Jump to content
×
×
  • Create New...

„პაროლი მაცივარზე დაგიტოვე!“ – სკოლა სახლებში და მშობლების ახალი როლი 2020 წელს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პანდემიური 2020 წელი განსაკუთრებულად უჩვეულო განათლებისთვის აღმოჩნდა. ალბათ, ძნელად წარმოვიდგენდით, რომ სკოლებს – სახლები, სასკოლო მერხებს კი, კომპიუტერები, ტელეფონები და ელექტრონული მოწყობილებები ჩაანაცვლებდა. სკოლის ზარის ნაცვლად, ზუმის, თიმსის და სხვა პროგრამების აპლიკაციებში კოდების შეყვანის შემდეგ, უკუკავშირს დაველოდებოდით. იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც გარეთ გასვლა გვიწევს, ერთხელ მაინც აუცილებლად გაიგონებთ ტელეფონზე მოსაუბრე დედების მშფოთვარე დიალოგს:

– მათემატიკა დაგიმთავრდა?
– ნახევარი საათი შეისვენე და სპორტზე შედი;
– პაროლი მაცივარზე დაგიტოვე!

EDU.ARIS.GE-მ მშობლებისა და მოსწავლეების დახმარებით, მათი თვალით დანახული, დისტანციურად გავლილი ერთი წლის პერიპეტიები შეაჯამა. როგორ შეიცვალა მშობლების დამოკიდებულება, რა ნაკლი და რა დადებითი მხარე დაინახეს მათ განათლების სისტემაში? როგორია მშობლების ახალი როლი, რომელიც 2020 წლის განათლების გამოწვევებმა გააჩინა? რამდენად რთულია ნახევრად სკოლის თანამშრომლის როლის შეთავსება? როგორ გადალახეს ტექნიკური თუ მორალურ ფსიქოლოგიური დაბრკოლებები – სად განვითარდნენ და რას შეცვლიან ამ გამოცდილების შემდეგ შვილის განათლების კუთხით? – სწორედ ამ ამბებზე გვიყვებიან ჩვენი რესპონდენტები.

133193667_413327539904871_40611176492505გვანცა გეფერიძე, მე-4 კლასელი ილიას დედა: „იქედან დავიწყებ, რომ რაც არ უნდა გამართული იყოს დისტანციური სწავლება, მირჩევნია ჩემი შვილი სკოლაში დადიოდეს. არ მგონია, ვინმე იყოს, ვინც სხვანაირად ფიქრობს. თავიდან, არც კი მიფიქრია, რომ ამდენ ხანს გასტანდა ჩვენი სახლიდან სწავლა. ამ სემესტრშიც მხოლოდ ერთი თვე იარეს ბავშვებმა სკოლაში. სიმართლე რომ გითხრათ, შარშან  კმაყოფილი არ ვიყავი როგორც მიმდინარეობდა ონლაინ გაკვეთილები. ხან რა პრობლემა იყო და ხან რა. ყველაფერში ეტყობოდათ, რომ მოუმზადებელი იყო სისტემა, თუმცა მოუმზადებლები ვიყავით ჩვენც.

როცა სახლიდან მიმდინარეობს სწავლა ძალაუნებურად მშობელიც ერთვები, მით უმეტეს, როდესაც ბავშვი დაწყებით კლასშია. ეს საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და სტრესულიც, ამიტომ მოუთმენლად ველოდები ხოლმე პარასკევს. შეგრძნება მაქვს, რომ ისევ სკოლაში დავდივარ და ისევ ისე მიხარია შაბათ-კვირის მოსვლა, როგორც ბავშვობაში. თავიდან ოჯახში გაგვიჭირდა პროცესის ორგანიზება, რომ ყოველთვის გამართულად ემუშავა ინტერნეტს, ყოფილიყო სიწყნარე გაკვეთილის მიმდინარეობისას. დასაწყისში, მგონი, ოჯახის ყველა წევრი ვესწრებოდით გაკვეთილს, იმდენად საინტერესო იყო თვითონ პროცესი. თუ დადგება ის დღე, რომ ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლაში ნორმალურ სწავლას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ვიცი სასკოლო ცხოვრებაზე, მასწავლებლებზე, რომლებიც უკვე ჩვენი ოჯახის წევრები არიან. ახლა უკეთ მესმის რა კუთხით უფრო უნდა მივაქციო ყურადღება ბავშვის სწავლას, ამიტომ სკოლაში დაბრუნების შემდეგ მეცოდინება რას უნდა აკეთებდეს მასწავლებელი და რას უნდა ვაკეთებდეთ მშობლები. არ შეიძლება არ დავაფასოთ მასწავლებლების შრომაც, რომლებიც მართლა ყველაფერს აკეთებენ ამ პირობებში, რომ ბავშვები პროგრამას არ ჩამორჩნენ, ამიტომ მათაც დიდ მადლობას ვეტყოდი”.

თათია აბულაძე, მე-8 და 1-ლი კლასის მოსწავლეების დედა: სწავლების ფორმატი შეიცვალა და რომ გითხრათ, ამის გამო განათლების სისტემაზე წარმოდგენები შემეცვალათქო, არა. პირველკლასელი და მერვეკლასელი შვილები მყავს, უფროსი კატეგორიული წინააღმდეგია გაკვეთილებს დავესწრო, რადგან მიაჩნია, რომ უკვე დამოუკიდებელია და ამ ასაკში მშობლის ჩარევა აღარ სჭირდება. შედეგებიც ნორმალური აქვს. დამრიგებელი იშვიათად გვეკონტაქტება იმისთვის, რომ გვითხრას ვინ არ ესწერება ონლაინ გაკვეთილებს და გვაძლევს ინფორმაციას რომ დააძალონ მშობლებმა გაკვეთილზე შესვლა, ასევე გვაფრთხილებს, გაკვეთილის დროს მოსწავლეებმა კამერები არ გამორთონ.

ვხედავ, რომ პედაგოგები ამ შეზღუდული ფორმატის ფონზე მაქსიმალურად იხარჯებიან, რაც არ მომწონს ისაა, რომ ფაქტობრივად არ იყენებენ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ უამრავ რესურსს. შეიძლება ამ რესურსებზე მშობელს საერთოდ არ ჰქონდეს ინფორმაცია, მასწავლებელმა უნდა მოუთითოს. ისიც მესმის, უამრავი კლასი ჰყავთ და ელექტრონულ ფორმატში ძალიან რთულია დღეში რამდენიმე გაკვეთილი ჩაატარო, მაგრამ ახლაც და მომავალშიც ვისურვებდი, უფრო მეტად გათვითცნობიერებულები იყვნენ ტექნოლოგიებში და რესურსების მოძიებაში. იმედი მაქვს, როდესაც საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, უფრო სხვა თვალით შეხედავენ ჩვენი პედაგოგები თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას. რაც შეგვეხება მშობლებს, პირველკლასელის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩართულობა ისედაც დიდი მექნებოდა, ოც წუთიან გაკვეთილზე ძალიან რთულია, ბავშვმა წერა და კითხვა ისწავლოს, ამიტომ ძირითადად ჩემს მიერ მოგონილი ხერხებით, ასევე ტელესკოლის დახმარებით ვცდილობ სწავლის პროცესი გავუმარტივო და სახლისო გავუხადო. ბუკიდან მასწავლების მიერ წაკითხული დედაენით წარმოუდგენელია კითხვის უნარების განვითარება, ამიტომ ვისურვებდი უფრო სხვა მიდგომებს, როგორც საკლასო ოთახში, ასევე ონლაინ სივრცეში“.

ნინი სუთიძე აჭარიდან, მე-5 კლასის მოსწავლის მშობელი: „ჩვენ ბათუმში ვცხოვრობთ და შესაბამისად, უკვე ერთი წელია ჩემი შვილი ნია დისტანციურად სწავლობს, რადგან სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სწავლა აქ ერთი თვითაც კი არ განახლებულა. ამიტომ, რაც თავიდან უცხო და უჩვეულო იყო, ახლა ცხოვრების წესად გვექცა. გაკვეთილები ნიას თიმსში უტარდება, თუმცა თავიდან მასწავლებლებს უჭირდათ და წინა წლის პირველ სემესტრში, უმეტესად მესენჯერით ეკონატქტებოდნენ ბავშვებს, ასევე ურჩევდნენ ეყურებინათ ტელესკოლის გაკვეთილებისთვის. კომუნიკაცია ახლა უფრო გაზრდილია. ჩემი აზრით, დისტანციური სწავლება რომ სრულყოფილი იყოს ჩვენთან, იქამდე ჯერ კიდევ ბევრი გვაკლია, ყველას არ აქვს ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა და შესაბამისი ტექნიკა, მასწავლებლებსაც უჭირთ, დადებითი მხოლოდ ის დავინახე, რომ რეალურად შევხედე როგორ ასწავლიან ჩვენს სკოლებში და რომ გითხრათ კმაყოფილი ვართქო, ასე ნამდვილად არაა. ამიტომ, როცა სკოლაში დაბრუნდებიან უფრო მეტად მომთხოვნი ვიქნები იმ მასწავლებლების მიმართ, ვისაც ვხედავ რომ ნაკლებად იხარჯება. დავინახე სად უფრო მეტად უჭირს ასევე ჩემს შვილს და რაში სჭირდება უფრო მეტად დახმარება“.

133682592_386158512661908_16061434383517თეო ჯანელიძე, მე-2 კლასელი გიორგის დედა: „პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში და მოგვიწია ცხოვრების სხვა რიტმზე გადასვლა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს შეეხო, არის დისტანციური სწავლება. ფაქტობრივად მშობლებმა მოვირგეთ მასწავლებლის ფუნქციაც, რაც მეტნაკლებად რთული აღმოჩნდა. გაკვეთილები გვიტარდება „თიმსში“. რა თქმა უნდა თავიდან იყო ტექნიკური ხარვეზები, რაც თანდათან გამოსწორდა. ბავშვებს გაუჭირდათ დისციპლინის დაცვა და ამ სიახლესთან შეგუება.

ჩემი შვილი მეორე კლასის მოსწავლეა და გაკვეთილს მასთან ერთად, ისევე როგორც მშობლების უმეტესობა მეც ვესწრები, რადგან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის რთული აღმოჩნდა ტექნიკურ საკითხებთან გამკლავება. საგაკვეთილო პროცესზე დასწრებამ საშუალება მოგვცა უფრო დავკვირვებოდით სწავლების მეთოდებს, შეგვეფასებინა როგორც მასწავლებლის მიდგომა, ასევე ბავშვების შესაძლებლობებიც. ეს ყველაფერი კი ჩემი აზრით მომავალში მეტად გაზრდის მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. მშობლების ჩართულობა სასკოლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია განათლების კუთხით და ეს უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, არა მხოლოდ დისტანციური სწავლების დროს“.

მას შემდეგ, რაც დისტანციური სწავლება ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, საჭირო გახდა ფსიქოლოგების და სპეციალისტების ჩართულობაც, რადგან მშობლები და ბავშვები ეფექტურად გამკლავებოდნენ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებულ სტრესებს.

ფსიქოლოგი ლიკა ბუწაშვილი მშობლებისთვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა. მისი თქმით, ბავშვთა დისტანციური სწავლების შედეგებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ შედეგზე მოქმედებს არამხოლოდ თავისთავად დისტანციური სწავლების ფორმა, არამედ ბევრი სხვა ცვლადი, რაც პანდემიას უკავშირდება.

maxresdefault-1-218x122.jpg„აღსანიშნავია, რომ მოსწავლის სწავლის ხარისხზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა მისი ზოგადი ემოციური მდგომარეობა, კოგნიტური უნარები, გარემო სადაც სწავლობს (როგორც ის ადგილი, სადაც ესწრება გაკვეთილებს, ისე ის გარემო, სადაც მეცადინეობს). ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტორები, რაც უქმნის და უღრმავებს სწავლის მოტივაციას, როგორებიცაა, მაგალითად მასწავლებელთან და კლასელებთან ურთიერთობის ფორმა და ხარისხი – მეცადინეობა და სასწავლო პროცესი ხშირად მასწავლებელთან და კლასელებთან ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია და არა განყენებული პროცესი. დისტანციური სწავლების ფორმამ და პანდემიით შექმნილმა გარემომ, ზოგადად, ზემოთ ჩამოთვლილ ბევრ ცვლადზე ნეგატიური გავლენა იქონია“, – ამბობს ლიკა ბუწაშვილი.

ფსიქოლოგი ასევე საუბრობს სოციალიზაციის პროცესის შეზღუდვაზე, რაც თავის მხრივ, სხვა მრავალ შედეგთან ერთად, ბავშვების მოტივაციასა და საგაკვეთილო აქტივობებში ჩართულობაზე ნეგატიურად აისახება. მისი თქმით, ჩვეულებრივ პირობებში, სკოლის გარემო და სტრუქტურა, როგორც წესი, ისეა მოწყობილი, რომ ბავშვს აქვს გამოყოფილი დრო სწავლისთვის, დასვენებისთვის, ბავშვებთან ურთიერთობისთვის და დამატებითი ხელშემშლელი ფაქტორები ნაკლებად აწუხებს.

„დისტანციური სწავლების ფორმატში, არ არის ასე მკაფიოდ გამოყოფილი საზღვრები – შეიძლება ბავშვმა ონლაინ გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გაიღვიძოს, გაკვეთილებს შორის იყოს ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მომსწრე, არ ჰქონდეს პირადი სივრცე – ხმაურისგან და სხვა გარეშე გამაღიზიანებლებისგან დაცული ადგილი, საიდანაც ჩაერთვება გაკვეთილზე და, დიდი ალბათობით, გაუჭირდება კონცენტრირება. ასევე, შესაძლოა, საჭირო დროს არ ჰქონდეს წვდომა კომპიუტერთან ან ინტერნეტთან, არ ჰყავდეს გვერდით უფროსი, რომელიც დაეხმარება ტექნიკური თუ დავალებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში და ა.შ. აგრეთვე, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თუკი ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესებულია, ცხადია, სწავლის ხარისხზე ეს ნეგატიურად აისახება“, – გვეუბნება ფსიქოლოგი.

იგი EDU.ARIS.GE-ს იმ პროცესებზეც ესაუბრა, რომელსაც ბავშვები სკოლაში დაბრუნების შემდეგ გაივლიან, მისი თქმით, იმისთვის, რომ ბავშვებს გაუადვილდეთ საკლასო ოთახებში დაბრუნება, მნიშვნელოვანია გაგებით მოვეკიდოთ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამჟამად.

„ცხადია, ბავშვების ქცევების რეპერტუარში, დროთა მანძილზე ბუნებრივადაც შემოდის ცვლილება ისე, რომ შესაძლოა, სირთულე საერთოდ არ იყოს, თუმცა ამ პერიოდში მაინც სასარგებლო იქნება ყურადღებით დააკვირდეთ ცვლილებებს. ეს ცვლილება შეიძლება შეეხებოდეს ბევრ სფეროს – ძილის პატერნი, კვება, ზოგადი გუნებ/განწყობა – უფრო ხშირად ხომ არაა სევდიანი, გაბრაზებული, თუნდაც აჟიტირებული, სასიამოვნო აქტივობებში ჩართულობის ხარისხი, ინტერესთა სფერო და ა.შ. სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში, შეეცადეთ საკუთარი რესურსით, ან ფსიქოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით დაეხმაროთ ბავშვს. ასევე, შეუქმენით რეალისტური მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, როდის შეძლებს სკოლაში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების ფორმა დროებითია და ასევე, მიუხედავად იმისა, რამდენად საინტერესოდ/ნაყოფიერად მიგაჩნიათ, ის მოცემულ ეტაპზე თქვენი შვილის რეალობის ნაწილია – მისი კლასელები ასე სწავლობენ და ამ ფორმით ურთიერთობენ. ამდენად, შეეცადეთ ხელი შეუწყოთ, რომ ამ გარდამავალ ეტაპს ფეხი აუწყოს – გაუწიეთ მას ტექნიკური თუ ემოციური მხარდაჭერა სწავლასთან დაკავშირებულ საკითხებში“, – აცხადებს ლიკა ბუწაშვილი.

ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, რომ ბაშვებთან ერთად ყურადღება საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც გაამახვილონ.

„განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე – თქვენ, როგორც მშობელი, გაცილებთ მეტი დატვირთვის წინაშე დგახართ ამ რეალობაში და მნიშვნელოვანი დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ ბავშვს, რომ ნაკლები დანაკარგით გადაიტანოს პანდემიის პერიოდი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, თავად გქონდეთ შვილის დახმარებისთვის საჭირო ემოციური რესურსი. თუკი ატყობთ, რომ თქვენც გესაჭიროებათ დახმარება გასაძლიერებლად, მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს – არსებობს სხვადასხვა უფასო სერვისიც მსგავსი დახმარების მისაღებად“, – დასძინა ლიკა ბუწაშვილმა.

EDU.ARIS.GE კი, ახალი 2021 წლიდან სწავლის პროცესის ჯაჭვში ჩართულ თითოეულ ადამიანს ჩვეულ ცხოვრებასა და სწავლის ჩვეულ რიტმში დაბრუნებას უსურვებს.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share