Jump to content
×
×
  • Create New...

დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები დე ფაქტო პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილების ჩამორთმევას აპირებენ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ebd3a8f04b955a9d1bc554c32b874727.jpeg

გასულ კვირას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატების დიდმა ნაწილმა - 18-მა კაცმა - ე.წ. პარლამენტს ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით მიმართა. პროექტის მიხედვით, ე.წ. დეპუტატებს, დე ფაქტო პრეზიდენტის ნების მიუხედავად, შეეძლებათ მოხსნან თანამდებობიდან ე.წ. გენერალური პროკურორი. ე.წ. დეპუტატები აცხადებენ, რომ რესპუბლიკაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლად მხოლოდ ეს გზა რჩებათ, რადგან ბიბილოვი, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობიდან არ ათავისუფლებს ე.წ. გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს. ცვლილება ეხება დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის 61-ე მუხლს, სადაც საუბარია ე.წ. პარლამენტის უფლებამოსილებაზე. კერძოდ, ამ მუხლის მე-12 პუნქტში წერია, რომ პარლამენტი ე.წ. გენერალურ პროკურორს ამტკიცებს ან ათავისუფლებს თანამდებობიდან პრეზიდენტის წარდგინებით. ე.წ. დეპუტატების საინიციატივო ჯგუფს გადაწყვეტილი აქვს შეცვალოს ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობიდან მოხსნის პროცედურა, ე.წ. პრეზიდენტის წარდგინების გარეშე. თუ დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები შევა, ე.წ. დეპუტატები დე ფაქტო პრეზიდენტის წარდგინების გარეშე უნდობლობას გამოუცხადებენ დე ფაქტო გენერალურ პროკურორს და ასევე მთავრობის ნებისმიერ წევრს, ხოლო დე ფაქტო პრეზიდენტი ვალდებული იქნება ხუთ დღეში უნდობლობის საკითხი დააკმაყოფილოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს უნდობლობაგამოცხადებული მთავრობის წევრი თუ გენერალური პროკურორი. დე ფაქტო რესპუბლიკის კანონის მიხედვით, ე.წ. დეპუტატებმა ყველა პროცედურის დაცვით წარადგინეს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი. 34 დეპუტატიდან ხელმოწერილი პროექტი უმრავლესობამ - 18-მა დეპუტატმა - შეიტანა. ერთ-ერთი ინიციატორი, პარტია „ნიხასის“ წარმომადგენელი დავით სანაკოევი, „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე უფრო მეტი დეპუტატია. „ეს ცვლილება შესაძლებლობაა ყველასთვის და მათ შორის პრეზიდენტისთვისაც. თუ პრეზიდენტს არ უნდა გენერალური პროკურორის მოხსნა, ჩვენ ავიღებთ ამ საქმეს ჩვენ თავზე. ჩვენ ვხედავთ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუ მას ამ კრიზისიდან გამოსვლა არ უნდა, მაშინ ჩვენ გამოვიყვანთ. თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ სახელმწიფოებრიობას დავკარგავთ, რომელსაც ამდენი წელი ვუფრთხილდებოდით. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიტანოთ, რათა მომავალში ერთი პირის კაპრიზებზე არ იყოს დამოკიდებული ჩვენი მომავალი და სახელმწიფოს ბედი“. 29 აგვისტოს, ცხინვალში ძალოვანების მიერ ინალ ჯაბიევის მკვლელობის მეორე დღეს, დე ფაქტო პარლამენტის 23-მა დეპუტატმა, საკონსტიტუციო უმრავლესობამ, ბიბილოვს ე.წ. გენერალური პროკურორის, ჯაგაევის, გადაყენების მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა დეპუტატების თხოვნა დე ფაქტო პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა. ამას დეპუტატების დიდი ნაწილის ბოიკოტი მოჰყვა, რამაც დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამჟამად ურუზმაგ ჯაგაევი ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამოძიებას ხელმძღვანელობს, ჯაბიევის ოჯახის წევრები და ნათესავები კი მას უნდობლობას უცხადებენ. ისინი, ორ კვირაზე მეტია, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქციებს მართავენ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. კიდევ ერთი ე.წ. დაპუტატი, ზიტა ბესაევა. მიიჩნევს, რომ დაძაბული ვითარება და მოვლენების კატასტროფული სცენარით განვითარების თავიდან აცილება მხოლოდ ამ ცვლილებების მიღებას შეუძლია. მისი თქმით, ცვლილებები ვერ გავა, თუ 23-მა დეპუტატმა, საკონსტიტუციო უმრავლესობამ, მას მხარი არ დაუჭირა. „თუ კანონს მივიღებთ, მას პრეზიდენტს ხელმოსაწერად ვუგზავნით, პრეზიდენტი 7 დღეში ან ხელს აწერს კანონს, ან უკან უბრუნებს პარლამენტს. თუ დეპუტატებმა მეორედაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, პრეზიდენტი უკვე იძულებულია მას ხელი მოაწეროს და გამოაქვეყნოს“. ბესაევას თქმით, ცვლილებას დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს და პარლამენტმა მისი განხილვა ახლო მომავალში უნდა დაიწყოს. მისი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო სესია უნდა მოიწვიოს. დე ფაქტო დეპუტატებს უკვე აქვთ ცუდი გამოცდილება, მათი ინიციატივა როგორ დაბლოკა დე ფაქტო პარლამენტის პრეზიდიუმმა მაშინ, როცა ისინი ციხის სკანდალის შემდეგ იუსტიციისა და შს მინისტრებისთვის უნდობლობის გამოცხადებას აპირებდნენ. დე ფაქტო პრეზიდენტმა მაშინ მინისტრები დაიცვა და მათი თანამდებობიდან გადაყენება არ მოისურვა, საკითხი კი ე.წ. პრეზიდიუმის სხდომაზე გაჭედეს. ამჟამად ე.წ. დეპუტატების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობა აღარ შეხვდებათ, რადგან სიმართლე მათ მხარესაა. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო - სამოქალაქო აქტივისტი - აცხადებს, რომ ბიბილოვის ხელში განუსაზღვრელი ძალაუფლებაა თავმოყრილი და უკეთესია ეს ძალაუფლება გადაანაწილოს. „მხოლოდ მინისტრებს და პროკურორებს კი არა, სოფლების თავმჯდომარეებსაც პრეზიდენტი ნიშნავს. ჩვენ არ გვაქვს თვითმმართველობა და აუცილებელია რეფორმების გატარება არაერთი მიმართულებით. ბიბილოვი კი ჩაბღაუჭებულია ამ ძალაუფლებას და ის არ ეთმობა. ყველაფერი მის ხელშია, ყველას ის ნიშნავს და ათავისუფლებს. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ძალოვანების დაუსჯელობამ გამოიწვია ეს. მათ პრეზიდენტის იმედი აქვთ და ამ იმედს ბიბილოვი უმართლებს კიდეც, თუმცა ამ დაუსჯელობას სამხრეთ ოსეთი უკიდურეს კრიზისში შეჰყავს და ვითარება სულ უფრო იძაბება“. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობას გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა. მისი აზრით, ეს ცვლილებები ძალაუფლების გადანაწილების ბალანსს არღვევს და პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შეჭრას ნიშნავს, რასაც იგი არ დაუშვებს. დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი ადგილობრივი მცხოვრების, ინალ ჯაბიევის, მკვლელობის შემდეგ დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს. ორი კვირაზე მეტია, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share