Jump to content
×
×
  • Create New...

ომის ცხრა პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინებში


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
 
ომის ცხრა პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინებში
ომის ცხრა პრინციპი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დოქტრინებში
13:54, 12.06.2019
 

დღეს არმიათა საბრძოლო ოპერაციების თეორიულ საფუძველს დასავლურ სამხედრო დოქტრინებში  ე.წ. „ომის ცხრა პრინციპი“ წარმოადგენს, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ წარმატებული სამხედრო დაგეგმარებისა და მოქმედებებისთვის საბრძოლო შენაერთებიდან საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სახელმძღვანელო დონემდე.

სხვადასხვა ეპოქაში, მხედართმთავრები თუ ომის თეორეტიკოსები, მუდმივად ეძებდნენ  ომის წარმატებულად წარმოების ყველაზე ეფექტურ პრინციპებსა და საშუალებებს, რომლითაც  გარკვეულ თეორიულ ბაზისს შექმნიდნენ სამხედრო კამპანიის დაგეგმარებისათვის. ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, განსაკუთრებით ბოლო ორასი წელია,  სამხედრო თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ნაშრომებში თავის ხედვებს აყალიბებდნენ ომის სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით და მეოცე საუკუნის დაახლოებთ შუა პერიოდში ამ შრომათა ერთობლიობამ ომის წარმოების ცხრა პრინციპის სახე მიიღო.

მეორე მსოფლიო ომი დასრულების შემდგომ ეს პრინციპები  ოფიცრების მომზადების სისტემებში იქნა შეტანილი, დღემდე  საველე სახელმძღვანელოების ფუნდამენტია და ოპერატიული დაგეგმარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აშშ-ს არმიის საველე სახელმძღვანელოში „3-0 ოპერაციები“, აქამდე არსებულ ცხრა პრინციპს კიდევ სამი დაემატა, რომლებიც განსაკუთრებით უსვამენ ხაზს  არმიათა გამოყენების დემოკრატიულ და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებს.

ისტორიული წინაპირობები

ადრეული პერიოდის ყველაზე ცნობილი სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც საკუთარი  ხედვები ჩამოყალიბებულ ნაშრომად დაგვიტოვა, ჩინელი მხედართმთავარი და სტრატეგი სუნ ძია (500-400 წწ. ძვ.წ). მისი ცნობილი ნაშრომი „ომის ხელოვნება“ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ბრძოლების წარმოება, შეტევის დაგეგმვა, არმიის მანევრები, სახმელეთო წყაროები და ჯაშუშთა გამოყენება. ხოლო მისი ნაშრომის ერთ-ერთი თავი  თავი „გათვლები“ დღეს შეიძლება განხილულ იქნას როგორც ომის სტრატეგიული დაგეგმარება, რომელსაც, თუ მისავე სიტყვებს დავეყრდნობით, „რაც უფრო მეტს აკეთებ მით უფრო იზრდება ომში გამარჯვების შესაძლებლობა“.

დაახლოებით იმავე პერიოდში, როდესაც სუნ ძი თავის ნაშრომს წერდა,ომის თავისეულ  ფილოსოფიას აყალიბებდნენ ძველი ბერძნებიც. ძვ.წ. აღ.-ის 490 წელს მარათონის ბრძოლაში ათენელებმა მილტიადეს ხელმძღვანელობით მათზე რიცხობრივად აღმატებული სპარსული ჯარი დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ მილტიადე  არ მოქმედებდა სპეციფიკურად ომის წარმოების თანამედროვე ცხრა პრინციპით, მისი ტაქტიკა თავის თავში უკვე მოიცავდა მასირებისა და ძალთა ეკონომიის პრინციპებს.

 
1560332455-o-SUN-TZU-facebook-300x150.jpსუნ-ძი: „ომის სახელმწიფოს უდიდესი საქმიანობაა. სიცოცხლის და სიკვდილის საწყისი, გზა გადარჩენისკენ ან დასასრულისკენ. ის კარგად უნდა გაიაზრო და აწონ-დაწონო“

გაცილებით გვიან, ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შემდგომ, სამხედრო თეორეტიკოსებმა და სტრატეგებმა უფრო ფართოდ გაშალეს ომის წარმოების პრინციპების თეორიული საფუძვლები.

გენერალი ანრი ჟომინი ნაპოლეონის კამპანიის შესწავლის შემდეგ წერდა: „ნაპოლეონის კამპანიებში სახეზე გვაქვს ომის წარმოების რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი, რომელთა გამოყენებაც თითქმის ყველა შემთხვევაში ნაპოლეონის ომების წარმატების საფუძველი იყო“. ჟომინის აზრით, ნაპოლეონმა დაამტკიცა, რომ არმიები, როგორც წესი, წარმატებულები არიან, როდესაც მოქმედებენ მოწინააღმდეგეთა კომუნიკაციების ხაზების წინააღმდეგ, ახდენენ ძალთა მასირებას   და კონცენტრირებულად, სწრაფად და საჭირო დროს უტევენ  ყველაზე სუსტ წერტილებს. ეს იდეები გარკვეულწილად ჟომინის შემდგომი პერიოდის ომის წარმოების ფუძემდებლურ პრინციპებად იქცა დასავლურ სამხედრო თეორიაში.

ომის პრინციპების ჩამოყალიბების ფინალურ პერიოდად პირველი მსოფლიო ომი იქცა. ამ ომის არაეფექტური, უზარმაზარი და ფუჭი დანაკარგების მქონე, არაპროდუქტიული ოპერაციების ფონზე თეორეტიკოსები ჩამოყალიბდნენ მოსაზრებაზე, რომ ომის წარმოებას ახალი თეორიულ საფუძვლები ესაჭიროებოდა. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის ტექნოლოგიურმა პროგრესმა და არმიათა მზარდმა მექანიზაციამ თავისი მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ამგვარი თეორიული დისკუსიების მიმდინარეობას და უფრო გაადვილა გარკვეული პრინციპების ცხოვრებაში რეალიზაცია.

1916 წელს ბრიტანელი გენერალი ჯონ ფრედერიკ ჩარლზ ფულერი სამხედრო ჟურნალში აქვეყნებს სტატიას „ომის პრინციპები 1914-1915 წლების კამპანიების ფონზე“. მისი ეს სტატია ომის წარმოების თეორიული პრინციპების პირველ დეტალურ ახსნას წარმოადგენს, სადაც იგი ომის რვა პრინციპს განიხილავს და სწორედ მათზე დაყრდნობით აშშ-ს ომის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი „წვრთნების რეგულაციები  №10-5“, რომელიც ამერიკული არმიის პირველ ოფიციალურ დოკუმენტია ომის პრინციპების შესახებ.

ამ მოვლენებიდან მალე, ამერიკის არმიის პოლკოვნიკმა უილიამ ნელორმა, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანმა, გამოაქვეყნა სამი წერილი „ქვეითთა ჟურნალში“, რომლებშიც იგი ამ პრინციპებს დეტალურად განიხილავდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში პრინციპების კრიტიკამ მათი ამერიკული და ბრიტანული სამხედრო დოქტრინებიდან ამოღება გამოიწვია.

თუმცა მეორე მსოფლიო ომის ხასიათმა ნათლად აჩვენა ამდაგვარი მიდგომის შეცდომა. ომის დამთავრებისთანავე აშშ-ს არმიამ ხელახლა გამოაქვეყნა ომის ცხრა პრინციპი 1949 წლის საველე სახელმძღვანელოში „100-5. საველე სამსახურის რეგულაციები: ოპერაციები“. ეს წარმოადგენდა პრინციპების, როგორც საარმიო დოქტრინების ქვაკუთხედის, ოფიციალურ აღიარებას. მიუხედავად იმისა, რომ  ვიეტნამის ომის  შემდგომ პერიოდში   ისინი კვლავ ამოიღეს საარმიო დოქტრინიდან 100-5,  1980 წელს სახმელეთო და საჰაერო ბრძოლის დოქტრინაში ამ პრინციპებს ისევ შეხვდებით და ამ პერიოდიდან მოყოლებული ომის ცხრა პრინციპი მუდმივად არის აშშ-ს არმიის დოქტრინებში, კერძოდ „FM 100-5“და  „FM-3.0 ოპერაციები“

თანამედროვე ომების პირობებში წამყვანი არმიები კვლავინდებურად არიან ჩართულები  კონფლიქტებში სახელმწიფო თუ იმ არასახელმწიფო აქტორებთან, რომლებიც ცდილობენ ძალის გამოყენებით თავიანთი პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მიზნების მიღწევას; თანამედროვე ოპერატიული გარემო კვლავაც სავსეა კონფლიქტების კერებით, სადაც იქმნება ახალი გამოწვევები, კომპლექსური მაღალ ტექნოლოგიური დაპირისპირებით, სადაც ფრონტის ხაზის გარჩევა სულ უფრო რთულდება. თუ ადრე არმიები ახერხებდნენ ბრძოლის ველის ხალხისაგან გამოცალკევებას, დღეს ეს პროცესი განსაკუთრებულად გართულებულია და ხალხის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა იმ კონფლიქტში გამარჯვებისთვის, რომელშიც ეს საზოგადოება თავისდაუნებურად ჩართულია, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

დღეს მხოლოდ უშუალოდ საბრძოლო სივრცეზე მიღწეული წარმატებები აღარ არის საკმარისი საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. ფინალური გამარჯვება მოითხოვს ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის პირობების შექმნას ყოფილ საბრძოლო სივრცეზე. ამის რეალიზაციისთვის ცხრა ძირითად პრინციპს, რომელთაც ქვემოთ განვიხილავთ, კიდევ სამი პრინციპი დაემატა და ჯამში ეს პრინციპები დღეს ქმნიან აშშ-ს არმიის გაერთიანებული ოპერატიული მოქმედების საბაზისო პრინციპებს.

ომის ცხრა პრინციპი

1.      მიზანი – თითოეული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს ნათელი, მიღწევადი და უმნიშვნელოვანესი საერთო მიზნისკენ. სამხედრო კამპანიის თითოეული ოპერაცია და გაანგარიშება დაიგეგმოს უმთავრესი სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე. სტრატეგიული დაგეგმარებით დაკავებული ადამიანები უნდა განსაზღვრავდნენ სამიზნეებს უმთავრესი სტრატეგიული სამიზნის გათვალისწინებით და ეს სამიზნეები მკაფიოდ გასაგები უნდა იყოს ყველა დონის სამხედრო მოსამსახურისთვის.

2.      აგრესია – დაეუფლე, შეინარჩუნე და განავითარე ინიციატივა; მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე განახორციელე შეტევითი ქმედებები,  საერთო მიზნის მისაღწევად  ყველაზე ეფექტურია მომარაგებისა და კომუნიკაციების გზების ხელყოფა.  შეტევითი ოპერაციები არის გზა, რის მეშვეობითაც ეუფლები ინიციატივას, ინარჩუნებ მოქმედების თავისუფლებას და აღწევ გადამწყვეტ შედეგებს. აგრესიულობის  ეს პრინციპი კრიტიკულია ომის წარმოების ნებისმიერი დონეზე წარმატებით მოქმედებებისათვის.

3.      კონცენტრაცია/მასირება- მოახდინე საბრძოლო ძალის კონცენტრაცია საჭირო დროსა და საჭირო ადგილას გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად. კონცენტრირებული დარტყმა მიმართული უნდა იყოს შედეგზე და მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე, რომელიც, თავის მხრივ, ახალი უპირატესობის მომცემი უნდა გახდეს. კონცენტრირების საშუალებით ორი ძირითადი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი:  გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება  მცირერიცხოვანი ძალებითაც კი, და მეორე – საკუთარი ძალების მოწინააღმდეგის ცეცხლისგან მაქსიმალურად განრიდება (ლიმიტირება).

4.      ძალთა ეკონომია – არ გამოიყენო იმაზე  მეტი მეორად სამიზნეებზე, ვიდრე საჭიროა, რათა არ დაირღვეს კონცენტრაციის პრინციპი. საჭირო დროსა და ადგილზე, კონცენტრაციის წარმატებისთვის,  აუცილებელია არსებული ძალების ეფექტურად მართვა და  კოორდინაცია. ძალთა ეკონომია არის პრინციპი, რომელიც დაგეგმარებისას  საკუთარი ძალების გონივრულად და მიზნის თანაზომიერად გამოყენების საშუალებას იძლევა. მეთაურმა გონივრულად უნდა გამოიყენოს და მართოს  მის ხელთ არსებული საბრძოლო რესურსი, მათ შორის ისეთი ამოცანების გადაჭრისას, როგორებიცაა იმიტირებული ან ლიმიტირებული შეტევა, თავდაცვა, შეყოვნება, ცრუ მოქმედებები და სხვა მსგავსი ოპერაციები.

1560332826-1_KO7s8qDSg29cMar8TpeJLg-300x

5.      მანევრი – ძალის მოქნილი გამოყენებით ჩააგდე მოწინააღმდეგე მისთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში. ძნელია მოძრავი სამიზნისათვის მოხვედრა. ზოგადად მოძრაობა, თავისი ბუნებით, რთულად პროგნოზირებადია. ეფექტური მანევრები არღვევს მოწინააღმდეგის ერთიანობას. მანევრი გამოიყენება წარმატების განსავითარებლად, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, მოქმედებების თავისუფლების მისაღწევად და საკუთარი მოწყვლადობის შესამცირებლად. აქტიური მანევრით მოწინააღმდეგის გეგმებსა და მოქმედებებში შედის დისონანსი, რაც ახალი წარმატების შესაძლებლობასაც აჩენს.  ომის წარმოების ნებისმიერ დონეზე წარმატებული მანევრი მეთაურისგან დაგეგმარებაში, ოპერირებაში და ორგანიზებაში აზროვნების სხარტ უნარს საჭიროებს.

6.      მართვის ერთობა -თითოეული სამიზნის მიმართ მართვისა და ძალისხმევის ერთიანობა. მართვის ერთობა ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მოქმედი ძალები ემორჩილებიან ერთ მეთაურს. მართვისა და ძალისხმევის ერთობა გულისხმობს ომის ყველა დონეზე ძირითადი მიზნების მისაღწევად მეთაურის მიერ საბრძოლო ძალისხმევის კონცენტრაციას . ბრძოლის ველზე წარმატება მეთაურისგან მოითხოვს მის ხელთ არსებული ძალების ერთიანი და კოორდინირებული მართვის უნარს.

7.      უსაფრთხოება – არასოდეს მისცე მოწინააღმდეგეს საშუალება მოულოდნელად დაეუფლოს უპირატესობას. შესაბამისი უსაფრთხოება მოქმედებების თავისუფლების და მოწინააღმდეგის მოქმედებების მიმართ საკუთარი ძალების მოწყვლადობის შემცირების საშუალებას იძლევა.

დაზვერვა, მოწინააღმდეგის დოქტრინების, დაგეგმარების, სტრატეგიის და ტაქტიკის ცოდნა ზრდის უსაფრთხოებას.ომს რისკი ახლავს. წარმატებისათვის საჭიროა გონივრული და გააზრებული რისკის გაწევა საკუთარი ძალების დასაცავად და მოწინააღმდეგის დასამარცხებლად.  საკუთარი ძალების დაცვა და უსაფრთხოება, თავის მხრივ,  რისკების გათვლისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

8.    სიურპრიზი – დაარტყი მოწინააღმდეგეს მისთვის მოულოდნელ დროსა და  ადგილზე,  ან მოულოდნელი  ფორმით. ტრადიციული სამხედრო ძალებისათვის დღეს სიურპრიზის მიღწევა უაღრესად რთულია. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ  საბრძოლო სივრცეზე დიდი ძალების ფარული და შენიღბული მოქმედებები თითქმის შეუძლებელი გახადა, თუმცა სიურპრიზი ის მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელმაც, შესაძლებელია, მის განმხორციელებელს მცირე ძალისხმევით დიდი უპირატესობის მიღწევის საშუალება მისცეს.  სიურპრიზის საფუძველი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორი გახდეს: ძალთა მოცულობა, მთავარი მოქმედების ადგილი თუ მიმართულება, დროის შერჩევა და კიდევ ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიურპრიზის ეფექტის შექმნაზე, კერძოდ: ეფექტური დაზვერვა,  სისწრაფე, მოულოდნელი საცეცხლე ძალების გამოყენება, ოპერაციათა უსაფრთხოება და ოპერაციათა მეთოდებისა და ტაქტიკების ვარიაციულობა.

9.      სიმარტივე – მოამზადე მკაფიო და ნათელი გეგმა და მოკლე ბრძანებები გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად.  წარმატებული სამხედრო კამპანიის მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმარტივე. გეგმა  გასაგები უნდა იყოს ყველა დონის მეთაურისთვის. მარტივი, გასაგები და ნათელი ბრძანებები ამცირებს გაურკვევლობის წარმოქმნის ალბათობას. სასურველია გეგმის „მოძრავი ნაწილების“ რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა. როგორც ამბობენ, ყველაზე მარტივი გეგმა ხშირად საუკეთესოა.

დღეს აშშ-ს დოქტრინებში დამატებულია კიდევ სამი პრინციპი.

10.  სიმტკიცე – მეთაურები ემზადებიან განსაზღვრული, ხანგრძლივი ოპერაციებისთვისაც. ეროვნული, სტრატეგიული მიზნების მიღწევის პროცესში  გაერთიანებული ოპერაციები  შესაძლოა წლები გაგრძელდეს, როგორც ეს ერაყისა ავღანეთის შემთხვევაში მოხდა. კრიზისის ძირითადი მიზეზები ხშირად  ცვალებადი და რთულად გასაგებია, რაც აძნელებს საბოლოო მიზნისთვის აუცილებელი კონდიციების მიღწევას და ამიტომაც, ხშირად საჭიროა მოთმინება, ურყევი, შეუპოვარი და მიზანდასახული მოქმედებები.

ასეთი ხანგრძლივი მოქმედებებისთვის აუცილებელია შეირაღებული ძალების გამძლეობა და მეთაურების ურყეობა.

11.  ლეგიტიმურობა – სამხედრო ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქვს.

  • სამხედრო ძალების გამოყენება მოხდეს ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით.
  • შეიარაღებული ძალები აუცილებლად უნდა მოქმედებდნენ  საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით.
  • სასურველია კამპანიებსა და ოპერაციებს მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნის ხელისუფლებამაც, რომელშიც ასეთი კამპანია მიმდინარეობს და ეს ხელისუფლება  საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყოს აღიარებული.

ლეგიტიმურობაში, შესაძლოა, საგარეო აუდიენციის არა ერთი აქტორი იყოს დაინტერესებული, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კამპანიის წარმატებისათვის აუცილებელი ფაქტორი, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ლეგიტიმურობა  არ არის. წარმატებული სამხედრო კამპანიების ჩატარება შესაძლებელია შეზღუდული ლეგიტიმურობის პირობებშიც. ეს პრინციპი მნიშვნელოვან კორელაციაში იმყოფება მოქმედი სახელმწიფოების მოწყობის ტიპთან, ოპერაციების გარემოსთან და სხვა სუბიექტურ ცვლადებთანაც. სწორი პროპორციის დაცვა ლეგიტიმურობასა და უსაფრთხოებას შორის აუცილებელია.

12.  ზომიერება/სიფრთხილე – მოითხოვს ფრთხილ და დისციპლინირებულ ბალანსირებას უსაფრთხოებას,  სამხედრო ოპერაციების ჩატარებასა და სასურველ სტრატეგიულ დასასრულს შორის. ეს მიდგომა მეტწილად საცეცხლე კონტაქტში შესვლის წესებს გულისხმობს. მეთაურებმა ეს წესები ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ და ფუჭი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, თუ გარემოებები მათში ცვლილებს მოითხოვს, აუცილებელია მათი განხორციელება.   ჯარისკაცების სიცოცხლე ამ წესების გამო გაუმართლებელი რისკის ქვეშ არ უნდა მოექცეს.

 

1560333010-in-the-_20s-and-_30s-the-us-sომის და სამხედრო კამპანიის გარანტირებული წარმატებისთვის, ბუნებრივია, არ არსებობს მზა ფორმულები, თუმცა, სამხედრო თეორიის განვითარების და წარმოებული სამხედრო კამპანიების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ის პრინციპები, რომლებიც საბრძოლო სივრცეზე დასახული ამოცანების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. აშშ-ს არმიაში დღეს სწორედ ზემოთ განხილული პრინციპები ითვლება სამხედრო კამპანიების ოპერატიული დაგეგმარების დოქტრინალურ ბაზისად და ამიტომ,  სტრატეგიის განსაზღვრების დროს მნიშვნელოვანია მხედართმთავარს ქონდეს იმდაგვარი რესურსები, რომლებიც მას აღნიშნული პრინციპების რეალიზაციის საშუალებას მისცემს საბრძოლო მოქმედებების თეატრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებული კამპანიის წარმოება სერიოზული ეჭვის ქვეშ დგება.

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

ავტორი – გიორგი ანთაძე

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share