Jump to content
×
×
  • Create New...

როგორია, როცა სკოლა და უნივერსიტეტი სახლში მოდის, – 8 შვილის სტუდენტი დედა ონლაინ სწავლებაზე


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2020 წელს, შეიძლება ითქვას, ორივე სასწავლო სემესტრი (გაზაფხულის და შემოდგომის) მოსწავლეებმა სახლებში დისტანციურ სწავლებაში გაატარეს. ეს პროცესი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლებსაც სწავლების პირველ ეტაპზე საკმარისი კომპიუტერული ტექნიკა არ აღმოაჩნდათ გაკვეთილებზე ჩასართავად. ამას დაემატა სახლში საკმარისი სივრცის არ ქონა. თუ მშობლებიც ონლაინ მუშაობდნენ, ეს კიდევ დამატებით პრობლემას ქმნიდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მობილიზების თვალსაზრისით.

ბარბარე გალიბინი ერთ-ერთია იმ დედებთაგან, რომლის რამდენიმე შვილი ერთდროულად იყო ჩართული ონლაინ სწავლებაში. 8 შვილიდან 5 ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ახალქალაქის #3 საჯარო სკოლაში სწავლობს, თავად კი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტია. ის თავად გვიყვება იმ სირთულეებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც მისი დიდი ოჯახი დადგა დისტანციური სწავლების დროს.

-ბარბარე, EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი იყავი აბიტურიენტობისას. ტყუპებზე ფეხმძიმემ ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და შემდეგ 8 შვილის დედა გახდით სტუდენტი. ახლა, როდესაც უნივერსიტეტებიც და სკოლებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებიან, როგორია ოჯახში 5 მოსწავლის და 1 სტუდენტის ონლაინ სწავლა?

-პანდემიამ შეცვლა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი, გამონაკლისის გარეშე. ბევრი სამსახური გადავიდა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე, მათ შორის, სკოლაც.

ფაქტობრივად, სკოლა სახლში მოვიდა და ის საგაკვეთილო პროცესი, რომელიც დახურული იყო მშობლებისთვის, გამჭირვალე გახდა და მშობელი მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის წარმმართველიც კი გახდა.

მრავალშვილიანი დედა ვარ. დისტანციური სწავლებისას ისე გამოვიდა, რომ სკოლა და სასწავლებელი ერთმანეთისთვის უნდა შემეთავსებინა. თავდაპირველად გვქონდა კომპიუტერული მოწყობილობების პრობლემა. ასევე ბავშვებს უჭირდათ რეალურად აღექვათ, რომ ონლაინ გაკვეთილი რეალური გაკვეთილი იყო.

ძნელია, ბავშვმა გააცნობიეროს, რომ ონლაინ სივრცე კარგი საშუალებაა განათლების მისაღებად. აი, ჩემთვის ეს საუკეთესო გზა აღმოჩნდა სრულფასოვანი განათლების მისაღებად.

120404643.jpg2718364955.jpg3946857218.jpg2566965754.jpg

ვინაიდან სხვა ქალაქში ვსწავლობ და ყოველდღიურად ვერ ვახერხებ უნივერსიტეტში (ახალქალაქიდან- ახალციხეში) სიარულს, სახლში მოსული უნივერსიტეტი კი ძალიან დამეხმარა, ვყოფილიყავი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული, ყოველდღიურად დავსწრებოდი ლექცია-სემინარებს და გამეუმჯობესებინა სწავლის ხარისხი.

ვფიქრობ, უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტებს იმ სტუდენტებისთვის ალტერნატიული სახით სწავლების ონლაინ პლატფორმა, რომლებსაც აქვთ ჩემნაირი პრობლემები ყოველდღიურად დასწრებაზე.

-თავად პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობთ და არ გაგიჭირდებათ სწავლების პროცესის შეფასება, მით უმეტეს, როცა 5 მოსწავლის გაკვეთილებს ადევნებთ თვალს ოჯახში. როგორია თქვენი თვალით დანახული სახლში მოსული სკოლა?

-რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესს, ვფიქრობ, საკლასო ოთახში უნდა მიმდინარეობდეს. სკოლა ბავშვის სოციალიზაციისთვის მთავარი ადგილია. სკოლაში ბავშვი იძენს როგორც ცოდნას, ისე იმ საურთიერთობო უნარ-ჩვევებს, რომელიც ადამიანებს გვჭირდება ცხოვრებაში. იმედს არ ვკარგავ, რომ გაზაფხულის სემესტრი სკოლის კედლებში განახლდება!

5 სკოლის მოსწავლე მყავს სახლში და მარტივი არაა ხუთი ბავშვის ონლაინ გაკვეთილებს გაუწიო კონტროლი. უფროსებმა იციან დრო და მისი კონტროლიც, უმცროსებს კი მუდმივად სჭირდებათ თვალყურის დევნება: ”გაკვეთილი გაქვს, ჩართე კომპიუტერი! დაჯექი, არ იმოძრაო!“- ეს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ფრაზებია. დიდი ყურადღება და ენერგია სჭირდება, რომ მუდმივად ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.

იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, შემეხედა ჩემი შვილების გაკვეთილებზე. მშობელი როცა ხარ, გაინტერესებს, როგორია შენი შვილი საგაკვეთილო პროცესში. არის თუ არა ჩართული? პასუხობს თუ არა მასწავლებელს? ახლა ამ ყველაფრის დამკვირვებელი გავხდი.

-რა სირთულეებს აწყდებით დისტანციური სწავლების დროს, როგორც სტუდენტი და როგორც მშობელი?

რთულია მაშინ, როცა ჩემი ლექცია ან სემინარი ემთხვევა უმცროსების გაკვეთილებს. მადლობა უფალს, ყოველდღე ეს არ ხდება და გაკვეთილები ისეა გადანაწილებული, რომ ერთმანეთს ხელს ვუწყობთ და არ ვუშლით მე და ბავშვები.

2456384678.jpg3846568003.jpg2319918318.jpg1331822255.jpeg

ჩემთვის პრობლემა სივრცე იყო. ყველას უნდოდა თავისი კუთხე, სადაც მყუდროდ დაესწრებოდა გაკვეთილს. მთლიანობაში, თვითონ ონლაინ სწავლების უკმაყოფილი არ ვარ. რა თქმა უნდა, სკოლაში მიღებული ცოდნა უფრო მყარია! სასწავლო წელი, რომელმაც ონლაინ ჩაგვიარა, უნაყოფო არ იყო ნამდვილად და ბევრი კარგი დაუტოვა პატარებს. ვფიქრობ, საინტერესო იყო ასეთი ფორმით თანამშრომლობა მასწავლებელსა და მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის.

გაოცებული ვარ პედაგოგების დაუღალავი შრომით. განსაკუთრებით – დაწყებითი საფეხურის პედაგოგების. ძნელია ონლაინ რეჟიმში ბავშვს მისცე ხარისხიანი განათლება!

ერთი ბავშვი პირველ კლასში მყავს. სულ ორი თვე იარა სკოლაში. ამიტომ სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განსაკუთრებით მისთვის აღმოჩნდა რთული. კლასელების გაცნობაც ვერ მოასწრო კარგად. შეგუებული არ იყო საგაკვეთილო პროცესს და უფრო მეტი მუშაობა მასთან დამჭირდა მეც და მასწავლებელსაც.

-საინტერესოა თქვენი გამოცდილება. როგორ იქცევით მაშინ, როცა ოჯახის რამდენიმე წევრს ერთდროულად გაქვთ ონლაინ ჩართვა?

-რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო. ზოგი დერეფანში ვესწრებოდით, ზოგი სამზარეულოში, საძინებელში. ოთახები აღარ გვყოფნიდა. მთელი სახლი სკოლა გახდა! მეუღლე ემზადება მაიორის წოდების მისაღებად (ბარბარეს მეუღლე, კაპიტანი ბესარიონ მელიქიძე,ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში მსახურობს) და ისიც ინგლისური ენის კურსს გადიოდა ონლაინ. ყველაზე ადრე მას ეწყებოდა ჩართვა. ინგლისური მისალმებით მეღვიძებოდა. Hello. How Are You? ჩამესმოდა დილის 9 საათზე და ვხვდებოდი, რომ მეუღლეს უკვე ლექცია დაეწყო. სახლში ოჯახის 7 წევრი ონლაინ სწავლებაში ვიყავით ჩართული. დღეში 20 გაკვეთილს მაინც ვადევნებდი თვალს. 5 მოსწავლისას, პლუს ჩემი და მეუღლის ლექციებს. მადლობა ღმერთს, შევძელით ღირესულად გაგვერთვა თავი ამ პროცესისთვის!

-თქვენი აზრით, რა დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს ონლაინ სწავლებას?

-მოსწავლეებისთვის რთულია. აი, სტუდენტებისთვის, ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ონლაინ სწავლება უფრო ხელსაყრელია. დრო არ მეხარჯება ერთი ქალაქიდან მეორეში ყოველდღე სიარულში, რა თქმა უნდა, გზის ხარჯებიც მეზოგება. თან ბავშვებთან ვარ და მათ დედის ყურადღება არ აკლდებათ.

ონლაინ სწავლებას თავისი პლუს-მინუსები რომ აქვს ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ყველას ჩვენი სათქმელი მაინც გვაქვს. ჩემთვის ეს პერიოდი მრავლის მასწავლებელი იყო როგორც მშობლისთვის და როგორც სტუდენტისთვის. ყველამ შევიძინეთ ის უნარები, რაც აქამდე ან არ ვიცოდით ან არ გვჭირდებოდა, თუმცა საჭირო და აუცილებელია თანამედროვე სამყაროში. თუნდაც საოფისე პროგრამების (Word; PowerPoint) ცოდნა. ბავშვებისთვის ამ პროგრამებში მუშაობა სახალისო და ინფორმაციული იყო და მეც დავიხვეწე, რადგან ბავშვებს ასეთ დროსაც სჭირდებათ მშობლების დახმარება.

რა შემიძლია ვთქვა დასკვნის სახით? სწავლას თავისი ძალა საკლასო ოთახში აქვს. მარტო დაფა და მერხი გამცნობს რომ სკოლა ის შენობაა, სადაც განათლებას იღებ, რომ არაფერი ვთქვათ, სასკოლო წესრიგზე. სწავლა მაინც სასკოლო-საგაკვეთილო პროცესია და ამიტომ ხმამაღლა ვიტყვი, რომ სკოლაში უფრო ნაყოფიერია სწავლება!

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   208 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 206 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(19)
    • YandexBot(10)
    • Safari(1)
    • t-90