95% დაინგრა. მიწისძვრამ ოფიციალურად 129 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა 600-ზე მეტი, სახლ-კარი გაუნადგურდა 7000-ზე მეტ ოჯახს.

 

მიწისძვრის მეორე დღესვე გაზეთები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ გულისხმიერებისა და გორელების დახმარებისაკენ. იბეჭდებოდა სტატიები, სადაც აღწერილი იყო გორში შექმნილი მძიმე ვითარება, მკითხველს აცნობდნენ განადგურებული  სოფლების მდგომარეობას.

%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D%E1%“ერთობა”, 1920 წელი, N 183

პირველი დახმარება გორელებს რესპუბლიკის მთავრობამ აღმოუჩინა. გამოიყო ათეულობით მილიონი მანეთი. მაზრაში გაიგზავნა ჯარი, სახალხო გვარდია და სამედიცინო-სანიტარული ჯგუფები.

მიწისძვრით დაზარალებულ გორელთა დასახმარებლად გაერთიანდა სხვადასხვა საზოგადოებრივი დაწესებულება, დაიწყეს საქველმოქმედო კონცერტების, ლექციების, წარმოდგენების, ლატარიის, ლოტოსა და სხვა მსგავს ღონისძიებათა გამართვა. კლუბებმა, თეატრებმა და საქველმოქმედო საზოგადოებებმა ასობით ათასი მანეთი შეაგროვეს. 1920 წლის თებერვლის ბოლოს გაზეთები იტყობინებოდნენ, რომ გორის მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად მოქალაქეებმა სულ რამდენიმე დღეში მილიონ ნახევარი მანეთი შეაგროვეს.

300px-Goris_miwisZvra.jpg

სოლიდარობას არა მხოლოდ ეროვნული, მაგრამ სახელმწიფოებრივი, რესპუბლიკური ხასიათი ჰქონდა. სომეხთა ეროვნულმა საბჭომ გორელების დასახმარებლად 50 000 მანეთი შეაგროვა. გაზეთი „ერთობა“ იტყობინებოდა – „საქართველოში მოსახლე გერმანელთა კოლონიების კავშირმა დაადგინა მიწისძვრისაგან დაზარალებულ გორელთა სასარგებლოდ კოლონიის მცხოვრებლებს გააწერონ ერთდროული გადასახადი“.

 გორელების დასახმარებლად გაერთიანდნენ აფხაზები. სოხუმის ოლქის ადმინისტრაციისა და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა გორელების დასახმარებლად გადადეს თავიანთი ჯამაგირის ნაწილი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ შექმნა გორელების დახმარების ფონდები და სურსათი გააგზავნა გორში.

1920-207.png

პრესაში ქვეყნდებოდა ათობით განცხადება იმის შესახებ, რომ სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოქალაქეები თავიანთი ჯამაგირიდან ერთ ნაწილს გორის მიწისძვრით დაზარალებულთა სასარგებლოდ გადასდებდნენ –  „სახალხო საქმე“ იტყობინებოდა – „ფოთის ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის მოსამსახურეებმა თავიანთი ჯამაგირის ერთი დღის ხვედრი გადადვეს გორის ფონდისთვის“.  „მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეებმა დაადგინეს 6 თვის განმავლობაში თავის ჯამაგირიდან გადასდონ გორის ფონდისათვის უფროსმა მოსამსახურეებმა 5 პროცენტი, ხოლო უმცირესებმა 3 პროცენტი“.  „პროფესიონალურმა კავშირებმა, თანახმად ხელმძღვანელ ორგანოების წინადადებისა გადასწყვიტეს მომავალ კვირას, მარტის 14-ს, იმუშაონ და ამ დღის ქირა გადასდონ მიწისძვრისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად“.

%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%“საქართველოს რესპუბლიკა”, 1920, N47-1

            საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითოეულ ქალაქსა და სასოფლო თემში შეიქმნა გორელების დამხმარე კომიტეტები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის თანხები შეაგროვეს ინდუსტრიულ  ცენტრებში არსებულმა დამხმარე კომიტეტებმა, რომლებმაც ფული მუშათა შორის მოკრიბეს. ქალაქ ბათუმში სხვადასხვა დაწესებულების მოსამსახურეებმა და ქარხნის მუშებმა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების დახმარებით მნიშვნელოვანი თანხა შეაგროვეს. გაზეთი „ერთობა“ იტყობინებოდა – „გორის მაზრაში მიწის ძვრისაგან დაზარალებულთა დამხმარე ბათუმის კომიტეტმა შეაგროვა და დანიშნულებისამებრ გადასცა 1 400 000 მანეთი“.

ასი ათასობით მანეთი შეაგროვეს ჭიათურელმა მუშებმა, შემოწირულობა გაიღეს მიზერულ ანაზღაურებაზე მომუშავე მეურმეებმაც კი –  „ანგარიში ჭიათურის მუშა-მოსამსახურეებში შეკრებილ ფულებისა გორის მიწისძვრისაგან დაზარალებულთა სასარგებლოთ: პაპავას მუშებისაგან 24 950 მანეთი, მიუსელების მუშებისაგან 11 637 მანეთი, ჩომახიძე-სამხარაძის მუშებისაგან 7 188 მანეთი, სიმონოვის მუშებისაგან 4 735 მანეთი, დარკვეთის მუშებისაგან 2 685 მანეთი, შავი ქვის ჩამომზიდავ მეურმეებისაგან 14 000 მანეთი. ჭიათურის ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეთაგან 8 615 მანეთი, შავი ქვის სამრეწველო დაწესებულების მოსამსახურეთაგან 10 480 მანეთი, ვაგონის მტვირთავ მუშებისაგან 18 060 მანეთი. სულ 102 350 მანეთი. აღნიშნული თანხა გადაეცა მთავარ კომიტეტს თფილისში. ჭიათურის პროფესიულ კავშირთა საბჭოს თავმჯდომარე ანთელიძე.“ სოლიდარობის კამპანიის მაორგანიზებელ ერთ-ერთ მთავარ აქტორად  პოლიტიკური პარტიებიც გვევლინებოდა, ყველაზე დიდი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციებმა მილიონობით მანეთის შეგროვება მოახერხეს.

1920 წლის განმავლობაში ასევე მუდმივად იბეჭდებოდა ცნობები, რომ გორელებისათვის ფინანსურ დახმარებას აგზავნიდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველებიც. მოქალაქეები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიწისძვრით დაზარალებული გორელებს არა მხოლოდ ფულს, არამედ სურსათს, ტანსაცმელს, კარვებს, მედიკამენტებს, სათბობ მასალებს, პირუტყვის საკვებს უგროვებდნენ და უგზავნიდნენ.

საბოლოოდ, რიგითმა მოქალაქეებმა, საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა, პარტიებმა, პროფესიულმა კავშირებმა, სახელოვნებო გაერთიანებებმა და კომერციულმა ორგანიზაციებმა –  საერთო ჯამში ათეულობით მილიონი მანეთის შეგროვება შეძლეს და მნიშვნელოვნად შეუმსუბუქეს მიწისძვრით დაზარალებულ გორელებს მძიმე მდგომარეობა. საზოგადოებრივი დახმარების გარდა, აქტიური პოლიტიკა გაატარა სახელმწიფომაც.


            სოლიდარობისა და მატერიალური ურთიერთდახმარების სხვა უამრავ მაგალითს დაინტერესებული მკითხველი გაეცნობა წიგნში, „ინიციატივა ცვლილებისათვის –  საზოგადოებრივი ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის მაგალითები საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“, რომელსაც 2021-ში გამოსცემს სათემო განვითარების ცენტრი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

წყარო: Civil.ge

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share