Jump to content
×
×
  • Create New...

გადარჩენის წელი – 2020 განათლებაში


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სამგზის ოსკარით დაჯილდოებულმა ამერიკელმა კინორეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, ცნობილი სამხედრო დრამა „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ 1998 წელს გამოუშვა და ამ ფილმში რაიანი გადაარჩინეს, თუმცა ეს ურთულესი მისია იყო. განათლება სულაც არ არის რიგითი მნიშვნელობის მატარებელი, თუმცა ისიც ისევე მოექცა 2020 წელს მტრის ზურგში რომელსაც სახელად კორონავირუსი ჰქვია და დღეს, განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე არამხოლოდ 2020 ან 2021 წელი, არამედ თაობათა ბედია დამოკიდებული.

ამ ტრადიციულ სტატიაში ჩვენ 2020 წლის ფაქტები, მოვლენები, ცვლილებები, ღონისძიებები, ინიციატივები, მიღწევები, განცხადებები და ჩავარდნები უნდა აღგვენიშნა, მაგრამ 2020 წლის მტერმა, ყველაფერს თავისი ელფერი შესძინა და მოსწავლეებს, სტუდენტებსა თუ განალების სფეროში მყოფ თითოეულ ადამიანს მისთვის განუყოფელი სიტვებიც კი შეასწავლა: სოციალური დისტანცია, ონლაინ გაკვეთილი, კლასტერი, დისტანციური სწავლება და სხვ.

წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფერო – განათლება გადარჩენას ცდილობდა. სწორედ რომ გადარჩენას და არა განვითარებას, რადგან მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო განათლებაშიც მხოლოდ შექმნილ გამოწვევებზე პასუხის რეჟიმში იყო და ეს რეჟიმი რაიმე ახლის მოფიქრების, შეთავაზების, ამოქმედების, შექმნის, გაუმჯობესებისა და მიღწევისთვის სივრცეს არ ტოვებდა. ან, ტოვებდა, მაგრამ ამისთვის უბრალოდ არავის ცხელოდა.

EDU.ARIS.GE ეცდება მოკლედ გაიხსენოს და მიმოიხილოს ყველაფერი ის, რაც წელს მოხდა, ვერ მოხდა, ან ჯობდა არ მომხდარიყო.

2020-მა განათლების სფეროში ახალი კადრებიც მოიყვანა და ასევე – ძველი ახალი კადრებიც, რომლებიც დაკავებულ თანამდებობაზე ხელახლა აირჩიეს, ან მმართველმა გუნდმა სხვა სფეროდან გადმოიყვანა. გასული წელი იმ იშვიათ გამონაკლისებშია, როცა მთავრობას განათლების ახალი მინისტრი არ შემოუთავაზებია – 2019 წლის ბოლოს მეორედ მობრუნებულმა მიხეილ ჩხენკელმა პოსტზე ამჯერად უკვე თითქმის 1,2 წელი გაძლო. თუმცა, შეიცვალა მისი პირველი მოადგილე – ირინე აბულაძე, რომელმაც პოსტი 2 მარტს საკუთარი ნებით დატოვა.

წლის ბოლოს, მე-10 მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა კომიტეტის ხელმძღვანელი იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი გახდა.

ძველი ახალი რექტორი ჰყავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც 2020 წლის ზაფხულში გიორგი შარვაშიძე რექტორად მეორე ვადით, მშვიდ და უხმაურო გარემოში აირჩიეს. ახალი რექტორი ჰყავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც – დავით გურგენიძე. მან არჩილ ფრანგიშვილი ჩაანაცვლა.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს სიპებში გაჩენილ ახალ კადრებს, ახალი ხელმძღვანელი ჰყავს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, სადაც ზვიად გაბისონია ჯაბა სამუშიამ ჩაანაცვლა. ახალ კადრებზე საუბარს კი თამარ მახარაშვილით დავასრულებთ, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა, ის მანამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო.

„პედაგოგთა საპენსიო ჯილდოს პროგრამა“

ამ ქვეთავში მოკლედ მიმოვიხილავთ იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რასაც „პედაგოგთა საპენსიო ჯილდოს პროგრამა“ ჰქვია. იგი 2019 წელს, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მისი დაწყებით მართლაც მნიშვნელოვანი რამ მოხდა – სისტემა ასაკოვანმა პედაგოგებმა ღირსეულად დატოვეს, რადგან მათ ერთიანად 2 წლის ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს. ამის სანაცვლოდ კი, სისტემაში შესვლის შანსი ახალგაზრდა პედაგოგებს მიეცათ. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 8.2 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამინისტროს ინფორმაციით, ჯილდოს მიღების სურვილი, ჯამში, 6 000-ზე მეტმა პედაგოგმა გამოთქვა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის ივნისშიც დაადასტურა, რომ პროგრამა გაგრძელდებოდა, თუმცა როდიდან და რა ფორმით, ეს ჯერ კიდევ უცნობია.

ცოტა რამ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ 2020 წელს საქართველოს მასშტაბით დასრულდა 20 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, წელსვე განხორციელდა 8 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე 133 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და 20 სპორტული მოედნის მოწყობა. თუკი ამ მონაცემებს გასული 2019 წელთან შევადარებთ, ვნახავთ, რომ გასულ წელს დასრულდა 6 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობდა 28 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, დასრულდა 38 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და პროცესში იყო 2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განმარტებით, 2020 წელს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს 5 პროფესიული კოლეჯის მშენებლობა და 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობა. სამინისტროს მონაცემი ასეთია, თუმცა რა გვაქვს რეალობაში, ეს დაზუსტებით არ ვიცით.

კორონავირუსი ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში და სისტემის პასუხი

კორონავირუსმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, ყველა დარგი და სფერო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაა, რომელიც არც მანამდე ყვაოდა და ახლა, იმაზე გაცილებით უკან დაიხია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში თებერვლის ბოლოს დადასტურდა და რამდენიმე დღეში – 1 მარტიდან ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა. თავდაპირველად არდადეგები გამოცხადდა, თუმცა, როცა ყველა დარწმუნდა, რომ 2 კვირიანი არდადეგები სიტუაციას არ შეცვლიდა, ქვეყანას ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწია. ეს ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. დისტანციური სწავლება ქართული რეალობისთვის რევოლუციურ სიახლეს უდრიდა, რადგან ამ თემაზე მანამდე არათუ რაიმე სახის გამოცდილება არ არსებობდა, არამედ ნაფიქრიც კი არ იყო. წელს კი, ისიც კი მივიღეთ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა. ამასთან, საჩქაროდ შემუშავდა მეთოდები, მოძიებულ იქნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი და ამოქმედდა ელექტრონული ჟურნალიც, თუმცა ამ უკანასკლენის ხარვეზებით მუშაობამ წლის ბოლოს განათლების სამინისტრო აიძულა მასწავლებლებისთვის ბაზებში მონაცემების ცვლილებების საშუალება მიეცა.

განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში პედაგოგები აღმოჩნდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი არ ფლობდა ონლაინ გაკვეთილისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ბევრ მათგანს კომპიუტერთან მუშაობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. რეგიონში მცხოვრები პედაგოგები კი, რომელთაც ნაკლები ტექნოლოგიური შესაძლებლობა აქვთ, უფრო დიდ პრობლემებს შეეჯახნენ. ცნობილია, რომ ქართველი მასწავლებლების ნახევარზე მეტი 41-დან 60 წლამდე და მეტი ასაკისაა. მათ უდიდეს ნაწილს კი, ტექნოლოგიების კუთხით სპეციალური სწავლება გავლილი არ აქვს.

გაურკვეველი იყო, როგორი გაკვეთილები უნდა ჩატარებულიყო დისტანციური მეთოდით, რა წესებით უნდა ეხელმძღვანელა მასწავლებელს და როგორ უნდა მოეხერხებინა აუდიტორიის თითოეული წევრის სრულფასოვნად ჩართვა, უნდა დაწერილიყო თუ არა ნიშნები, როგორ უნდა შეფასებულიყვნენ მოსწავლეები თუ სტუდენტები სასწავლო წლის დასასრულს. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველ სიტუაცია ქაოსური იყო. თუმცა, ნელ-ნელა ეს საკითხები მეტ-ნაკლებად მოგვარდა და დამატებით მექანიზმად „ტელესკოლის“ პროექტი ამოქმედდა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში წამოწყებული პროექტის წარმატებულობით თავს იწონებს განათლების უწყებაცა და მთავრობაც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საჯაროდ არავის გაუზომავს „ტელესკოლი“ ეფექტიანობა. წლის ბოლოს, განათლების სამინისტროსგან შევიტყვეთ შემდეგი: „459 846 მოსწავლიდან ტელესკოლის გამოყენების მაჩვენებელი ნოემბრის მოკვლევით, 21%-ს შეადგენს“, – მაგრამ რა მეთოდოლოგიით არის დათვლილი გამოყენების მაჩვენებელი ჩვენთვის უცნობია.

ზემოთ ნახსენებ თავმომწონეობას მოყვა შემდეგი: ჯერ სასწავლო სემესტრიც არ იყო დასრულებლი და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საჯაროდ განაცხადა, რომ „OECD-ს მიერ საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები, ფინეთთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად იყო შეფასებული“. საკითხის დასაზუსტებლად EDU.ARIS.GE OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, თუმცა მისი პასუხიდან საქართველოს განათლების მინისტრის მსგავსი დასკვნა ვერ გამოვიტანეთ. აქ შეგიძლიათ იხილოთ პასუხი დეტალურად და შეფასებაც თქვენთვის მოგვინდვია.

პანდემიის პარალელურად, 2020 წლის სექტემბერში საქართველომ უმასპინძლა ევროპის ინფორმატიკის (EJOI 2020) მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადას, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა. ასევე სასკოლო ესეების სამი კონკურსი ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებას, კორონაპანდემიის შემოტევის პარალელურად, ერთად აღებულსაც კი, სპეციალისტები არასაკმარისად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ „ონლაინ გაკვეთილი ნამდვილ გაკვეთილს სანახევროდაც ვერ ცვლის“. მათი თქმით, გაკვეთილების საშუალოდ ¼ ტარდებოდა და მოსწავლეთა დიდი ნაწილი მასაც არ და ვერ ესწრებოდა. სფეროს ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ მოსწავლეებს სერიოზული ჩამორჩენა ექნებოდათ და სექტემბერში, როცა ისინი სკოლებს დაუბრუნდებოდნენ, ეს თავს აუცილებლად იჩენდა.

პროფესიული განათლების სიახლეები და ჩავარდნა

პროფესიული განათლების მთავარ მონაპოვრად წელს ის უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ცხრა კლასის განათლების მქონე პირს უკვე აქვს საშუალება სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი მიიღოს. გარდა ამისა, ამიერიდან, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური სწავლის დასრულებამდე გადაუვადდებათ. ანუ, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბევრი ახალგაზრდა სწორედ აღნიშნული შესაძლებლობის არარსებობის გამო წყვეტდა სწავლას, ან საწყის ეტაპზევე უარს ამბობდა პროფესიული განათლების მიღებაზე.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების სისტემა დავაკავშიროთ ეკონომიკისა და ბიზნესის მოთხოვნებთან“, – ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია, რომელიც საქართველოს პარლამენტში განათლების სფეროში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას წარმოთქვა. პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ხაზგასმა, ქვეყნის პირველი პირებისაგან არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა ფაქტია, რომ პროფესიული განათლება ყველაზე ხელშეწყობილ კი არა, პანდემიით ყველაზე დაზარალებულ სფეროებს შორის უნდა მოვიხსენიოთ. პირველ მარტს დახურულ 66-ვე პროფესიულ სასწავლებელში სწავლა სრულად შეწყდა და 6 ივლისამდე ვეღარც განახლდა. ზაფხულის განმავლობაში სტუდენტებმა აუდიტორიებსა და სახელოსნოებში დაბრუნება შეძლეს, თუმცა დროებით. შემოდგომიდან სასწავლებლები ისევ დაიკეტა. სტუდენტები პრაქტიკულ განათლებას ვერ იღებდნენ და თუ გავითვალისწინებთ, რომ პროფესიული პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა ისედაც რამდენიმე თვიდან 2 წლამდეა, ცხადი ხდება თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ვადაში დაკარგულ რამდენიმე თვეს.

უმაღლესი განათლება

უმაღლეს განათლებაში 2020 წლის მთავარ მოვლენად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაა დასახელებული. უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო და მათი რაოდენობა 244-ს შეადგენს.

დამტკიცდა არქიტექტურის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი; შემუშავდა სკოლამდელი განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე, უნივერსიტეტების სამედიცინო პროგრამებზე 6-წლიანი სწავლების კრედიტების მოცულობა დაზუსტდა. აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის შემდეგ მედიცინის პროგრამის ხანგრძლივობა მკაცრად განისაზღვრა 6 წლის ვადით, ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი“ იძლეოდა წელიწადში 75 კრედიტის დაგროვების შესაძლებლობას, რაც იწვევდა ბუნდოვანებას.

არ შეწყვეტილა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პანდემიის გამო დისტანციური სწავლება დაიწყეს უმალესმა სასწავლებლებმა და საამისოდ ხარისხის განვითარების ეროვნულლმა ცენტრმა უნივერსიტეტებისთვის შეიმუშავა ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი. როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციები ამტკიცებენ, რომ სასწავლო პროცესი გართულებების გარეშე, თითქმის იდეალურად მიმდინარეობს, თუმცა არსებულ პრობლემებზე საუბარი არ უჭირთ სტუდენტებსაც და ესეც რომ არ იყოს, ცალსახაა – ონლაინ სწავლის პროცესი სააუდიტორიე სწავლებას ვერ გაუტოლდება.
პანდემიის გამო პრობლემა შეექმნა 12 972 უცხოელ სტუდენტსაც, რომლებიც საქართველოში სწავლობენ. მათთვის ქვეყანაში ჩამოსვლა მნიშვნელოვნად გართულდა. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ითვლის და არ დაუთვლია რამდენმა უცხოელმა სტუდენტმა შეძლო საბოლოოდ ქვეყანაში ჩამოსვლა და რამდენმა ვერა.

გამოცდები 2020

მიუხედავად უამრავი ჭორისა და მითქმა-მოთქმისა, ეროვნული გამოცდები ჩვეულ დროს – ივლისის დასაწყისში დაიწყო და თვის ბოლომდე გასტანა. საგამოცდო პროცესმა, ნამდვილი ფორს-მაჟორის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად ნორმალურ რეჟიმში და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ჩაიარა.

აბიტურიენტების საამაყოდ კი უნდა ითქვას, რომ შეძლეს ახალ რეალობას მორგებოდნენ და ცხოვრება და მეცადინეობა თითქმის ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ, თუნდაც გაზრდილი სტრესისა და დაძაბულობის ფონზე. მათგან ყველაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს მთელი გამოცდის მსვლელობისას პირბადის მოხსნა ეკრძალებოდათ, ხოლო კონდიციონერები ცენტრებში გამორთული უნდა ყოფილიყო. ეს საკითხიც პრემიერისა და ეპიდემიოლოგების დონეზე მოგვარდა და აბიტურიენტებს საჭირო პირობები სიგრილისა და პირბადის გამოყენების მხრივაც შეუქმნეს. გადაწყდა, რომ უშუალოდ გამოცდაზე აბიტურიენტები თავად გააკეთებდნენ არჩევანს პირბადესა და კონდიციონერს შორის.

2020 წლის გამოცდებზე რამდენიმე კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი სპეციალურად მათთვის შექმნილ გარემოში გავიდა და მათ სტუდენტობის უფლება არ შეეზღუდათ. 2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა. ანუ, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 75% ჩაირიცხა. გარდა ამისა, 9005 პირი მაგისტრატურაზე ჩაირიცხა, 123-მმა სტუდენტმა გრანტი გაიუმჯობესა. ეს მაჩვენებლებიც არაფრით ჩამოუვარდება გასული წლების ამავე მონაცემებს.

უბოლოზარობა

წლის გამორჩეულ და დასამახსოვრებელ მოვლენებზე საუბრისას შეუძლებელია არ აღვნიშნოთ ის, რაც 2020 წელს საქართველოში პირველად და იმედია უკანასკნელად მოხდა – თეთრპერანგიანი კურსდამთავრებულების, ხალხმრავლობის, ხმაურის, ზეიმის, გარეშე დასრულებული სასწავლო წელი. ცარიელი, მდუმარე, ბოქლომდადებული სკოლის შენობები და ბოლო ზარი ბოლო ზარის გარეშე. ამ ყველაფერმა ვირტუალურ სივრცეში გადმოინაცვლა – მეთორმეტე კლასელები, სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ. ზოგიერთმა, განსაკუთრებულად კრეატიულმა, თეთრი პერანგი სახლში ჩაიცვა და ოჯახის წევრების მილოცვით შემოიფარგლა. უმეტესობაკი „ზუმში“ ჩატარებულ უკანასკნელ გაკვეთილს და პედაგოგებისგან თუ კლასელებისგან ვირტუალური მილოცვების მიღებას დასჯერდა.

იგივე ბედი გაიზიარეს ტრადიციად ქცეულმა გამოსაშვებმა ბანკეტებმაც, გაუქმდა ექსკურსიებიც და ყველაფერი ის, რაც სკოლის დასრულების აღსანიშნავად ჰქონდათ ჩაფიქრებული. როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი კლასი ამ დღეებისათვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდა. თუმცა, ზოგს კლასის შესახებ გადაღებული ფილმი დარჩა უქმად, ზოგსაც – თვეობით ადრე ნაყიდი საბანკეტო კაბა.

ახალი სასწავლო წელი

2020 წელს ისევ განხორციელდა პირველკლასელთათვის უფასო კომპიუტერებისა და მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოების გადაცემა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე გაუცემელია წარჩინებულ მოსწავლეთა კომპიუტერები, ოქროსა და ვერცხლის მედლები და არც ზუსტი ვადებია ცნობილი. სამინისტრო მხოლოდ იმას განმარტავს, რომ ეს პროცესი კორონავირუსის არსებობამ შეაფერხა.

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან სკოლებში და უნივერსიტეტების გარკვეულ ნაწილში დაიწყო, თუმცა, დიდ ქალაქებში დისტანციურად, რადგან ქვეყანაში ეპიდემიამ ახალი ძალით იფეთქა. სწავლა სკოლებში 1 ოქტომბრიდან ნაწილობრივ განახლდა, ანუ დიდ ქალაქებში სკოლის შენობას დაუბრუნდნენ 1-დან 6 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. საბოლოოდ, ნოემბერში ყველაფერი დაიკეტა -კერძო თუ სახელმწიფო საბავშვო ბაღები და სკოლები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და სემესტრი მოსწავლეებისა და სტუდენტების დიდმა ნაწილმაც დისტანციურად დაასრულეს.

რა იქნება მომდევნო სემესტრში არავინ იცის. განათლების მინისტრი ჩხენკელი პირობას დებს, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა თუ აუდიტორიებში მაშინვე განახლდება, როგორცკი ამის რეკომენდაციას ეპიდემიოლოგები გააჟღერებენ. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ამ ვითარებაში განათლების მინისტრს სწავლის დაწყება არდაწყებას არავინ აწყვეტინებს.

ბრძოლა რიგითი რაიანის არა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სფეროს, განათლების გადასარჩენად მუხლჩაუხრელად რომ უნდა გაგრძელდეს ამაზე არავინ დავობს. როგორ გაართმევს თავს განათლების გადარჩენის ამ ურთულეს მისიას საქართველო მსოფლიოსთან ერთად, დღეს ბუნდოვანია, მაგრამ იმედი, რომ განათლების მიღების უწყვეტობა მაინც არ გახდება სანატრელი, უდაოდ გვაქვს.

დასასრულს კი, იმ მოლოდინების მოკლე ჩამონათვალი უნდა წარმოგიდგინოთ, რისი შესრულებისა თუ გაკეთების დაპირება მთავრობის, ან განათლების მესვეურთაგან არსებობდა, მაგრამ არ შესრულებულა:

რეალურად, არ არის შემუშავებული განათლების განვითარების გეგმა;

არ მომხდარა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელის ამოქმედება;

არ მომხდარა მაგისტრატურასა და ბაკალავრიატზე სწავლების ვადების ცვლილება;

არ განხორციელდა და 2021 წლის იანვრისთვის გადავადდა საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ტექპერსონალისთვის სახელფასო დანამატის ზრდა;

გაუქმდა და არ ჩატარდა უმნიშვნელოვანესი, საჯარო სკოლების დირექტორთა გამოცდა…

ამ ჩამონათვალს აღარ განვავრცობთ, რადგან ახალი 2021 წელი კარს მოგვადგა და გვსურს პოზიტიურად დაგემშვიდობოთ – გილოცავთ შობა-ახალ წელს!

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share