Jump to content
×
×
  • Create New...

ლაპარაკი მოლაპარაკებებზე - რატომ დაისვა აფხაზეთში „ქართული საკითხი“


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-22b47ef495826e1f90ca2ecc92cf32eb.jpeg

აფხაზეთში გრძელდება პოლემიკა ე. წ. საგარეო პოლიტიკის კონცეფციაზე, რომელიც თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ წამოაყენა. როგორ გამოეხმაურა საზოგადოება კონცეფციის ერთ პუნქტს, სადაც თბილისთან  მრავალდონიან მოლაპარაკებაზეა ლაპარაკი? ვესაუბრებით პოლიტოლოგ ასტამურ ტანიასა და საზოგადოების „ინვა-მონაწილეობა“ ხელმძღვანელს, ალხას თხაგუშევს. - ალხას, წლის ბოლოა, პანდემია, ენერგოკრიზისი - რატომ ვაფორიაქებთ ხალხს კიდევ ისეთი რთული საკითხით, როგორიც საგარეო პოლიტიკის კონცეფციაა? ალხას თხაგუშევი:  არ მგონია ვინმე მიზანმიმართულად აფორიაქებდეს.  ჩანს, სისტემამ აურია. პარლამენტის კედლებში ეს საკითხი სათანადოდ არ განიხილეს, ან, როგორც დეპუტატმა ასტამურ ლოგუამ თქვა, დრო იყო მცირე. რაღაცამ ხელი შეუშალა - რამ, არ ვიცი. როგორც გავიგე, არანაირი ქვენა აზრი ამ კონცეფციის მიღებისას არ ჰქონიათ, თუმცა ასეთი პოლემიკა რომ წარმოიქმნა, ამაშიც  ვერაფერს ვხედავ ცუდს. - ალხას, რას გულისხმობთ „სისტემამ აურიაში“ -  მთავრობასა და პარლამენტს კომუნიკაციის პრობლემა აქვს? რამე შიდა ხარვეზია? - საერთოდ, ჩვენი მთავრობის კონსტიტუცია დაუბალანსებელია და ბევრი გადაწყვეტილება სხვადასხვა დროს სათანადო განხილვის გარეშე მიიღეს. შესაძლოა ამ პრობლემამ სწორედ ის გამოკვეთა, რომ პარლამენტს მეტი ძალაუფლება უნდა მიეცეს. უფრო დაბალანსებული სისტემა შესაძლებლობას მოგვცემდა მსგავსი კრიზისული სიტუაციები თავიდან აგვერიდებინა. - ასტამურ, ალხასმა გადაუხვია იქით, რომ „სისტემამ აურია“, მაგრამ სისტემამ აურია მას მერე, რაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე დაიწყო ლაპარაკი. ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირშია? ასტამურ ტანია: როდესაც საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია, რამე მიდგომის შესამუშავებლად - ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზეც არ არის საუბარი, არამედ კონცეფციაზე - უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები იმისთვის, რომ მსგავსი ემოციური აფეთქებები არ მოხდეს. ბოლოს და ბოლოს, ეს კავკასიური პოლიტიკაა, რომელსაც ემოციურობა ახასიათებს. აქ ჩვენი ტრადიციული პოლიტიკური კულტურისგან რამე განსხვავებულს ვერაფერს ვხედავ. - ანუ ამ დავაში არაფერია არსებითი? მხოლოდ მიწოდების ფორმაშია საქმე და ემოციებში? თავად პოზიცია წინააღმდეგობას არ იწვევს? - არა, წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არის. მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური პერმანენტული მოლაპარაკებები შეწყდა, - ეს საერთაშორისო ფორმატი თითქმის 2008 წლამდე მოქმედებდა, - ვაკუუმი წარმოიქმნა. მიუხედავად ქართული და აფხაზური მხარეების წინააღმდეგობრიობისა, ადრე მსგავსი კონტაქტები ჩვეულებრივი ამბავი იყო. ყველას ესმოდა, რომ დაპირისპირება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით დაიძლეოდა. ამიტომ ახლა, როცა საზოგადოება ოფიციალურ დონეზე დიალოგს გადაეჩვია, შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება წარმოიშვას. ამიტომ საჭიროა მეტი მუშაობა საზოგადოებასთან, მის პოლიტიკურ ძალებთან. საჭიროა ახსნა იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქცია მოლაპარაკებებია, რაც საშუალებას იძლევა პრობლემები მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს. - ალხას, ამ კონცეფციის მომხრეები კითხვას სვამენ: რა არის ასეთი ვნებათაღელვის მიზეზი? მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე - ეს ახალი არაა. თუმცა, თუ არაფერია ახალი და არაფერი იცვლება, რაში გვჭირდებოდა ამ პუნქტის ხაზგასმა და აქტუალიზება? ალხას თხაგუშევი: ამაზე ასტამურმა უკვე ილაპარაკა. ჩვენი პოლიტიკური ძალები პოლარიზებულია და ეს სხვადასხვა სახით იჩენს თავს. ეს თემა პირველად არ გახდა დავის საგანი. იმავე პრობლემებს გადააწყდა წინა ხელისუფლებაც. მანამდეც მწვავდებოდა გარეპოლიტიკური საკითხები. არის ხალხი, ვინც მოლაპარაკებების კატეგორიული წინააღმდეგია. მათ მთელი რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაც პატივს ვცემ, მაგრამ მიღება არ შემიძლია. ახლა ამ კონცეფციაში სხვა თვალსაზრისია გამოხატული, რომელიც ახალი ფორმატების გამოძებნის შესაძლებლობას ეხება, წინსვლის შესაძლებლობას. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ საფრთხეებიც არის და საჭიროა მათი განხილვა. - ასტამურ, რისთვის სჭირდება ეს მოსკოვს? ეს ყველაფერი ხდება ურთიერთობების დალაგებაზე საუბრისას  და ასევე ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ. ვითომ ისევ რკინიგზაზეა ლაპარაკი? ასტამურ ტანია: არ არის გამორიცხული, რომ საკითხი აქტუალური გახდა ტრანსკავკასიური კომუნიკაციების კუთხით, რომელიც აფხაზეთის გავლით საქართველოში და მის გარეთ მიდის. კონცეფცია მას რამდენად ეხება, არ ვიცი. დეტალურად არის შესასწავლი მისი ტექსტი, რომელიც, ვიტყოდი, ძალიან კონცეპტუალურია. მაგალითად, საერთაშორისო ფორმატის განახლების საკითხის უფრო ცხადად გადმოცემაც შეიძლებოდა. ვფიქრობ, ეს ასეთ რეაქციას არ გამოიწვევდა, რადგან როცა ბევრი გაუგებრობაა, ინტერპრეტაციის ადგილიც რჩება. ამიტომ მგონია, აქ არაფერი ახალი არ შემოუტანიათ, უფრო იმის გაგრძელებაზეა საუბარი, რაც, წლებია, ისედაც იყო. - ალხას, თქვენი აზრით, რისთვის სჭირდება მოსკოვს კონსტრუქციის შეტანა სოხუმისა და თბილისის ურთიერთობაში? - სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ინიციატივა მთლიანად მოსკოვიდან მოდის. - მოსკოვის თანხმობის გარეშე - მოსკოვი კი მაინც აქტიურ როლს თამაშობს სოხუმთან მიმართებაში - სათუოა ეს მოხერხებულიყო. ალბათ, სულ მცირე მოსკოვთან შეთანხმდა.  -  ალბათ, კი. საგარეო საქმეთა სამინისტროს, უშიშროების საბჭოს ხაზით შესაძლოა ეს ინფორმაცია გადიოდა, მაგრამ აფხაზეთში არავისთვის საიდუმლო არ არის, მაგალითად, სერგეი შამბას პოზიცია. რასაც ის ახლა ამბობს, მანამდეც ამბობდა, სანამ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მოვიდოდა, ანუ ოპოზიციაში როცა იყო. საერთოდ, წლებია, ამ აზრზეა. ის მოლაპარაკებების მომხრეა, იმის, რომ რაღაც ფორმულები მოიძებნოს. იგივე ეხება განცხადებებს, რომლებსაც ოპოზიციაში ყოფნის დროს ასლან ბჟანია აკეთებდა. ისიც გასაგებია, რომ ასეთი გზავნილი აქტუალური გახდა. ყარაბაღის მოვლენები ჩვენი რეგიონისთვის უკვალოდ არ ჩაივლის. რაღაც მოძრაობებია სხვადასხვა მოთამაშეების, სხვადასხვა ინტერესების... ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, რომ აფხაზეთს ეს შეეხება. ჩვენ ახლა ვიხილეთ მცდელობა პროაქტიული პოზიციის შექმნისა და მგონია, რომ ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ. ყოველთვის სხვების გადაწყვეტილებებზე რატომ უნდა ვრეაგირებდეთ? ვფიქრობ, მომავალი წელი გარკვეული მოვლენებით იქნება დატვირთული - არ ვიცი, რამდენად განახლდება რკინიგზის თემა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთია იმ საკითხებიდან, რომლებიც  დღის წესრიგში დადგება. - რას გულისხმობთ „ყარაბაღის მოვლენებში“? ხანდახან მგონია, რომ ამაში ყარაბაღის სცენარის გამეორების საფრთხე იგულისხმება, ანუ საქართველოს რევანში აფხაზეთზე.  როგორც მივხვდი, თქვენ რაღაც უფრო რთულს გულისხმობთ. ალხას თხაგუშევი:  მე ვგულისხმობ იმას, რომ ამ რეგიონთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერესებია. ჩვენ ხომ მშვენივრად ვხვდებით, რომ დიდი მოთამაშეები არსად წასულან. შესაძლოა ახლა იქ არის რაღაც, რაც ევროკავშირის, აშშ-ისა და რუსეთის  ყურადღებას ფანტავს, მაგრამ ისინი მაინც ფხიზლად არიან, ყოველთვის ფხიზლად ადევნებდნენ თვალყურს და მონაწილეობდნენ პროცესებში. ჩანს, რომ მთელი რეგიონი მოძრაობაში მოვიდა. პასიანსის წყობა ძალიან რთულია. აფხაზეთსაც ძალისხმევა სჭირდება, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ყველაფერი დააბალანსოს,  შეეცადოს შეათანხმოს ეს საქმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და, ამასთან, არ ჩაიკეტოს. ესეც ხომ მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით და არა სხვები ჩვენ ნაცვლად. ეს პოზიცია უნდა  გავაძლიეროთ. რაღაც ფორმატები უნდა შევთავაზოთ, რათა შემდეგ თავს არ მოგვახვიონ ის, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. თუ ჩვენ პასიური მაყურებლები ვიქნებით, ვშიშობ, ეს ჩვენს მდგომარეობას გაართულებს. - ასტამურ, მგონი, ალხასი ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხო. ყველაფერთან ერთად იდეების კრიზისიც არის. არსობრივად კონცეფციაში ნათქვამია, რომ აფხაზეთი მზადაა ღიაობისთვის - გარკვეული თვალსაზრისით, ეს გამოწვევაა საზოგადოებისთვის, რომელიც ჩაკეტილობას შეეჩვია. ეს იდეათა ჯახი რამდენად ახასიათებს აფხაზეთს, რამდენად შესაძლებელია ეს კრიზისად იქცეს, კრიზისად, თუნდაც, ამ სიტყვის კარგი გაგებით? ასტამურ ტანია: კრიზისი ხანდახან უძრაობაზე უკეთესია. ამიტომ კარგია ეს დისკუსია რომ წარმოიქმნა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას აქვს განცდა იმისა, რომ ჩიხიდან გამოსავალია მოსაძებნი. ეს მხოლოდ საგარეო პოლიტიკას  არ ეხება. როგორც საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა, ჩვენც მოდერნიზაციის კრიზისს გავდივართ. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა მსოფლიო, გლობალურ პროცესებში მონაწილეობისა. - ამ კუთხით რამდენად დიდია შიდაპოლიტიკური ძვრების რისკი, ძვრები თუ შეეხება ისეთ რამეებს, რაც ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთისთვის ტრადიციულია? - მგონია, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეეცადონ გამოვიდნენ პარადიგმიდან, რაც გამოიხატება მოძრაობაში რევანშიდან დამარცხებისკენ და პირიქით. ეს ხომ ძალოსნობის სახეობა არ არის, სადაც ფრეზე ვერ შეთანხმდები. ვფიქრობ, ამ კუთხით ინიციატივა ხელისუფლებას ეკუთვნის, ის მაინც სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის თავისი წილი ოპოზიციასაც აქვს. ვფიქრობ, რაღაც სივრცეები უნდა შევქმნათ მსგავსი კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share