Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ და რატომ უნდა წავახალისოთ დაწყებით საფეხურზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები?


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ავტორი: ირმა სტეფნიაშვილი, ქალაქ თბილისის № 186 საჯარო სკოლის (“მეგა”) დაწყებითების უფროსი მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის

ვისაც მასწავლებლობასთან რაიმე შეხება ჰქონია დამეთანხმება, რომ მასწავლებლის ფიქრები ძირითადად თავის მოსწავლეებს და სასწავლო პროცესს უკავშირდება. როგორ შეცვალოს, რით შეცვალოს უკვე არსებული ოდნავ უკეთესობისკენ. როგორ აქციოს საინტერესოდ მოსწავლეებისთვის ამჟამინდელი, მართლაც რთული სასწავლო პროცესი.

მასწავლებელი თავის საგანში კომპეტენტური რომ უნდა იყოს ეს ცხადზე ცხადია და ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ მასწავლებელს უფრო რთული მისია აქვს, აღზარდოს წესიერი, კეთილსინდისიერი მოქალაქე, რომელმაც უნდა გადაიბაროს ,,ჩვენი ტვირთი“ და მართოს მომავალში თავისი ქვეყანა და რაც მთავარია – შეცვალოს მისი ბედი უკეთესობისკენ.

ვიცით, რომ მოსწავლისთვის (განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე) მასწავლებელი ცოცხალი მაგალითია თავისი ქცევით, საუბრით. მოსწავლე, როგორც მოდელი იღებს და აღიქვამს მასწავლებელს და ცდილობს ერთი-ერთში მიბაძოს და განასახიეროს იგი.(ვთვლი, რომ მასწავლებელმა შეძლო და თავი შეაყვარა აღსაზრდელებს) და მეტ-ნაკლები წარმატებით ყველა ითვისებს მასალას. მივედით მთავართან: როგორ აღვზარდოთ წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქე?

მოდით, ჩამოვაყალიბოთ მოსწავლის მოვალეობები: კარგად სწავლა, კარგი ქცევა, დედიკოს და მამიკოს დაჯერება (ეს ჩემმა მეოთხე კლასელებმა ჩამომიყალიბეს). მე, საბედნიეროდ ამ მოვალეობების პირნათლად შემსრულებელი მოსწავლე ბევრი მყავს სადამრიგებლო კლასში. მიუხედავად ამდენი სირთულისა, გაკვეთილს რომ არ გაგიცდენს, დავალებებს რომ ასრულებს კეთილსინდისიერად, თავისი პასუხის რიგს რომ ელის მორჩილად. გამორჩენილ თუ შეუსრულებელ დავალებასაც რომ დაგვიანებით მაგრამ მაინც ასრულებს და ტვირთავს პროგრამაში… მე არ ვიცი, მეტი რა მოეთხოვებათ ასაკით პატარა ამ დიდ ადამიანებს. უკეთესი თვითშეგნება რა არის ვერ წარმომიდგენია. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რას ვაკეთებთ ჩვენ (მე) ასეთი მოსწავლების შრომის დასაფასებლად? ამხელა გამოვლენილი ნებისყოფის უფრო გასაღრმავებლად? ჩვენი მიზანიც ხომ თითქოს ესაა, თითქოს ასე ახლოს ვართ მიზანთან და შემდეგ წლების მატებასთან ერთად, ეს ნებისყოფაც თანდათან ქრება და ერთეულებსღა შემორჩებათ ხოლმე.

ალბათ მეტყვით, წახალისებაა საჭიროვო. დიახ, ასეა, მაგრამ რა ფორმით? სერტიფიკატებით? თანაც ისე, რომ ყველამ უნდა მიიღოს იმსახურებს თუ არა? სხვადასხვა ნომინაციები რომ დააწესო, ესეც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მშობლებშიც და ბავშვებშიც. უკმაყოფილებას გამოიწვევს არამხოლოდ მასწავლებლის მისამართით, არამედ იმ ბავშვების მიმართითაც ვინც მართლა დაიმსახურა ეს ,,ჯილდო“ საკუთარი თავდაუზოგავი შრომით. რეალობის განცდის ნაცვლად მაშინვე სხვაში ვეძებთ დამნაშავეს, მიზეზს იმისა, რომ რამე არ გამოსდის ჩვენს შვილს. არადა, რაც უფრო ადრეულ ასაკში შეიცნობს ბავშვი საკუთარ თავს, მოვალეობებს და გააცნობიერებს იმას, რომ შრომის გარეშე არაფერი არ მიიღწევა უფრო მალე დადგება მისთვის ,,სასიკეთო ნაყოფის გამოსხმის ჟამი“.

,,ადამიანმა უნდა ისწავლოს რეალობაში ცხოვრება. თუ მან იცის, რომ ვერაფერს დაეყრდნობა, გარდა საკუთარი ძალებისა, იგი მათ სწორად გამოყენებასაც ისწავლის.(ერიხ ფრომი).
თანამედროვე მოსწავლე შეჩვეულია(და ასეც უნდა იყოს) ყოველი მისი ნაბიჯის აღნიშვნას, წახალისებას მაგრამ შედეგით ვხედავთ, რომ ეს ძალიან არასაკმარისია და რას ვაკეთებთ რომ ეს ,,ანთებული გულები“ უფრო მოტივირებული და მიზანდასახულები გავხადოთ და ცოდნისკენ სწრაფვა უფრო გავაღვივოთ მათში?

როგორც წესი, მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე ყოველთვის უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ ვიდრე ზედა კლასებში. რატომ, მასალა რთულდება? დიახ, მაგრამ მასალის მოცულობის ზრდასთან ერთად მოსწავლის შესაძლებლობებიც იზრდება და დაძლევის მხრივ ისეთსავე სირთულეს წარმოსდგენს მისთვის, როგორც ეს დაწყებით საფეხურზე იყო. აბა, რაღა ხდება? სწორედ მოტივაცია იკლებს მათში. მე არ ვსაუბრობ ერთსა და ორ შემთხვევაზე. ეს ჩვენი სასკოლო ცხოვრების საერთო პრობლემაა. ამხელა შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს თანდათან ვუქრობთ ამ გრძნობას. რას ვთავაზობთ დღეს სწავლაზე თავგადაკლულ, სანიმუშო მოსწავლეებს? სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე კომპიუტერის გადაცემას? – ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს ძალიან შორეული ჯილდო და პერსპექტივაა მათთვის. მოსწავლეებს სწორედ დღეს სჭირდებათ აღიარება, მეტი დაფასება, მათი შრომის მეტად აღნიშვნა. თითქოს მოსწავლეების პატივმოყვარეობის გაღვივებისკენ ვუბიძგებ, მაგრამ ხომ არსებობს ჯანმრთელი პატივმოყვარეობაც.

პასკალი წერდა – რაც არ უნდა გააჩნდეს ამ ქვეყნად ადამიანს, დიდებული ჯანმრთელობა და ცხოვრების ყოველგვარი სიკეთე, მაინც უკმაყოფილოა, თუ ხალხის პატივისცემით არ სარგებლობს. იგი იმდენად სცემს პატივს ადამიანის გონებას, რომ უკმაყოფილოა, როცა სხვათა შეგნებაში ხელსაყრელი ადგილი არ უკავია.

ახალგაზრდა ლევ ტოლსტოი თავის დღიურებში აშკარად აღიარებდა: ყველაფერზე უფრო მსიამოვნებდა მარკერის ჩანაწერებზე რომ წავიკითხავდი ქებას ჟურნალებში. ამას სიხარულიც მოჰქონდა და სარგებელიც, რადგან ჩემს თავმოყვარეობას ცეცხლს უნთებდა და მოღვაწეობისაკენ მიბიძგებდა.

ცხადია, პატარა ასაკში თავდადებული შრომით მოპოვებული სახელის მქონე ადამიანი მომავალშიც არ იქნება იაფფასიან დიდებას დახარბებული. მის მოსაპოვებლად არავითარ სისაძაგლეს რომ არ ერიდება. (ალბათ ყველას გვყავს გარშემო ერთი ასეთი ადამიანი მაინც) გაბერილი პატივმოყვარეობა ხომ საზიზღრობაა, მაგრამ მაინც… ასეთი გულანთებული ბავშვების დაფასება და სწავლის კუთხით აღიარება უფრო დიდი დოზით უნდა ხდებოდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ან მოტივაციას კარგავენ ან სახელის მოსაპოვებლად ,,დიდობაში“ არასწორ გზას მიმართავენ..

მიუხედავად დღეს არსებული ამდენი სირთულისა, იმ ბავშვების დაფასება, აღიარება მინდა, ვინც ჩუმად ეწევიან პასუხისმგებლობით სავსე ცხოვრების ურემს. რომლებსაც იგივე სირთულეები აქვთ, რაც მათ თანაკლასელებს, მაგრამ მაინც სამაგალითონი არიან.

ვინმე მღერის? ცეკვავს? -იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში, აქებენ, ადიდებენ, უმალ მოიხვეჭს სახელს… არავინ არ ახსენებს როგორი მოსწავლეა იგი. თუ კარგად სწავლობს და ორმაგად შევაქოთ… ვინმე რთულ პირობებში სწავლობს, იღწვის, -ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ ვისაც არ აქვს ამგვარი პრობლემა, მაგრამ თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს ისიც ხომ გმირია? სიზარმაცეზე გამარჯვებული პასუხისმგებლობის გრძნობით აღჭურვილი, მიზანდასახული, ცხოვრების რელსებზე მყარად შემდგარი, საამაყო და საქები ადამიანი.

აბა, რას გვთავაზობო -მკითხავთ. არ ვიცი, ამიტომაც გამომაქვს ჩემი ფიქრები სააშკარაოზე. მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ამ ასაკში გამოვლენილ ამხელა პასუხისმგებლობის გრძნობას და ცოდნისაკენ სწრაფვას გაფრთხილება და შენარჩუნება უნდა…

რის ფასად მიიღწევა დღეს მასწავლებლობა – პედაგოგის წერილი მშობლებს

როგორია და როგორი უნდა იყოს მშობლის ჩართულობა შვილის სასწავლო პროცესში და სკოლის მიღმა

„ეს სახალისო აქტივობები მათემატიკის გაკვეთილისთვის ახლა, ონლაინ სწავლების დროს შევქმენი“ – მასწავლებელი თბილისიდან

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share