Jump to content
×
×
  • Create New...

როგორ მოვაშოროთ მოზარდი კომპიუტერს – სახალისო აქტივობები 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ინტერნეტის მასობრივად მოხმარებამ და ბოლო პერიოდში კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ, ბავშვების შინ ჩაკეტვა და მათი კომპიუტერებთან მიჯაჭვულობა აგამოიწვია. ყველაფერმა, რაც ადრე ეზოს, შეკრებებს უკავშირდებოდა, ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. შესაძლოა, მეგობრები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, თუმცა online-მიმოწერაში გაცილებით მეტი დრო ჰქონდეთ გატარებული, ვიდრე ცოცხალ ურთიერთობაში.

ყველაზე მარტივი მეთოდი, რომ მოზარდი კომპიუტერს მოშორდეს, მისი სხვა აქტივობებით დაკავებაა. ნეიროფსიქოლოგმა ლია ჯანაშიამ მოიძია და თარგმნა  სავარჯიშოები და თამაშები, რომელიც ბავშვების დიდ ნაწილს დააინტერესებს და დროის მხიარულად და აქტიურად გატარების შესაძლებლობასაც მისცემს. აქტივობები  კრებულის სახით ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა“ გამოსცა.

კრებულში სხვა აქტივობებთან ერთად, 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი რამდენიმე საინტერესო თამაშია მოცემული.

კუნძული

ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ წებოვანი ლენტი („სკოჩი“). აიღეთ წებოვანი ლენტი („სკოჩი“) და დააკარით იატაკზე ისე, რომ მართკუთხედის დიდი ფორმა გამოვიდეს. მონაწილეებს უთხარით: „წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კუნძულზე. ლენტით შემოსაზღვრულია კუნძული, ხოლო ყველაფერი, რაც კუნძულს გარეთაა, არის ოკეანე. უნდა ეცადოთ, როგორმე დაეტიოთ კუნძულზე და წყალში არ გადაცვივდეთ“. „სკოჩის“ საშუალებით ეტაპობრივად იქამდე ვაპატარავებთ კუნძულს, სანამ მასზე დატევა გაუსაძლისი არ გახდება.

თამაშის მიზანი: გავაცნობიერებინოთ ჯგუფს დაგეგმვის, ურთიერთდახმარების მნიშვნელობა. თამაშის პროცესში ვნახავთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ქაოსური განლაგება საკმარისი აღარ იქნება და გუნდს დასჭირდება სტრატეგია, ასევე – ლიდერი, რომელიც კუნძულზე ოპტიმალური განლაგების გეგმის შემუშავებას დაიწყებს. ესაუბრეთ ბავშვებს იმაზე, რომ ერთმანეთის დახმარება ცხოვრებაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ამ თამაშში. შეგიძლიათ ასევე, დაუზუსტოთ, როგორი უნდა იყოს კარგი ლიდერი.

გადაკეცილი ისტორია

აქტივობის მონაწილეები სხედან წრეზე. თითოეულ მათგანს უჭირავს ფურცელი და კალამი. ისინი წერენ რაიმე მოკლე ისტორიას რამდენიმე ხაზზე, ისე, რომ ქვემოთ დასაწერად ადგილი დარჩეს, მერე ფურცელს გადაკეცავენ და გვერდზე მჯდომს მიაწვდიან. ერთმანეთს მონაცვლეობით გადასცემენ ფურცლებს; თითოეული მათგანი თავისი შეხედულებისამებრ გააგრძელებს წინა ავტორის ერთ წინადადებას, გადაკეცავს და სხვას გადასცემს. ეს წრეზე გრძელდება იქამდე, სანამ ყველას თავისი ფურცელი არ დაუბრუნდება. ასე შედგენილი ისტორიების წაკითხვა, როგორც წესი, ძალიან სახალისოა.

გაფუჭებული ტელეფონი

ერთ-ერთმა მონაწილემ უნდა მოიგონოს რაიმე ისტორია და მეორე მონაწილეს უამბოს ჩუმად, ისე, რომ დანარჩენებმა ვერ გაიგონონ. შემდეგ ეს მონაწილე უამბობს მომდევნო მონაწილეს და ასე გრძელდება. ბოლოს უნდა გამოვიდეს უკანასკნელი მონაწილე და მოჰყვეს ისტორიას, რომელიც მან მოისმინა. ამის მერე გამოვა პირველი მონაწილე და თავის შექმნილ ისტორიას ჰყვება. მიხვდებით, რომ გადაცემის პროცესში ინფორმაცია დამახინჯდა და შემცირდა. ეს მეტად სასაცილო და სახალისოა.

კაბადი

მონაწილეობს ნებისმიერი რაოდენობის მოთამაშეებით დაკომპლექტებული ორი გუნდი. საჭიროა კარგი განწყობა და ძლიერი ფილტვები. სათამაშო მოედანი ორად იყოფა. ერთი გუნდის თავდამსხმელი მთელი ძალით ცდილობს, მოწინააღმდეგის ნახევარზე მოხვდეს და ხელით ან ფეხით შეეხოს რომელიმე მათგანს, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. სირბილის დროს განუწყვეტლივ გაჰყვირიან სიტყვას: „კაბადი!“, „კაბადი!“ როგორც კი თავდამსხმელს „ჟანგბადი ამოეწურება“, თავდამსხმელი მეორე გუნდის წარმომადგენელი ხდება. თუ მას დაიჭერენ, ესტაფეტა მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცემა. იგებს ის გუნდი, რომელშიც მეტი მონაწილე დარჩება. ეს ინდოეთში ძალიან პოპულარული თამაშია, რომელიც მთელ აზიაში გავრცელდა და სპორტის ამ სახეობაში უკვე მსოფლიო ტურნირებიც კი ტარდება.

ელჩის საჩუქარი

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის – რაც მეტი, მით უკეთესი. საჭიროა რამე ნივთი, რომელიც თამაშში მთავარი ძღვენი გახდება. სამხრეთ აფრიკაში ეს ყველაზე ხშირად ხის ნაჭერია.მოთამაშეები ორ „სოფლად“ იყოფიან და ერთმანეთის მოპირდაპირედ დგებიან. ერთი „სოფლიდან“ ელჩს მიაქვს ძვირფასი საჩუქარი მეორე სოფელში და საჩქაროდ ბრუნდება „შინ“, სანამ მას სოფლის მცხოვრებლები დაიჭერენ; თუ ვერ მოასწრებს, ელჩი „მოწინააღმდეგე“ სოფლის ტყვე ხდება. თუკი ელჩი ასწრებს შინ დაბრუნებას, ტყვედ მისი მდევარი ვარდება. აგებს ის „სოფელი“, რომელშიც მხოლოდ ერთიმცხოვრები დარჩება.

აბა, რას ვჭამ?

თამაშის დროს მონაწილეებს თვალებს უხვევენ და საჭმლის კარადაში სასუსნავს არჩევენ: მაგალითად, თაფლს, სოიოს, მდოგვს, გაყინულ ბარდას, სოკოს… ყველაფერი გამოდგება. ვისაც თვალები ახვეული აქვს, უნდა ეცადოს, მიხვდეს, თუ რას უსინჯავენ ბავშვები გემოს. თამაშის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ რომელიმე ბავშვს ამა თუ იმ საკვებზე ალერგია არ აქვს. ყველაზე კარგი იქნება, თუ საკვების არჩევაში თქვენც დაეხმარებით.

ამან – ესაო, იმან – ისაო…

ეს თამაში, რომელიც „გადაკეცილ ისტორიას“ ჰგავს, არის სახალისო საშუალება იმის გასაგებად, თუ როგორი წარმოსახვა აქვთ ბავშვებს. ყველა მონაწილე სათითაოდ იღებს ქაღალდსა და ფანქარს. ისინი წერენ რაიმე მოკლე ისტორიას რამდენიმე ხაზზე და კეცავენ ფურცელს ისე, რომ ამბის გამგრძელებელი მხოლოდ წინას დაწერილს ხედავდეს. ასე გრძელდება, სანამ ეს ფურცელი ისევ პირველს არ დაუბრუნდება. რაკი თითოეული ბავშვი მხოლოდ წინას დაწერილს ხედავს, მხოლოდ მასზე დაყრდნობით უწევს ამბის გაგრძელება. შედეგად მიღებული აბდაუბდა ამბავიბავშვებს ძალიან ბევრს აცინებს.

ანბანობანა

ჯგუფს აძლევთ ინსტრუქციას: თითოეულმა ბავშვმა უნდა სცადოს, ისე ილაპარაკოს, რომ რომელიმე არჩეულ ასო-ბგერაზე დაწყებული არც ერთი სიტყვა არ წამოსცდეს. ვისაც წამოსცდება, თამაშს ეთიშება. ვინც ბოლოს დარჩება, ისაა გამარჯვებული.

ქაღალდის თვითმფრინავების შეჯიბრება

თვითმფრინავების გასაკეთებლად დაგჭირდებათ ქაღალდი და კალმები მათ მოსახატავად. ისე გადაკეცეთ და გადმოკეცეთ ქაღალდი, რომ თვითმფრინავი გამოვიდეს. დაახატვინეთ ბავშვებს თვითმფრინავის წინა მხარეს პილოტი, უკანა მხარეს – მგზავრები, რომლებიც ილუმინატორებიდან იყურებიან. მოაწყვეთ თვითმფრინავების შეჯიბრება და ნახეთ, ვინ გაიმარჯვებს.

ხიდობანა

დაყავით მოთამაშეები ორ ჯგუფად. ნაყინის ჯოხებისა და სხვა ასეთი წვრილწვრილი ნივთებისგან ჯგუფებს ააშენებინეთ ხიდი, რომელიც ისეთი მტკიცე იქნება, რომ 100 კალამს დაიტევს. თითოეული ჯგუფი შეეცდება თავისი აშენებულის სიმყარის დემონსტრირებას. რომელი ჯგუფის კონსტრუქციაც მეტ კალამს დაიტევს, გამარჯვებულიც ის იქნება.

წინდების ომი

ოთახი გაყავით შუაზე და წინდები შუაში დააწყვეთ. ბავშვებიც ორ ტოლ გუნდად გადაანაწილეთ. თამაშის მიზანია, მოწინააღმდეგის მხარეს იმაზე ბევრი წინდა აღმოჩნდეს, ვიდრე დაწყებამდე იყო. ჯგუფის წევრები რჩებიან თავიანთ მხარეს და იქიდან ისვრიან წინდებს მოწინააღმდეგე გუნდის მიმართულებით. 10 წამზე მეტხანს არ შეიძლება, წინდა ხელში შეგვრჩეს. თუ გვინდა, თამაშში სიახლე შევიტანოთ, შეიძლება ბურთების დამატებაც.

მფრინავი ხალიჩა

თითოეული ბავშვი დგას ოთახის შუაგულში დაგებულ ხალიჩაზე. ესაა მათი მფრინავი ხალიჩა, რომელიც უკუღმა დევს. თამაშის მიზანია, ეს ხალიჩა ისე გადმოაბრუნონ, რომ იქიდან ფეხი არ გადმოადგან. ვისაც ფეხი უნებურად იატაკზე დაებიჯება, თამაშიდან გავარდება. სათქმელად იოლია, გასაკეთებლად – ძნელი.

ბუშტების პინგ-პონგი

დაგჭირდებათ სათამაშო სივრცე, რამდენიმე ბუშტი და პინგ-პონგის ჩოგნები. ბუშტების პინგ-პონგი ძალიან სახალისოა.

გეოგრაფიული თამაში

პირველი მოთამაშე წარმოთქვამს გეოგრაფიული ადგილის სახელს, მეორემ კი უნდა მოიფიქროს ისეთი გეოგრაფიული სახელწოდება, რომელიც დასახელებული წინა სიტყვის ბოლო ასო-ბგერაზე იწყება. ვინც ვერ მოიფიქრებს, თამაშს ეთიშება.

მსახურის კატა

ძველი, ვიქტორიანული ეპოქის დროინდელი თამაშია. ანბანური თანმიმდევრობით უნდა მოიფიქრო ზედსართავი სახელები მსახურის კატის დასახასიათებლად. მაგალითად, პირველი ამბობს, რომ ჩვენი მსახურის კატა არაჩვეულებრივია; მეორე კი ამბობს, რომ მსახურის კატა ბებერია და ა.შ.

ტყუილ-მართალი

ამ თამაშს არავითარი დამხმარე მასალა არ სჭირდება. ერთი იგონებს 3 ფრაზას, რომლებიდანაც ერთი ტყუილია, ორი კი – მართალი. დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, აქედან რომელი ტყუილია და რომელი – მართალი.

აბა, არ დაეჯახო!

ოთახში მოაწყვეთ დაბრკოლებები. ერთ მოთამაშეს თვალები აუხვიეთ, დანარჩენებმა კი უკარნახონ, საით და როგორ წავიდეს, წინ რამდენი ნაბიჯი გადადგას, მარცხნივ – რამდენი და ა.შ., ისე, რომ არაფერს დაეჯახოს.

ხოჭო

ხოჭო არის სამაგიდო თამაში კამათლით. ხოჭოს სხეულის თითოეულ ნაწილს შეესაბამება წერტილების რაოდენობა კამათელზე. სხეულის რომელიმე ნაწილის დასახატავად საჭიროა, კამათელი შესაბამის ნიშანზე დაჯდეს.

6 – თავი – საჭიროა, დაჯდეს ერთხელ; 5 – სხეული – საჭიროა, დაჯდეს ერთხელ; 4 – კუდი – საჭიროა, დაჯდეს ერთხელ; 3 – ფეხი – საჭიროა, დაჯდეს ოთხჯერ; 2 – ულვაშები („ანტენები“) – საჭიროა, დაჯდეს ორჯერ; 1 – თვალი – საჭიროა, დაჯდეს ორჯერ; მოგებული ისაა, ვინც პირველი დახატავს ხოჭოს.

20 კითხვა

ერთი ჩაიფიქრებს რაღაცას ან რომელიმე თანაჯგუფელის სახელს, დანარჩენები კი უნდა მიხვდნენ, რა ან ვინ ჩაიფიქრა. ამის გასაგებად მათ შეუძლიათ, თავიანთ ჯგუფელს ისეთი შეკითხვა დაუსვან, რომელზედაც პასუხად მიიღებენ მხოლოდ „კი“-სან „არა“-ს. სულ 20 შეკითხვის დასმა შეიძლება. გამარჯვებული ისაა, ვინც პირველიგამოიცნობს, რა ან ვინ იყო ჩაფიქრებული.

სარდინები

ეს თამაში „დახუჭობანას“ ჰგავს. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ერთი იხუჭებოდეს და დანარჩენები იმალებოდნენ, აქ, პირიქით, ყველანი იხუჭებიან და ერთ დამალულს ეძებენ. როგორც კი დამალულს რომელიმე იპოვის, ისიც მასთან ერთად იმალება. ეს იქამდე გრძელდება, ვიდრე ერთი არ დარჩება თვალდახუჭული, დანარჩენებიკი სარდნებივით შეიმალებიან. სულ ბოლო, ვინც ყველას ერთად მიაგნებს, შემდეგ თამაშში უნდა დაიმალოს.

შაირი

ბავშვებს თემა უნდა დავუსახელოთ და ვთხოვოთ, მასზე მოიფიქრონ სახუმარო ლექსები – შაირები.

ჭორიკანები

რაც მეტია ბავშვი, მით უკეთესი გამოდის ეს თამაში. დასხით ბავშვები წრეზე; ერთმა საკმაოდ გრძელი წინადადება უნდა ჩასჩურჩულოს ყურში მეორეს, მეორემ – მესამესდა ა.შ. როცა ფრაზა პირველ მოთამაშეს დაუბრუნდება, ბავშვები ნახავენ, როგორ შეცვლილა პირველი წინადადების შინაარსი.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share