ფორუმელი Moor Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 მშვენიერი სანახაობაა, თუმცა ერთი დეტალი უჩვეულო სახეს სძენს. ახალგაზრდა წყვილი საქორწინოდ გამოწყობილა და ხელს აწერს ეკლესიაში; მათ გვერდითაა მოძღვარიც, უკან ხის ჯვარცმა ჩანს კედელზე, მაგრამ აქ ვხედავთ კიდევ რაღაც სხვას – უცხოს ჩვენი თვალისთვის. საცოლესა და საქმროს ნიღბები უკეთიათ, მღვდელიც ასევე ნიღბითა და სახის დამცავი ფარით წარმდგარა. ამ ფოტოს განმარტება დასჭირდებოდა სულ ერთი წლის წინ, თუმცა დღეს უკვე 2020 წელი სრულდება და ჩვენც წამში ვიაზრებთ მთელ ამბავს. ამ კადრით ცხოვრების ახალი თავი იშლება სათაურით: COVID-ქორწინება. ფოტოზე აღბეჭდილი სცენა თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ ვეგუებით პანდემიას და ვცდილობთ მასთან ერთად ცხოვრებას. ერთი ცალკეული ფოტო სრულად ვერაფრით ასახავს წლევანდელ მსოფლიო რღვევას. ამ ყველაფერში დამნაშავეა მწვავე რესპირაციული ინფექცია, რომელიც ელვისებურად გავრცელდა მთელ მსოფლიოში: ჩაკეტა საზღვრები, გაყინა ეკონომიკა, ყირაზე დააყენა ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა ახალდაქორწინებულ წყვილში ჩვენ ვხედავთ მოთხოვნილებას და სწრაფვას ნორმალური ცხოვრებისკენ ამ შეშლილ დროში. დაუნდობელი წელი დაგვიდგა – ადამიანური მსხვერპლი და მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა. მდიდარ ქვეყნებში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, ხოლო ღარიბი ქვეყნები არსებულზე უფრო ღრმა კრიზისში აღმოჩნდნენ. საზღვრების ჩაკეტვა, მოგზაურობის შეჩერება, გაწყვეტილი მიწოდების ქსელი… ამან თითქოს, წერტილი დაუსვა წარმოდგენას, რომ გლობალიზაცია შექცევადია. აშშ სრულად მოიცვა ვირუსმა; თავის მხრივ, ვითარებას ამწვავებდა ხელისუფლების დისფუნქციური რეაგირება და საზოგადოების მკვეთრი დაყოფა სოციალური თუ ეკონომიკური ნიშნით. და ასეთ ფონზე, პანდემიის შუა პერიოდში, პოლიციამ ჩაიდინა მორიგი აღმაშფოთებელი დანაშაული და იმსხვერპლა აშშ-ის შავკანიანი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდი. მეორე მხრივ, ამ ინციდენტმა სათავე დაუდო რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ მოძრაობას, სახელწოდებით Black Lives Matter. შედეგად, პანდემიასთან ერთად, ახლა უკვე საპროტესტო აქციებმაც იფეთქა ქვეყნის მასშტაბით. ხშირად სასტიკ პასუხს იღებდნენ პოლიციისგან, ზოგჯერ კი თვითგამოცხადებული მილიციისა და „სიფხიზლის ჯგუფის“ წევრებისგან. 21.05 ცხედრების გაპატიოსნება ქვინსი, ნიუ-იორკი კერნსის დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი ფრანცისკო ჯეიმსი ცხედრებს ამოწმებს სამაცივრე განყოფილებაში. გაზაფხულზე, 8-კვირიანი ეპიდაფეთქების პერიოდში, აქ 350 ოჯახს მოემსახურნენ; 2 თვის განმავლობაში ისინი ჩვეულებრივ 75-მდე მიცვალებულის დაკრძალვის რიტუალს ატარებენ. ფოტო: პიტერ ვან აგტმალი MAGNUM PHOTOSმოვლენების განვითარების კვალდაკვალ დემონსტრანტებმა წარსულიც დაუკავშირეს აწმყოს და თავიანთი რისხვა დაატეხეს თავს იმ ძეგლებსა თუ მემორიალებსაც, რომლებიც გამოსახავდნენ და ხოტბას ასხამდნენ აშშ-ის ძალადობრივ ისტორიას – მათ შორის აღმოჩნდა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლიც, თუმცა მთავარი იერიში მაინც კონფედერაციული ეპოქის სიმბოლოებზე მიიტანეს. ეს ეროვნული სიგიჟე, თითქოს, ყოველი მომდევნო მოვლენით იკვებებოდა: გამაჩანაგებელი ტყის ხანძრები ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაცვალება, პრეზიდენტის დაინფიცირება კორონავირუსით… უკიდურესი ქაოსით მოცულ ამერიკას გაკვირვებული სახით შესცქეროდა მთელი მსოფლიო. აღნიშნულ მოვლენებზე დაკვირვებისას ერთდროულად გვეუფლებოდა აღშფოთება და გამოფიტვის შეგრძნება. როგორ ასახავს ფოტოგრაფია ასეთ წელიწადს? დღეს ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ფოტოჟურნალისტიკა ყველაზე პირდაპირი და ძლიერი იარაღია თანამედროვე მოვლენების აღსაბეჭდად. იმის წყალობით, რომ ფოტოების გადაღებისა თუ გამოქვეყნების ტექნოლოგიები უფრო ხელმისაწვდომი გახდა, უამრავმა ნიჭიერმა ადამიანმა თავიანთი თვალით დაგვანახა მიმდინარე მოვლენები; ზღვა მასალა დაგროვდა. 2020 წელს ფოტოებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რადგან ადამიანთა ფიზიკური ჰორიზონტი შევიწროვდა. „ლოკდაუნი“, სოციალური დისტანცია, ინფიცირების შიში – ეს ახალი და უცხო რეალობა ძირეულად ცვლიდა სოციალური ურთიერთობის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ წესებს. ასეთ ვითარებაში ფოტოების გადაღება და გაზიარება მოითხოვდა უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ პროფესიონალიზმია. ის მოითხოვდა ზრუნვას, პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნვას – ფოტოგრაფია ხომ აქტიურ მოძრაობას მოითხოვს სამუშაო პროცესში, რაც ზრდის ინფიცირების საფრთხეს. ახალი რეალობა მოითხოვდა თავად გადასაღები სუბიექტის მიმართ ეთიკურ მოპყრობასაც. დაბოლოს, ის მოითხოვდა, ასევე, იმის გააზრებას, რომ არავინაა დაუცველი, ყველა გაღიზიანებულია და, ამასთან, სიცოცხლე ყველას გვწყურია. არავის ახსენდება, რომ ჩვენც ვდგავართ ბრძოლის წინა ხაზებზე. ამბებს იგებთ მეხანძრეებსა თუ ექიმებზე, მაგრამ თქვენ ვერსად მოისმენთ სიტყვებს: „მადლობა დაკრძალვის ორგანიზატორო“. – ფრანცისკო ჯეიმსი 2020 წელს მკვეთრად გაიზარდა ფოტოებზე მოთხოვნა. „ლოკდაუნი“, სოციალური დისტანცია და ინფიცირების შიში უკვე ცვლიდა სოციალური ურთიერთობის წესებს. National Geographic-ის ფოტოებს ტრადიციულად ახასიათებს ემოციურობა და თემების სპეციფიკური კუთხით გაშუქება. 2020 წელს ჩვენი ძირითადი თემები იყო პანდემია და საპროტესტო მოძრაობა. ვცდილობთ გარკვეულ კონტექსტში ჩავსვათ მიმდინარე წელი. ჟურნალის ღირებულებებიდან გამომდინარე, ჩვენი მზერა მიმართულია, ასევე, მეცნიერების, კლიმატისა და ველური ბუნებისკენ. ფოტოები გვახსენებს, რომ აღნიშნული სფეროების კვლევა არც 2020 წელს შეწყვეტილა. არქტიკული ყინულის დნობა ვერ შეაჩერა პანდემიამ, რომელმაც სახლში გამოკეტა ადამიანები და მცირედით ამოასუნთქა ბუნება. მეორე მხრივ, ამ უკიდურესად სტრესულ ატმოსფეროში ბუნებაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა ასეთი სასარგებლო. როგორ უნდა ვიცხოვროთ ასე „შემჭიდროებულ“ აწმყოში და, ამავე დროს, ხანგრძლივი გამოცდილება მივიღოთ ბუნების გაკვეთილებიდან? ეს ფუნდამენტური და წინააღმდეგობრივი შეკითხვა წინ წამოწია 2020 წლის მოვლენებმა. გარემოპირობები ადაპტაციას გვაიძულებდა მაშინ, როდესაც ეგზისტენციალურ გაურკვევლობას ვუპირისპირდებოდით. გასულ წელს გადაღებულ ჩვენს ფოტოებზე აღბეჭდილია ქაოსური კაცობრიობა, რომელიც ხელის ცეცებით ცდილობს გზის გაკვალვას. ყველაზე მძაფრ ფოტოებზე ასახულია ზრუნვა, რეაბილიტაცია, თავის გართმევა, დარდი, მოლოდინი, რეაგირება, ბრძოლა, გლოვა, ყოველდღიური სამუშაო. კაცობრიობა გაშიშვლებულია და ეს, გამორჩეულად დასამახსოვრებელი ფოტოები დუღს ადამიანური ემოციებით და არა – გადატვირთული ინფორმაციით. საწოლზე დასვენებული ცხედარი თავიდან ფეხამდე პოლიეთილენშია საგულდაგულოდ გახვეული, რაც მკაფიოდ მიგვანიშნებს – არ შეეხოთ! ჯოშუა ირვანდიმ ეს ფოტო ინდონეზიაში გადაიღო. პალატაზე დაკვირვებისას ვხედავთ, რამდენად დიდი ძალისხმევა და რესურსი დაიხარჯებოდა პაციენტის გადასარჩენად. ეს არის სიკვდილის ფოტო – სავარაუდოდ, კორონავირუსის მსხვერპლი, რომელიც დაავადდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. პალატა თანამედროვეობაზე მიუთითებს, თუმცა შეფუთული ცხედარი მუმიას გვახსენებს და უძველეს დროში გვაბრუნებს. მეცნიერება ჩიხშია შესული და ეს უძლურების განცდა გვიჩნდება, ასევე, რაფაუ მილახის ფოტოზე, რომელზეც იაგელონის უნივერსიტეტის (კრაკოვი, პოლონეთი) სრულიად უკაცრიელი ბიბლიოთეკაა აღბეჭდილი. საზოგადოებრივი მოწყობა და სტრუქტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როდესაც ადამიანთა გარემოცვაში სუნთქვაც კი საფრთხეს უკავშირდება. ადრე თუ გვიან, გამოსავალს ვიპოვით, რადგან ეს თვითგადარჩენისთვისაა აუცილებელი, მაგრამ იმ დროის დადგომამდე ჯერ ყველაფერი უნდა გაჩერდეს. პანდემიის საწყის ეტაპზე მთელ მსოფლიოს დაუდგა წუთი, როდესაც საზოგადოებრივი თუ კერძო სივრცეები დაიხურა და ადამიანებმა იზოლაციას მიმართეს. ჯოკიაკარტაში (ინდონეზია) ახალი აეროპორტი COVID-19-ის მიზეზით საჰაერო ფრენების შეზღუდვამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე გაიხსნა. მუჰამად ფადლის ფოტოზე ლამპიონები მკრთალად ანათებს მიტოვებულ ლანდშაფტს, სადაც მხოლოდ გაზონის მწკრივები, ასფალტი და ბეტონი მოჩანს. ეს ახალდარგული ხეები კი (წინა პლანზე) სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალია მთელ სივრცეში. 05.06 რასიზმთან ბრძოლა სოლიდარობით ნაირობი, კენია კიბერის დასახლება, ნაირობი. ალან მუანგის მიერ შესრულებული ჯორჯ ფლოიდის გრაფიტის გვერდით მიუწერიათ სიტყვა „ჰაკი“ (სამართლიანობა – სუაჰილის ენაზე). აშშ-ის დემონსტრაციათა ფონზე კენიელებიც სამართალს ითხოვდნენ პოლიციის მხრიდან მოკლული თანამოძმეებისთვის. კიბერის მცხოვრებლები ერთსულოვნად ებრძოდნენ COVID-19-ს, ურჩევდნენ ერთმანეთს, რომ ეტარებინათ პირბადე, ხშირად დაებანათ ხელი, ორგანიზებას უწევდნენ საკვების უფასოდ მიწოდების საქველმოქმედო კამპანიებსაც. ფოტო: ნიკოლ სობეკი ემინ ოზმენის ფოტოზე კი, პირიქით, მოქმედებაა აღბეჭდილი – დამცავ აღჭურვილობაში თავიდან ფეხებამდე ეკიპირებული მუშაკი სადეზინფექციო ხსნარით წმენდს სტამბოლის (თურქეთი) ქუჩებს. დეზინფექციის ჩატარება თვალსაჩინო პასუხია ვირუსულ კრიზისთან საბრძოლველად, მაგრამ მსგავს ნაბიჯებს მხოლოდ „ჰიგიენის თეატრი“ ეწოდა მას შემდეგ, რაც ინფიცირების დინამიკა და ვირუსის გავრცელების ხასიათი თანდათან უკეთ შევისწავლეთ. მისგან განსხვავებით, კომპეტენტურობასა და ეფექტურ მუშაობაზე მეტყველებს ჯუნ მაიკლ პარკის ფოტო – სეულში სპეციალურად მოწყობილი კლინიკა-ჯიხურები, რომლებიც ჩაწერის გარეშე იღებდა COVID-ზე ტესტირების მსურველებს. სამედიცინო ინვენტარითა და დამცავი კოსტიუმებით აღჭურვილი ჯანდაცვის მუშაკები ნაცხს იღებენ მინაში გაჭრილი მილების საშუალებით. სამხრეთ კორეაში დადგმული ეს პატარა „ეტიუდი“ წარმოგვიდგენს ჯანდაცვის სისტემის სხარტად რეაგირების ნიმუშს, რომელიც სხვა ქვეყნებში ჩატარებული მძიმე სამუშაოების არაეფექტურობას ააშკარავებს. 2020 წლის მოვლენების აღწერისას გიჩნდება სურვილი, მას კარს მომდგარი დისტოპია უწოდო. ნიუ-იორკი სიკვდილისა და მოჩვენებების ქალაქად გადაიქცა მარტის ბოლო პერიოდსა და აპრილში: სამარისებურ სიჩუმეს არღვევდნენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ფრთხილად გადაადგილდებოდნენ ქუჩებში და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ნაკლები ელაპარაკათ – მათ ბუტბუტს კი უწყვეტად მიუყვებოდა სირენების „საუნდტრეკი“. ასეთი შოკისმომგვრელი სურათი კიდევ უფრო ადრე დაუდგათ უხანში (ჩინეთი), ბერგამოსა (იტალია) და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, სადაც უკიდურესად მწვავე ფორმით გადაიტანეს COVID-19-ის ინფექცია. 04.11 ხმების დათვლის მოთხოვნა ლანსინგი, მიჩიგანი კრისტენ სმოლს დაკეცილი დროშა ჩაუხუტებია კორეის ომის ვეტერანი მამის პატივსაცემად, რომელიც COVID-19-მა იმსხვერპლა. მიჩიგანის კონგრესის შენობასთან იგი შეუერთდა თანამოქალაქეებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებზე მიცემული თითოეული ხმის დათვლას მოითხოვდნენ. დონალდ ტრამპი არ ემხრობოდა ფოსტით გაგზავნილი (პანდემიის მიზეზით) „ხმების“ დათვლასა და კანონიერად ცნობას. ფოტო: დევიდ გუტენფელდერი იმ პერიოდსა და მომენტებში ფოტოგრაფების მზერა იჭერდა, პირველ რიგში, პათოლოგიურ გაუცხოებას, დარდსა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ჰოსპიტლებს, თუმცა დათო ქორიძის მიერ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაღებული პორტრეტი წარმოგვიდგენს ექთანს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მაგრამ საქმე არ მიუტოვებია – საავადმყოფოში თავადაც გადიოდა მკურნალობას და განაგრძობდა პაციენტების მოვლას. მის საწოლზე გასამხნევებლად დამაგრებული ფერადი ბუშტები თითქოს იმედისა და რწმენის ერთგვარი სიმბოლოა. სედრიკ გერბეჰეი წარმოგვიდგენს ქალაქ მონსში (ბელგია) გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოს, რომელზეც ორი ექთანია აღბეჭდილი. ამ გამოსახულებაზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად დამთრგუნველი მისიის წინაშე დგანან: ტროტუარზე ჩამომსხდრები, თითქოს, ტანითაც დაპატარავებულან – და მაინც, ამ ორ ექთანს აერთიანებს სოლიდარობა, რასაც მათი თბილი და ამავე დროს მტკიცე მზერა ასხივებს. ჩვენ ადრეც გაგვიშუქებია სამედიცინო კრიზისები. 2019 წელს National Geographic-ის მისიით ნიკოლ სობეკი გაემგზავრა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და აღბეჭდა ებოლის ეპიდემიური აფეთქება. ამ გამოცემაშიც გვხვდება მისი ფოტო, რომელზეც გამოსახულია ნაირობელი (კენია) მუსიკოსი საკუთარი სიმღერის შესრულებისას – სიმღერის ტექსტი მოუწოდებს კენიელებს, რომ გააცნობიერონ კორონავირუსის საფრთხე. 2014-2016 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გავრცელებული ებოლის ეპიდემია, თითქოს, წინასწარ ამზადებდა მსოფლიო საზოგადოებას, რომ თვალი შეეჩვიათ ასტრონავტთა სკაფანდრების მსგავსი სამედიცინო აღჭურვილობისა და კარავში მოწყობილი ჰოსპიტლებისთვის (აქვე, ვფიქრობ, განსახილველია ერთი ასეთი საკითხიც: COVID-19-ით ინფიცირებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით კი თეთრკანიანები, ღირსების უფრო მეტი დაცვით ხომ არ არიან ხოლმე წარმოჩენილნი ფოტოებზე, ვიდრე ებოლით დაუძლურებული ლიბერიელები?!). ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატიას სიმყიფე ახასიათებს. მთავრობამ უნდა იზრუნოს მის სიმტკიცეზე – კეთილი ინებონ და ჩემი ხმა ჩათვალონ“. – კრისტენ სმოლი ფოტოჟურნალისტიკის ეს მიმართულება, რომელიც სამედიცინო კრიზისების გაშუქებაზე კონცენტრირდება, 1918 წლის გრიპის პანდემიიდან იღებს სათავეს. იმავე პერიოდის კიდევ სხვა საოცარი გამოსახულებები „ჯიუტად“ მოიწევენ წარსული ეპოქებიდან და დღესაც არაერთ ფოტოკოლექციაში გვხვდებიან, თუმცა მათ ობიექტივში მოხვედრილი არეალი შედარებით ვიწროა: საველე ჰოსპიტლები, სამედიცინო პერსონალი თუ სოციალური ჰიგიენა. ისინი ექოსავით ეხმიანებიან მიმდინარე პანდემიას და მართლაც არაერთ ნიშანდობლივ გაკვეთილზე მიგვითითებენ, მაგრამ მსგავსი გამოსახულებები მაინც ძალიან შორს დგას გრიპის თანმხლები გლობალური ეფექტების ყოვლისმომცველად აღბეჭდვისგან. ამის საპირისპიროდ, დღევანდელი მსოფლიო „დატბორილია“ ფოტოებით, რომლებიც მასობრივად ცირკულირებს, ეს კი ერთგვარი საშუალებაა, რომ არქივატორებმა უზღვავი ინფორმაცია შეინახონ მიმდინარე მოვლენების გადმოსაცემად. 2020 წელს ეს ვირუსი, როგორი სახითაც ვიცნობთ, არსად წასულა, მხოლოდ ჩვენს გარემოში „დასახლდა“ და თითოეული ქვეყნისა თუ ქალაქის სოციალურ ისტორიას შეერწყა. 2020 წლის 13 მარტს ლუისვილის (კენტუკი) პოლიციამ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბრეონა ტეილორს, 2020 წლის 25 მაისს კი მინეაპოლისში ასევე პოლიციამ იმსხვერპლა ჯორჯ ფლოიდი. მაისის ბოლოსკენ საპროტესტო აქციებმა იფეთქა ჯერ ამ ორ ქალაქში, შემდეგ კი დემონსტრაციებმა მოიცვა მთელი ქვეყანა. ეს აქციები გამოწვეული იყო ორი შეუიარაღებელი შავკანიანი ამერიკელის უკიდურესად სასტიკი მკვლელობით – ერთს საკუთარ სახლში ესროლეს უხეიროდ დაგეგმილი რეიდისას და, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირეს სამედიცინო დახმარების გვიან აღმოჩენის გამო, მეორე კი გაიგუდა პოლიციელის მუხლქვეშ. ეს ორი საზარელი მკვლელობა – რომლებიც ბოლო წლების უამრავ მსგავს შემთხვევას დაემატა – საფუძვლად დაედო უკანასკნელ წლებში დაგროვილი პროტესტის აფეთქებას. 2020 წლის მოვლენების აღწერისას გიჩნდება სურვილი, მას კარს მომდგარი დისტოპია უწოდო. ნიუ-იორკი მოჩვენებების ქალაქად გადაიქცა მარტსა და აპრილში: სამარისებურ სიჩუმეს არღვევდნენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროთა მუშაკები. იდენტური ხასიათის სასიკვდილო შემთხვევებს მოჰყვა ასევე მსგავსი, ნაცნობი სცენარით წარმართული საპროტესტო აქციები – დემონსტრანტები შეეჯახნენ მილიტარიზებულ პოლიციასა და ეროვნული გვარდიის შენაერთებს, იერიში მიიტანეს რასისტების ძეგლებზე, მაგრამ ამ პროცესთა ამსახველ ფოტოებზე ერთ ცვლილებასაც ვხედავთ – ეს არის ნიღბები, რაც მიგვითითებს პანდემიის პერიოდზე და, შესაბამისად, გვახსენებს ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე გასვლის რისკებსა და საფრთხეებს. როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთ ცვალებად დროში? 2020-მა წელმა მოგვიტანა ჩაშლილი გეგმები თუ უსიამოვნო ადაპტაციები – პირბადეები, ჩართვა ზუმით, ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დამდგარი ოჯახები, თუ რომელ „იმპროვიზებულ“ სკოლაში შეიყვანონ შვილები ახალი სასწავლო წლის დაწყებისას. ოსლოში გადაღებულ იონას ბენდიქსენის ფოტოზე ასახულია შვილისა და მშობლის თამაშის სცენა, ბავშვი „მონსტრის“ ჩრდილს აკეთებს, მამა – იღებს. ჩვეული სამუშაო რეჟიმის დარღვევით გამოწვეული სტრესი მალე სიამოვნებაში გადაიზარდა, რადგან ბენდიქსენი მიხვდა, რომ შვილებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გაუჩნდა. დღეს უამრავი ფოტოგრაფი გადაერთო ინტროსპექციულ გადაღებაზე და ისინი ცხოვრებას უფრო შეზღუდულ ფართობზე იღებენ. მაგალითად, ალესანდრა სანგუინეტის მიერ კალიფორნიაში გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია მისი სოციალურად დისტანცირებული ქალიშვილი, რომელიც სახლის აივნიდან ესაუბრება მეგობარს; იან ტეჰი წარმოგვიდგენს მეუღლესთან ერთად გადაღებულ ავტოპორტრეტს, როდესაც ტახტზე მიწოლილი ცოლ-ქმარი ფანჯრიდან გაჰყურებს კუალა-ლუმპურის (მალაიზია) ხედებს. ფოტოგრაფიაში ახალი ქვეჟანრი მკვიდრდება მსგავსი მელანქოლიური გამოსახულებებით, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცხოვრების ტემპის დაგდებას თან ახლდა სასიკეთო ცვლილებებიც: 2020 წლის უკიდურესად არაჯანსაღ გარემოში ჩვენ აუცილებლად გვჭირდებოდა დასვენება, რომ ორგანიზმი საბრძოლო კონდიციაში მოგვეყვანა. 19.09 პატივის მიგება ლანსინგი, მიჩიგანი მიჩიგანში გამართული მოსახსენიებელი შეკრება მხოლოდ ერთ-ერთი იყო აშშ-ში, რომელიც პატივს მიაგებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგს. 2020 წლის 18 სექტემბერს იგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გინსბურგმა გამორჩეული წარმატებით იმუშავა საკანონმდებლო ორგანოში და თავისი კარიერის განმავლობაში აქტიურად უჭერდა მხარს გენდერული თანასწორობის საკითხებსაც. 26 ოქტომბერს მის თანამდებობაზე, დაძაბული განხილვის შემდეგ, დაინიშნა მოსამართლე ემი კონი ბარეტი. ფოტო: ანდრეა ბრიუსი ძირეული პრობლემა გამოვლინდა ნდობის მხრივ. დაავადება ასიმპტომურად ვრცელდებოდა, ასეთ რეალობაში კი ნებისმიერი შემხვედრი ვირუსის პოტენციურ მატარებლად გადაიქცა. ამ ფაქტის გააზრებამ სრულიად მოშალა სოციალური ურთიერთობები. ხელისუფლებისადმი ნდობას ანგრევდნენ უუნარო, კორუმპირებული და ავტორიტარული მიდრეკილების პოლიტიკოსები. ძირი ეთხრებოდა საბაზრო სისტემასაც, რადგან მდიდარსა და ღარიბს შორის გაღრმავებული უფსკრული უკვე ვეღარსად იმალებოდა. დემაგოგები აღვივებდნენ რასიზმს, ქსენოფობიასა და მეცნიერებისადმი ურწმუნობას. ვრცელდებოდა შეთქმულების თეორიებიც. არაერთ ქალაქში აღინიშნა, ასევე, ნიღბების მწვავე დეფიციტი, რამაც გაზარდა ინფიცირების საფრთხე და, შესაბამისად, სასიკვდილო შემთხვევათა რიცხვიც. სოციალური ნდობის კოლაფსი იმდენად ტოტალური იყო, რომ მას ვეღარაფრით აღადგენდა ფოტოგრაფია, ჟურნალისტიკა თუ ხელოვნება, მაგრამ ფოტოგრაფია მაინც დიდი ენერგიით შეუდგა საქმეს, ეფექტურადაც იმუშავა და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა ფოტოჟურნალისტის პროფესია. თავის მხრივ, გადასახედია ფოტოგრაფიის ეთიკურობის საკითხი. ამ თემაზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს; ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ და თვალი გავუსწოროთ წარსულსა თუ დღეს მიმდინარე რასისტულ, კოლონიურ, ანდა ანთროპოლოგიურ ხედვებს, რადგან ისინი დიდი ზიანის მომტანია. ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს, ასევე, ჩვენი ფოტოსუბიექტების წარმოჩენისას, რომ არ შევულახოთ მათ სახე თუ ღირსება. ისინი უნდა დავიცვათ ემოციური ტრავმებისგანაც, რომელთა მიზეზიც საკუთარი ფოტოების სოციალურ მედიაში ცირკულირებაა, მაგრამ არც ეს არის საკმარისი. როგორ უნდა აღადგინოს ფოტოებმა ეს გაბზარული ნდობა, კვლავ გააღვივოს ორმხრივი ურთიერთობები და ერთ ორგანიზმად შეკრას საზოგადოება? ფოტოგრაფია სწორედ ამ მისიით დუღს. ინსპირაცია შეიძლება მივიღოთ ფოტოგრაფებისა და ხელოვანების მობილიზებით ბეირუთში (ლიბანი), სადაც 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა 4 აგვისტოს და მასობრივი ნგრევა გამოიწვია. ფოტოგრაფები, ერთი მხრივ, ჩვეულად იღებდნენ და აზიარებდნენ კადრებს, თუმცა, ამავე დროს, ისინი გადაიქცნენ მთლიანი ამბის უშუალო მონაწილეებად – ჩაერთნენ გაწმენდით სამუშაოებში, ცდილობდნენ ნანგრევებში ჩამარხულ ადამიანთა პოვნასა და გადარჩენას; მათ წამოიწყეს თანხის მოძიების კამპანიები მოსახლეობის ყველაზე დაუცველი კატეგორიების დასახმარებლად, მათ შორის, მიგრანტი მუშაკებისა; სოციალური მედიის დახმარებით მათ კავშირი დაამყარეს მხარდამჭერებთან ლიბანის გარეთ, ხელისუფლებისგან კი მოითხოვდნენ ანგარიშების ჩაბარებასა და კრიზისზე რეაგირების გამჭვირვალე პროცესებს. „ჩემთვის ძალიან რთულია, რომ ამ კოშმარის ფოტოები გადავიღო, – დაწერა ინსტაგრამზე ბეირუთელმა ფოტოგრაფმა მირიამ ბულუმ, – მაგრამ, თან მეუფლება შეგრძნება, რომ ჩვენი ვალია ამის დოკუმენტირება, დოკუმენტირება, დოკუმენტირება“. არ იყო მარტივი 2020 წლის ცქერა: ეთიკურად, ლოგისტიკურად, ემოციურ დონეზე, მაგრამ თვალები არ უნდა დაგვეხუჭა. ამას გვთხოვს დოკუმენტირების იმპერატივი. თანაც, ვიზუალური აღქმა, ინტერპრეტირება და ურთიერთგაგებისკენ სწრაფვა ხომ ორგანულია ადამიანის ბუნებისთვის. ალბათ, ერთ დღესაც გავაცნობიერებთ, რომ სწორედ 2020 წელს აგვეხილა თვალი. სიდჰარტა მიტერი ძირითადად კულტურის საკითხებზე წერს – ხელოვნებასა და არტისტებზე, მათ როლზე სოციალურ ცვლილებებში. ეს მისი პირველი ვრცელი სტატიაა National Geographic-ში. The post ცხოვრება შიშში appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. 1 Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა