Jump to content
×
×
  • Create New...

გამოქვეყნდა ტრამპის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს


Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-00680d2ad2abced216fe2a99e2c2f43e.jpeg

კვირას გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინა დღით, ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრა. დონალდ ტრამპი მას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და ამ მიზნით, შტატის ოფიციალურ პირზე ზეწოლას ახორციელებდა.  "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - ეუბნება პრეზიდენტი ბრედ რაფენსპერგერს. შემდეგ კი შეახსენებს მას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, ეს კი დანაშაულებრივი ქმედებაა. ჩანაწერი "ვაშინგტონ პოსტმა" მოიპოვა და გამოაქვეყნა. გაზეთის ვებგვერდზე მისი სრული ტექსტიცაა გაშიფრული.  ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტი ხან შეურაცხყოფას აყენებს ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირს, ხან აქებს მას. პრეზიდენტი მაინც არ აღიარებს, რომ ჯორჯიაში ხმების სამჯერ გადათვლის შედეგად, შტატი მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა მოიგო. ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი 1992 წლის შემდეგ დემოკრატს არ მოუგია.  კვირას ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "გუშინ ვესაუბრე ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს ფულტონის საგრაფოზე და ჯორჯიაში გაყალბებულ არჩევნებზე. მან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ეპასუხა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა 'მაგიდის ქვეშ შეწყობილი' ბიულეტენების ხრიკი, ბიულეტენების შეფერხება, სხვა შტატის 'ამომრჩევლები', კენჭისყრაში მონაწილე მიცვალებულები და სხვა. მას წარმოდგენა არ აქვს"!  რამდენიმე საათში პრეზიდენტს რაფენსპერგერმა "ტვიტერზევე" უპასუხა. "პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამოაშკარავდება".  შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მიხედვით, ამერიკელებმა არაპირდაპირი კენჭისყრის წესით, ხმა დემოკრატ ჯო ბაიდენს მისცეს. მან მოიპოვა როგორც უშუალოდ ხმების უმეტესი რაოდენობა, ისე საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები (306-ით 232), რაც ამერიკაში გადამწყვეტია. ჯორჯიის შტატში ბაიდენმა თექვსმეტივე ელექტორის ხმა მოიგო.   ოთხშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა.  ვაშინგტონში მოელიან, რომ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მცდელობა ჩავარდება. ბოლო ორ თვეში ტრამპის კამპანიის ათეულობით საჩივარი გაქარწყლდა როგორც შტატების დონეზე, ისე უზენაეს სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი მტკიცებულებების არქონა იყო.  პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს აკრიტიკებენ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მისი მოტივი ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამას დამატებითი სახსრების მოსაზიდად აკეთებს. საქმე იმაშია, რომ ჯორჯიის შტატი ტრამპს რომც მოეგო, ეს არჩევნების შედეგებს არ შეცვლის. ბაიდენს მაინც ექნება კოლეგიის წევრთა 270-ზე მეტი ხმა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისთვისაა აუცილებელი.  ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჯორჯიის შტატში სენატორთა არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად ხდება. ჯორჯიის შტატში გამარჯვება სენატზე კონტროლის ბედს გადაწყვეტს. წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და მისი სპიკერი კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსია.   არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა "სასოწარკვეთის ხმა" უწოდა პრეზიდენტის აუდიოჩანაწერს. პროფესიით იურისტი კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს "შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ძალაუფლების უხეში გადამეტებაა".   "სრულიად აღმაშფოთებელი" უწოდა ამ ფაქტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერმა. გუშინ მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრისთვის შეუძლებელი უნდა იყოს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ "სუფთა სინდისით" წასვლა. #RestoreOurGOP - დაწერა მან, რაც ნიშნავს: აღადგინე ჩვენი რესპუბლიკური პარტია.    მას შემდეგ, რაც კონგრესში კენჭისყრის შედეგები დამტკიცდება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცს დადებენ. ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share