ფორუმელი Moor Posted 31 დეკემბერი, 2020 Posted 31 დეკემბერი, 2020 ომი ხდომილებაა. მისი მართვის უნარი – ხელოვნება, ხოლო იმ პრინციპების ცოდნა, რომელიც ამ სპეციფიკური ხელოვნების საფუძველში დევს – თეორია. შესაბამისად, ის რაც ომზე, როგორც ხდომილებაზეა მიბმული, ასევე ორ პლანში შეგვიძლია განვიხილოთ: როგორც ხელოვნება (პრაქტიკა) და თეორია (ცოდნა, რომელსაც აღნიშნული პრაქტიკის განზოგადება იძლევა). კონკრეტულად, სტრატეგია, როგორც ომზე მიბმული საქმიანობის სფერო (საკუთრივ მართვა და წარმართვა) შეგვიძლია მივიჩნიოთ ხელოვნებადაც და ომის თეორიადაც. ისტორიულ რეტროსპექტივაში ის სწორედ ამდაგვარად ვითარდებოდა. მისი ხელოვნებად ჩამოყალიბების გზა სამხედრო ისტორიაშია აღწერილი. გაცილებით გვიან, სტრატეგია განვითარებას, როგორც თეორია იწყებს, თეორია რომელიც, ლეერის სიტყვებით რომ ვთქვათ, არის მთელი სამხედრო საქმიანობის სინთეზი, მისი განზოგადება, ფილოსოფია. ისევე, როგორც ფილოსოფია ეძებს კავშირებს სამყაროსეულ მოვლენებს შორის, სტრატეგიაც სამხედრო მოვლენათა შორის არსებული კავშირების გამოვლენასა და ახსნას ისახავს მიზნად. თუმცა, არსებობს სტრატეგიის უფრო ვიწრო გაგებაც, რომლის მიხედვითაც სტრატეგია წარმოადგენს სწავლებას (მოძღვრებას) სამხედრო მოქმედებების თეატრზე (სმთ) ოპერაციების შესახებ. თუ სტრატეგიას როგორც ხელოვნებას შევხედავთ, ვნახავთ, რომ თავის მხრივ, არსებობს სხვადსხვა ფაქტორი, რომელზედაც ის თავადაა მიბმული და რომლებიც მასზე, როგორც პრაქტიკაზე, ზოგადად, გავლენას ახდენს. მიჩნეულია, რომ სტრატეგიაზე, როგორც კონკრეტულ არჩევანზე, შემდეგი ფაქტორები ზემოქმედებს: პოლიტიკა, დიპლომატია, ეკონომიკა, სამხედრო, გეოგრაფია, ისტორიული გზა, კულტურა, იდეოლოგია და სახელმწიფოს მართვის ფორმა. აქედან, პოლიტიკა, იდეოლოგია და გეოგრაფია ქმნიან განსაკუთრებულ ეროვნულ სტრატეგიულ კულტურას. ხოლო ამ კულტურამ, თავის მხრივ შესაძლოა გავლენა იქონიოს სტრატეგიული პრობლემის ადეკვატურ აღქმაზე. თუ კი პოლიტიკური ფაქტორის გავლენა სტრატეგიაზე, ასე თუ ისე, ნათელია, შესაძლოა გეოგრაფიული და უფრო მეტად იდეოლოგიური ფაქტორის გავლენა არც ისე თვალშისაცემი ჩანდეს. თუმცა, ეს მატყუარა განცდაა. მაგალითად, ძნელია გადააჭარბო გეოგრაფიული ფაქტორის მნიშვნელობა, ვინაიდან ქვეყნის სიდიდე და მდებარეობა წარმოადგენს ძირითად დეტერმინანტს სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად. შედარებისთვის: ისრაელისათვის გეოგრაფიული პრესი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ გააჩინა მუდმივი დაუცველობის განცდა. მეორეს მხრივ, აშშ იმდენად დაცილებული იყო ძირითადი სამხედრო თეატრებიდან, რომ დასაშვებად მიიჩნია ძალთა ბალანსის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების იგნორირება. გეოგრაფიული ფაქტორის პოლიტიკაზე ზეგავლენის, ისტორიაზე და ისტორიულად განპირობებული სტრატეგიული არჩევანის შესახებ კარგ მაგალითს წარმოადგენს ინგლისი. მეტიც, ბრიტანეთის კუნძულის გეოგრაფიამ გავლენა იქონია ომის სპეციფიკური ფორმის ე.წ. ბრიტანული ომის ჩამოყალიბებაზე(ლიდელ ჰარტი): კონტინენტზე მსხვილი საბრძოლო დაპირისპირებებისგან თავის არიდება და ფლოტის საშუალებით მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების წინააღმდეგ პერიფერიებზე საფრთხის შექმნა. გეოგრაფიული ფაქტორი განსაზღვრავს ასევე კონკრეტული სამხედრო მოქმედების შინაარსსაც. მაგალითად, თუ განვიხილავთ II მსოფლიო ომში დაპირისპირებული მხარეების მიერ ავიაციის გამოყენების მეთოდიკას, ვნახავთ, რომ მათ განსხვავებული ამოცანები ჰქონდათ: ინგლის-ამერიკისთვის ეს იყო სტრატეგიული ბომბვა, ხოლო გერმანიისთვის – სახმელეთო ძალების მხარდაჭერა, რაც ბუნებრივი იყო, ვინაიდან გერმანიისთვის სახმელეთო კომპონენტი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო იმავე საავიაციო ბაზების შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც ინგლის-ამერიკისთვის ევროპის კონტინენტზე არ არსებობდა ტერიტორია, რომლის დაკარგვა მის საავიაციო შესაძლებლობებს დაასუსტებდა. გეოგრაფიული ფაქტორის ზეგავლენის კარგი მაგალითია XVI საუკუნის ესპანეთის სამეფოს გეოგრაფია და ესპანეთის სტრატეგიული არჩევანის სირთულე ტერიტორიების შესანარჩუნებლად (იგულისხმება 80-წლიანი ომი ნიდერლანდებში). რაც შეეხება რელიგიას, იდეოლოგიასა და კულტურას, დიდი ანგარიშით, სამივე ეს ტერმინი სამყაროს ხედვას ნიშნავს და ამ ხედვის გავლენა სტრატეგიულ არჩევანზე, ხშირად, გაცილებით მეტია ვიდრე რეალური პოლიტიკის გავლენა. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აშშ საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ იდეოლოგიური კლიშეები განაპირობებენ ქვეყნის სტრატეგიულ მიდგომებს: ლიბერალური ღირებულებების დაცვისა მხარდაჭერის საკითხში ამერიკის განსაკუთრებულობა არის სწორედ ის თემა, რამაც განსაზღვრა ცივი ომის მიმართულება და პრაქტიკულად, მთელი უახლესი ისტორია დღემდე. სტრატეგია, როგორც ხელოვნება როგორც ხელოვნება, სტრატეგია უძველესი დროიდან არსებობს. ყოველ შემთხვევაში, რაც ომი ორგანიზებულ და მეთოდურ საქმიანობად იქცა. სტრატეგიის, როგორც ხელოვნების მიზანია მოწინააღმდეგის დამარცხება ზოგადად და დასახული პოლიტიკური მიზნის რეალიზაცია – კერძოდ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიზნის განხორციელებისას დაგვჭირდეს (შეძლებისდაგვარად) მინიმალური ხარჯი, ძალისხმევა და დანაკარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამარჯვებას აზრი არა აქვს. აღნიშნული ამოცანა (ომის მიზნის მიღწევა) შესაძლოა რამოდენიმე ქვეამოცანად დავყოთ: ზოგადი მიზნის სწორად განსაზღვრა (ჩანაფიქრი); სწორი მიმართულების განსაზღვრა, რასაც ბუნებრივად მივყავართ ოპერაციის ძირითადი იდეის სწორ განსაზღვრამდე, ანდა საოპერაციო ხაზების ზუსტ არჩევამდე, რაც სტრატეგიული ხედვის (ოპერაციის) პირველ ნაბიჯს შეადგენს; შესაბამისობა დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებებს შორის: აღნიშნული, პირველ რიგში გამოიხატება საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე არმიის სტრატეგიულ გაშლაში, რომელიც მოწინააღმდეგისათვის მოულოდნელი უნდა იყოს, ხოლო საკუთარი ძალებისათვის – უსაფრთხო. ეს ორი გარემოება მნიშვნელოვანია ოპერაციისათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად, რაც გარკვეულ უპირატესობებს ქმნის ძალის, დროისა და ადგილ-მდებარეობასთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგეს ვართმევთ ინიციატივას, ანუ საკუთარ კონტროლს ვუქვემდებარებთ მის აზრებსა და ნებას. მესამე ამოცანის განხორციელება საშუალებას იძლევა გადავჭრათ უფრო რთული ამოცანა: ოპერაციის (საოპერაციო ხაზების) უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს იმდენად რთული ამოცანაა, რომ ნაპოლეონს ის მთელი სამხედრო საქმიანობის ანა-ბანად მიაჩნდა. მარშის განხორციელება – გულისხმობს მოწინააღმდეგის მიმართ ისეთი ვითარების შექმნას, რომ მისი ხაზები დარტყმის მუქარის ქვეშ აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც საკუთარი დაცულია (მანევრი). იმისათვის, რომ ბრძოლა რეალური შედეგით დაგვირგვინდეს, აუცილებელია ბრძოლის შედეგების სწორი ექსპლუატაცია. ყველაფერი ეს მოიაზრება როგორც ერთი მთლიანი ოპერაცია.ყველა ამ ამოცანის განხორციელება განაპირობებს იმას, რომ ოპერაცია ნაკლებად ხდება დამოკიდებული ბრძოლის იღბალზე (ტაქტიკა). მეტიც, სტრატეგიული მოსაზრებები განმსაზღვრელი ხდება ისეთი ამოცანების გადასაჭრელად, როგორიცაა: გავმართოთ თუ არა ბრძოლა, სად, როდის, რა წინაპირობების შეთხვევაში და ა.შ. ამგვარად, როდესაც სტრატეგიის პრაქტიკოსებზე ვიწყებთ საუბარს და მათ ხელოვნებაზე (ოსტატობაზე) ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მათი მოქმედება აღნიშნული ამოცანების გადაჭრის ეფექტურობასთან მიმართებით უნდა განვსაზღვროთ. ამის საშუალებას კი სამხედრო ისტორიის ცოდნა იძლევა. ამ კუთხით დანახული, სტრატეგიის ხელოვნების ნიმუშებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ქმედებები, რომლებსაც აწარმოებდნენ კიროს დიდი, ფილიპე მაკედონელი, ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, იულიუს კეისარი. პირველი, რაშიც ეს გამოიხატება, გახლავთ თემა, თუ როგორ ემზადებოდნენ ისინი ომისათვის. მეორე – თუ როგორ უდგებოდნენ ისინი საკითხს ომის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და ბოლოს, ისინი არასოდეს უშვებდნენ მხედველობიდან იმ კავშირს, რომელიც პოლიტიკასა და სტრატეგიას შორის არსებობს. ამ მხრივ (იგულისხმება სტრატეგიისა და პოლიტიკის ერთიანობა) ყველაზე კარგ სასტარტო ვითარებაში ალექსანდრე აღმოჩნდა, ვინაიდან მან, პრაქტიკულად, ფილიპეს საქმე გააგრძელა. სხვათა შორის, მისი დიადი ჩანაფიქრის განხორციელება ამანაც განაპირობა. გაცილებით რთული საწყისი პოზიციიდან იწყებდნენ თავის საქმიანობას კიროს დიდი და იულიუს კეისარი. ხოლო ყველაზე ცუდ სასტარტო პოზიციაში ჰანიბალი აღმოჩნდა: მას მოუწია სტრატეგიული ინტერესების დაცვა კართაგენის პოლიტიკის წინააღმდეგ, რამაც, დიდი ანგარიშით, განაპირობა კიდეც მისი მარცხი. იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც აღნიშნული მხედართმთავრები მიმართავდნენ ომისათვის მზადების პროცესში, აღნიშვნის ღირსია შემდეგი: მოწინააღმდეგის ძალებისა და საშუალებების შესწავლა; მომავალი საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე არსებულ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება და უკმაყოფილო მოსახლეობის გამოყენება; ომისათვის სახსრებისა და საშუალებების მომზადება; ომისათვის არმიის შეგროვება და სპეციალური მომზადება. თითოეული მათგანის არმია გაცილებით მცირერიცხოვანი იყო მოწინააღმდეგესთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მას ხარისხით (მომზადება, გამოცდილება, დისციპლინა). ამის ხარჯზე ეს არმიები უფრო მაღალი სულის სიმტკიცესა და ერთიანობას ამჟღავნებდნენ, რაც მათ რეალურ უპირატესობას ანიჭებდა. დარტყმის ძირითად ობიექტად (მიზნად) ეს სარდლები ყოველთვის მოწინააღმდეგის არმიას ირჩევდნენ, რომლის განადგურება, ანდა მანევრის შეზღუდვა სტრატეგიული მიზნის განხორციელების შესაძლებლობას იძლეოდა; ეს ბოლო ვითარება განსაზღვრავდა საოპერაციო ხაზების ხასიათს: ისინი მეთოდურად მიყვებოდნენ არჩეულ გეგმას და მაშინაც, როდესაც დასახლებული პუნქტის აღება უწევდათ, მხედველობაში ყოველთვის მოწინააღმდეგის საოპერაციო ხაზებზე დაწოლა და ცოცხალი ძალის განადგურება რჩებოდა მიზნად. ომის საწყისი ეტაპი: ომის საწყის ეტაპზე, ისინი გასაოცარი ოსტატობითა და ძალისხმევით ახერხებდნენ დაეძლიათ ბუნებრივი წინაღობები, რითაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ როგორც მოწინააღმდეგეებზე, ასევე მოკავშირეებზეც. ამით ისინი აღწევდნენ საკუთარი ძალების მომგებიან გაშლას, რის გამოც, თავდაპირველად, არ ხვდებოდათ არანაირი წინააღმდეგობა. შედეგად, არმიის სტრატეგიული გაშლა საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე მიმდინარეობდა თავიანთთვის უსაფრთხოდ, ხოლო მოწინააღმდეგისათვის – მოულოდნელად, რაც მათ უპირატესობას აძლევდა, რომ ხელთ ეგდოთ ინიციატივა და საფრთხე შეექმნათ მოწინააღმდეგის კომუნიკაციებისთვის. დიდი ყურადღება ეთმობოდა ოპერაციის ძირითადი ბაზის ფორმირებას და წინსვლასთან ერთად დამატებითი ბაზების მოწყობას. მანევრის აზრს წარმოადგენდა მიზანთან (ბრძოლის ობიექტი, ველი) უკეთესი ძალების მიყვანა და ბრძოლის წინ მათი მომგებიანი განლაგება. სტრატეგია, როგორც ცოდნა თუ სტრატეგიული ცოდნის გარიჟრაჟზე ვილაპარაკებთ, შეგვიძლია დავუშვათ მისი არსებობა ანტიკურობაში (თუნდაც იმიტომ, რომ ანტიკურობაში ყალიბდება სამხედრო მწერლობა, როგორც ამდაგვარი ცოდნის დაგროვების შესაძლებლობა), თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პერიოდში ის საწყის, პრიმიტიულ დონეს არ გასცილებია. ამ პერიოდის საუკეთესო ნაწარმოებების ავტორებად მიჩნეულია ფრონტინი, პოლიენი, ვეგეციუსი, ონოსანდრე. ფრონტინის წიგნი სამხედრო ეშმაკობების (სტრატეგემები) შესახებ შეიცავს ოთხ ნაწილს, სადაც პირველ სამში ისტორიული მაგალითების განხილვის საშუალებით ახსნილია ის ხერხები, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდეგ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბრძოლამდე და როგორ უნდა დავიცვათ ან დავიპყროთ ქალაქი. რაც შეეხება მეოთხე ნაწილს, აქ უკვე მოცემულია მსჯელობა დისციპლინის მნიშვნელობაზე, სამართლიანობაზე, სიმტკიცეზე, თავშეკავებულობაზე. სხვა სიტყვებით, ომის მორალურ მახასიათებლებზე. პოლიენი, რვაწიგნიანი კრებულის ავტორი სტრატეგემებზე, განიხილავს მისთვის ცნობილი ყველა ბრძოლისა და შეტაკების დროს გამოყენებულ სამხედრო ეშმაკობებს. ვეგეციუსის ნაშრომი „ De re militare“ (სამხედრო მოწყობის შესახებ) გარკვეული აზრით, წარმოადგენს ისეთი ავტორების კომპილაციას, როგორებიც იყვნენ კატონი, კორნელიუს ცელსი, ფრონტინი, პატერნი. ის ასევე ეყრდნობოდა იმპერატორების ავგუსტეს, ტრაიანისა და ადრიანეს სამხედრო დაწესებულებების განხილვას. მართალია, ვეგეციუსი ხშირად ურევს ერთმანეთში ბერძნულსა და რომაულ სისტემებს და სხვა უამრავი ნაკლიც გააჩნია, მაგრამ მან პირველმა მოახერხა დაელაგებინა და სისტემატურად გადმოეცა სამხედრო ცოდნის ყველა დარგი. სტრატეგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მესამე წიგნის ისეთი თავები, როგორიცაა: არმიების შესახებ (თავი I); რა შემთხვევაში ვიხმაროთ ეშმაკობა და როდის დავეყრდნოთ ძალას ( თავი VIII); რა ვიღონოთ, როდესაც არმია ახალგაზრდა გამოუცდელი, ან ომს გადაჩვეული ვეტერანებისაგან შედგება ( თავი IX);ომის ზოგადი წესები (თავი X). არსებითად განსხვავებული ნაწარმოებია ონოსანდერეს „სტრატეგიკოსი“ (Στρατηγικός)), ერთგვარი დარიგებები მხედართმთავრებს. აქ არ არის ისტორიული მაგალითების განხილვა. გადმოცემა დოგმატურია და ერთგვარი დოქტრინის შთაბეჭდილებას ტოვებს. საუკეთესოდ მიჩნეულია შემდეგი თავები: მხედართმთავრის არჩევის შესახებ (თავი I); სამხედრო საბჭო ( თავი II); არმიის მოძრაობა (თავი V); გამოდევნების დროს გასათვალისწინებელი საფრთხეები (თავი XVI); მოწინააღმდეგის შესახებ ცნობების შეძენის სარგებელი (თავი XVII); წარუმატებლობის შემთხვევაში მხედართმთავრის ხასიათის სიმტკიცის შესახებ (თავი XIX); რაზე უნდა ფიქრობდეს სარდალი ბრძოლის წინ ან შემდეგ (თავი XXVII);როგორ უნდა იქცეოდეს სარდალი წარმატებული კამპანიის შემდეგ (თავი XXXIII); წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება ბიზანტიელი იმპერატორის მავრიკის „სტრატეგიკონი“. სტრატეგიას ის განიხილავს ვიწრო აზრით, როგორც ომისათვის (ბრძოლისათვის) მზადებას. ტრაქტატი შედგება თორმეტი წიგნისაგან, რომელთაგან მნიშვნელოვანია : აღალი, მისი ტარება, მდებარეობის განსაზღვრა და დაცვა (თავი V); მხედართმთავრის ხელოვნება (თავი VII/VIII); როგორ ვაწარმოოთ ომი და ბრძოლა სხვადასხვა ხალხების წინააღმდეგ (XI). მავრიკის მიმდევართაგან აღსანიშნავია ლეონ VI (ფილოსოფოსი) ასევე იმპერატორი, თუმცა მისი ნაშრომის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს კომპილაციას (ვეგეციუსი, ონოსანდრე, მავრიკი), რაზედაც მისი საკუთარი სტრატეგემებია დამატებული. მარინო სანუტო (XIV ს.) ავტორი წიგნისა „საიდუმლო წიგნი წმინდა მიწის დასაკავებლად და შესანარჩუნებლად”. ეს წიგნი მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ განსაზღვრულია პალესტინის დასაკავებლად საჭირო ძირითადი საოპერაციო ხაზები (საზღვაო), განისაზღვრა ასევე ოპერაციის ბაზისი (ეგვიპტე) და წარმატებისათვის აუცილებელი პირობა – პოლიტიკური და სტრატეგიული მიზნების რეალიზაციისთვის მთელი ძალაუფლების ერთ ხელში გაერთიანება. აღორძინების მწერლობიდან ყურადღებას იპყრობს მაკიაველის ორი ტრაქტატი: „სამხედრო ხელოვნების შესახებ“ და „მთავარი“. ერთიანობაში ეს ორი ნაწარმოები ქმნის იმ სინთეზს, რომელიც სტრატეგიისა და პოლიტიკის მჭიდრო ერთიანობაში მოიაზრება (მაკიაველის ძირითადი დამსახურება). „ტრაქტატი სამხედრო ხელოვნების შესახებ“ შედგება შვიდი ნაწილისაგან, რომელთაგან პირველი არმიის მოწყობას ეხება. სამხედრო ორგანიზაციის ხასიათი და მისი მოწყობა: მაკიაველის აზრით, ომის ხელობად გადაქცევა წარმოადგენს ბოროტებას, ვინაიდან მშვიდობიანობის დროს, ის, ვისთვისაც ომი პროფესიაა, იძულებულია საარსებო წყარო ეძიოს და ამისათვის ან ომის დროს ძარცვოს უფრო მეტი, ანდა ცხოვრების წესად აქციოს ძალადობა და ძარცვა. არსებობს კიდევ ერთი ალტერნატივა: ხელი შეუწყოს იმას, რომ ომი არ მთავრდებოდეს და მშვიდობა არ დამყარდეს. ეს არის საფუძველი იმისა, რომ არ შეიძლება ომი კერძო პირის საქმიანობად ვაქციოთ, არამედ ის სამეფოს, ანდა სახელმწიფოს საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს. სხვა სიტყვებით, ან მეფე, ან სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეთა ხარჯზე უნდა ქმნიდეს და ინახავდეს ჯარს. მაგალითი: რომის რესპუბლიკა. მაკიაველი წერს: „საუკეთესოა ის არმია, რომელიც თავად მოქალაქეებისაგან შედგება და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი არმიის შექმნა“. ამავე დროს, მაკიაველს მიაჩნია, რომ მუდმივი არმიის ყოლა არ არის მომგებიანი, შესაბამისად, საჭიროა მილიციის ტიპის ლაშქარი, როგორც ეს ბერძნებსა ანდა იგივე რესპუბლიკურ რომს ჰქონდათ, სადაც მოქალაქე იმავე დროს ჯარისკაციც იყო. ჯარისკაცის შერჩევის კრიტერიუმები: პატიოსნება და ნამუსიანობა (მორალური ასპექტი); მოქნილობა და ძალა; ქვეითების დაკომპლექტება სოფლის მცხოვრებლებისგან; კავალერიის დაკომპლექტება ქალაქელთაგან; ნაწილებში ჩარიცხვის ასაკი – 17-დან 40 წლამდე (ყველა მამაკაცი გამონაკლისის გარეშე); შემადგენლობა: ციხე-ქალაქების გარნიზონები და საველე ნაწილები. მშვიდობის დროს საველე ნაწილების სახლში გაშვება ხდება.რაოდენობა: 24-30 ათასი; ძირითადი სახეობა: ქვეითები წვრთნის შინაარსი: ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადება; ბატალიონის მოქმედება ბრიგადის შიგნით; დისციპლინა. სტრატეგიული მოსაზრებები: მაკიაველის სტრატეგიული მოსაზრებები არათანამიმდევრულია: ერთის მხრივ, მას მიაჩნია, რომ გადამწყვეტი ბრძოლა წარმატების საფუძველია, ხოლო მეორეს მხრივ, მიაჩნია, რომ ბრძოლაში მხოლოდ მაშინ უნდა ჩაება, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. ამის გამო, და იქიდან გამომდინარე, რომ ბრძოლაში წარმატება, ხშირად, შემთხვევითობაზე არის მიბმული, უმჯობესია მოწინააღმდეგე სხვაგვარად აიძულო დანებებისაკენ, ვთქვათ, იგივე შიმშილით. სამხედრო საქმიანობის ძირითადი შინაარსი სამი გვარის მოქმედებისაგან შედგება: გადასვლები (მარშები), ბრძოლა, დაბანაკება. როდესაც ბრძოლაში წარმატება მიღწეულია, აუცილებელია გამოდევნება და მოწინააღმდეგის სრული განადგურება. წარმატების (ზოგადად) საფუძველი (პრინციპები): საიდუმლოს შენახვა (ძირითადი); საკუთარი ძალების რწმენა; მოვლენათა წინასწარ განჭვრეტა; ის, რაც სასარგებლოა მოწინააღმდეგისათვის, მავნებელია შენთვის. ბრძოლაში წარმატების პირობები: უზრუნველყოფა: ხალხი, იარაღი, ფული და პური (გამარჯვების ძარღვი); ვითარების შეფასება: ვინ არის მოწინააღმდეგე? ვინ არის მისი მეთაური? სად მიწევს ბრძოლა (გეოგრაფიული გარემო)? სეზონის გათვლა: ომი მხოლოდ ზაფხულში წარმოებს; მხედართმთავარი და მისი მორალურ-ინტელექტუალური შესაძლებლობები. ახალი ევროპული ტრადიცია მიუხედავად იმისა, რომ ახალ დროში რეალურად ეყრება საფუძველი ევროპული სტრატეგიული პრაქტიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც პრაქტიკოს მწერალთა მთელ პლეადას წარმოშობს, ამჯერად ჩვენ მხოლოდ ერთ მათგანზე შევჩერდებით: რაიმონდო მონტეკუკოლი. მონტეკუკოლის ეკუთვნის, სხვათა შორის, ცნობილი გამოთქმა, რომ „ომის საწარმოებლად აუცილებელია სამი რამ: ფული, ფული და კიდევ ფული“. თავისი წინამორბედებისაგან განსხვავებით, მაკიაველის ჩათვლით, რომელთათვისაც სამხედრო თეორია შემოიფარგლებოდა მხოლოდ არმიის ორგანიზებისა და წვრთნის, აგრეთვე საბრძოლო წყობის საკითხებით და სტრატეგემებით, მონტეკუკოლიმ შექმნა ტაქტიკის ერთგვარი სახელმძღვანელო, სადაც სამხედრო თეორია აბსტრაქტულად კი არ არის გადმოცემული, არამედ მჭიდრო კავშირშია ისტორიულ პრაქტიკასთან. რაიმონდო მონტეკუკოლის პორტრეტი 1634-1643 წლებში, როდესაც ის შვედეთის ტყვეობაში იმყოფებოდა, მონტეკუკოლი წერს ტრაქტატს ომის შესახებ, რომელიც დიდ ხანს საიდუმლოდ ინახება და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყნდება. წიგნი სამი ნაწილისაგან შედგება: პირველ ნაწილში განხილულია ომისათვის მზადება: პოლიტიკური (ალიანსები), მარაგები (მატერიალური, შეიარაღება), ფინანსური. მეორე ნაწილი ეხება წვრთნას, დისციპლინას, ლოგისტიკას, დაზვერვას. მაკიაველისგან განსხვავებით, მომნტეკუკოლის პროფესიული არმია წარმატების საფუძვლად მიაჩნია (მაგ. ნასაუს მიერ შექმნილი ჰოლანდიური არმიის მსგავსად). ამავე ნაწილში განხილულია ფორტიფიკაცია, მარშები, ოპერატიული მანევრი და სირთულეები, რომლებიც ტაქტიკაში ჩნდება არტილერიის, კავალერიის და ქვეითების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისას (ტაქტიკა). მესამე ნაწილი კი ეხება ომის დამთვრებასა და სასურველი მშვიდობის ორგანიზაციას. მონტეკუკოლი ნათლად ხედავს, რომ ომს აწარმოებს სახელმწიფო და არა ხალხი, ანდა მმართველი. ის ასევე ნათლად ასხვავებს გარე და შიდა ომებს. ეს უკანასკნელნი ჯერ სამოქალაქო, ხოლო შემდგომ რევოლუციურ ომებად ინათლებიან, რითაც ომის სტატუსს „კარგავენ“. მონტეკუკოლიდან იღებს სათავეს ის ცნობიერება, რომ ომს აწარმოებს სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ და მის ბედს დაპირისპირებული არმიები განაპირობებენ. 1664 წელს ჩნდება მონტეკუკოლის ძირითადი ნაშრომი: „სამხედრო მეცნიერების ძირითადი წესები“. წიგნი ასევე სამი ნაწილისაგან შედგება: სამხედრო მეცნიერების საწყისი წესები; წესები უნგრეთში თურქების წინააღმდეგ ომისთვის და მესამე – მსჯელობა იმაზე, თუ რა მოხდა უნგრეთის უკანასკნელ ომში 1661-დან 1664 წლამდე. აქ ის რიგ საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამს: სამხედრო მეცნიერების საქმეა ხელი შეუწყოს არმიის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. არმია, თავის მხრივ, აუცილებელია სახელმწიფოს აღმავლობისთვის. ომი, რომელიც საზღვრების გასაფართოებლად წარმოებს, სახელმწიფოსათვის აუცილებლობას წარმოადგენს, ვინაიდან ეს აძლიერებს მონარქიას როგორც საგარეო, ისე შიდა ფაქტორებთან მიმართებაში. “მუდმივად იარაღასხმული ყოფნა” – მონარქიისთვის ძირითადი რჩევაა. როდესაც კი სახელმწიფოსათვის არსებულის შენარჩუნება ძირითად საზრუნავად იქცევა “ჯერ ფერს დაკარგავს, ხოლო შემდეგ დაიჟანგება იარაღი. ასევე მოსდის სახელსაც – ჯერ ფერმკრთალდება, ხოლო შემდეგ დამცირდება”. მისი გამონათქვამებიდან ასევე საყურადღებოა – „ომის დროს არავინ უნდა დაინდო, ვინაიდან არავინ დაგინდობს, შენ თუ დამარცხდი“. მონტეკუკოლის აზრით, მონარქის ძირითადი საზრუნავი არმია და მისი უზრუნველყოფა უნდა იყოს. თუ კი იარაღი ჩლუნგდება, გარე საფრთხე რომც არ არსებობდეს, შიდა გამოჩნდება. ეს არის კანონი. მზისქვეშეთში არაფერი არ არის მყარი. ყველაფერი იცვლება. ამის გამო, დიდი ხნით, ვერავინ ინარჩუნებს ერთსა და იმავე მდგომარეობას. ამიტომაც, მუდმივად ან წინ მიდიხარ, ან უკან იხევ. როგორი უნდა იყოს არმია? – მუდმივი: სახელმწიფოს ორი რამ ასულდგმულებს: მიწათმოქმედი, რომ გამოკვებოს ქვეყანა და ჯარისკაცი, რომელიც მიწათმოქმედს იცავს. შედეგად, ომისთვის მზადება ორ კომპონენტს მოიცავს: მუდმივი არმიის ფორმირება და მარაგების შექმნა არმიის სრული უზრუნველყოფისათვის. არმიის ამოცანაა აწარმოოს ომი და მიაღწიოს წარმატებას. რა მოეთხოვება მთავარსარდალს? -ბუნებრივი მონაცემები: ომისადმი განწყობა, ჯანმრთელობა და ძლიერი აღნაგობა, გამჭრიახი გონება, ასაკი (არც ახალგაზრდა (ცოდნა აკლია), არც მოხუცებული (სიცოცხლე აკლია)), კეთილშობილება. შეძენილი თვისებები: სიბრძნე, სიმართლე, ძალა, თავშეკავება, სამხედრო თეორიის ცოდნა, სამხედრო პრაქტიკა, მჭერმეტყველების უნარი, გონივრული ბრძანებების გაცემა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება სტრატეგიის, როგორც სისტემატური მოძღვრების შექმნის მცდელობები. ამ საქმის მოთავედ ითვლება ლოიდი. ლოიდი – წარმოშობით ინგლისელი, მსახურობდა ავსტრიის, პრუსიისა და რუსეთის არმიებში. დაიბადა 1728 წელს და გარდაიცვალა 1783 წელს, ჰოლანდიაში, უკიდურეს გაჭირვებაში. საფლავი არ არსებობს, ვინაიდან უსახსრობის გამო შარაგზაზე იქნა დასვენებული. თავის შრომაში „სამხედრო და პოლიტიკური მემუარები“, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ფართე ისტორიული ნაშრომის შესავალს წარმოადგენდა (დარჩა დაუსრულებელი), ლოიდი არა მარტო მონიშნავს იმ მიჯნებს, რომელსაც სტრატეგია, როგორც მეცნიერება, უნდა ეხებოდეს, არამედ ამ მიჯნებს შიგნით აღწერს პრაქტიკულად იმ ცნებებისა და პრინციპების მთელ სპექტრს, რასაც სტრატეგია განსაზღვრავს და ეყრდნობა. ლოიდის ტაქტიკური მოძღვრების საფუძველს (წიგნის პირველი ნაწილი) შემდეგი დებულებები შეადგენს: პატივი ეცი ხიშტს; შეხედე ცეცხლს, როგორც მომზადებას; ისროლე მხოლოდ იქ, სადაც ვერ გაივლი; იმოძრავე, არასოდეს გაჩერდე შუა გზაზე;ბრძოლა დაასრულე გადამწყვეტი დარტყმით. ლოიდი პირველია, ვისაც საოპერაციო ხაზის ცნება შემოაქვს და რომელიც სამხედრო სტრატეგიის ძირითად ცნებას წარმოადგენს. სხვათა შორის, ტერმინიც მასვე ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ლოიდის თანამედროვე სამხედრო მოქმედებები ეყრდნობოდა მომარაგების ბაზების (მაღაზიების) სისტემას, ის მხოლოდ მისი განხილვით არ იზღუდებოდა და ყურადღებას აქცევდა ასევე ომის წარმოების ე.წ. „თათრულ მეთოდს“, რომელიც საერთოდ არ ცნობდა ასეთ საყრდენებს და ეყრდნობოდა მთლიანად ადგილზე რეკვიზიციას. ლოიდმა ამ ორ უკიდურესობას შორის მთელი სპექტრი განალაგა განხილვისთვის, რასაც შემდგომი მწერლობა ჰკიდებს ხელს. მე-18 საუკუნის დასასრულსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, პრაქტიკულად ერთდროულად, ჩნდება მთელი პლეადა ბრწყინვალე სტრატეგებისა, რომლებიც საოცრად უხამებდნენ ერთმანეთს პრაქტიკულ სარდლობასა და თეორიულ მოღვაწეობას (ეს, ასე ვთქვათ, ნაპოლეონის ეპოქის მონაპოვარი). მათგან, რა თქმა უნდა, გამორჩეულებია ჰენრიხ დიტრიხ ბიულოვი, ერჰერცოგი კარლი და ანტუან ჰენრი ჟომინი. ჰენრიხ დიტრიხ ბიულოვი (1760-1806) – სამხედრო საქმიანობას მხოლოდ ადმინისტრაციული ხედვის კუთხით განიხილავს. ამის გამო, წინა პლანზე მასთან კომუნიკაციები, კომუნიკაციებზე ზეწოლა და კომუნიკაციების დაცვა გამოდის. მასვე ეკუთვნის იდეა, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პრინციპების ჩამონათვალის გაკეთება, რომელთა გეომეტრიული წესით დადგენა იქნება შესაძლებელი (ე.წ. სტრატეგიული გეომეტრია). აქედან გამომდინარე, ბიულოვი რამოდენიმე რჩევას იძლევა: ა) თავდაცვაში არასოდეს არ უნდა განლაგდე მოწინააღმდეგის პარალელურ ხაზზე, არამედ ეცადო ყოველთვის დაიკავო ფლანგი, იმისათვის რომ მის კომუნიკაციებზე ზემოქმედებისა საშუალება გქონდეს. მოწინააღმდეგის წინ მხოლოდ ის ძალა უნდა იყოს, რომელიც მის შესაკავებლადაა საკმარისი. ბ) შეტევა, მისი აზრით, რამოდენიმე კონცენტრირებული ხაზით უნდა ხორციელდებოდეს. უკანდახევა კი პირიქით, ექსცენტრული ხაზებით , რომ შემდგომ, კონცენტრული ხაზებით კონტრშეტევის განხორციელება შევძლოთ. ანტუან ჰენრი ჟომინი (1779-1869) – სამხედრო მოქმედებებს ტაქტიკის კუთხით უდგება. მისთვის წინა პლანზე გამოდის ძალების კონცენტრაცია, შიდა ხაზებზე მოქმედება და შებრძოლება გადამწყვეტ პუნქტში. ამგვარი აზრისკენ მას ფრიდრიხ დიდის მიერ ლოიტენთან მოპოვებული გამარჯვების ანალიზმა უბიძგა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მოწინააღმდეგეს ორჯერ მეტი ძალა ყავდა ბრძოლის ველზე გამოყვანილი და მიუხედავად ამისა, ბრძოლის გადამწყვეტ უბანზე რიცხობრივი უპირატესობა ფრიდრიხის მხარეს იყო. ერცჰერცოგი კარლი (1771-1847) – სამხედრო მოქმედებებს გეოგრაფიულ გარემოსთან ბმაში განიხილავს. მას მიაჩნია, რომ სამხედრო გათვლებისას ერთადერთ მუდმივ მოცემულობას ბუნებრივი გარემო წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ყველა სხვა მოცემულობა ცვლადია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ომის თეატრის ძირითადი პუნქტები მხოლოდ გეოგრაფიული მოსაზრებებით უნდა განისაზღვროს. თუმცა ეს მიდგომა ნაკლოვანია, ვინაიდან ერთსა და იმავე გარემოს სხვადსხვა პირობებში სხვდასხვა მნიშვნელობა შეიძლება ქონდეს. ამის გამო ჟომინი ასხვავებდა ადგილის გეოგრაფიულ მნიშვნელობას მისი სამანევრო მნიშვნელობისაგან. მაშინ როდესაც პირველი უცვლელია, მეორე შესაძლოა უსასრულობამდე იცვლებოდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაშია მის მიმართ არმია: უკავია ეს ადგილი, აპირებს მის დაკავებას, თუ, უბრალოდ, მას ბაზად იყენებს. აქვე შეგვიძლია შევნიშნოთ ისიც, რომ კულტურულ ქვეყნებში(განვითარებული ინფრასრტუქტურით), სამხედრო მნიშვნელობა ენიჭება გზაჯვარედინებს, მთაგორიან ქვეყნებში – ველებს(ხეობებს), კვანძებს (კვეთის ადგილებს), უდაბნოსა და სტეპებში – ოაზისებს, ხოლო ჭაობიან ადგილას – მშრალობებსა და ხიდებს. ამავე პერიოდში ასპარეზზე ჩნდება კარლ ფონ კლაუზევიციც (1780-1831), რომელიც, რა თქმა უნდა, უკვე სრულებით სხვა საუბრის თემაა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა