Jump to content
×
×
  • Create New...

მოსაზრებები საქართველოს უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესახებ


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ის, რომ ქართული სინამდვილე, ქართული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, გარკვეული აზრით, პრობლემატურია, არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ქართულ სახელმწიფოს, მის ხელთ არსებული შეიარაღებული ძალებით, არ შეუძლია უზრუნველყოს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი წინააღმდეგობა რომ დაიცვას მოსახლეობა და ტერიტორია . პრობლემას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და ის შეიძლება ორ ქვეპრობლემად დაიყოს: სტრატეგიული და დოქტრინული.

პრობლემა პირველი – სტრატეგიული

პირველი პრობლემის თავი და თავი, უსაფრთხოების რელევანტური, კონცეპტუალურად დაბალანსებული სტრატეგიის არარსებობაა (ბოლო წლებში პრეზენტირებული სტრატეგიული ხედვების სიმრავლის მიუხედავად ). სტანდარტული პროცედურა, რომელიც, რიგ შემთხვევებში, წარმატებით გამოიყენება (ე.წ. აშშ არმიის სამხედრო კოლეჯის მეთოდოლოგია), შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრას გულისხმობს:

  •  ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით ვსაზღვრავთ ეროვნულ ინტერესებს (ეს არ გახლავთ ერთსვლიანი პროცედურა და შუალედურ რგოლად აუცილებლად მოითხოვს ეროვნული მიზნების განსაზღვრას)
  •  ვახდენთ გარემოს სტრატეგიულ შეფასებას;
  •  ვირჩევთ ეროვნულ (სახელმწიფო) პოლიტიკას;
  •  ვაყალიბებთ უსაფრთხოების (სახელმწიფო) სტრატეგიას (პოლიტიკის უსაფრთხო რეალიზაციის სქემას);
  • ვსაზღვრავთ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას (როგორც შერჩეული პოლიტიკის ეფექტური მხარდაჭერის ინსტრუმენტს);
  • ვაფასებთ რისკებს, რის შემდეგ, შესაძლოა, პროცესის გამეორება დაგვჭირდეს

ეს გახლავთ ერთგვარი ალგორითმი, რომლის თითოეული ნაბიჯი სახელმწიფოში ინსტიტუციურად გამყარებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების სახით. ასე მაგალითად, ეროვნული ღირებულებების სისტემა კონსტიტუციაშია (უნდა იყოს) წარმოდგენილი და ამ მხრივ ინტერპრეტაციის საშუალებას არც ერთ ინდივიდუმს და არც ერთ ინსტიტუტს არ უტოვებს. გარდა ამისა, მოცემული პროცედურა, ასევე, რამოდენიმე ცნების საკმაოდ სპეციფიკურ გაგებას ეყრდნობა. მაგალითად, მოცემულ კონტექსტში სტრატეგია გააზრებულია როგორც სახელმწიფოს მიერ მის პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტების (პოლიტიკურ-დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და ინფორმაციული) კოორდინირებული გამოყენება. სტრატეგიის ამდაგვარი გაგება, საშუალებას გვაძლევს გამოვკვეთოთ მისი საყრდენი წერტილები: მიზანი, (ძალის) ინსტრუმენტები, რესურსი. ასე რომ, სტრატეგია ერთგვარი სამფეხაა, რომელიც ამ საყრდენებზე დგას. ლიტერატურაში ხშირად სტრატეგიას სწორედ ასე ასურათებენ –  როგორც სამფეხა სკამს, რომელიც სამ თანაბარ ფეხს ეყრდნობა. ამით იმის თქმა უნდათ, რომ სამივე ნახსენები კომპონენტი თანაბარი მნიშვნელობისა და ძალის მქონეა.

1558689637-60772419_2134939109936993_308

რას წარმოადგენს თითოეული კომპონენტი? ძალიან რომ არ გავართულოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გახლავთ პასუხები სამ, შედარებით მარტივ, კითხვაზე:

  • რა გვინდა რომ გვქონდეს? (მიზანი)
  • რა გზით არის შესაძლებელი მიზნის განხორციელება? (ინსტრუმენტი)
  • რა გაგვაჩნია, რომ განვახორციელოთ მიზანი? (რესურსი)

სხვათა შორის, სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც ხშირად სახელმწიფოს მიზანთან შეცდომით აიგივებენ, წარმოადგენს პასუხს კითხვაზე თუ რა მსურს, რომ საერთაშორისო გარემოდ მქონდეს, რომ მიზნის რეალიზაცია შევძლო?

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება, რომელიც მოცემულ სქემაში ფიგურირებს, გახლავთ რისკი. შემუშავებული სტრატეგია რისკ-ფაქტორით ფასდება, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს არა რაიმე გარედან დამიზნებულ საფრთხეს, არამედ ზომას, რომლითაც სტრატეგიის კომპონენტთა დაბალანსების ხარისხი იზომება. თუ კი ჩვენს სამფეხას დავუბრუნდებით, ეს ის შემთხვევა იქნება, როდესაც სამფეხა არათანაბარ „ფეხებზე“ დგას. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც რომელიმე „ფეხის“ სიგრძე, ასე ვთქვათ, ნაკლებია დანარჩენებზე. კუთხე, რომლითაც ამ დროს სამფეხა არის დახრილი, არის აღნიშნული რისკის ზომა. ზოგჯერ რისკ-ფაქტორი იმდაგვარია (ანუ „სამფეხა“ ისეთნაირად არის დახრილი), რომ გაცხადებული მიზნების გადასინჯვას მოითხოვს: მეტად ამბიციური მიზანი, რომელიც რესურსით ან საშუალებებით არ არის გამყარებული, ნაკლებ ამბიციური და მიღწევადი მიზნით იცვლება.

1558690259-61459722_2016618328646144_632

განვიხილოთ ეს ვითარება მაგალითზე: დავუშვათ, რომელიმე სახელმწიფოს ძირითად მიზნად შეირჩა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მაშინ, პირველ რიგში, უნდა ინახოს სახელმწიფოს ძალის რა ინსტრუმენტები გააჩნია მას ამ მიზნის სარეალიზაციოდ? თუ ეს არის არშემდგარი სამხედრო ძალა, სუსტი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც ამავდროულად, დეზორიენტირებულია საკითხის მოგვარების ერთიანი სახელმწიფო ხედვის არარსებობით და, ასევე, სუსტი ინფორმაციული უზრუნველყოფით, მაშინ, ცხადია, რა სიტყვებიც არ უნდა დავხარჯოთ სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას, მიზანი განუხორციელებელი დარჩება. თუ, ამავე დროს, მიზნის სარეალიზაციოდ არანაირი ხელშესახები რესურსიც არ არსებობს, ე.წ. „სტრატეგიული სამფეხა“ „ამოგვიყირავდება“:

1558690394-60748865_440519473179359_9018

რისკი, რომ შერჩეული სტრატეგია ჩავარდეს, საკმაოდ მაღალია. ხოლო იმედგაცრუების ემოციური ტალღა, რომელიც ამ ჩავარდნამ შესაძლოა გამიწვიოს, შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ აღნიშნული მიზანი საერთოდ ამოვარდეს ქვეყნის პოლიტიკური ცნობიერებიდან. ეს რომ არ მოხდეს, როგორცა ჩანს, მიზნად, ამ შემთხვევაში, ნაკლებად ამბიციური, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა განისაზღვროს: მაგალითად, როგორ შეიქმნას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის აუცილებელი რესურსი? ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, პირველ რიგში, იმის ზუსტად განსაზღვრას თუ რა არის ეს რესურსი? ახალი მიზანი ისევ, იმავე საფეხურებით, რისკ-ფაქტორამდე უნდა მივიდეს და ხელახალი „დაყირავებული“ სამფეხას შემთხვევაში, პროცესი ისევ თავიდან უნდა დაიწყოს. მაგალითი, რომელიც, შესაძლოა, ცუდათაა შერჩეული, იმ აზრით, რომ არასწორი ინტერპრეტაციის ობიექტად იქცეს, შეგნებულად ავირჩიეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა თუ რა სირთულეები იმალება, ერთი შეხედვით, მარტივი და ცხადი ფრაზების უკან, როგორც კი ისინი პოლიტიკურ კონტექსტში ინაცვლებენ და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის სლოგანად იქცევიან.

ჩვენს, ქართულ სინამდვილეს რომ დავუბრუნდეთ, აქ პრობლემა იმითაცაა დამძიმებული, რომ ეროვნული ღირებულებების სისტემა ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობის ასპარეზია. ის, რაც კონსტიტუციურად არის ინსტიტუციონალიზებული,  სახელმწიფოს მიზნების ფორმულირებისთვის მყარ ორიენტირს არ იძლევა. სხვა სიტყვებით, ჩვენ არ გაგვაჩნია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა იარსებოს ქართულმა სახელმწიფომ? მართალია, ეს კითხვა მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ თუ მასზე რეალური პასუხი არ მოიძებნა იმ ღირებულებათა ჩამონათვალის სახით, რომელიც სპეციფიკურად ქართულია, თავად ქართული სახელმწიფოს, როგორც ამ ღირებულებათა რეალიზაციის მექანიზმის არსებობა, აზრს კარგავს. დემოკრატია, კეთილდღეობა, პიროვნული თავისუფლებები, და სხვ. ზოგადად, ის ღირებულებებია, რომელთა უზრუნველყოფა დღევანდელი საერთაშორისო თანამეგობრობის სისტემის წევრად აღიარებისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთგვარი პასპორტია. მათი რეალიზაციის გაცხადებით ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სისტემაში მყოფ სხვა სუბიექტებთან ერთად დემოკრატიულ საზოგადოებას ვაშენებთ. მაგრამ რატომ უნდა იყოს ეს საზოგადოება სპეციფიკურად ქართული, სამწუხაროდ, არ ჩანს. თუ ჩვენ, გარდა აღნიშნულისა, სხვა არც ერთი ღირებულება არ გვაქვს, რის გამოც ჩვენი სახელმწიფოს შენარჩუნებას ვცდილობთ, მაშინ მართლაც სულერთი უნდა იყოს რა ენაზე ვილაპარაკებთ, რომელ ეკლესიაში ვილოცებთ და საერთოდაც, რა ერქმევა ქვეყანას. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მიზნები მხოლოდ მოჩვენებითია, ანუ უსაფრთხოების სტრატეგიული ტრიადიდან პირველი,  ძირითადი ელემენტი, უბრალოდ ამოვარდნილია. თუ ამას დავუმატებთ რაც ზემოთ მოტანილ მაგალითში სახელმწიფოს ძალის ინსტრუმენტებთან და რესურსთან დაკავშირებით ვთქვით, ვნახავთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების რეალური რისკ-ფაქტორი სტრატეგიის სამივე შესაძლო კომპონენტის დაბალანსების შეუძლებლობაშია (ვინაიდან შეუძლებელია დააბალანსო ის, რაც არ არსებობს) და არანაირად იმ საფრთხეებში, რასაც ჩვენი სტრატეგიული გარემო ბუნებრივად გვთავაზობს. ამ შეუძლებლობის შედეგია ისიც, რომ რეალურად უსაფრთხოების არანაირი სტრატეგია არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, გაცხადებული მაინც. სხვა სიტყვებით, ქართული სტრატეგიული „სამფეხა“ ჰაერში კიდია.

1558690509-60982424_371002646883876_8038

პრობლემა მეორე – დოქტრინული

არანაკლებ მნიშვნელოვანია დოქტრინის პრობლემა:  რა დოქტრინით უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენი არმია, რომ შემდეგი სამხედრო დაპირისპირების მოგერიება შევძლოთ?  აქაც რამოდენიმე უხერხულ კითხვას ვაწყდებით: დავიწყოთ იმით, რომ შიდა და გარე სამხედრო მუქარებისგან დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს სამხედრო უსაფრთხოების ძირითად შინაარსს. ხოლო ღონისძიებანი, რომლებიც ამ შინაარსის რეალიზაციას უზრუნველყოფს, წარმოადგენს ქვეყნის ომისათვის მზადების პროცესს. ქვეყანა ომისათვის ემზადება მაშინაც, როდესაც არანაირ ომს არ გეგმავს და მაშინაც, როდესაც არავინა არ გეგმავს მასთან ომს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რისთვის არსებობს ზოგადად არმიები? ეს კი, ჩვენ შემთხვევაში, ნიშნავ იმას, რომ თუ კი საქართველო მომავალი ომისათვის არ ემზადება, მაშინ რატომ ვინახავთ ქართულ არმიას? ამ კითხვას, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი, გააზრებული პასუხი რომ გავცეთ, ჯერ მკაფიოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ პრობლემაზე, რომელიც, ერთი შეხედვით, ზედაპირზე არც ჩანს: ზოგადად, რა სახის ომების წარმოება შეუძლია დღევანდელ არმიებს? საქმე იმაშია, რომ დღევანდელი არმიები, ძირითადად, მხოლოდ მეორე და მესამე თაობის ომებისთვის არის მზად. სხვადასხვა ტექნოლოგიური უპირატესობანი, რომელიც ამა თუ იმ არმიას სხვის მიმართ გააჩნია, იმდენად უმნიშვნელოა, რომ არ ცვლის ომის ხასიათს. თანაც, ის არმიები, რომლებსაც შეუძლიათ მესამე თაობის ომი აწარმოონ და მოწინააღმდეგე ამ გზით დათრგუნონ, თითზეა ჩამოსათვლელი. ის, რომ არმიების გამოყენება დღეს, მეტწილად, ლოკალურ კონფლიქტებში, არასპეციფიკური დანიშნულებით ხდება, ამ სურათს მთლიანობაში არ ცვლის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული არმიის მზადებაც, რამენაირად, ამ ყალიბში უნდა მოექცეს. მზადების სხვა მეთოდოლოგია, უბრალოდ, არ არსებობს. აი აქ კი ჩნდება სერიოზული კითხვა: რომელ მოწინააღმდეგესთან შეუძლია ქართულ არმიას მიაღწიოს წარმატებას, თუ კი ის მეორე ან მესამე თაობის ომში ჩაება?

ეს კითხვა რამოდენიმე ქვეკითხვად იშლება:

  • ვისთან არის შესაძლო ამ ტიპის კონფლიქტი?
  • რა გეოგრაფიული არეებია სავარაუდო კონფლიქტის ზონა?
  • რა შეიარაღებული ძალებია(ხარისხი, რაოდენობა)  წარმატებისათვის საჭირო?
  • როგორი იქნება მოსახლეობის დაძაბვის ხარისხი მომავალ ომში?

ის, რაც უახლესმა ისტორიამ და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გვაჩვენა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ნაწილობრივი პასუხი პირველ კითხვაზე გაგვაჩნია. თუმცა ეს, თავის მხრივ, დამატებით კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან, კითხვას აჩენს:

  • რა ეკონომიური პოტენციალი უზრუნველყოფს ასეთი ძალების არსებობას?

პასუხები, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მაინც, ბუნდოვანია, ვინაიდან ასეთი პასუხები სერიოზული კვლევითი სამუშაოს ჩატარებას გულისხმობს. დღევანდელი ვითარებით, არმია და შესაბამისად, სახელმწიფო, ყველა შემთხვევაში განიცდის კოლაფსს. განსაკუთრებით კი, თუ ის მეოთხე თაობის ომში აღმოჩნდა ჩათრეული. ეს კი, თავის მხრივ ნიშნავს, რომ დღევანდელი ვითარებით, ქართული შეიარაღებული ძალები, შესაძლოა არსებობდეს მხოლოდ როგორც საერთაშორისო ძალების შიგნით მოქმედი ქვედანაყოფი და მათი გამოყენებით სახელმწიფოს მართლაც შეუძლია გარკვეული საგარეო-პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს. ამ ასპექტს აძლიერებს ქართული არმიის პროფესიონალიზაციის ტენდენციაც, რომელიც, ბოლო წლებში, ნელ-ნელა გამოიკვეთა: პროფესიული არმიები, თავიანთი ბუნებით, ძირითადად, საექსპედიციო ძალებია. ჩვენი შეიარაღებული ძალების ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის კონცეფციაც, ზოგადად, ამაზეა ორიენტირებული. ბუნებრივია, დოქტრინა, რომელიც ამდაგვარი არმიის მზადებას უზრუნველყოფს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოდ არ ვარგა (თუ კი, რა თქმა უნდა, ეს მთლიანობა, საბოლოოდ, საგარეო ფაქტორებზე არ არის მიბმული). მაგრამ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტები, რომელიც  არმიის მშენებლობის ოფიციალურ დოკუმენტებადაა წარმოდგენილი და სადაც აღწერილია თუ რა ვითარებაში როგორ დაიცავს არმია მოსახლეობასა და ტერიტორიას, უბრალოდ არაადეკვატურია.

ერთი შეხედვით, ჩიხში ვართ. იმ ფონზე, როდესაც ამიერკავკასიაში არსებული, ჩვენს გარდა, ოთხი პოლიტიკური მოთამაშიდან ერთი, თავისი მისწრაფებებით და ამბიციებით, ზესახელმწიფოს სტატუსის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის,  მეორე -რეგიონში ყველაზე წარმატებულ შეიარაღებულ ძალებს ფლობს, ხოლო დანარჩენმა ორმა წარმატებით გაართვა თავი სამხედრო მშენებლობას, ისე ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა სხვის კეთილ სურვილზეა დამოკიდებული. ეს არც თუ მთლად სახარბიელო პერსპექტივაა, თუ  გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში კეთილი ნება, ხშირად, ცვალებადი პარამეტრია. როგორ უნდა გავართვათ თავი ამ დილემას? როგორ ვიმოქმედოთ, რომ სხვის კეთილ ნებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუ  ერთ დღეს თავი მტრულ გარემოცვაში ვიგრძენით?

თუ მეოთხე თაობის ომების სავარაუდო დახასიათებას გავიხსენებთ, როგორცა ჩანს, ერთგვარი გამოსავალი იქნებოდა რომ შესაძლებელია მეოთხე თაობის ომების საწარმოებლად სერიოზულად ვემზადოთ: მეოთხე თაობის ომების სივრცე ხომ პრაქტიკულად ათანაბრებს ძლიერი-სუსტის დისბალანსს. მაგრამ ამ შემთხვევაში, ბევრ დოგმაზე უარის თქმა მოგვიწევს. მათ შორის და პირველ რიგში, სამხედრო მშენებლობის კუთხით.  რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევინარჩუნოთ პროფესიული კონტინგენტი როგორს სიმბოლო, ან იგივე საგარეო მოხმარებისათვის, მაგრამ მაშინ დაგვჭირდება მეორე დოქტრინაც, სახელმძღვანელო, რომელიც საკუთარი თავის დაცვას შეგვაძლებინებს. როგორ იქნებიან ამ სისტემაში ინკორპორირებული ჩვენი პროფესიონალები, ერთ-ერთი რთული საკითხია გადასაწყვეტად.  თუმცა ეს არ უნდა იყოს ხანგრძლივი პერიოდის რეჟიმში გადასაყვანი სტრატეგია, ვინაიდან ცვალებად სამყაროში ბევრი რამ არის შესაძლებელი. შესაძლებელია ისიც, რომ სანამ ქვეყანაში მეოთხე თაობის სრულ პოტენციალს შევქმნით, საბრძოლო სივრცე მეხუთე თაობის კომბატანტთა ასპარეზად იქცეს და ჩვენ ისევ აუტსაიდერთა რიგებში აღმოვჩნდეთ. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს?  კითხვა დასმულია და იმედია, ვინმე პასუხზეც დაფიქრდება.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

ავტორი – დავით თევზაძე

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share