Jump to content
×
×
  • Create New...

ბოიკოტი ანგარიშვალდებულებას: მედიის თავისუფლება 2020 წელს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-e9fbe32cd4ba2ca0333143d4b09c70df.jpeg

დრამატული მოვლენებით სავსე 2020 წელი გამორჩული იყო მედია ინდუსტრიისთვის. ჟურნალისტები იძულებულნი გახდნენ გაეშუქებინათ კომპლექსური, დაუსრულებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისი, რის გამოც, ისინი, ხშირად, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკავდნენ. თუმცა კორონავირუსის პანდემია ერთადერთი გამოწვევა არ ყოფილა - რეპორტიორები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეეჩეხნენ ხელისუფლებების ახალ შეზღუდვებს და ბარიერებს ინფორმაციის მოპოვებასა თუ მის გავრცელებაში. მალალა მაივანდი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადიდან სამსახურში მიდიოდა 10 დეკემბერს, როცა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნა და მძღოლთან ერთად მოკლა. ირანში ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, 2017 წლის ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისთვის. გასულ წელს სამი ჟურნალისტი მოკლეს ფილიპინებში. მოკლული ჟურნალისტების თითქმის მესამედი კი მექსიკელი იყო, ამ მაჩვენებლით კი ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. გასულ წელს მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა გაორმაგდა. მიზანში ამოღებული სულ მცირე 50-მდე ჟურნალისტიდან, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) თანახმად, უმეტესობის ლიკვიდაცია პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ პროფესიულ საქმიანობასთან. 2020 რეკორდული წელი იყო პროფესიული საქმიანობის გამო გლობალურად დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვით. ათობით რეპორტიორი დააკავეს თურქეთსა და ბელარუსში, თუმცა მსოფლიოში პირველ ადგილს, ზედიზედ მეორე წელია, ჩინეთი იკავებს - CPJ-ის ინფორმაციით, ქვეყანაში 300-მდე ჟურნალისტია გისოსებს მიღმა. მათ შორისაა სამოქალაქო ჟურნალისტი, ჟანგ ჟანი, რომელიც უჰანში კორონავირუსის სიტუაციის გაშუქების გამო ტყუილების გავრცელების ბრალდებით დააკავეს და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გაზაფხულზე, პანდემიის გამოცხადებასთან ერთად, ახალი ამბების მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა. პანდემიამ, ერთი მხრივ, ბუნებრივად შეუშალა ხელი ჟურნალისტებს ინფორმაციის შეგროვებასა და წყაროებთან ურთიერთობაში, რადგან მსოფლიოს მასშტაბით გამოცხადდა „ლოკდაუნები“, შეიზღუდა საზოგადოებრივი თავშეყრები და აქტივობების დიდი ნაწილი ონლაინ გადავიდა. მეორე მხრივ, ხელისუფლებებს გაუჩნდათ მიზეზი, უფრო მეტად გაეკონტროლებინათ მედია ახალი რეგულაციებით. საქართველოს მეზობელ რუსეთში ახალი კანონით მედია ორგანიზაციებმა, რომლებიც აღმოჩნდებოდა, რომ „მიზანმიმართულად ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას“ სერიოზულ საკითხებზე, მათ შორის, კოვიდ 19-ზე, ემუქრებათ მსხვილი ჯარიმა. მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს უფლება დააცენზურონ ისინი, ვინც „ვულგარულ უპატივცემულობას“ გამოხატავს სახელმწიფოს მიმართ ონლაინ. იმავე გზას დაადგა საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი, აზერბაიჯანი. მარტში, ქვეყნის პარლამენტმა გაზარდა ცენზურა ისედაც მკაცრად კონტროლირებად მედია გარემოში და ცვლილებები შეიტანა კანონში, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს საქმე აღძრან ონლაინ მედიის მფლობელების წინააღმდეგ „არასწორი“ ან „სახიფათო“ ინფორმაციის გავრცელებისთვის თითქმის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ხმაურიანი და ხალხმრავალი პრესკონფერენციები ონლაინ კითხვა-პასუხის სესიებმა ჩაანაცვლეს, რამაც მოპასუხეებს გაუმარტივა კრიტიკული კითხვებზე თავის არიდება, ხოლო ჟურნალისტებს გამოაცალა დამაზუსტებელი კითხვების დასმის შესაძლებლობა. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, მთავრობებმა, პანდემიის მიზეზით, შეზღუდეს საჯარო ინფორმაციის გაცემა. ბოიკოტი ანგარიშვალდებულებას კორონავირუსის გავრცელების ადრეული ეტაპიდან ქართველი ჟურნალისტები დაჟინებით იბრძვიან ვირუსის გარშემო ინფორმაციის მისაღებად, თუმცა მათი პასუხები, ხშირად, პასუხგაუცემელი რჩება, ხოლო სიღრმისეული მასალების მომზადება - შეუძლებელი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტები მიუთითებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან კომუნიკაციის სირთულეზე. „კომუნიკაციების სამსახური არ პასუხობს მათ სატელეფონო ზარებს და ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ შეტყობინებებს, ან მათ მიუთითებენ, რომ ინფორმაცია მიიღონ ტელევიზორიდან“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, ტრადიციულად, ყველაზე რთულია ინფორმაციის მიღება შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ასევე, COVID 19-ის კრიზისის პერიოდში და იმ დროს, როდესაც ქვეყნის ინტერესი დისტანციური სწავლებისა და სწავლის მიმართ გაზრდილია, ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ასევე ხელმიუწვდომელია. საქართველოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თითქმის არ მონაწილეობენ კრიტიკული, ოპოზიციისკენ გადახრილი მაუწყებლების მიერ გამართულ ტოკშოუებში. ისინი ბოიკოტს უცხადებენ, მათ შორის, „მთავარ არხს“, „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“.  ანგარიშის მიხედვით, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი „სტუდია მონიტორი“ ამბობს, რომ ექვსი მოთხოვნიდან, რომელიც მათ გააგზავნეს მუნიციპალურ თუ სამთავრობო უწყებებში, მხოლოდ ორი იქნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებული, ხოლო დანარჩენი უპასუხოდ დარჩა. ძალადობა ჟურნალისტთა მიმართ საქართველოში ჟურნალისტები უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ეჯახებიან. ისინი დაზიანდნენ და გაუფუჭდათ ტექნიკა 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე - მედიის წარმომადგენლები დემონსტრანტების შუაგულში გაჩერებული „მინივენის“ თავზე, შემაღლებული ადგილიდან იღებდნენ აქციის დაშლას. ისინი პოლიციელებთან სიახლოვის, კამერებისა და მიკროფონების გამო, მარტივად იდენტიფიცირებადი უნდა ყოფილიყვნენ სამართალდამცველებისთვის, თუმცა მათ რამდენჯერმე მოხვდათ წყლის ჭავლი. ამავე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს თავს დაესხა უცნობი კაცი, ხოლო კიდევ ერთს, არხის განცხადებით, მუშაობისას შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტები. გამოცემა „Publika-ს“ ჟურნალისტს თავს დაესხა კაცი 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს - დაზიანდა ჟურნალისტიც და მისი კამერაც. თავდამსხმელი დააკავეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტები დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდშიც. „მთავარი არხის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს და ოპერატორებს სცემეს 29 სექტემბერს, მარნეულში, როდესაც ისინი აშუქებდნენ წინასაარჩევნო კამპანიას. ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, კაცი, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის გეგმავდა. გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.. ცენზურა „იმედში“ „დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება პროფესიული საქმიანობისას აზრი გამოხატოს ან მოიქცეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ“ - ეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეორე პრინციპია, რომლის დარღვევა დაუდგინა ქარტიის საბჭომ ჰოლდინგ „იმედის“ დირექტორის ყოფილ მოადგილეს, ნიკა ლალიაშვილს. „იმედი“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ქართული არხია, რომელსაც ხელისუფლება ხშირად სტუმრობს და მმართველი პარტიის წარმომადგენლების სიმატიებით სარგებლობს. ხოლო ჰოლდინგი „იმედს”, „მაესტროსა” და „GDS-ს“ აერთიანებს.   “[მაესტროს ყოფილი ჟურნალისტების] წარმოდგენილი მტკიცებულებებით საბჭოსათვის ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ჟურნალისტის აზრი და ქცევა იყო მისი სურვილი, რომ დაეცვა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები, ამბები აუდიტორიისათვის მიეწოდებინა დაბალანსებულად, ობიექტურად. ამის საპირისპიროდ მას სთხოვდნენ და აიძულებდნენ, რომ ცალმხრივად და მიკერძოებულად ემუშავა, არ გააკრიტიკებინა ხელისუფლება“, - აღნიშნავს 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ნიკა ლალიაშვილი, რომელიც ახლა იმედის დირექტორის პოზიციას იკავებს, ქარტიის დასკვნას არაობიექტურს უწოდებს. უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა ქართული და საერთაშორისო მედია ფინანსურ დამოუკიდებლობას, სამართლებრივ დაცულობასა და საზოგადოების ნდობას, თავისი კრიტიკული როლის შესასრულებლად 2021 წელს.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share