Jump to content
×
×
  • Create New...

"ოცნება" საბოტაჟზე, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-8a591c869aa1cdab1fefcaf2ffc3ecbe.png

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიებისთვის მიცემული დაპირების შესრულება დაიწყო. მმართველი გუნდი ერთპარტიული პარლამენტის საშუალებით აპირებს, დააკანონოს ინიციატივები ოპონენტებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ. დაგეგმილია ასევე პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებაც. ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები ოპოზიციისთვის და ექსპერტებისთვის შანტაჟისა და ოპონენტების მიზანმიმართული დევნის გამოხატულებაა. ფრანგული წარმოშობის სიტყვა - საბოტაჟი - ნიშნავს საქმის განზრახ ჩაშლას, მასში მონაწილეობისაგან თავის არიდებისა თუ მისი არასათანადოდ შესრულების გზით. ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ხელისუფლება სწორედ საბოტაჟს არქმევს და პასუხად ოპონენტებისთვის სხვადასხვა აკრძალვის დაწესებას აპირებს. „საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური პოლიტიკური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს... სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი“, - თქვა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. კობახიძემ თქვა, რომ ცვლილებების პაკეტი უკვე მომავალი კვირის ბოლოსთვის დამტკიცდება და ის შეეხება პარლამენტში არშემსვლელ ყველა პოლიტიკურ ძალას - განურჩევლად იმისა, „რადიკალურ ოპოზიციას“ წარმოადგენს ის თუ მათ მიერ ბულინგით შევიწროებულ „ჯანსაღ“ ოპოზიციას. პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, როგორც ირაკლი კობახიძემ ახსნა, მოხდება: სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა, ან შეჩერება იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, „რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს“, ანდა „რომელთა წარდგენილი დეპუტატებიც არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს“; სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა, ან ერთი წლით შეჩერება იმ პარტიებისთვის, რომელთა წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან; ამავე პარტიებისთვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის აკრძალვა თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებისთვის; შრომის ანაზღაურების განულება იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან; პარლამენტში ასევე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაშიც პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. 17 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ კონკრეტული ინიციატივის უპირველესი ადრესატი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი - მიხეილ სააკაშვილია. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მოულოდნელი არ იყო, რადგან ირაკლი კობახიძემ გეგმა ჯერ კიდევ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გაახმაურა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია. ოპოზიციამ ეს ყველაფერი მუქარად აღიქვა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა უარი ეთქვა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე, რომელიც 10 დეკემბრისთვის იგეგმებოდა. მას შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები აღარ განახლებულა. იმას, რასაც მმართველი პარტია ოპონენტებს უპირებს, კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს უფლებადამცველი, ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საკანონმდებლო ინიციატივები წინააღმდეგობაში მოდის გაერთიანების თავისუფლებასთან, გამოხატვის თავისუფლებასთან და საერთოდ, დემოკრატიულ პრინციპებთან, რადგან ხელისუფლება საერთოდ არ ითვალისწინებს იმ მილიონამდე ამომრჩევლის ნებას, რომელიც ამ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უკან დგას. ნანუაშვილის თქმით: „თუ ეს ცვლილებები განხორციელდება, ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყება“; „ეს ინიციატივები ძალიან ბევრ საშიშ სიგნალს მოიცავს... ხელისუფლება გადავიდა შეტევაზე - ის პოლიტიკური სივრცის ოპონენტებისგან განთავისუფლებას ცდილობს“; „ამას აუცილებლად მოჰყვება ძალიან მკაცრი შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“; „ხელისუფლებას არა აქვს უფლება, დაახარისხოს პოლიტიკური ძალები „ჯანსაღ“ და „არაჯანსაღ“ ძალებად. ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს და ვის არა“; „არანაირი საბოტაჟის ნიშნები არ არის აქ. კონკრეტული მოთხოვნები აქვს ოპოზიციას და ის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. შანტაჟის ენით საუბრის ნაცვლად, უნდა წარმართულიყო მუშაობა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც გახდა ბოიკოტის საფუძველი... ბოიკოტი, როგორც პოლიტიკური ბრძოლის საშუალება, კანონით არ არის აკრძალული“. „რეპრესიების დასაწყისი“, „ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონება“ , „შანტაჟი“ - ასეთი შეფასებები ისმოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან 17 დეკემბერს, როცა მმართველმა პარტიამ დაადასტურა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული აქვს და მის დამტკიცებას მომავალი კვირის ბოლომდე აპირებს. „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე სასურველი იქნება, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდეს განსხვავებული აზრი, არ არსებობდეს პოლიტიკური ოპოზიცია... უკვე რვა წელია ბიძინა ივანიშვილი ემუქრება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რადარებიდან გაქრობით; თუმცა ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდით“ - ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“; „სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი. ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა - „საბოტაჟი“ და სწორედ ეს სიტყვა გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან“ - გიგი უგულავა, „ევროპული საქართველო“; „შეჩერდეს ყველა მოლაპარაკება არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, ვიდრე ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაგმობს პუტინისტური დიქტატურის დამყარებას ჩვენს ქვეყანაში“ - შალვა ნათელაშვილი, „ლეიბორისტული პარტია“; „არანაირი კითხვა აღარ მრჩება, თვითონ ხსნის ყველა ფრჩხილს და აჩვენებს „ქართული ოცნების“ძალადობრივ მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ბუნებას“ - ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“. „ეს არის ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვისაკენ მიმართული ქმედება და ეს არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ პარლამენტში შესვლა-არშესვლის კონტექსტში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხელისუფლების ახალი ინიციატივების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომან გოცირიძე. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური ველიდან ოპოზიციის განდევნისა და დასუსტებისკენ მიმართული ხელისუფლების „მრავალპლანიანი“ გეგმის ნაწილი, რომლითაც ის ახლა შესვლა-არშესვლის კონტექსტშიც სარგებლობს - „მე ვიტყოდი, სტრატეგიას წარმოადგენს ოპოზიციის დასუსტება, ხოლო ტაქტიკას წარმოადგენს შანტაჟი - თუ არ შემოხვალთ პარლამენტში, არც დაფინანსება გექნებათ და არც საეთერო დრო“. კობახიძემ 9 დეკემბრის შემდეგ რამდენჯერმე განმარტა, რომ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება პარტიის გაუქმებას არ ნიშნავს და ოპონენტებს არც საფინანსო თუ საკომუნიკაციო აკრძალვები შეეხებათ, თუკი პარლამენტში შევლენ. თუმცა, პარალელურად, ყოველ ჯერზე ის აღნიშნავდა იმასაც, რომ მოხარული იქნება, თუკი განხორციელდება „ქართული ოცნების“ მიზანი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური ველიდან განდევნა. 14-16 დეკემბერს, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს მიმართა განცხადებებით და, ჯამში, 50 ოპოზიციონერი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა. 17 დეკემბერს პარლამენტს ცალკე მიმართა 51-ე ოპოზიციონერმა, პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. 150-წევრიან ახალ პარლამენტში სულ 60 ოპოზიციონერი დეპუტატია, თუმცა ჯერ არცერთი არ შესულა საკანონმდებლო ორგანოში. ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა. 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატები დაახლოებით 10 დღეში გაუქმდება. მანამდე კი, არსებობს მოლაპარაკებების განახლების შანსი, თუმცა „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას აღარ გეგმავს - „მანამდე ჯერ კიდევ არის სივრცე იმისათვის, რომ შედგეს გარკვეული დიალოგი და მივაღწიოთ შეთანხმებას, თუ მათი მხრიდან არის მზაობა ამისათვის, ბუნებრივია - შედგება შეთანხმება“.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share