Jump to content
×
×
  • Create New...

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა 


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 30 დეკემბერს მინისტრის აპარატის მიერ 2020 წელს განხორციელებული საქმიანობების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიის დროს კიდევ უფრო გაუარესდა. ახვლედიანმა ორ რეგიონში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისა და თავისუფალი გადაადგილების „უპრეცედენტო“ შეზღუდვაზეც ისაუბრა, რამაც მოსახლეობის იზოლაცია მოახდინა და ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა, კერძოდ ახალგორის რაიონში.

ახვლედიანი ასევე შეეხო მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს და გამყოფი ხაზების გასწვრივ განხორციელებულ დაკავებებს და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე და გენადი ბესტაევი ოკუპირებულ რეგიონებში პატიმრობაში რჩებიან. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის მიერ ორივე რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ხელს უშლის შერიგების პროცესსა და ძალისხმევას, რომ გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობები განვითარდეს.

სამშვიდობო და ჰუმანიტარული ინიციატივები

2020 წელს განხორციელებულ ჰუმანიტარულ, სამშვიდობო და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ღონისძიებებზე საუბრისას, მინისტრმა ახალ მექანიზმზე – „სამშვიდობო ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ გაამახვილა ყურადღება, რომლის ფარგლებშიც 14 ბიზნესპროექტი დაფინანსდა, რომელთა მიზანიც კონფლიქტით გაყოფილ მოსახლეობებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობაა.

მინისტრმა განაცხადა, რომ ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორებმა აფხაზეთს 4 მლნ ლარის დახმარება გამოუყვეს. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა, თბილისის თანხმობით, ნდობის აღდგენის 36 ახალი პროექტის განხორციელება დაიწყეს.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აფხაზ და ოს საზოგადოებებთან არაფორმალური დიალოგის გაფართოებისა და თანამშრომლობისთვის, „საერთო ინტერესების“ საფუძველზე, დეპოლიტიზებული მიდგომებით სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხების განხილვის მიზნით. აფხაზებთან ამგვარი არაფორმალური კომუნიკაციის წარმატებულ მაგალითებზე საუბრისას, ახვლედიანმა განაცხადა, რომ ამან დანარჩენ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ასობით სკოლის მოსწავლისა და სტუდენტის ორგანიზებული გადმოყვანის შესაძლებლობა უზრუნველყო.

ანგარიშის თანახმად, 2020 წელს გასამმაგდა და 400-ს მიაღწია იმ სტუდენტების რაოდენობამ ოკუპირებული რეგიონებიდან, რომელთაც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს.

მინისტრის ანგარიშში ასევე საუბარია იმ პროექტებზე, რომელთა მიზანიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების პირობების გაუმჯობესებაა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, კომუნალური და საგანმანათლებლო პროექტების, ასევე სოციალური კამპანიის პროექტების მეშვეობით, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად, კონფლიქტით დაზარალებულ 116 სოფელში მცხოვრებ სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზეა გათვლილი.

სამედიცინო დახმარება

მინისტრმა ასევე ისაუბრა ორივე ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთათვის კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით აღმოჩენილ დახმარებაზე, მათ შორის, შეეხო პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადებას, სამედიცინო გამოცდილების გაზიარებას ონლაინ კონსულტაციებისა და ჯანმოს ექსპერტების აფხაზეთში ვიზიტების მეშვეობით, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემასა და მკურნალობის მიზნით პაციენტების დანარჩენ საქართველოში გადმოყვანას.

დღეის მდგომარეობით, თბილისმა აფხაზეთიდან 250 კოვიდინფიცირებული პაციენტი მიიღო, განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ანალოგიური დახმარების აღმოჩენა ცხინვალის რეგიონისთვის შეუძლებელია „საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული მიდგომის“ გამო.

ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში უფასო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ. ანგარიშის თანახმად, წელს ამ პროგრამით ორივე რეგიონიდან 900-მდე პაციენტმა ისარგებლა.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   188 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 188 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(7)
    • YandexBot(2)